სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სატყეო სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება, თუმცა კვლავ სააგენტოს სტატუსს შეინარჩუნებს

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სააგენტო კვლავ შეინარჩუნებს სააგენტოს სტატუსს. მისივე ინფორმაციით, კვლავ გაგრძელდება დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

”ჩვენთან რეორგანიზაცია დაწყებულია. რეორგანიზაციის შემდეგ სატყეო სააგენტო ამ ეტაპზე რჩება როგორც სააგენტო და ის შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს”, -განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენი ნაწილი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ერთიანდება.