მე მაქვს პირდაპირი მესიჯი, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია

ივლისში, ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება. რა მოლოდინია აღნიშნული სამიტისგან, როგორია ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები, რა გზები არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და რა წარმოადგენს ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს, ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჩან ილდემს ესაუბრა:

- ბატონო თაჩან, თქვენ საქართველოში ვიზიტით იმყოფებით როგორც პირი, რომელიც ჩართულია ნატო-ს სახალხო დიპლომატიაში. რა მესიჯი ჩამოუტანეთ საქართველოს? რას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-ს სამიტისგან, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება? ვგულისხმობ კონკრეტულ მესიჯებს და არა ზოგად სიტყვებს, ვინაიდან ქართული საზოგადოება კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

- პირველ რიგში, მე აქ ვიმყოფები სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ჩვენი მესიჯების გასაცვლელად. მე მაქვს პირდაპირი მესიჯი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია, ეს მნიშვნელოვანი და რელევანტურია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აღიარებულია და დადასტურებულია. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ნატო-ს წევრობის მოთხოვნებს ის გახდება ალიანსის წევრი. ამავდროულად ჩვენ უნდა დავინახოთ ამ პროცესის დადებითი მხარე. მე ვიცი თუ როგორი მოლოდინები აქვს ქართულ საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა მიაღწიონ საბოლოო დანიშნულების ადგილს. მაგრამ ასევე უნდა დავინახოთ თვით ამ პროცესის მნიშვნელობა. საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია და უპირველეს ყოვლისა, ამ ინსტრუმენტში ნატო-საქართველოს კომისიას ვგულისხმობ. ასევე გაქვთ ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. თქვენი მონაწილეობა ნატო-ს სხვადასხვა მისიებში, ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის უკეთ შეფასებაში. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია პარტნიორობის გასაუმჯობესებლად. ამ პროცესის ფარგლებში საქართველომ უნდა განაგრძოს ის პროგრესი, რომელიც რეფორმების დღის წესრიგის ფარგლებშია მიღწეული და მშენებლობა გააგრძელოს იმ ფუნდამენტზე, რომელიც უკვე მიღწეულია. მესმის, როდესაც ამბობთ, რომ ხალხი მოელის შედეგს, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეთ, რომ ეს პროცესია და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ქვეყანამ გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები. საქართველო ახლა ამ პროცესში იმყოფება. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ რასაც აკეთებთ, ამას აკეთებთ არა ნატო-ს მოთხოვნების, არამედ ქართველი ხალხის მოლოდინის დასაკმაყოფილებლად. ეს ეხება დემოკრატიის გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ყველაფერი ეს ფუნქციონირებადი იყოს ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად. ვშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი, რომელშიც საუბარი ნატო-ს გაფართოებაზეა, არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის თავისუფალ არჩევანს ეხება, არამედ იმასაც, თუ როგორ შეუძლიათ მათ წვლილი შეიტანონ ნატო-ს უსაფრთხოებაში. საქართველო სულ უფრო და უფრო იძენს შესაძლებლობებსა და სიძლიერეს, რათა ეს წვლილი შეიტანოს.

- მინდა კვლავ დავუბრუნდე იმ სენტიმენტებს, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ხშირად საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებულია იმით, რომ, მაგალითისთვის, ალბანეთი და მონტენეგრო უკვე ნატო-ს წევრები არიან, თუმცა საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობაში გაცილებით დიდია, ვიდრე ამ ქვეყნების. ამავდროულად, დემოკრატიული განვითარების კუთხითაც ვუსწრებთ იგივე ალბანეთსა და მონტენეგროს საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. ამ საკითხით ასევე აპელირებენ ის ძალები, რომლებსაც პროდასავლურად ვერ მოვიხსენიებთ და სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს. რა შეგიძლიათ უთხრათ ამგვარ სკეპტიკოსებს?

- მინდა აღვნიშნო, რომ არ გავაკეთებ შედარებებს საქართველოს მაჩვენებლებსა და ალიანსის სხვა წევრებთან შორის, ვინაიდან შეფასება თითოეული ქვეყნის დამსახურების საფუძველზე უნდა გავაკეთოთ. თუ ავიღებთ ნახვედრად ცარიელ ჭიქას, ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ იმ ნაწილზე, რომელიც სავსეა, ვინაიდან ამ კუთხით კარგი ნარატივი გვაქვს. არის მიღწევები, არსებითი პროგრესი და რაც მთავარია, პერსპექტივა მომავლისთვის. ეს არ არის ცარიელი დაპირება, რომელსაც საფუძველი არ აქვს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურება ნათლად მიგვითითებს იმაზე, თუ როგორ აღიქმება საქართველო ნატო-ს მიერ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს რწმენა ამ პროცესში, რომ ის მისწრაფებები, რომელიც გაგაჩნიათ, ერთ დღეს მატერიალიზებული იქნება. ბევრი ელოდება იმას, რომ ეს ადრე მოხდება, თუმცა პრაგმატულად და რეალისტურად უნდა შევხედოთ ამას. არის პერსპექტივა, არის კარგად განხორციელებული სამუშაო და ნატო მხარს უჭერს იმას, რასაც საქართველო ახორციელებს რეფორმებთან დაკავშირებით. საქართველომ უნდა განაგრძოს კარგი სამუშაო. ნატო ნათლად აღიარებს ამ პროგრესს.

- 2008 წელს ნატო-მ და დასავლეთმა მკაცრად არ უპასუხეს რუსეთს. შედეგად კი მივიღეთ 2014 წელი და რუსეთის აგრესიული ქმედებები ყირიმში. რუსეთი დღესაც აგრძელებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს უკრაინაში და საქართველოში. დღეს რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინა და საქართველოსთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. შეუძლია თუ არა დღეს ნატო-ს შეაკავოს რუსეთი და საშუალება არ მისცეს მას ჩაიდინოს ის, რაც 2008 და 2014 წელს ჩაიდინა?

- უნდა გავიხსენოთ ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები, რომელიც შეკავებისა და ნატო-ს თავდაცვის საკითხებს ეხება. ნატო-ს რეაგირების ძალები სამმაგად გაიზარდა, ჩვენ გვაქვს ასევე სწრაფი რეაგირების ძალები, ასევე გავაძლიერეთ ჩვენი ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და სრულ ოპერაციულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ. ჩვენ მართლაც რომ რიგი ზომები მივიღეთ.

- თუმცა აქ კითხვა ჩნდება, დაიცავს თუ არა ეს საქართველოს რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან?

- რუსეთთან მიმართებაში ნატო-სთვის „ორმაგი მიდგომის“ პოლიტიკა კვლავ რელევანტურია. ნატო-ს სამიტზე ბრიუსელში ეს მიდგომა კვლავ დადასტურებული იქნება. ერთის მხრივ, ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სრული დიალოგი რუსეთთან, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ჩვენ გვჭირდება კომუნიკაციის ყველა არხები. რუსეთთან სამხედრო კონტაქტები და ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრები გრძელდება. ამის მიზანია გამჭვირვალობის გაზრდა და რისკების შემცირება. ამავდროულად რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები მიუღებელია. საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მიუღებელია და ჩვენ ვიმეორებთ, რომ ეს ქმედებები უნდა გაუქმდეს. ვინაიდან რუსეთი არ იცავს საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს, ნატო რუსეთთან ჩვეულ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება. რუსეთთან სრული დიალოგი არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულ თანამშრომლობას ვანახლებთ. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა პატივი სცეს მის ირგვლივ მყოფი ქვეყნების ტერიტორულ მთლიანობას. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატო პატივს სცემს და მნიშვნელობას ანიჭებს.

კახაბერ დგებუაძე

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო