ირაკლი ქადაგიშვილი - პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს. ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ ახდენს ზეწოლას, თუმცა აცხადებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, „სხვა წყაროებით“ დამთავრებული.

როგორც ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ყველა დეტალს თავადაც არ იცნობს.

”უხუცესებზე მიდის გარკვეული ზეწოლა. ეს ხდება საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული ყველა წყაროთი დამთავრებული. ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია, რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მანვე დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრას არა მხოლოდ უხუცესები, არამედ ზოგადად, პანკისის ხეობის მოსახლეობა ესწრებოდა.

”შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ იმ მთავარ პრობლემაზე და გზავნილზე, რომ მთავარია შენარჩუნდეს მშვიდობა და ერთობა ხეობასა და მთლიანად ქვეყანაში. იმაზე, რომ გამოძიებამ უნდა განაგრძოს მუშაობა და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, არავინ დავობს. მთავარი აქცენტი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის, რომ არსებობს ისეთი საფრთხეები, მათ შორის ტერორისტული საფრთხეები, რომლებიც თანაბრად პრობლემურია ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ყველა წევრისთვის და განსხვავება ქისტს, ქართველს თუ სხვებს შორის, არ უნდა იყოს. ჩვენი ერთად ყოფნა და გააზრებული ქმედებები ყველაზე აუცილებელია ამ საფრთხესთან გასამკლავებლად და ასევე იმისთვის, რომ ეს სიტუაცია ვინმემ არ გამოიყენოს სიტუაციის დაძაბვისთვის”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება სუს-ის მაღალჩინოსნებისა და უხუცესებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას, გუბერნატორის თქმით, ამ შეხვედრაზე მოხდა გარკვეული მასალების ჩვენება, სადაც ჩანს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების გაბრიელ სალოსის გამზირზე დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებთან კავშირი.

”ეს შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე შედგა. გამოძიებამ და უშიშროების სამსახურმა ჩათვალა საჭიროდ, გამომდინარე საკითხის აქტუალობიდან და პანკისის ხეობის სენსიტიურობიდან, ასევე იმისთვის, რომ ადამიანებში არ გაღვივებულიყო ისეთი დამოკიდებულება, თითქოს მთავრობამ ან უშიშროებამ ჩაატარა რაღაც მიზანმიმართული ოპერაცია მაინც და მაინც პანკისელების ან ქისტების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს რამდენიმე მასალა აჩვენეს, საიდანაც ჩანს, რომ იმ ადამიანებს, რომლების წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ჰქონდათ კავშირი იმ ხალხთან, ვინც დააპატიმრეს და ლიკვიდირებული არიან გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციის დროს. ანუ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ ყველას გვემუქრება. იქ ჩვენ ყველამ, მათ შორის უხუცესებმა დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს აქვთ კავშირი ამ ხალხთან. დანარჩენი რა სახის არის კავშირი, რამდენად ღრმაა, სადამდე მიდის, ვის რა ფუნქცია ჰქონდა, ამას გამოძიება იტყვის. ჩვენ მცირედი მასალა გვანახეს ალბათ და ამ მცირედი მასალით გვითხრეს, რომ ეს არი იყო ოპერაცია, რომელიც ჰაერზე ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია გამომდინარეობდა იმ საფრთხიდან, რა საფრთხეც აღიკვეთა თბილისში და ასევე იმ საფრთხიდან, რაც ზოგადად არსებობდა. სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ არავის უნდოდა იმ ადამიანის ლიკვიდაცია, პირიქით გამოძიება დაინტერესებულია, რომ ყველა მაქსიმალურად ჯანმრთელად აეყვანათ, რათა მათგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებზე”, - განაცხადა გუბერნატორმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა