საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის რუსულ საფრთხეს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად შევაფასებდი

აზერბაიჯანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე საქართველო-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე ”ინტერპრესნიუსი” აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატს, პოლიტიკურ ანალიტიკოსს, რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.

- ბატონო რასიმ, 2 მარტს კიშინიოვში ატლანტიკური საბჭოს პატრონაჟით უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილმა საპარლამენთაშორისო კონფერენციამ დაიწყო მუშაობა. დაგეგმილია რეზოლუციის მიღება თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ეს ქვეყნები „გარეშე მტერს“, რომელშიც რუსეთი იგულისხმება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოფიციალურმა ბაქომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა.

მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭო გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ როგორც რუსული პრესა წერს - „სუამის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან, მაგრამ ამჯერად აზერბაიჯანის გარეშე.“

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ თქვა უარი აზერბაიჯანმა კიშინიოვის კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე და რამდენად სწორად შეაფასა რუსულმა მედიამ ოფიციალური ბაქოს კიშინიოვში ჩაუსვლელობა?

- თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა იმის გამო გამიჭირდება, რომ ზუსტად არ ვიცი ჰქონდა თუ არა აზერბაიჯანს მიღებული ოფიციალური მიწვევა კიშინიოვის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებაზე.

ფაქტია, რომ კიშინიოვის კონფერენციაზე უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში მოსკოვის გრესიული ქმედებების გამო მოხდება რუსეთის როგორც აგრესორი ქვეყნის პოლიტიკურად დაგმობა.

როცა საქმე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მხარს კი უჭერენ, მაგრამ როცა საჭიროა ყარაბაღში სომხეთის როგორც აგრესორი ქვეყნის მოქმედებების დაგმობა, რატომღაც სამივე ქვეყანა თავს იკავებს. თქვენ პატარა სომხეთის აგრესიულ ქმედებებს არ გმობთ და გინდათ რომ აზერბაიჯანმა დიდი რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმოს?

აზერბაიჯანს კიშინიოვის ამ კონფერენციის მიმართ ცოტა გაორებული დამოკიდებულება აქვს, რადგან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აზერბაიჯანის გამო მათთვის ნაკლებად სახიფათო სომხეთის, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორირების ოკუპანტი ქვეყნის, დაგმობას ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ. ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს აზერბაიჯანისთვის ჩაერთოს ანტირუსულ პოლიტიკურ აქციაში, რომელსაც რეალურად არც არაფერი მოაქვს გარდა იმისა, რომ რუსეთი ღიზიანდება.

აზერბაიჯანი ასეთ არაფრის მომცემ ღონისძიებებში აზრს ვერ ხედავს. მონაწილეობას კი ბევრი ნეგატიური პროცესის გამოწვევა შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია იმისგან აბსტრაგირება, რომ რუსეთი ყაღაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილი და მოქმედი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. თუ როგორ ასრულებს იგი მასზე დაკისრებულ მისიას, ეს სხვა საუბრის თემაა.

აზერბაიჯანი ყველა საერთაშორისო ფორუმზე ყოველთვის პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მონაწილეობს კენჭისყრებში და გამოხატავს სოლიდარობას.

როცა საქმე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მხარს კი უჭერენ, მაგრამ როცა საჭიროა ყარაბაღში სომხეთის როგორ აგრესორი ქვეყნის მოქმედებების დაგმობა, რატომღაც სამივე ქვეყანა თავს იკავებს. თქვენ პატარა სომხეთის აგრესიულ ქმედებებს არ გმობთ და გინდათ რომ აზერბაიჯანმა დიდი რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმოს?

აზერბაიჯანი რუსეთსა და დასავლეთ-აშშ-ს შორის კი არ ლავირებს, არამედ იკავებს იმ პოზიციას, რომელიც მისთვის პრაგმატულად სასარგებლოა... ბაქო სხვის შაბაშში მონაწილეობის ვერც აზრს და ვერ სარგებელს ვერ ხედავს

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიპლომატიაში ორმხრივად თანაზიარობის პრინციპი არავის გაუუქმებია. გარდა ამისა, აზერბაიჯანისთვის ხიფათის შემცველია ცალსახად ანტირუსული პოზიციის დაკავება. პოლიტიკოსებს ეს განსხვავებები უნდა ესმოდეთ და შესამაბისად იქცეოდნენ.

- გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის გამო რუსეთსა და დასავლეთსა და აშშ-ს შორის ლავირებს...

- აზერბაიჯანი კი არ ლავირებს, არამედ აზერბაიჯანი იკავებს იმ პოზიციას, რომელიც მისთვის პრაგმატულად სასარგებლოა.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანისთვის რომ რამე რეალური და კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, აზერბაიჯანი მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა. ბაქო სხვის შაბაშში მონაწილეობის ვერც აზრს და ვერ სარგებელს ვერ ხედავს.

- რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ აზერბაიჯანი სუამის გაერთაიანებას დატოვებს?

- ამგვარი მსჯელობები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. სხვათა შორის, ახლა სუამის გაერთიანების აღმასრულებელ სტრუქტურას, რომლის ოფისი კიევშია, აზერბაიჯანელი ვალტაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს. სუამი მასში შემავალ არც ერთ ქვეყანას არ უზღუდავს მოქმედების არეალს. ამიტომ ამაზე საუბარი აბსურდულიც კია.

სუამი არც ისე ეფექტური ორგანიზაციაა, მაგრამ მასში ყოფნა აზერბაიჯანს არ ამძიმებს, ამიტომ გაუგებარია აზერბაიჯანმა იგი რატომ უნდა დატოვოს

სამწუხაროდ, სუამი არც ისე ეფექტური ორგანიზაციაა, მაგრამ მასში ყოფნა აზერბაიჯანს არ ამძიმებს, ამიტომ გაუგებარია აზერბაიჯანმა იგი რატომ უნდა დატოვოს. მე თავად გახლავართ სუამის ქვეყნების საპარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრი და აზერბაიჯანის ამგვარ გეგმებზე პირადად მე არაფერი მსმენია.

- ყარაბაღის საკითხში ვითარება არ იცვლება. ასეთ ფონზე პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა გააკეთა განცხადება, რომ ბაქო „ერევანს დაიბრუნებს“. ბევრმა მისი ეს განცხადება თქვენთან მიმდინარე წისაარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, რომელშიც საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში მონაწილეობას იგი იღებს.

თქვენი დაკვირვებით, სინამდვილეში, სავარაუდოდ, რას უკავშირდებოდა პრეზიდენტ ალიევის ეს განცხადება?

- რადგან საქმე პრეზიდენტის განცხადებას ეხება, მოდით, მეტი სიზუსტე დავიცვათ. პრეზიდენტმა ალიევმა თქვა შემდეგი - სომხეთი შექმნილია აზერბაიჯანის ძირძველ მიწებზე და რომ აზერბაიჯანელები ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან ზანგეზურშიც და ერევანშიც - იმიტომ, რომ ეს ქალაქები შედიოდა ერევნის სახანოში.

მეფის რუსეთის დროს, აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე აღმოჩდნენ ირანიდან და თურქეთიდან ხელოვნურად ჩასახლებული სომხები. სხვათა შორის, საქართველოშიც სომხების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ იმ პერიოდშია ჩასახლებული.

თუ სომხები თამასას მაღლა წევენ, ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანიც ასწევს თამასას და მათგან განსხვავებით, სრულებით სამართლიანადაც

ახლა იმაზე, თუ რატომ ვსაუბრობთ ჩვენ ამაზე - სომხები, რომელთაც პრეტენზიები აქვთ მთიან ყარაბაღზე, უსირცხვილოდ ამბობენ უარს გაიყვანონ თავისი სამხედრო შენაერთები იმ ტერიტორიებიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღს ესაზღვრება. სომხეთი თავის ტერიტორიული პრეტენზიების თამასას ზემოთ წევს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ალიევის სწორად მოიქცა, როცა სომხებს შეახსენა, რომ ის ტერიტორიები, რომელზეც ახლა ისინი ცხოვრობენ და სომხეთის სახელმწიფოში შედის, ისიც აზერბაიჯანის ძირძველი მიწებია.

- ანუ, პრეზიდენტმა ალიევიმა სომხეთის მხრიდან თამასის აწევას თამასის აწევითვე უპასუხა...

- თუ სომხები თამასას მაღლა წევენ, ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანიც აწევს თამასას და მათგან განსხვავებითს სრულებით სამართლიანადაც.

-პრეზიდენტი პუტინი სენატისა და სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ფაქტია, რომ მისი რიტორიკა საკმაოდ აგრესიული და მილიტარისტულიც კი იყო.

რუსეთში აღარ მალავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი დაპირისპირების შემთხვევაში მოსკოვი ამ პროცესებში მაყურებლის როლით არ შემოიფარგლება. მეტიც, გამოითქმის იმედები უკრაინასა და საქართველოზე კონტროლის აღდგენის თაობაზე. ამგვარ ფონზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლი ახდენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი დიდი ომის პროვოცირებას.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომაშტაბიანი ომი გაჩაღდეს?

- ყოველ შემთხვევაში მე, პუტინის გამოსვლაში არ მომისმენია რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში პროცესების გართულების შემთხვევაში აქვს უკრაინასა და საქართველოში კონტროლის დაწესების გეგმები.

თუმცა, მოხსენების სამხედრო შემადგენელში საკმაოდ იყო აგრესულობის დემონსტრაცია. მიუხედავად ამისა, პირდაპირი მუქარა, რომ მას სურს უკრაინისა და საქართველოს ოკუპაცია, მე ვერ დავინახე.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ პუტინმა პირდაპირ თქვა შემდეგი - მიმიღეთ ისეთი როგორიცა ვარ, უნდა მაპატიოთ, რაც უკრაინასა და საქართველოში გაკაკეთე, სირიაში ახლა ვაკეთებ, თორემ მერე საკუთარ თავს დააბრალეთო...

- დიახ, მთლიანობაში მისი გამოსვლა საკმაოდ კონფრონტაციული იყო. მაგრამ, მე მაინც მე არა მგონია, რომ რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ომის ინიცირებას.

ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით სომხეთს აგერ უკვე 26 წელია ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიები, რომლებიდანაც განდევნილია 750 ათასზე მეტი მოქალაქე, ასევე სომხეთიდანაა დევნილი 250 ათასი ადამიანი.

თუ ვითარება არ შეიცვალა, სომხეთმა მოლაპარაკებების შედეგად არ დაუბრუნა აზერბაიჯანს ოკუპირებული ტერიტორიები, ბაქო აღარ აპირებს შეეგუოს თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი, გარედან ინსპირაციისა და პროვოცირების გარეშეც შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს

აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფები ერთმანეთის პირისპირ დგანან. თუ ვითარება არ შეიცვალა, სომხეთმა მოლაპარაკებების შედეგად არ დაუბრუნა აზერბაიჯანს ოკუპირებული ტერიტორიები, ბაქო აღარ აპირებს შეეგუოს თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი, გარედან ინსპირაციისა და პროვოცირების გარეშეც შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს.

ყოველ ზაფხულს აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ტარდება. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს სწავლებები რაღაც მომენტში ომში არ გადაიზარდოს.

- გასაგებია, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისიც ფაქტია, რომ რუსეთიც ჩაერთვება მასში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სომხეთში საკმაოდ კარგად აღჭურვილი რუსული ქვედანაყოფები დგანან...

- თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მაინც მოხდა, იგი უპირველესად მათ შორის დაპირისპირების ზოლზე მოხდება. რუსეთს იმისათვის, რომ ჩაერიოს აზერბაიჯან-სომხეთის ომში, არანაირი ფორმალური მიზეზიც არ ექნება, ვინაიდან სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება და არა სომხეთის ტერიტორიაზე.

სხვათა შორის, ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი სამართლიანად მიიჩნევს, რომ თუ საომარი მოქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაიწყო, რუსეთს სომხეთთან მიმართებაში არანაირი ვალდებულება არ აქვს მასში ჩაერთოს.

რუსეთმა შესაძლოა სომხეთს მიაწოდოს იარაღი, აღმოუჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა, გააკეთოს განცხადებები სისხლისღვრის შესაჩერებლად, მაგრამ მას არ ექნება არანაირი არც საბაბი და არც საფუძველი საომარ მოქმქდებებში ჩაერიოს.

რუსეთს იმისათვის, რომ ჩაერიოს აზერბაიჯან-სომხეთის ომში, არანაირი ფორმალური მიზეზიც არ ექნება, ვინაიდან სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება და არა სომხეთის ტერიტორიაზე

გასაგებია, რომ ყველა შემთხვევაში იგი გვერდზე არ გადგება. 2014 წლის აპრილში მომხდარი საომარი მოქმედებების დროსაც რუსეთი გვერდზე არ გამდგარა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დაწყების შემთხვევაში არსებობს გარკვეული რისკები, მაგრამ აზერბაიჯანს ეს რისკებიც ექნება გათვალისწინებული.

ვიმეორებ, აზერბაიჯანი აღარ აპირებს ითმინოს, რომ მისი ტერიტორიები ასე მუდმივად იყოს ოკუპირებული. თუ ვინმე ფიქრობს რომ არსებული ვითარება მუდმივად შენარჩუნდება, ცდება. ილუზიებში დარჩენას კი არავის ვურჩევდი.

- რუსეთი ერთის მხრივ ცდილობს დაიყოლიოს აზერბაიჯანი და ყარაბაღში ჩააყენოს თავისი მშვიდობისმყოფელები, ხოლო მეორეს მხრივ აზერბაიჯანს აწვდის იარაღს. ამის გამო სომხეთში ანტირუსული განწყობები აშკარად იზრდება. აზერბაიჯანი რუსეთისაგან იარაღს დღესაც იძენს?

- სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანი იარაღს იძენს არა მხოლოდ რუსეთისაგან. თუმცა, რუსეთიდან მეტს იძენს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს უკრაინიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან. აზერბაიჯანი მისთვის მისაღებ ფასებში იძენს იმ იარაღს და ისეთ იარაღს, რომელიც ხარისხით გამოირჩევა.

ვერ გეტყვით რა ფორმით შეეხება ეკონომიკური სანქციები რუსეთის სამხედრო კომპლექსთან ჩვენს თანამშრომლობას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ამ მოთხოვნას უყურადღებოდ არ დავტოვებთ

რუსეთთან ახალ სამხედრო კონტრაქტებზე არაფერი მსმენია. აშშ-მ აზერბაიჯანისგან მოთხოვა, რომ ბაქომ მოსკოვთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შეამციროს. ვერ გეტყვით რა ფორმით შეეხება ეკონომიკური სანქციები რუსეთის სამხედრო კომპლექსთან ჩვენს თანამშრომლობას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ამ მოთხოვნას უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

- ეტყობა, კითხვა მთლად სწორად ვერ დავსვი. თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავს რუსეთი, როცა ერთი მხრივ, იარაღს აზერბაიჯანსაც აწვდის და სომხეთ, ხოლო მეორე მხრივ სურს ყარაბაღში რუსი ცისფერჩაფხუთიანები განლაგდნენ?

- სხვათა შორის, აშშ იარაღს აწვდის ეგვიპტეს, იორდანიას და საუდის არაბეთს. იგი იარაღს აწვდის საბერძნეთსაც და თურქეთსაც. სამწუხაროდ, ამგვარი მოქმედება დიდი სახელმწიფოების პრაქტიკაში ხშირია.

რაც შეეხება რუსეთს, ორივე მხარესთან თანამშრომლობით, ანუ იარაღის მიწოდებით მოსკოვი ცდილობს ორივე მხარის გაკონტროლებას და მათზე თავისი გავლენის გაზრდას.

უკანასკნელი 5-7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთისაგან 5 მილიარდი აშშ დოლარის იარაღი შეიძინა

გარდა ამისა, ჩემი აზრით, რუსეთისთვის აზერბაიჯანული ბაზარი საკმაოდ მომგებიანია. უკანასკნელი 5-7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთისაგან 5 მილიარდი აშშ დოლარის იარაღი შეიძინა. ვფიქრობ, რომ ეს ფული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენია.

- დრამატულად ვითარდება პროცესები სირიასა და თურქეთში. მოგეხსენებათ, ეს ქვეყნები ჩვენგან არც ისე შორს არიან. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე?

- სირიასა და თურქეთში მიმდინარე პროცესები ჩვენზე პირდაპირ არ პროეცირდება, მაგრამ გასაგებია, რომ ნებისმიერი გართულება სამეზობლოში გარკვეული ფორმით ჩვენც გვეხება.

აზერბაიჯანისთვის დამატები საფრთხე იმაშია, რომ მანდ ნებისმიერ დროს შეიძლება საქმე გართულდეს - მიუხედავად იმისა, რომ სირიაში თურქეთი და რუსეთი თავის მოქმედებებს ათანხმებენ, ანკარა და მოსკოვის სხვადასხვა მხარეს არიან. თუ რუსეთი ირანთან ერთად მხარს უჭერს ასადის რეჟიმს, თურქეთის პოზიცია, მართალია, სრულად არ ემთხვევა სირიის საკითხში აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციას, მაგრამ როგორც ნატოს წევრ ქვეყანას ანტიასადური კურსი აქვს.

შექმნილ ვითარებაში სირიაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს შეტაკება თურქეთსა და რუსეთს შორის, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანიც საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში აღმოჩნდება

შექმნილ ვითარებაში სირიაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს შეტაკება თურქეთსა და რუსეთს შორის, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანიც საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში აღმოჩნდება.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაც სირიაში ხდება. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ შესაბამისად და ამ ვითარებაში არ უნდა ჩავერიოთ.

- რუსი ექსპერტები ხშირად ახმოვანებენ ასეთ მოსაზრებას - თუ დიდი არეულობა დაიწყო პატარა ქვეყნებს არავინ არაფერს შეეკითხება. სამწუხაროდ ასეა, და იმიტომაც გამოვთქვი წუხილი იმის თაობაზე, რომ თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყო, ჩვენს მოედანზე დიდი მოთამაშეები მხოლოდ თავის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებენ...

რუსეთს შეუძლია საქართველოსა და აზერბაიჯანში შემოიყვანოს თავი ძალები, მაგრამ, მათ არ ეყოფათ ძალები ჩვენს ქვეყანებში სრულად გააკონტროლონ სიტუაცია

- დავუშვათ, მოსკოვში ვიღაცას ტვინი მართლაც გადაუბრუნდა და მოინდომა ვითარებით ისარგებლოს. დიახ, რუსეთს შეუძლია საქართველოსა და აზერბაიჯანში შემოიყვანოს თავი ძალები, მაგრამ, მათ არ ეყოფათ ძალები რომ ჩვენს ქვეყნებში სრულად გააკონტროლონ სიტუაცია. მათ შეუძლიათ შემოსვლაც, ჩვენი ტერიტორიების დაბომბვაც, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი ტერიტორიოების გაკონტროლებას.

მათ შეუძლიათ გააკეთონ განცხადებები და მუშტები მოგვიღერონ, მაგრამ ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების რეალურად გაკონტროლების უზრუნველყოფას. ამის რესურსი რუსეთს დღეს არა აქვს. გარდა ამისა, არა მგონია რუსეთის ინტერესებში იყოს ჩვენს ქვეყნებთან ღია კონფრონტაციაში ყოფნა.

რუსეთი ახლა ეძებს გზებს დონბასში არეული სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს. ამიტომ, მე აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის რუსულ საფრთხეს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად შევაფასებდი

ჩემი აზრით, რუსეთი ახლა ეძებს გზებს დონბასში არეული სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს. ამიტომ მე აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის რუსულ საფრთხეს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად შევაფასებდი.

- არ ვიქნებით მართალი თუ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების თემას არ შევეხებით. საკმაოდ ბევრი ერთობლივი ეკონომიკური პროექტი ხორციელდება და ურთიერთობებიც საკმაოდ დინამიურად ვითარდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბაქო-თბილისის ურთიერთობებსა და ბევრ სფერობეში ერთობლივ მოქმედებას ჩვენი სახელმწიფოების ჩამოყალიბების ამ რთულ პერიოდში?

- ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული პარტნიორობა ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორებითააა განპირობებული. გარკვეულ საკითხებში შეუთანხმებლობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მთლიანობაში ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. 20-იან წლებში ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის მესვეურებს კარგად ესმოდათ და ახლაც კარგად ესმით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორი მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, ორივე ქვეყანა დამარცხებისთვის იქნება განწირული.

რამდენადაც ვიცი, ორივე მხარე პრაგმატული მიდგომებით ცდილობს არსებული პრობლემების გადაწყვეტას. მათი უმეტესობა ან წყდება, ან მიმდინარეობს დიალოგი ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებების საპოვნელად და გადაწყვეტის სტადიაშია. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება.

ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა იზრდება, უკვე განხორციელებული სერიოზული ენერგეტიკული პროექტები გამართულად მუშაობს. ახლა როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენებულია, დღის წესრიგშია მის ამოქმედებასა და ეფექტურად გამოყენებაზე ზრუნვა. ვიცი, რომ ამ თემებზე ორივე ქვეყნის ტრანსპორტელები მუშაობენ.

2018 წელს უნდა დასრულდეს შაჰდენიზი-2 გაზსადენის მშენებლობა. შესაბამისად, საქართველოს ექნება საშუალება აზერბაიჯანიდან მეტი გაზი მიიღოს როგორც ტრანზიტისათვის, ისე შეიძინოს შეღავათებით

2018 წელს უნდა დასრულდეს შაჰდენიზი-2 გაზსადენის მშენებლობა. შესაბამისად, საქართველოს ექნება საშუალება აზერბაიჯანიდან მეტი გაზი მიიღოს როგორც ტრანზიტისათვის, ისე შეიძინოს შეღავათებით. შაჰდენიზი-2 არ გახლავთ მხოლოდ რეგიონალური პროექტი, ვინაიდან მისი საშუალებით გაზს თურქეთის გარდა სამხრეთ ევროპის ქვეყნებიც მიიღებენ.

რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ელექტროგადამცემ ქსელებს შორისაც საკმაოდ კარგად ვითარდება პროცესი. აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოს ტერიტორიაზე ორივე ქვეყნებისათვის სასარგებლო ინვესტიციებს ახორციელებენ. კარგია, რომ ჩვენს ქვეყნებს შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგი აქვთ. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო