13 პოლიტიკური პარტია RMG Gold-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვს

13 პოლიტიკური პარტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს განცხადებით მიმართავს.

პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ აუქციონი უნდა შეჩერდეს, რადგან ის უკანონოა.

"ეს აუქციონი არის უკანონო იმიტომ, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი და ამას მფარველობს თავად სახელმწიფო. რეალური რისკია ეკოლოგიური კატასტროფის, ამიტომ, უნდა შეჩერდეს აუქციონი", - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

"პროცესი, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ თავისი სსიპ-ის მეშვეობით და უკავშირდება სოფელ დიდ დმანისში ტერიტორიების გასხვისებას, უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ, რადგან პროცესი არის არაგამჭვირვალე. გვაქვს ეჭვი, რომ RMG Gold იქ უკვე აწარმოებს სამუშაოებს, რაც დაუშვებელია და აუქციონის პროცესი იღებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმას, რომლითაც კანონიერი უნდა გახდეს ის უკანონო მოქმედებები, რაც იქ ხდება. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ აუქციონის შეჩერებას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

13 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაში, შესაბამის ხელმოწერებთან ერთად, შემდეგი განცხადება დაარეგისტრირეს:

"ბატონო დიმიტრი, ქალბატონო ეკატერინე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულენის მიწის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 5 დღეში სრულდება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ მითითებული ქონების ათწლიან სარგებლობაში იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დახურულ კარს მიღმა, რაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველია. აუქციონის პირობებში განსაზღვრული არ არის, მოიჯარეს, კონკრეტულად რა ფორმით შეეძლება აღნიშნული მიწის ნაკვეთით და იქ არსებული ტყის რესურსით თუ წიაღისეულით სარგებლობა.

ჩვენ ეჭვებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია RMG Gold-ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები, ამყარებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის ##07/782 წერილი, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აღნიშნავს: “აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელნი, რადგან ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ (უძრავი ქონების ირგვლივ) შპს RMG GOLD აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე (ტერიტორია ფაქტობრივად არის წიაღით სარგებლობის უბანი - სამთო მინაკუთვნის არეალი)”.

შესაბამისად, კომპანია RMG Gold-ს ტერიტორია უკვე აქვს ფაქტობრივ ფლობაში და აუქციონის გამოცხადებაც, ფაქტობრივად გვიდასტურებს იმას, რომ თითქმის უფასოდ (15 000 ლარი) 16.2 ჰა ტყის ტერიტორია გადაეცემა კომპანიას, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს კანონმდებლობის დარღვევით, ღია კარიერული წესით, ანადგურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “საყდრისის კომიტეტმაც”. მიგვაჩნია, რომ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, არ იხდის მის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხელისუფლებამ არ უნდა შეუქმნას სასათბურე პირობები და ფაქტობრივად უფასოდ არ გაუფართოოს სამუშაო არეალი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუცვლელობის შემთხვევაში დადასტურდება ის ფაქტი, რომ ადგილი აქვს კერძო კომპანიების უკანონო მფარველობას. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით იცავს კერძო კომპანიის ინტერესებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე.

ამდენად, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტებრის #391 დადგენილების “სსიპ - საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” პირველი მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით, მოგმართავთ წინადადებით ძალადაკარგულად აღიაროთ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულენის მიწის იჯარით გაცემაზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 13 პოლიტიკური პარტია - "ახალი მემარჯვენეები", "ახალი საქართველო", "ევროპული დემოკრატები", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "თავისუფალი საქართველო" "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია", "სამოქალაქო ალიანსი თვისუფლებისათვის" და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" აწერს ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა