ვალერიან გორგილაძე - ხელისუფლება დღეს ბალანსის ძიებაშია - ძალის გამოყენება არ უნდა გადაიზარდოს გადამეტებულ რეპრესიებში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” სოციოლოგსა და პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა არაერთ უმწვავეს პრობლემას გვახსენებს. განსხვავებულია მათზე ერთის მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორეს მხრივ ოპოზიციისა და საზოგადოების რეაქცია.

პრობლემურ თემებზე ხელისუფლებისაგან არც ამომწურავი პასუხები ჩანს, არც ოპტიმალური და დამაჯერებელი კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც არა მარტო საზოგადოებასა და ოპოზიციას დააკმაყოფილებდა, არამედ მეტ-ნაკლებად რეალურად იქნებოდა ქვეყნის ინტერესებში.

თქვენი დაკვირვებით, მოცემულ ეტაპზე, იმ ვითარებაში, რომელიც სადღეისოდ რეალურადაა ჩამოყალიბებული, თქვენ რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად?

- საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიმაჩნია ხელისუფლების ამორფულობა, კონსოლიდირებული მთავრობის და ერთიანი მმართველი პარტიის არ არსებობა. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს უამრავ ფრაქციებად დაყოფილი და სხვადასხვა ჯგუფებად დანაწევრებული სახელისუფლებო უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობაში. ეს დღეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამის შესახებ უკვე საუბრობენ მოსახლეობაში და არა მხოლოდ პოლიტიკურ ან საექსპერტო წრეებში.

საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია ხელისუფლების ამორფულობა, კონსოლიდირებული მთავრობის და ერთიანი მმართველი პარტიის არ არსებობა

ამ ტენდენციას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ინსტიტუციური ოპოზიცია. მე არ ვსაუბრობ მეორე ან მესამე პოლიტიკური წონის მქონე პარტიებზე. ფაქტია, რომ რაოდენობით და ფორმალურად მეორე ფრაქცია პარლამენტში, რომელსაც წარმოადგენს „ევროპული საქართველო“, არარეპრეზენტაციულად ვრცლად წარმოადგენს პარლამენტში საკუთარ ამომრჩეველს.

„ნაცმოძრაობა“ ურთულეს ფაზაში იმყოფება ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, მხედველობაში მაქვს სააკაშვილის სამარცხვინო გაძევება უკრაინიდან პოლონეთში. მომხდარი კითხვის ქვეშ დააყენებს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მომავალს. საბოლოო მარგინალიზაციის საშიშროების წინაშე ასევე დგას „პატრიოტთა ალიანსი“.

მრავალი დაჯგუფების და ინტერესთა ჯგუფების დასაცავად ამორფული, მყიფე მმართველი ძალა მომენტალურად ცვლის დიფუზიურ კონდიციას და არჩევნების პერიოდში გვევლინება კარგად ორგანიზებულ ძალად

თუმცა, ამ პარტიებისგან განსხვავებით, მმართველი პარტია კვლავ ინარჩუნებს მობილიზაციის უნარს მისთვის საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებსაც წარმოადგენენ არჩევნები. მრავალი დაჯგუფების და ინტერესთა ჯგუფების დასაცავად ეს ამორფული, მყიფე ორგანიზაცია მომენტალურად ცვლის დიფუზიურ კონდიციას და არჩევნების პერიოდში გვევლინება კარგად ორგანიზებულ ძალად. ასე ხდებოდა წინა არჩევნებზე და ასე მოხდება უახლოესი არჩევნების დროსაც.

- ხელისუფლებამ ქურდული სამყაროს მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა, სკოლებში მოსწავლეებს შორის გახშირებული ჩხუბებისა და გარჩევების ფონზე ასევე მიიღო გარკვეული ზომები.

ყოველივე ამის ფონზე უცნაური რამ მოხდა - ნარკოტიკების ჩადებაში საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან დადადაშაულებული შსს, შეუერთდა ლოზუნგს - არა ჩადებას! ხელისუფლების მხრიდან ასევე გადაიდგა ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.

თქვენ როგორ შეაფასებდით უდავოდ პრობლემურ საკითხებზე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმული ან ამ მიმართულებებზე გადასადგმელი ნაბიჯები?

- ობიექტურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს განხორციელებული უამრავი პოზიტიური პროექტი, თვისობრივი ხასიათის გარღვევები. მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევა, პენიტენციური სისტემის რეფორმა, ბიზნესის განთავისუფლება, ინფრასტრუქტურის ფორსირებული განვითარება და რეალური დემოკრატიის და რეალური სიტყვის თავისუფლების უზრენველყოფა და ა.შ და ა.შ.

ამ ჩამონათვალიდანაც აშკარად ჩანს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უწინარესად დაკავებული იყო და არის სოციალური და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაზე.

„ოცნებამ“ დაამარცხა ინსტიტუციური, სისტემური ძალადობა, მაგრამ თავად გაუჩნდა გარკვეული კომპლექსი, რომელიც მას არ აძლევს შესაძლებლობას ძალის ლეგიტიმურ გამოყენებაზე

„ოცნებამ“ დაამარცხა ინსტიტუციური, სისტემური ძალადობა, მაგრამ თავად გაუჩნდა გარკვეული კომპლექსი, რომელიც მას არ აძლევს შესაძლებლობას ძალის ლეგიტიმურ გამოყენებაზე. სწორად, ამაში ვხედავ იმ პრობლემებს, რომლებსაც თქვენ ახსენებთ კითხვაში.

აშკარაა, რომ კრიმინალთან ბრძოლა და მოზარდებში გახშირებული ძალადობის ფაქტები ხელისუფლებისათვის გამოწვევებია. კრიმინალსა და მოზარდებში გახშირებულ ძალადობას, როგორც გარკვეული ტიპის ფენომენს, ვირუსული ხასიათი აქვს. გარკვეული ტიპის ძალადობაც ვრცელდება ისე, როგორც, მაგალითად, ხდება პანიკის ცირკულირება გარკვეულ მოცემულობაში. ასეთ ვითარებაში კი მეტად ვლინდება ხელისუფლების ის გარკვეული კომპლექსები, რომელზეც მოგახსენეთ.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება ძირითადად რეაგირების რეჟიმშია.

იგი პრობლემაზე კი ცდილობს მყისიერად რეაგირებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ურთულეს პრობლემებზე იგი ან მხოლოდ ახლა აყალიბებს თავის ხედვებს, ანდა წინა ხელისუფლების უკვე აპრობირებულ მექანიზმებს ”ახალი რედაქციით” იმეორებს.

და ეს ეხება არა მარტო ქურდულ სამყაროსთან დამოკიდებულებას, სკოლებში მანდატურების უფლება-მოვალეობებს, იგივე ჩინოვნიკების მაღალ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წლისთავზე ”ქართული ოცნება” მეხანძრეების მსგავსად პრობლემებზე რეაგირების რეჟიმშია და თავად არაა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის მკაფიოდ არც განმსაზღვრელი და არც გამტარებელი?

- სანამ ხელისუფლების შეფასებებზე გადავიდოდეთ, მოდით ვთქვათ, რომ უწინარესად ეს პრობლემები გვაქვს საზოგადოებაში. ცნობილია, რომ ავტორიტარული რეჟიმები სასტიკად ებრძვიან მოგონილ მტრებსაც, ოპოზიციასაც და რეალურ დანაშაულსაც.

მუსოლინის იტალიაში გაუსწორდნენ პოლიტიკური ოპონენტებს, ლიბერალებს და კომუნისტებს და ამასთან ერთად დიდი ხნით გაუსწორდნენ სიცილიურ მაფიასაც. სტალინის გულაგში ისხდენ ტროცკისტებიც და კანონიერი ქურდებიც. უახლესი ისტორიიდან ვიცით რა ვითარებაა დემოკრატიისა და კრიმინალიტეტის მხრივ ბელორუსში.

გეთანხმებით, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ხშირად უწევს მუშაობა „მეხანძრეების“ რეჟიმში. მაგრამ, მე კითხვას ასე დავსვამდი - რა ურჩევნია დღეს საზოგადოებას - სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობა“, რომლის შედეგადაც ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი განიცდიდა წამებას, ძალადობას, ადამიანური ღირსების დამცირებას და საკუთრების წართმევას, თუ ის, რაც დღეს გვაქვს?

ერთის მხრივ, ბრძოლა კრიმინალთან და მათ შორის ძალადობის წინააღმდეგ მოზარდებში საჭიროებს გადახედვას, შესაძლოა გამკაცრებასაც კი. მეორეს მხრივ, ყოველივე ეს არ უნდა გადაიზარდოს გადამეტებულ რეპრესიებში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

რაც შეეხება მანდატურებს. აქაც იყო გარკვეული პრობლემები, ვინაიდან სააკაშვილის დროს მოპოვებული უფლებებით ხშირად სარგებლობდნენ საგანგებო მანდატით აღჭურვილი ის პირები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენდნენ სკოლის დაცვის სამსახურს.

ცნობილია არაერთი ფაქტი, როდესაც ე.წ მანდატური აკონტროლებდა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც, მათ ჩაცმულობას, პარტიულ თუ იდეოლოგიურ უპირატესობებს და ა.შ.

ჩემი აზრით, ხელისუფლება დღეს ბალანსის ძიებაშია. ცხადია, რომ ერთის მხრივ ბრძოლა კრიმინალთან და მათ შორის ძალადობის წინააღმდეგ მოზარდებში საჭიროებს გადახედვას, შესაძლოა გამკაცრებასაც კი. მეორეს მხრივ, ყოველივე ეს არ უნდა გადაიზარდოს გადამეტებულ რეპრესიებში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

- შესაძლოა, მართლაც ისე იყოს როგორც ბრძანებთ - ხელისუფლება ბალანსის ძიებაშია. მაგრამ, ვითარებაში, როცა ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში ვითარება საკმაოდ მყიფეა, დროში განვრცობილი ბალანსის ძიება, შესაძლოა, ქვეყნისათვის პრობლემა აღმოჩნდეს.

თქვენი აზრით, ბალანსის დროში გავრცობილმა ძიებამ სავარაუდოდ რა ტიპის პრობლემები და საფრთხეები შეიძლება შეუქმნას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ დემოკრატიას?

- ბალანსის ძიება ქვეყნის შიგნით, ჩემი აზრით ნიშნავს კომპრომისის მიღწევას საზოგადოებაში. ჩვენში მიღწეული შეთანხმება გარკვეული საკითხების - იდეალში საკვანძო საკითხების ირგვლივ, როგორ უნდა უშლიდეს ხელს სამეზობლოში არსებულ, თუნდაც რთული ვითარების გადაწყვეტას?

მგონი პირიქით, რაც უფრო მტკიცე იქნება შეთანხმება ჩვენი საზოგადოების შიგნით მთავარი საკითხების მიმართ, მით უფრო მტკიცე და დაცული იქნება საერთო საერო ინტერესი ქვეყნის გარეთაც.

რაც უფრო მტკიცე იქნება შეთანხმება ჩვენი საზოგადოების შიგნით მთავარი საკითხების მიმართ, მით უფრო მტკიცე და დაცული იქნება საერთო საერთო ინტერესი ქვეყნის გარეთაც

დემოკრატიაც ვერ შედგება საერთო კონსენსუსის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უნდა იზიარებდეს ქვეყნის აღმშენებლობის, ღირებულებების ძირითად პრინციპებს. ამაზე ჯერ კიდევ რუსო წერდა, როდესაც აღნიშნავდა საზოგადოებრივი შეთანხმების აუცილებლობას ქვეყნის და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

საქართველოში კი ათეული წლების განმავლობაში ხდება უმრავლესობის ინტერესების უგელველყოფა, ხშირად კი „აღმზრდელებად“ მოვლენილი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ადანაშაულებენ შავრაზმელობაში, ქსენოფობიასა და ჰომოფობიაში. ჩვენთან წლების მანძილზე აგრესიული უმცირესობა ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად ძალადობს მოსახლეობის უმრავლესობაზე.

- მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნების თემამ გააქტიურა თემა თუ რა ხდება ოპოზიციაში. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია ამ თემაზე საუბარი ”ნაცმოძრაობა”-”ევროპული საქართველოს” ურთიერთობებით დავიწყოთ.

ფაქტია, რომ სააკაშვილის განცხადებამ ”ცხელ ფაზაში” გადაიყვანა ”ნაცმოძრაობასა” და”ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება. სააკაშვილმა ყოფილ თანამებრძოლებს ერთიან კანდიდატზე შეჯერებისკენ კი მოუწოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისივე ინტერპრეტაციით ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერების იდეა თავადვე დაასამარა, ვინაიდან მისი განცხადება ”ევროპულ საქართველოში” გაერთიანებულთა გადაბირების სურვილს უფრო ჰგავდა.

რა ხდება წინა ხელისუფლების გაყოფილ ფრთებს შორის? სავარაუდოდ, რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილი და სავარაუდოდ ვინ იქნებიან ”ნაციონალების” და ”ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატები?

- გეთანხმებით რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, ოღონდ ერთი შესწორებით. ოპოზიცია დღეს მრავალფეროვნად ნაცრისფერია. ცნობილი ფილმის სათაურის მსგავსად, დღეს ქართული ოპოზიცია წარმოადგენს ნაცრისფერის ორმოცდაათ ჩრდილს.

სააკაშვილის ქმედებების და განცხადებების ანალიზი დიდი ხანია გაცდა პოლიტოლოგიის ან სოციოლოგიის პროფილს

რესტორან „სულგუნიდან“ პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის უეცარი ტელედეპორტაცია კომიკურს ხდის ოდესის ექს-გუბერნატორის ნებისმიერ წინადადებას, მით უფრო როდესაც ის ხან იმუქრება ჩამოსვლით საქართველოში არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ხან აცხადებს არალეგიტიმურად საკუთარი პარტიის დამარცხებას იმავე არჩევნებზე, ხან მოუწოდებს გაერთიანებას ერთიანი კანდიდატის ირგვლივ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, სააკაშვილის ქმედებების და განცხადებების ანალიზი დიდი ხანია გაცდა პოლიტოლოგიის ან სოციოლოგიის პროფილს.

- თქვენი დაკვირვებით, ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე ”ქართული ოცნების” კანდიდატი?

- ეს შეიძლება იყოს ”ქართული ოცნების” ლიდერშიპის ნებისმიერი წევრი. ეს შეიძლება იყოს ”ქართული ოცნების” მინისტრი ან დეპუტატი.

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, ”ოცნებაში” არა ინკორპორირებული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოღვაწე

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, ”ოცნებაში” არა ინკორპორირებული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს.

- საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილობას გიორგი მარგველაშვილი? იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრმა პოლიტიკოსმა მიიღოს მონაწილეობა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვინ იქნებიან საპრეზიდენტო არჩევნებში ანგარიშგასაწევი კანდიდატები და რა იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?

- გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობის შემთხვევაში ის დაკარგავს იმ მხარდაჭერასაც, რომელიც მას დღეს გააჩნია. მარგველაშვილის მონაწილეობა არჩევნებში იქნება დაკავშირებული მის უამრავ რეპუტაციულ და იმიჯურ რისკთან.

საპრეზიდენტო არჩევნების ინტრიგას ვხედავ მხოლოდ ერთ საკითხში - ვინ გახდება საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოცნების“ კანდიდატი

ანგარიშგასაწევ ძალას ამ არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გარდა, მე დღეს ვერ ვხედავ. „ქართული ოცნება“, შიდა დაპირისპირებისა და ქიშპობის მიუხედავად, კვლავ შეძლებს კონსოლიდირებას საკუთარი კანდიდატის გარშემო.

გასაკვირია, მაგრამ კონსოლიდაციის ხარისხი შეიძლება მით უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, რაც უფრო დამოუკიდებელი და დისტანცირებული იქნება კანდიდატი საკუთრივ „ოცნების“ სახელისუფლებო ან პარტიული ბირთვისაგან. ამდენად, საპრეზიდენტო არჩევნების ინტრიგას ვხედავ მხოლოდ ერთ საკითხში - ვინ გახდება, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოცნების“ კანდიდატი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა