თუ იალტა-2 არ შედგა, გაგრძელდება კონფლიქტისთვის მზადება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქმე ძირითად მოთამაშეებს შორის გლობალურ დაპირისპირებამდე არ მივა

1 მარტს სენატისა და სახელმწიფო სათათბიროსათვის რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა სივრცის კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კრილოვს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ სენატისა და სახელმწიფო სათათბიროსათვის პუტინის ყოველწლიური მიმართვიდან საკმაო დრო გავიდა, რუსულ და საერთაშორისო მედიაში ამ თემაზე მსჯელობა და კამათი არ ცხრება.

თქვენ როგორ შეაფასებდით, 2018 წელს პრეზიდენტ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას?

- მიმართვა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთდა, არ შეიძლება იყოს განხილული როგორც რიგითი, ვინაიდან ის ეხებოდა ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ამიტომ, პუტინის მიმართვის უპირველესი ადრესატი რუსეთის ამომრჩეველი, რუსეთის მოკავშირეები იყვნენ და რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე მისი მოწინააღმდეგეები.

პუტინის მიმართვის უპირველესი ადრესატი რუსეთის ამომრჩეველი, რუსეთის მოკავშირეები იყვნენ და რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე მისი მოწინააღმდეგეები

როცა პუტინის უკანასკნელ მიმართვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება იგი განვიხილოთ, როგორც მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული მიმართვა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით პუტინმა პირობითი დასავლეთის გასაგონად თქვა შემდეგი - მე ახლა ძლიერი ვარ. „თქვენ ადრე არ გსურდათ ჩვენი ხმის გაგონება, იქნება ახლა მოგვისმინოთ.“

თქვენი აზრით, მიმართვის იმ ნაწილში, რაც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეხებოდა, რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტ პუტინს ვაშინგტონის, ბრიუსელის, ბერლინის, პეკინის, ლონდონისა და სხვა ქვეყენების დედაქალაქებისათვის?

- ჩემი აზრით, მას უნდოდა ეთქვა - ადრე თქვენ არ გინდოდათ ჩვენი მოსმენა, მას აშკარად მხედველობაში ჰქონდა თავისივე გამოსვლა მიუნხენში, როცა მან დასავლელ პოლიტიკოსებს პირდაპირ მიმართა, მათ კი ისეთი სახე მიიღეს, თითქოს არც კი გაუგონიათ მისი ნათქვამი. მაშინდელი მიმართვა დასავლეთს არ აღუქვია როგორც მოწოდება რუსეთთან ერთად დაეწყოთ რეალური პრობლემების განხილვა.

დასავლეთმა მაშინ გააგრძელა საერთაშორისო პოლიტიკიდან რუსეთის განდევნის პოლიტიკა. მაშინ დასავლეთში იყო ასეთი მოსაზრება, რომ რუსეთი ჩამოწერილია არა მარტო წამყვანი ქვეყნებიდან, მას უარს ეუბნებოდნენ ყოფილიყო რეგიონალური ზესახელმწიფო. რუსეთი მხოლოდ ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ განიხილებოდა.

ჩვენი დასავლელი კოლეგების უმრავლესობა რუსეთს გახარებული განიხილავდა როგორც ნავთობის კასრს, რომელიც იშლება და აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, მას რა სურს, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა. პირდაპირ მიუთითებდენ იმაზე, რომ ახლა დროა რუსეთმა საერთოდ არ ამოიღოს ხმა. და ეს მაშინ, როცა პუტინი თავს პროდასავლელ პოლიტიკოსად განიხილავდა. ალბათ გახსოვთ, რომ იგი განათლებით გერმანისტია და გერმანიისა და ევროპისადმი მას განსაკუთრებული გრძნობები აქვს.

მიუხედავად ბარაკ ობამას მტკიცებისა, რომ რუსეთის ეკონომიკა საცოდავ დღეშია და პრაქტიკულად განადგურებულია, რუსეთმა შეძლო თანამედროვე სამხედრო იარაღის შექმნა და იმ საფრთხეების ნეიტრალიზება, რომელიც თან ახლავს ნატოს აღმოსავლეთით სვლას

რუსეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის პუტინი მიხვდნენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, რუსეთში პროცესები ისევე განვითარდებოდა, როგორც სერბეთში, ლიბიაში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში. ასეთ ფონზე დაიწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი თავიდან ყოფილიყო აცილებული. ამ ნაბიჯებს საჯარო ხასიათი არ ჰქონია, მაგრამ პუტინმა თავის მიმართვაში მოახდინა ამ ნაბიჯების შედეგების დემონსტრირება.

შედეგები კი ასეთია - მიუხედავად ბარაკ ობამას მტკიცებისა, რომ რუსეთის ეკონომიკა საცოდავ დღეშია და პრაქტიკულად განადგურებულია, რუსეთმა შეძლო თანამედროვე სამხედრო იარაღის შექმნა და იმ საფრთხეების ნეიტრალიზება, რომელიც თან ახლავს ნატოს აღმოსავლეთით სვლას. ანუ აშშ-ს პოლიტიკას, რომლის მიზანია რუსეთის ირგვლივ სამხედრო ბაზების შექმნა.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ პუტინს სურდა დასავლელი პარტნიორების შეშინება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეტყობა დასავლეთს არც შეშინებია და მაინცდამაინც არც ის გაკვირვებია, რის დემონსტრირებასაც პუტინი შეეცადა - მხედველობაში მაქვს ის სამხედრო ტექნიკა, რაზეც პუტინმა ისაუბრა...

- კარგია თუ დასავლეთს არ შეშინებია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი რაღაცის გამო გამოთქვამს იმედს. იმედი მაქვს, დასავლეთი პრაქტიკაში არ შეეცდება იმის გარკვევას მართლაც აქვს თუ არა რუსეთს ის სამხედრო ტექნიკა, რაზეც პუტინმა ისაუბრა და ის სისტემები არის თუ არა მუშა მდგომარეობაში.

იმედი მაქვს დასავლეთი პრაქტიკაში არ შეეცდება იმის გარკვევას მართლაც აქვს თუ არა რუსეთს ის სამხედრო ტექნიკა, რაზეც პუტინმა ისაუბრა და ის სისტემები არის თუ არა მუშა მდგომარეობაში

იმედია, ისინი არ ჩათვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მულტფილმების დემონსტრირება მოახდინა. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ძალიან უნდა დაიჯეროს, რომ პუტინმა მართლაც მულტფილმების დემონსტრირება მოახდინა.

- ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა მეიმ „უპასუხისმგებლო განცხადებებად“ შეაფასეს.

სამხედრო ექსპერტთა მტკიცებით, როგორც ჩანს, პუტინს არ ესმის, რომ ომი ბირთვული რაკეტებით, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული ყველას განადგურებას გამოიწვევს.

მათივე თქმით, ამ ტექნიკის შექმნაზე „ცივი ომის“ დროსაც მუშაობდნენ სსრკ-სა და აშშ-ს მეცნიერები, მაგრამ მაშინ ისინიც და პოლიტიკოსებიც მიხვდნენ, რომ ამგვარი ომი პლანეტის განადგურებას გამოიწვევდა და მათზე მუშაობა ორივე მხარემ შეაჩერა.

სამხედრო ტექნიკაზე საუბრისას პუტინის მიმართვის მთავარი კოზირი სწორედ იმაზე საუბარი იყო, რომ რუსეთს აქვს ბირთვული რაკეტები, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული.

დაუჯერებელია, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა გამოიყენოს რაკეტები, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული?

- ამ კითხვაზე პასუხს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე საუბრით დავიწყებდი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ახლა აშშ რუსულ საფრთხეებს, მათ შორის იმ ტიპის საფრთხეებს, რაზეც თქვენ თქვით, ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს.

ეს განცხადება ტრამპმა პუტინის მიმართვამდე გააკეთა. მაშინვე ითქვა, რომ აშშ-მ დაიწყო პროგრამის რეალიზება, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო მუხტის ბირთვული რაკეტების დამზადებას, რომელთა გამოყენებასაც აშშ ლოკალურ კონფლიქტებში აპირებს.

თუ ამერიკელები თვლიან, რომ ლოკალურ ომებში შესაძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, ცხადია, რომ ამის საპირწონოდ, უფრო სწორად თავის დასაცავად რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

თუმცა, ძნელად წარმომიდგენია თუ როგორ შეიძლება ისინი გამოყენებულ იქნას, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაშია, ვინაიდან, ამგვარი იარაღის გამოყენების შემდეგ სამხრეთ კავკასია ხომ რადიოაქტიურ უდაბნოს დაემსგავსება.

რაკეტებს, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული, შეუძლიათ იფრინონ ჩრდილოეთ პოლუსიდანაც, სამხრეთ პოლუსიდანაც და ასევე გაფრინდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ეს კი მთლიანად ცვლის სიტუაციას. ვფიქრობ, რომ იგი უფრო შეკავების ფაქტორია

რაც შეეხება რაკეტებს, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული. საქმე იმაშია, რომ ამ რაკეტებს არა აქვთ სიშორის პრინციპი და მათი გამოყენება დროზე არაა დამოკიდებული. ადრე მნიშვნელობა ენიჭებოდა ბალისტიკურ ტრაექტორიას, ვინაიდან შესაძლებელი იყო მათი ჩამოგდება.

რაკეტებს, რომელზეც ბირთვული ძრავებია დამონტაჟებული, შეუძლიათ იფრინონ ჩრდილოეთ პოლუსიდანაც, სამხრეთ პოლუსიდანაც და ასევე გაფრინდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ეს კი მთლიანად ცვლის სიტუაციას. ვფიქრობ, რომ იგი უფრო შეკავების ფაქტორია. ვიმეორებ, ლოკალურ ომებში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე პირველებმა ამერიკელებმა განაცხადეს.

- პუტინის მიმართვაში, ბევრმა ყურადღება გაამახვილა ერთ მეტად საგულისხმო აბზაცზე, კერძოდ, - „სსრკ-ს დაშლის შედეგად რუსეთმა დაკარგა 23,8% ტერიტორია, მოსახლეობის 48,5%, სამრეწველო პოტენციალის 39,4%”....

რა გამოდის, რუსეთი თავის ნაციონალურ საზღვრებად კვლავ სსრკ-ს ყოფილ საზღვრებს მიიჩნევს?

რუსეთმა სსრკ-ს ყოფილ საზღვრებში შექმნილ 14 დამოუკიდებელ სახელმწიფოს ანგარიში წარუდგინა? ანუ, მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა რომ პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის სფეროში უნდა იყოს?

- არა, ეს სიტყვები სულ სხვა აზრით იყო ნათქვამი. რუსეთმა დაკარგა როგორც სამრეწველო პოტენციალი და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ასევე რუსეთმა დაკარგა საკმაოდ ბევრი პორტები, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირებულია ტვირთბრუნვა, მაგრამ ახლა აშენებულია ახალი ან მოდერნიზირებულია ძველი პორტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა დარჩენილი და ტვირთბრურვით რუსეთმა უკვე გადააჭარბა იმ მონაცემებს, რომელიც სსრკ-ს ჰქონდა. სსრკ-ს კი დასავლეთში რუსეთს ეძახდნენ.

ვითარების ისე წარმოჩენა, რომ ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე გაჩენილი დღევანდელი დამოუკიდებელი ქვეყნები სსრკ-სთან არანაირად არ იყვნენ დაკავშირებული, ნიშნავს იმას, რომ საერთოდ დავივიწყოთ ის, რაც წარსულში იყო

საერთოდ, სსრკ-ს რუსეთიდან ჩამოცილება, ისეთი პოზის დაჭერა, რომ ისინი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არიან და ვითარების ისე წარმოჩენა, რომ ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე გაჩენილი დღევანდელი დამოუკიდებელი ქვეყნები სსრკ-სთან არანაირად არ იყვნენ დაკავშირებული ნიშნავს იმას, რომ საერთოდ დავივიწყოთ ის, რაც წარსულში იყო.

- დავიწყებაზე არავინ საუბრობს, უნდა გვახსოვდეს კიდეც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღევანდელი რეალობა სულ სხვაგვარია, სსრკ-ს ნაცვლად არსებობს 14 დამოუკიდებელი სახელმწიფო...

- დიახ, დღეს სხვა რეალობაა, მაგრამ დააკვირდით როგორ შეიცვალა პოსტსაბჭოთა სივრცის აღქმა - სულ ცოტა ხნის წინ დსთ-ს ქვეყნები მოიაზრებოდნენ როგორც დსთ-ს ჭაობის ქვეყნები. ნორმალურ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად კურსი უნდა აეღოთ ნამდვილი დემოკრატიისაკენ, სადაც თავისუფლება და სრული ბედნიერებაა. ზოგიერთი ქვეყანა დაადგა კიდეც ამ გზას.

მაგრამ ახლა ძალიან საგულისხმოა, რომ აშშ-ს კარნეგის ცენტრის უკანასკნელ მოხსენებაში პოსტსაბჭოთა სივრცისათვის გამოყენებულია ისეთი ტერმინი, როგორიცაა გეოპოლიტიკური განუსაზღვრელობის რუხი ზონა.

აშშ-ს კარნეგის ცენტრის უკანასკნელ მოხსენებაში პოსტსაბჭოთა სივრცისათვის გამოყენებულია ისეთი ტერმინი, როგორიცაა გეოპოლიტიკური განუსაზღვრელობის “რუხი ზონა”... მათ მიმართ აშშ-ს ამგვარი დამოკიდებულება ამ ქვეყნებს საკმაოდ დიდ სივრცეს უტოვებს განსჯისა და ანალიზისთვის

ამ ტერმინში რუსეთს კი არ მოიაზრებენ, რომელიც მოწინააღმდეგედ განიხილება, რომელიც სულაც არ არის დაგლეჯილი ნაწილებად და ჩინეთთან ერთად მათ რეალურ და ძირითად მეტოქედ მოიხსენიება, არამედ გეოპოლიტიკური განუსაზღვრელობის რუხ ზონად სსრკ-ს ყოფილი ყველა დანარჩენი რესპუბლიკები მოიხსენიება.

მათ მიმართ აშშ-ს ამგვარი დამოკიდებულება ამ ქვეყნებს საკმაოდ დიდ სივრცეს უტოვებს განსჯისა და ანალიზისთვის.

- თქვენი აზრით, როგორ აღიქვეს სსრკ-ს ყოფილმა ქვეყნებმა და დღეს დამოუკიდებელმა 14 ქვეყანამ პუტინის უკანასკნელი მიმართვის ის გზავნილები, რომელიც სავარაუდოდ მათ ეკუთნოდათ?

- ზოგიერთ ქვეყნებში, რომლებიც მიჩვეული არიან ყველა თავის უბედურებაში რუსეთი დაადანაშაულონ, ვფიქრობ ტრადიციულადვე იქნებოდა აღქმული.

ვინც რუსეთს თავის მოკავშირედ და დამცველად თვლის, ვფიქრობ მათ ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გაუჩნდათ, ვიდრე პესიმიზმის.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ იქნა იგი აღქმული კიევსა და თბილისში?

- ალბათ, თქვენ უფრო კარგად დაინახეთ როგორ იქნა აღქმული თბილისში. ჩემი აზრით, ცალკეული განცხადებებზე არ ღირს ყურადღების გამახვილება. ალბათ აჯობებდა იმ ტენდენციებზე მეტად ყურადღების მიქცევა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება.

1941 წელს ბელორუსიის რომელიმე დასახლებულ პუნქტში, სადაც ებრაელები ცხოვროდნენ, ყველა იმ კონფლიქტების მიუხედავად, რომელიც მათ ჰქონდათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ 22 ივნისს დაიწყო ომი დაიწყებოდა და ყველაფერი შეიცვალებოდა.

ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ მოწყვლადი არიან, მთავარია კარგად გაერკვნენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების საერთო კონტექსტში, ანუ იმაში, თუ საითკენ მიდის საქმე და თავისი მდგომარეობა ამის გათვალისწინებით განსაზღვრონ

ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ მოწყვლადი არიან, მთავარია კარგად გაერკვნენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების საერთო კონტექსტში ანუ იმაში, თუ საითკენ მიდის საქმე და თავისი მდგომარეობა ამის გათვალისწინებით განსაზღვრონ.

მე ისევ აშშ-ს კორნეგის ცენტრის ბოლო მოხსენებას გავიხსენებ, რომელშიც სიტყვა სიტყვით წერია შემდეგი - ბოლო წლების გამოცდილებამ მოგვცა იმის გაგება, რომ ზედმეტია საუბარი ჩვენი მხრიდან მკვეთრი ხაზების გავლებაზე. აღმოსავლეთის მიმართულებით ჩვენი მხრიდან ამ ხაზების გადაკვეთა არარეალისტურია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ შეგვიძლია არანაირი გარანტიების მიცემა არ შეგვიძლია უკრაინისა და საქართველსოთვის.

ეს მოხსენება იმ თვალსაზრისითაა სააინტერესო, თუ როგორ შეიცვალა აშშ-ში შეხედულებები პოსტსაბჭოთა სივრცისა და თავად რუსეთის მიმართ.

- თუ სწორად გავიგე თქვენს მიერ ნათქვამი, ეს კრემლს აძლევს იმედს გააგრძელოს ბრძოლა პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი კონტროლის დასამყარებლად და ამ თვალსაზრით ჩვენ გარკვეული ფაზები ჯერ კიდევ გველის?

- არა, კრემლს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პოზიციების აღდგენის გეგმები არ აქვს. იგი პოსტსაბჭოთა სივრცეს არ განიხილავს იმ სივრცედ, რომლისკენაც მან უნდა მიმართოს თავისი ძირითადი ძალისხმევა.

რუსეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მოაწესრიგოს ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მოთამაშეებთან. ესენი კი არიან ჩინეთი, ინდოეთი და ამერიკის შეერთებული შტატები

რუსეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მოაწესრიგოს ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მოთამაშეებთან. ესენი კი არიან ჩინეთი, ინდოეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

- ამ მიმართვამდე პუტინმა დასავლეთის ლიდერებს არაერთხელ შესთავაზა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, მაგრამ მისი მოწოდება უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობისას და შემდეგ სირიაში კონფლიქტის გამწვავებისას უპასუხოდ რჩებოდა.

ახლა როცა სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებით პუტინი შეეცადა ყველას შეშინებას, თან დამუნათებას - ახლა მაინც მოგვისმინეთო, თქვენი აზრით, ამჯერად თუ გაიგონებენ დასავლელი ლიდერები მის მოწოდებას და მიუსხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას?

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ კარგ მკითხავს შეიძლება ჰქონდეს. საქმე ან გლობალური კონფრონტაციისკენ მიდის, რის დაჯერებაც ძალიან არ მინდა, ან „ნაციების კონცერტამდე“, რომელიც პოსტნაპოლეონის ეპოქაში ევროპაში იყო.

ნაპოლეონის ომებისა და ეპოქის დასრულების შემდეგ 1813-1814 წლებში ვენაში შეიკრიბა კონგრესი, რომელმაც განსაზღვრა ის წესები, რომლითაც ევროპას უნდა ეცხოვრა. შემდეგ იგივე განმეორდა იალტასა და პოტსდამში.

- ბევრად ადრე ვიდრე 2014 წელს უკრაინასა და შემდეგ სირიაში მოვლენები ისე ტრაგიკულად განვითარდებოდა, როგორც განვითარდა, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების საკმაოდ დიდი ჯგუფი ხშირად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელი იყო იალტა-2-ის ორგანიზება.

თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი - თუ იალტა-2 არ შედგა, მსოფლიო პოლიტიკის ძირითად მოთამაშეებს შორის გლობალური დაპირისპირება დაიწყება?

- დიახ, თუ იალტა-2 არ შედგა, გაგრძელდება გამალებული შეიარაღება და გლობალური კონფლიქტისთვის მზადება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძირითად მოთამაშეებს შორის საქმე გლობალურ დაპირისპირებამდე არ მივა. მსოფლიო ლიდერები იმდენად სულელები არ არიან, რომ არ ესმოდეთ ის საფრთხეები, რაც ბირთვულ ომს, თუნდაც ლოკალურს ახლავს.

აშშ-ის სრული ფინანსური ბატონობის პირობებში რუსეთმა მაინც იპოვა გამოსავალი, განავითარა სამხედრო მრეწველობა და მისთვის ძირითადი საფრთხეების მოსახსნელად და დასავლეთისათვის თავისივე პასუხი შეიმუშავა

ამერიკელების ახალი ბირთვული პროგრამა გლობალურ დაპირისპირებაში არ გამორიცხავს მცირე და საშუალო ზომის ბირთვული ბომბების გამოყენებას.

- რუსი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ გამალებული შეიარაღება-2-ის დაწყება რუსეთის ინტერესებში არ უნდა იყოს. სსრკს დაშლის შემდეგ დღევანდელ რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ მას ამ დაპირისპირებაში წარმატების იმედი ჰქონდეს.

მათივე მტკიცებით ვითარებაში, როცა ცნობილია თუ რით დასრულდა პირველი გამალებული შეიარაღება, მეორეჯერ იმავე გზის გავლას აზრი არ აქვს....

- რით დასრულდა პირველი გამალებული შეიარაღება?

- იგულისხმება სსრკ-ს დაშლა...

- გასაგებია, მაშინ ამჯერად ალბათ ვინმე სხვა დაიშლება. თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, გამალებული შეიარაღება კარგა ხანია დაწყებულია. ახლა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მან იმ ეტაპს მიაღწია, როცა შესაძლებელია სამხედრო პარიტეტზე საუბარი.

აშშ სრული ფინანსური ბატონობის პირობებში რუსეთმა მაინც იპოვა გამოსავალი, განავითარა სამხედრო მრეწველობა და მისთვის ძირითადი საფრთხეების მოსახსნელად და დასავლეთისათვის თავისივე პასუხი შეიმუშავა.

პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. თუ ეს დასავლეთში სწორად იქნა აღქმული და გაგებული, მაშინ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალი იქნება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა