არ მაქვს განცდა, რომ დღეს რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტი სამხედრო თვალსაზრისით კავკასიაში გააქტიურება იყოს

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მასშტაბებზე, საკმაოდ გართულებულ ვითარებაში ძირითად მოთამაშეებს შორის მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებსა და იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირება „ინტერპრესნიუსი“ რუს სამხედრო ექსპერტს, ალექსანდრე გოლცს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვიცი თქვენ სამხედრო საკითხებში ხართ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ ვიდრე სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ თემებზე გკითხავდეთ, ალბათ ჩვენი საუბრის დაწყება ლოგიკურიც იქნებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ საკითხებზე მსჯელობით.

თქვენ როგორ დაახასიათებდით დასავლეთსა და რუსეთს შორის სადღეისოდ ჩამოყალიბებულ ვითარებას? დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა რაც ხდება, „ცივი ომის“ შემდეგ არ ყოფილა.

- დიახ, მე როგორც „ცივი ომის“ ვეტერანმა შემიძლია გითხრათ, რომ ამგვარი რამ, რაც ახლა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ხდება არათუ „ცივი ომის“ შემდეგ, „ცივი ომის“ დროს დასავლეთსა და სსრკ-ს შორის დაპირისპირებისას არ ყოფილა.

არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, როცა რუს დიპლომატებს სოლიდარობის პრინციპით აძევებდნენ ამა თუ იმ ქვეყნებიდან. ვიმეორებ, ასეთი არასდროს ყოფილა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი აღმოჩნდა უღრმეს საერთაშორისო იზოლაციაში.

- საერთაშორისო ურთიერთობებში აშკარა კრიზისი სულ უფრო ცხადი და ხელშესახები ხდება, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, შემდგომ როგორ განვითარდება პროცესები?

- ეს მე კი არა, მგონი არავინ არ იცის. ჩემი აზრით, უპირველესად, მომხდარზე რუსეთის პასუხი სარკისებრი იქნება. რუსეთიდან გააძევებენ დიპლომატთა გარკვეულ რაოდენობას. სინამდვილეში პრობლემა ამაში სულაც არაა. პრობლემა ისაა, ეს კრიზისი ნიშნავს, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესო აღარაა რუსეთთან ურთიერთობა. დასავლეთში უკვე წინასწარ იციან ამა თუ იმ პრობლემაზე რას იტყვის რუსეთი.

„ცივი ომის“ დროსაც არ ყოფილა შემთხვევა, როცა რუს დიპლომატებს სოლიდარულობის პრინციპით აძევებდნენ... ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი აღმოჩნდა უღრმეს საერთაშორისო იზოლაციაში

საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემურ თემებზე რუსეთის ინტერპრეტაციები ცივილიზებული მსოფლიოსთვის საინტერესო აღარაა. ასეთ ვითარებაში კი სულაც აზრს კარგავს რა რაოდენობის დიპლომატებს გამოაძევებენ ამა თუ იმ ქვეყნიდან და რუსეთს ამაზე როგორი რეაქცია ექნება. ვიმეორებ, ცივილიზებული ქვეყნებისთვის რუსეთთან ურთიერთობა აღარაა მნიშვნელოვანი და საინტერესო.

- პირობით დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მიმდინარე წლის 1 მარტამდეც არ იყო საუკეთესო, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი პუტინი 1 მარტს შეეცადა მთელი მსოფლიოს დაშანტაჟებას რუსეთის სამხედრო ძლიერებით, მათ შორის ბირთვული რეაქტიული ბომბებით, ვითარება უკიდურესად დამძიმდა.

თქვენი აზრით, ეს ხომ არ აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა?

- თუ ქრონოლოგიას დავუკვირდებით, ურთიერთობების გაუარესება 1 მარტამდე ბევრად ადრე იყო მომხდარი. თუ მაინც ყველაფერს განვაზოგადებთ და ფედერალური კრებისადმი პუტინის მიმართვას გავიხსენებთ, რომლის 1/3 ეძღვნებოდა რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე პროპაგანდისტულ თხრობას იმაზე, რომ რუსეთს აქამდე არნახული სისტემები აქვს, ამგვარ თემებზე ასე საუბარი სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა დასავლეთისადმი რუსეთის დამოკიდებულების ნაწილი.

რუსეთის დასავლეთისადმი დამოკიდებულების არსი დაახლოებით ასე გამოიყურება - ჩემთან იმეგობრეთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სახეში გაგილაწუნებთ... დასავლეთმა რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯებით მოსკოვს დაანახა, რომ იგი არ აპირებს კრემლის ამგვარი ლოგიკის მიღებას

რუსეთის დასავლეთისადმი დამოკიდებულების არსი დაახლოებით ასე გამოიყურება - ჩემთან იმეგობრეთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სახეში გაგილაწუნებთ. თანაბარ პარტნიორებად ჩაგვთვალეთ, გვესაუბრეთ თორემ ჩვენ შეგვიძლია დიდ უბედურებებს გადაგყაროთ. ამგვარია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კვინტესენცია.

დასავლეთმა რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯებით მოსკოვს დაანახა, რომ იგი ასევე არ აპირებს კრემლის ამგვარი ლოგიკის მიღებას.

- 1 მარტის მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა - ადრე თქვენ ჩვენ არ გვისმენდით, მაგრამ ახლა მაინც მოგვისმინეთ! რის მიღწევას ცდილობდა და ახლაც ცდილობს რუსეთი დასავლეთისაგან?

- რუსეთი ცდილობს გამოვიდეს საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა მიიერთა ყირიმი, შემდეგ აქტიურობდა დონბასსა და სირიაში. ვითარების ბოლო გამწვავება დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვას უკავშირდება. ლონდონი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს.

რუსეთი ცდილობს გამოვიდეს საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიერთა ყირიმი, შემდეგ აქტიურობდა დონბასსა და სირიაში

კრემლის ლოგიკა ასეთია - თუ ჩვენ შეგვიძლია მთელი კაცობრიობის განადგურება, დასავლეთმა ჩვენთან უნდა დაიწყოს საუბარი. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ურთიერთობების ამგვარი ლოგიკა მიუღებელია მათთვის, ვისაც კრემლი თავის ადრესატად მიიჩნევს, ანუ ცივილიზებული სამყაროსათვის.

- მესმის, რომ ყველას უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე თუ სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები. როგორც გითხარით, მე თქვენ ახლა თბილისიდან გესაუბრებით.

ვითარებაში, როცა რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აძლიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიას, ატარებს მასშტაბურ წრთვნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თბილისში ჩნდება აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა - რისთვის ემზადება რუსეთი?

- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა შემდეგი - სრულიად ნათელია, რომ რუსეთი აღმოჩნდა ახალი „ცივი ომის“ ვითარებაში. ახლა რუსეთს არ აქვს იმდენი და ისეთი რესურსები, როგორიც სსრკ-ს ჰქონდა. რუსეთის მოსახლეობა ბერდება, რუსეთს არ შეუძლია 5-მილიონიანი არმიის არც გამოყვანა და არც შენახვა.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ პროპაგანდისტული მიზნებისათვის, ცხადია, რომ რუსეთის წარმოებას არ შეუძლია სერიულად აწარმოოს იმ დონის და იმ რაოდენობის შეიარაღება, რამდენიც საჭიროა. ფაქტია, რომ რუსეთი დღეს სუსტი ეკონომიკისა და მოკავშირეების არყოლის ვითარებაშია.

შემდეგი რამდენიმე წელი ჩვენ მოწმე ვიქნებით, რომ ბირთვული იარაღის თემა კვლავაც აქტუალური იქნება კრემლისათვის... მსოფლიო ძალიან რისკიან პერიოდშია შესული

რა რჩება? რჩება ბირთვული იარაღი. შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ 1 მარტის გამოსვლისას პუტინის მიმართვაში კონცენტრირებულად იყო გამახვილებული ამაზე ყურადღება. სამწუხაროდ, ეს გახლავთ რუსეთის ერთადერთი კოზირი, რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთთან საუბრისას.

ჩემი აზრით, შემდეგი რამდენიმე წელი ჩვენ მოწმე ვიქნებით, რომ ბირთვული იარაღის თემა კვლავაც აქტუალური იქნება კრემლისათვის. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ამ თვალსაზრისით მოსკოვის განცხადებები მხოლოდ პროვოკაციული ხასიათის იქნება და მას რეალურ მოქმედებასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო ძალიან რისკიან პერიოდშია შესული.

- ფაქტია, რომ ორივე მხარეს, ვგულისხმობ დასავლეთსა და რუსეთს, დაწყებული აქვთ რესურსების (თუ სრული არა) მობილიზაცია. მაინც გაუგებარია, რა მასშტაბის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე?

- მეტ-ნაკლებად გასაგებია, რომ რუსეთს განზრახული აქვს დაუპირისპირდეს დასავლეთს. რუსეთის სახმელეთო ძალების სარდალმა გააკეთა განცხადება რომ რუსეთი ქმნის 6 ახალ დივიზიას.

თუ ამ საკითხებზე რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებს შევაჯამებთ, 2015 წლიდან შექმნილია დივიზიის მასშტაბის მქონე 25 შენაერთი. პრობლემა იმაშია, რომ ამავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი მხოლოდ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს დივიზიური მასშტაბის შენაერთები კადრირებულია. ანუ არსებობენ მხოლოდ ქაღალდზე. შესაბამისად, ისინი ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის და დაუყოვნებლივ მოქმედების დაწყება არ შეუძლიათ. დაახლოებით ასეთია მობილიზაცია რუსეთში.

მეტ-ნაკლებად გასაგებია, რომ რუსეთს განზრახული აქვს დაუპირისპირდეს დასავლეთს... რუსეთში მობილიზაცია დაახლოებით ასეთია - რუსეთის შენაერთებს დაუყოვნებლივ მოქმედების დაწყება არ შეუძლიათ

დასავლეთიც ახდენს სამხედრო ძალების კონცენტრირებას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე შავ ზღვაზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დასავლეთიც არაა მზად რუსეთთან ჩაებას ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. რუსეთთან სერიოზული დაპირისპირებისათვის საჭიროა ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება. მხედველობაში მაქვს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც რამდენჯერმე და მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ბევრი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი, ასევე სამხედრო სამსახურის გავლა აუცილებელი გახდებოდა ყველა სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის. კიდევ ბევრი რამ იქნებოდა გასაკეთებელი, რაც დასავლეთის, უპირველესად კი ევროპელი ქვეყნების საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა.

მხარეების, როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის მხრიდან მობილიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯების თემა საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ახლა კონფრონტაციის დაწყების მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით.

- ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს, ვინაიდან საუბარია ფინანსებისა და ეკონომიკების მობილიზაციაზე...

- დიახ, რა თქმა უნდა, შესაბამისად, აქაც დაპირისპირებისკენ გადადმული ნაბიჯების მასშტაბები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

დასავლეთიც არაა მზად რუსეთთან ჩაებას ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში... მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ახლა კონფრონტაციის დაწყების მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით

- ბრძანეთ, რომ „ცივი ომის“ ვეტერანი ბრძანდებით. პირველი „ცივი ომი“ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენ ხანს გასტანს მეორე „ცივი ომი?

- „ცივი ომი“ 1945 წელს დაიწყო და 1985 წლამდე გაგრძელდა. რამდენ ხანს გასტანს „ცივი ომის“ მეორე ეტაპი ამის თქმა ძნელია. გარწმუნებთ, ამ კითხვაზე პასუხი დღეს არც არავის ეცოდინება. თანამედროვე მსოფლიოში პროცესები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ჩვენ არ ვიცით რა ბედი ეწევა რუსეთის ეკონომიკას გამალებული შეიარაღების დაწყების შემთხვევაში. ეს საკმაოდ რთული საკითხებია.

ჩემი დაკვირვებით, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ უახლოესი 5 წელი ნამდვილად იქნება მეორე „ცივი ომის“ წლები.

შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ უახლოესი 5 წელი ნამდვილად იქნება მეორე „ცივი ომის“ წლები

- თქვენი ნებართვით, მე მაინც დავუბრუნდები საქართველოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების თემას. ასევე აზერბაიჯან-სომხეთის თემას. ვიდრე დაგირეკავდით, ბაქოსა და ერევნის სამხედრო უწყებების ერთ-ერთმა წამყვანმა პირებმა ერთმანეთის მისამართით საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი იარაღს აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთნაირად აწვდის, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადებებიც შემთხვევით არ კეთდება, ვინაიდან დიდი ომი კავკასიაში მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს.

თქვენი დაკვირვებით, ვიდრე მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ რუსეთმა გაამწვავოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში?

- ვფიქრობ, რუსეთისთვის ყველაზე დიდი კოშმარი იქნებოდა ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დაწყება. ეს იქნებოდა რუსეთის პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა.

რუსეთისთვის ყველაზე დიდი კოშმარი იქნებოდა ყარაბაღის გამო აზერბაჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დაწყება. ეს იქნებოდა რუსეთის პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა

დიდი ბრიტანეთი მე-19 საუკუნეში ატარებდა ძალთა ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკას. ხელოვნურად ინარჩუნებდა ძალთა ბალანსს დაპირისპირებული ძალებისათვის იარაღის მიწოდების გზით. ამგვარი პოლიტიკა ყოველთვის კატასტროფით სრულდება. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

- გასაგებია რომ პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს, მაგრამ ის რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს თავის სამხედრო ძალებს აძლიერებს, ეს რამდენად შეიძლება იქნას აღქმული მოსკოვის მხრიდან თბილისზე ზეწოლად?

- ალბათ კი, მაგრამ, არა მაქვს განცდა, რომ დღეს რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტი სამხედრო თვალსაზრისით კავკასიაში გააქტიურება იყოს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა