რამაზ საყვარელიძე - თუ კვირიკაშვილის მიმართვა ზეწოლის ერთადერთი ბერკეტია, ის, რა თქმა უნდა, არაფერს არ მოიტანს - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და შესთავაზა მხარეები 2008 წლის აგვისტოს ომის მეათე წელს შეხვდნენ იმგვარი „გონივრული ნაბიჯების გადადგმით“, რომელიც „მოჯადოებული წრიდან“ გამოიყვანს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.

მიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში „რეალური პროგრესის მისაღწევად“ საქართველოს პრემიერი მზადაა მონაწილეობა მიიღოს და ქართულმა მხარემ პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზებთან და ოსებთან.

მიმართვაში გამოთქმულია იმედი, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ პირდაპირ დიალოგში რუსულ მხარეს „რეალურად ექნება კონსტრუქციული მიდგომები“.

პრემიერის მიმართვამ ქართულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვას?

- დასასმელად მარტივი, მაგრამ საპასუხოდ რთული კითხვაა. ადამიანმა ერთი ნაბიჯი რომ გადადგას და ვიკითხოთ „კარგია თუ არაო?“, საპასუხოდ რთულია, როცა არ იცი საით მიდის. ამიტომ, შეფასებების გაკეთება საერთოდ ნაადრევი მეჩვენება.

ჩემთვის ცხადი მხოლოდ ისაა, რომ ამ მიმართვის კონკრეტული მინიმალური მიზანი არის ცხედრის დაბრუნება მის ჭირისუფალთან. იგივე მიზანი ჰქონდა საპატრიარქოსაც. კვირიკაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა ეს მიზანი პოლიტიკურ ჩარჩოში ჩასვა და მივიღეთ საქართველოს პირველი ოფიციალური მიმართვა რუსეთის მისამართით ურთიერთობის 10-წლიანი ბიოკოტირების შემდეგ.

ბუნებრივია, ამან უამრავი კითხვა გააჩინა, მათ შორის - რა შედეგი მოჰყვება ამას? ჩვენ არ ვიცით, თუ რა ფარული პროცესები უძღოდა წინ წერილს და ამიტომ ვერც ამ კითხვას ვპასუხობთ დაბეჯითებით.

ერთადერთ ლოგიკურ ვერსიად მეჩვენება ის, რომ დასავლეთის პარტნიორებმა, ურომლისოდაც ნაბიჯს არა ვდგამთ, გვირჩიეს - საქართველომ რუსეთთან თანამშრომლობის კეთილი ნება გამოავლინოს და მერე ჩვენთვის ადვილი იქნება რუსეთისგან საპასუხო კეთილი ნების მოთხოვნაო.

კვირიკაშვილის წერილშიც ბევრი ისეთი ელემენტია, რომელიც დასავლეთის პოლიტიკურ აუდიტორიაზე უფროა გათვლილი, ვიდრე რუსეთისაზე. თუ ამ ვერსიიდან ამოვალთ, კვირიკაშვილის წერილი იმისთვისაა გამიზნული რითაც თავდება - რომ საქართველოს და დასავლეთის ერთობლივი ძალისხმევით გადმოგვეცეს ჩვენი მოქალაქის ცხედარი

ეს ვერსია ჯდება მოლაპარაკების დასავლურ სტილში. ამჟამად დასავლეთისგან საკუთარ თავზე რაღაცის აღების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ახლა დასავლეთი კრიტიკულია რუსეთის მიმართ და საბაბი თუ მიეცა, რუსეთს მოთხოვნებს წაუყენებს.

ამავე დროს, დასავლეთი კონფრონტაციულ კლიმატსაც ერიდება. ადრე საერთოდ მოგვიწოდებდა - არ შეაწუხოთ რუსეთი, რომ იმან ჩვენ არ შეგვაწუხოსო. ახლა პრობლემაში ჩართვაზე თანახმაა, რაც სხვა აქტიობებითაც ჩანს, მაგრამ მისი გადაწყვეტა თანამშრომლობის რეჟიმში სურს გადაიტანოს.

კვირიკაშვილის წერილშიც ბევრი ისეთი ელემენტია, რომელიც დასავლეთის პოლიტიკურ აუდიტორიაზე უფროა გათვლილი, ვიდრე რუსეთისაზე. თუ ამ ვერსიიდან ამოვალთ, კვირიკაშვილის წერილი იმისთვისაა გამიზნული რითაც თავდება - რომ საქართველოს და დასავლეთის ერთობლივი ძალისხმევით გადმოგვეცეს ჩვენი მოქალაქის ცხედარი.

თუ ეს ვერსია სწორია, რა თქმა უნდა, მას საჯაროდ არავინ იტყვის. არა მგონია მართებულია იყოს ამ წერილში უფრო ღრმა პოლიტიკური შრეების ძებნა. წერილი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს არც კი ახსენებს, რადგან მისი ამოცანა არის ადამიანთა ადამიანური სიცოცხლის და სიკვდილის უფლების დაცვა. ამ ტიპის საკითხები ჟენევის ფორმატში წყდება და ამიტომ წერილშიც ამ ფორმატზეა ლაპარაკი.

- ოპოზიციის ერთმა ნაწილმა პრემიერის მიმართვას „არათანმიმდევრულობის მაგალითი“ უწოდა. მათივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონფლიქტების საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნა, ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში არაფერი გაუკეთებია და ახლა ტატუნაშვილის მკველობის შემდეგ ცდილობს მობილიზებას.

მთლად მართებული არ უნდა იყოს მტკიცება, რომ კონფლიქტების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნილია. ის ავად თუ კარგად სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში განიხილება, უბრალოდ, მსოფლიოსთვის სხვა უფრო დიდი პრობლემების გამო ახლა ისე აქტუალური არაა.

ამ თვალსაზრისით, რამე თუ შეიძლება უსაყვედურო ხელისუფლებას ისაა, რომ მან არ მოინდომა უკრაინასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებისადმი საერთაშორისიო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება.

თქვენი აზრით, თავიდანვე რატომ თქვა უარი თბილისმა კიევთან ერთად ემოქმედა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში?

- გეთანხმებით, რომ ოპოზიციის გამონათქვამები რეალობისგან შორსაა, რაც ბუნებრივია - იგი, როგორც ოპოზიცია, იმდენად არის დაინტერესებული, რომ ყველაფერში გაამტყუნოს ხელისუფლება, რომ რეალობის დანახვა უჭირს.

ჩვენმა ჟურნალისტიკამ ანალიტიკოსების წილი შეამცირა და მასმედია პოლიტიკოსების საჭიდაო არენად გადააქცია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ხშირად ობიექტურობას არც ეძებენ და მხოლოდ პოლიტიკური სანახაობა სურთ

სწორედ პოლიტიკოსთა ობიექტურობის ნაკლებობის გამოა, რომ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პოლიტიკურ განცხადებებს იმხელა ადგილს არ უთმობენ, როგორც ჩვენთან.

ობიექტური მდგომარეობის დასანახად ყველგან უფრო უხვად იყენებენ ანალიტიკოსებს, რომლებიც ნაკლებად დაინტერესებულები და უფრო განათლებულები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები.

ჩვენმა ჟურნალისტიკამ ანალიტიკოსების წილი შეამცირა და მასმედია პოლიტიკოსების საჭიდაო არენად გადააქცია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ხშირად ობიექტურობას არც ეძებენ და მხოლოდ პოლიტიკური სანახაობა სურთ. მადლობა უნდა გითხრათ, რომ თქვენი რუბრიკა ამ უსიამოვნო კანონზომიერების სასიამოვნო გამონაკლისია.

ახლა, რაც შეეხება კიევის ინიციატივას. შევხედოთ მას არამარტო თბილისის, არამედ თავად კიევის მხრიდან და დავინტერესდეთ, რატომ მოინდომა მან პოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსთან?

ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - ხომ ვიცით, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“. კიევმა საქართველოსადმი სრული უპატივცემულობა გამოხატა სააკაშვილის სიყვარულის პერიოდში. ახლა იმავე კიევის მხრიდან საქართველოს გულშემატკივრობა დიდად დამაჯერებელი არაა. ამიტომ ვერსიები უნდა გავთვალოთ, მათ შორის ცუდი ვერსიებიც.

თუ საქართველოს სტრატეგიაში რუსეთთან კონფრონტაციის გეგმა არ შედის, კიევთან ალიანსი მისთვის სახიფათოა. ხოლო, თუ ჩვენც გადავწყვიტეთ რუსეთთან კონფრონტაცია, კიევთან ალიანსის შანსი მომავალშიც იქნება, საეჭვოა უკრაინის პრობლემა მალე მოგვარდეს

ევროპის ყურადღების მისაქცევად კიევს თბილისი არ სჭირდება, ევროპა ისედაც კიევზეა ორიენტირებული. ერთადერთი, რაშიც კიევს შეიძლება აინტერესებდეს საქართველოსთან ალიანსი, არის რუსეთთან დაპირისპირება. კიევს რუსეთთან ომი აქვს, სამართლიანი, მაგრამ - ომი. მას შეიძლება სურდეს, რომ ანალოგიური ფრონტი რუსეთთან სხვაგანაც გაიხსნას, მაგალითად - საქართველოში. იქნებ ეს ინტერესი დევს კიევის ინიციატივაში?! გამორიცხული არაა.

თუ საქართველოს სტრატეგიაში რუსეთთან კონფრონტაციის გეგმა არ შედის, კიევთან ალიანსი მისთვის სახიფათოა. ხოლო, თუ ჩვენც გადავწყვიტეთ რუსეთთან კონფრონტაცია, კიევთან ალიანსის შანსი მომავალშიც იქნება, საეჭვოა უკრაინის პრობლემა მალე მოგვარდეს.

- „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის აზრით, რუსეთისადმი მიმართვით, „პრემიერმა თავი მოიჭრა“. მისივე მტკიცებით, ტატუნაშვილის საკითხის გამო „თავი ჯერ საქართველოს ეკლესიამ მოიჭრა, როცა რუსეთის ეკლესიას მიმართა, თავს იჭრიან პარლამენტის წევრები“.

ის რომ პარლამენტმა დღემდე ვერ შეიმუშავა ტატუნაშვილის მკვლელობაზე რეზოლუცია, პარლამენტარების არადეკვატურობაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ უპასუხისმგებლობაზე.

თქვენი დაკვირვებით, რატომ „მოიჭრა თავი პრემიერმა“, როგორც ამას ბატონი ლევანი ამბობს?

- სამწუხაროა, რომ ისეთი მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნება, როგორიც ბატონი ლევანია, ასეთ ემოციურ სტილში აკეთებს განცხადებას. ამ ნათქვამში მხოლოდ ემოციით ნაკარნახევი სიძულვილის ენაა თვალში საცემი და არა ანალიზი და არგუმენტები, რომლის ხელოვნებას ბატონი ლევანი ბრწყინვალედ ფლობს.

ამის ვერ დანახვა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა ვნებებმა ხელი შეუშალა ადამიანურობის დანახვას, რისი ფასიც ბატონმა ლევანმა ყველაზე უკეთესად იცის. ამიტომ ამბობენ, ემოცია ცუდი მრჩეველიაო

თუ მხოლოდ რუსეთთან მიმართვა არის ამ ემოციის ძირი, მგონია, რომ ემოცია ნაადრევია, არ ვიცით ეს პროცესი რას მოიტანს. კვირიკაშვილმაც და საპატრიარქომაც საკუთარი სიამოვნებისთვის არ მიმართეს რუსულ მხარეს. ეს მძიმე ნაბიჯი მათ გადადგეს მიწას მიუბარებელი ტატუნაშვილის ბედზე ადამიანური წუხილით.

ამის ვერ დანახვა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა ვნებებმა ხელი შეუშალა ადამიანურობის დანახვას, რისი ფასიც ბატონმა ლევანმა ყველაზე უკეთესად იცის. ამიტომ ამბობენ, ემოცია ცუდი მრჩეველიაო.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი რეაქცია ექნება მოსკოვს კვირიკაშვილის მიმართვაზე და მთავარია, რით უპასუხებს კრემლი კვირიკაშვილის მიმართავს?

- თუ ის ვერსია რეალურია, რაც ზემოთ გაგიზიარეთ, ეს წერილი რუსეთზე ზემოქმედების ერთერთი ბერკეტი უნდა იყოს, და არა - ერთადერთი.

თუ კვირიკაშვილის მიმართვა ზეწოლის ერთადერთი ბერკეტია, ის, რა თქმა უნდა, არაფერს არ მოიტანს - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. ოღონდ, თუ წერილთან ერთად დასავლეთის ბერკეტებიც ამოქმედდება, გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შედეგი იყოს.

- ვითარებაში, როცა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია ცნობილია, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთოებები გარკვეული არაა, მეტიც - უკიდურესად დაძაბულია, თუ ამას ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუცემლობასაც დავამატებთ, მიმართვის გაკეთებისთვის რამდენად სწორად შეარჩია დრო პრემიერმა კვირიკაშვილმა?

მიმართვაში ზოგადი ამოცანის ხსენება უფრო პოლიტიკური ფონი მგონია, ვიდრე კონკრეტული მიზანი

- თუ მიცვალებულის გადმოცემაზეა ლაპარაკი, ასარჩევი დრო არაა. თუ ლაპარაკია ურთიერთობების მოწესრიგების ზოგად ამოცანაზე, ამისთვის მართლაც არაა ხელსაყრელი პირობები, მაგრამ, ვიმეორებ, რომ მიმართვაში ზოგადი ამოცანის ხსენება უფრო პოლიტიკური ფონი მგონია, ვიდრე კონკრეტული მიზანი.

- ფაქტია, რომ კრემლი დიდი ხანი ელოდა საქართველოს ხელისუფლებისაგან მისი მისამართით ზუსტად იმ კონტენტების შემცველი განცხადების მოსმენას, რაც პრემიერის განცხადებაშია.

ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემის ფაქტი თავიდანვე ტოვებდა დროის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მოსკოვი ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემის ფაქტით შეეცადა ოფიციალურ თბილისზე ზეწოლას? თუ ასეა, ვერაფერს იტყვი, გამოუვიდა კიდეც...

- ყველასთვის ცნობილია, რომ ამჟამად რუსეთს მძიმე დღეები აქვს. უკრაინის ომის დასრულების შანსი არ სჩანს. არადა, ეს ომი რუსეთს გადაექცა დასავლეთთან ეკონომიკურ ომად. ნავთობის ფასის დაცემა და საერთშორისო სანქციები მძიმე ტვირთად აწევს რუსეთს და ეს სიმძიმე კიდევ უფრო გაიზრდება. ამერიკის მიერ შემოღებული პერსონალური სანქციები პუტინის ელიტის ქვეშ დადებული ნაღმია, რომელიც აფეთქდება თუ ელიტამ პუტინს რამე არ მოუხერხა.

სირიაში რუსეთის სანაქებო არმიამ 300-მდე ადამიანი და ბლომად ტექნიკა დაკარგა ისე, რომ მასთან მებრძოლ ამერიკულ შენაერთს ერთი ადამიანიც არ დაუკარგავს. ეს სამარცხვინო მარცხი პუტინის ამბიციების გამათრახებაა.

პასუხად პუტინმა ახალ შეიარაღებაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ იქვე თქვა - ეკონომიკა თუ არ განვითარდა, რუსეთი დაიშლებაო. ახალი იარაღის სერიულ წარმოებასაც ეკონომიკა სჭირდება, რაც რუსეთს არა აქვს. ამიტომ, თითო ეკზემპლარად გაკეთებული იარაღით რუსეთი ვერავის სერიოზულად ვერ აშინებს, შესაბამისად,

დღეს რუსეთს საქართველოსთვის არ სცხელა. ამიტომ არ მეჩვენება დამაჯერებლად, რომ რუსეთი დღეს იმაზე ფიქრობდეს, როგორ მოათვინიეროს საქართველო

რაც შეეხება რუსეთის დაშლას, ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად დაშლისკენ რუსეთს უბიძგებს ჩინეთი, რომლის მოსახლეობა ათეულ მილიონობით შედის ციმბირში. რუსეთის პრობლემების ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ რაც არ უნდა გაგრძელდეს ეს სია, საქართველოს პრობლემას იქ ვერ ვნახავთ.

დღეს რუსეთს საქართველოსთვის არ სცხელა. ამიტომ არ მეჩვენება დამაჯერებლად, რომ რუსეთი დღეს იმაზე ფიქრობდეს, როგორ მოათვინიეროს საქართველო. მან მოახდინა ოკუპაცია, დაამყარა „სალდაფონური“ რეჟიმი და ახლა ეს რეჟიმი აგრძელებს მოქმედებას ადრე აღებული ინერციით.

ამდენ პრობლემაში გახლართული კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ჩანაფიქრზე ლაპარაკი ამჟამად გადაჭარბებული მგონია. თუმცა, თუ სიტუაცია თავისთავად დაიძაბა, მერე რუსეთმა შეიძლება იფიქროს მის სათავისოდ გამოყენებაზე.

- რამდენიმე თვის წინ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსი არ შესძინა, მისი როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული“.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთისადმი მიმართვით პრემიერმა გ.კვირიკაშვილმა მართლაც შეიძლება შესძინოს მის ამპლუას ახალი იმპულსი.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - კვირიკაშვილს ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დღის წესრიგში მისი ჩანაცვლების საკითხი დადგებოდა?

- თუ დღის წესრიგში კვირიკაშვილის ჩანაცვლების საკითხი დგას, მეეჭვება, რომ ამ განცხადებამ ეს საკითხი მოხსნას და კიდევ უფრო მეეჭვება, რომ მას განცხადება ამ საკითხის მოხსნისთვის გაეკეთებინა.

თუ დღის წესრიგში კვირიკაშვილის ჩანაცვლების საკითხი დგას, მეეჭვება, რომ ამ განცხადებამ ეს საკითხი მოხსნას და კიდევ უფრო მეეჭვება, რომ მას განცხადება ამ საკითხის მოხსნისთვის გაეკეთებინა

პრობლემაა სამთავრობო სისტემის ინერტულობა და ქაოტურობა, რისი მოწესრიგებაც, უპირველეს ყოვლისა, პრემიერის ფუნქციაა. პრემიერი, თუ მას ლიდერობის გამყარება სურს, უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

კვირიკაშვილი კარგი პიროვნებაა და ყოველთვის კარგად მსჯელობს, მაგრამ საქმის ენერგიულად კეთებას იშვიათად ახერხებს. მას ყველას მიერ შერისხული განათლების მინისტრის შეცვლაც კი გაუჭიანურდა. ზოგს კვირიკაშვილის გინების გაგონებაც კი გაეხარდა - ენერგია ჰქონიაო.

მე მგონია, რომ კარგი საქმის ენერგიულად კეთება მისცემს კვირიკაშვილის იმიჯს იმ იმპულსს, ბატონმა ვაჟამ რაც აღნიშნა. ეს განცხადება კი, ჯერჯერობით, ადამიანურობით ნაკარნახევი სიტყვებია და იმიჯზე გავლენა საეჭვოა რომ მოახდინოს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”