ზვიად ქორიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი კორუფციის შესაძლებლობას იფართოებს

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები კორუფციული გარიგებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს.

როგორც ქორიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ცვლილებები, რაც პარლამენტმა საზმაუწყებლის მოთხოვნის საფუძველზე გაითვალისწინა, არადემოკრატიული და მეტიც, შინაარსით კორუფციულია.

„საკითხი დგას ასე - ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმაზე, რა სურს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ რა სურთ პარლამენტარებს და აუნთებენ თუ არა მწვანე შუქს კორუფციას?! რამდენიმე პუნქტს გამოვყოფ: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხარჯავს საჯარო ფულს და რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, ვალდებული უნდა იყოს, რომ შესყიდვები დადგენილი წესით განახორციელოს, თუმცა ცვლილებების მიხედვით, მას ეს ვალდებულება უბათილდება, რაც უკვე კორუფციული ნორმაა. კორუფციულია სტარტაპების დაფინანსებაც - სტარტაპი საწყისი პროექტია, რომლის ერთპიროვნულად განკარგვის უფლებასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იტოვებს, ის არ იქნება ვალდებული, რომ დეტალები შეუთანხმოს სამეთვალყურეო საბჭოს და თუ ისე მოხდა, რომ პროექტმა არ გაამართლა, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. არც ხარჯვითი ნაწილია კანონმდებლობით განსაზღვრული. ბიუჯეტიდან აღებული ფული, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ გადაიყრება ან უფრო ზუსტად, ვიღაცის ჯიბეში ჩაიყრება. კორუფციული გარიგების მაღალი რისკი კომერციული რეკლამების მიმართულებითაც გამოიკვეთა. 2018 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 55 მილიონამდე იზრდება, ასეთი დაფინანსება კი ყველა კერძო ტელევიზიას ერთად არ გააჩნია. ქვეყანაში სარეკლამო ბაზარი მცირდება, ტელევიზიებს რეკლამები შეუმცირდათ და როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით რეკლამას ითხოვს, ის ერთი მხრივ, სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციისკენ მიისწრაფვის და მეორე მხრივ, ქვეყანაში კერძო სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვისკენ“, - აცხადებს ქორიძე.

მისივე თქმით, ცალკე შესასწავლია იმ საშუამავლო კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის მოპოვებაში ეხმარებიან.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, პირდაპირი რეპორტაჟებისა თუ სპორტული ან მუსიკალური ღონისძიებების გაშუქებისას ეთერში რეკლამა განათავსოს. მაგალითად, გაისად, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომლის გაშუქების უფლებას საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძენს. არსებული კანონმდებლობით მას ეთერში რეკლამის განთავსების უფლება აქვს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გაშუქებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამების სახით დიდი შემოსავალი მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორუფციულ ხვრელებთან გვაქვს საქმე.

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის რეკლამები საბიუჯეტო თანხას არ წარმოადგენს, შესაძლებელია, ის დოკუმენტში არც აღინუსხოს და ვისაც როგორ მოუნდება, ისე განკარგოს დამატებითი შემოსავლები.

ცალკე შესასწავლია იმ საშუამავლო კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის მოპოვებაში ეხმარებიან. როგორც წესი, რეკლამიდან მინიმალური თანხა ილექება მაუწყებლის ბიუჯეტში, ძირითადი ნაწილი კი საშუამავლო რგოლებს რჩებათ - ეს არის კორუფცია და სწორედ ამ შესაძლებლობას იფართოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეორე პრობლემაა ის, რომ მის ტელეეთერში კომერციული რეკლამის გაზრდა დარტყმას აყენებს კერძო, ძირითადად, პატარა არხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელ შემოსავალს დაკარგავენ.

თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა ტელევიზიებთან კონკურენცია სურს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთი საწყისი სასტარტო პირობები, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, კერძო ტელევიზიებს არც კი დაესიზმრებათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რომ სამოქალაქო თვითმმართველობა განვითარდეს, სამაუწყებლო სივრცეში ქვეყანაში არსებული პრობლემები სწორად იყოს წარმოჩენილი, სამოქალაქო განათლების დონე ამაღლდეს, თუმცა ფაქტია, ამ კონცეფციას მისი მენეჯმენტი არ იზიარებს.

დიახ, ჩვენ გვჭირდება ეს ტელევიზია, თუმცა არ გვჭირდება არსებული მენეჯმენტი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელზე ისედაც დუნედ მიმდინარე პროცესი საერთოდ შეაჩერა და ნაცვლად იმისა, განვითარება ფორსირებუ¬ლად დაეწყო, საზოგადოებრივ მაუ¬წყებელს ჭაობისკენ მიაქანებს“, - აღნიშნავს მედიაექსპერტი.