სომხეთი არც ევრაზიული კავშირიდან და არც ოდბკ-დან გამოსვლას არ აპირებს, ხალხი კი ქუჩაში იმის გამო გამოვიდა, რომ სომხეთი დიქტატურისკენ მიექანებოდა

სომხეთში ხელისუფლების ცვლილების მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები მეზობელ სომხეთში ”ინტერპრესნიუსი” გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, 13 აპრილს ერევანში დაწყებული პერმანენტული საპროტესტო აქციები პრეზიდენტ სარგსიანის გადადგომით, ხოლო შემდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლა ფაშინიანის გაპრემიერ-მინისტრებით დასრულდა. მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ 42 დეპუტატს მისთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება იძულებული იყო ძალაუფლება მშვიდობიანად დაეთმო.

სომხეთში მომხდარზე სხვადასხვაგვარი შეფასებები კეთდება, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც სომხეთში უკანასკნელ თვეში მოხდა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა?

- მე მხოლოდ დავაზუსტებდი, როცა სარგსიანი გადადგა, იგი უკვე იყო ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე დააყენა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აღარ სურდა მისი ხელისუფლებაში ყოფნა. იგი მანამდე ორი ვადით იყო სომხეთის პრეზიდენტი და ახლა კიდევ უნდოდა ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელება. შეგახსენებთ, 13 აპრილს პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, მაგრამ, უკვე 23 აპრილს იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში პირდაპირმა დემოკრატიამ იმუშავა. ისევე როგორც ძველ საბერძნეთში, სომეხმა ხალხმა თავისი ხელმძღვანელი პირდაპირი წესით აირჩია. ფორმალურად კი სომხეთის პარლამენტმა 8 მაისს გააფორმა ხალხის გადაწყვეტილება

რაც შეეხება იმას თუ რა მოხდა, - სარგსიანის გაპრემიერ-მინისტრების შემდეგ ფაშინიანმა პირდაპირ ხალხს მიმართა. მან ძველი საბერძნეთის გამოცდილება გამოიყენა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ძველ საბერძნეთში ხელმძღვანელს პირდაპირ ხალხი ირჩევდა და არა წარმომადგენლობითი ორგანო. მან ხალხს თავისი მთავარი თეზისები გააცნო, გადადგა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი. კოჩარიან-სარგსიანის კორუმპირებული ხელისუფლებისაგან დაღლილი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ფაშინიანს მხარი დაუჭირა. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში პირდაპირმა დემოკრატიამ იმუშავა. ისევე როგორც ძველ საბერძნეთში, სომეხმა ხალხმა თავისი ხელმძღვანელი პირდაპირი წესით აირჩია. ფორმალურად კი, სომხეთის პარლამენტმა 8 მაისს გააფორმა ხალხის გადაწყვეტილება.

ასე მოხდა იმის მიუხედავად, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტში თავისი უმრავლესობა ჰყავდა - იმის გამო, რომ აქციებზე 200-300, ზოგ შემთხვევაში 500 ათასი მოქალაქე იდგა, ისინი იძულებული იყვნენ თავისი ხმების ნაწილი ფაშინიანისათვის მიეცათ. ამიტომაცაა, რომ ვამბობ - პარლამენტის მიერ ფაშინიანის პრემიერად არჩევა საქმის მხოლოდ ფორმალური მხარე იყო. სომხეთში მოხდა სახალხო რევოლუცია გადატრიალების გარეშე, მაგრამ, ეს რევოლუცია მშვიდობიანი და ხავერდოვანი იყო.

უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას 13 აპრილიდან მოყოლებული ძალის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. 23 აპრილამდე რეპრესიული ტალღა საკმაოდ ძლიერი და სერიოზული იყო. ყოველდღე აპატიმრებდნენ ასობით ადამიანს. 22 აპრილს, როცა ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, რეპრესიების პიკი იყო. იმის გამო, რომ საპროტესტო ტალღა სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალის გამოყენებას აზრი აღარ ჰქონდა.

სომხეთში რევოლუციური ეტაპი დასრულდა. ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაწყებულია და გრძელდება

სომხეთში რევოლუციური ეტაპი დასრულდა. ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაწყებულია და გრძელდება. ამ ეტაპზე დიდი მიტინგების აუცილებლობა ნამდვილად აღარაა. „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, მაგრამ იმის გამო, რომ მას საზოგადოებაში მხარდამჭერები პრაქტიკულად აღარ ჰყავს, აშკარაა, რომ დღევანდელი პარლამენტი დათხოვნილი უნდა იქნას.

- როგორც ჩანს, პრემიერის რანგში ფაშიანიანის მთავარი ამოცანაა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადოს. ამ პარლამენტს ცვლილებები შეატანინოს კანონში საარჩევნო კოდექსსა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესში. თქვენი დაკვირვებით, რამდენ ხანში შეძლებს იგი ამის გაკეთებას და სავარაუდოდ, როდის გაიმართება სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ფაშიანიანმა არაერთხელ განაცხადა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ ხალხს თავზე მოახვია, საკმაოდ რთულია. ამ კონსტიტუციით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა მთავრობის პროგრამა.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეის რეალიზაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმზე არ გადავიდეს

ახლა ფაშინიანმა ორ კვირაში უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, შემდეგ 20 დღის განმავლობაში აქვს უფლება პარლამენტს წარუდგინოს ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამა. თუ პარლამენტმა მთავრობის პროგრამას მხარი არ დაუჭირა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომ ახლა ძნელია იმის თქმა, სავარაუდოდ, როდის გაიმართება სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეის რეალიზაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმზე არ გადავიდეს. თუ ამ საკითხში კონსენსუსი იქნება მიღწეული, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2-3 თვეში ჩატარდება.

- იმის გამო, რომ კოჩარიან-სარგსიანის მმართველობის პერიოდში ბიზნესი და ოლიგარქატი საკმაოდ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ხელისუფლებასთან, რამდენად დიდია ალბათობა, რომ მათ ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარების წესზე ფაშინიანის პირობები მიიღონ?

- ჩემი აზრით, „რესპუბლიკური პარტია“ მანევრირების რეჟიმზე გადავა. მათ შეეძლოთ ფაშინიანისთვის ხმა 1 მაისსაც მიეცათ, მაგრამ ეს მხოლოდ 8 მაისს გააკეთეს. ისინი ასე მოიქცნენ იმის მიუხედავად, რომ მათზე საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ძალიან დიდი იყო. ისინი დათმობაზე მხოლოდ ხალხის შიშის გამო წავიდნენ.

ფაშინიანმა ქვეყანაში რეფორმების გატარების შესანიშნავი გეგმა წარადგინა, მაგრამ პარლამენტში სარგსიანის გუნდი შეეცდება მაქსიმალურად გაიწელოს ქვეყანაში რეფორმების გატარების დრო

სწორს ბრძანებთ, „რესპუბლიკური პარტია“ შეეცდება ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს რათა ხელი შეუშალოს იმ რეფორმების გატარებას, რომლებზეც ფაშინიანი მიტინგებზე საუბრობდა. დარწმუნებული ვარ, ყოფილი მმართველი ძალა შეეცდება რაც შეიძლება დაგვიანდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მათ იციან, ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს ისინი 3, მაქსიმუმ 5%-ზე მეტს ვერ მიიღებენ. ახლა ხალხს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს ცვლილებების, ამიტომ ყოფილი მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება დროის გაწელვას, რათა რეფორმები სწრაფად არ დაიწყოს და ხალხში ფაშინიანის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაჩნდეს.

პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა ქვეყანაში რეფორმების გატარების შესანიშნავი გეგმა წარადგინა, მაგრამ პარლამენტში სარგსიანის გუნდი შეეცდება მაქსიმალურად გაიწელოს ქვეყანაში რეფორმების გატარების დრო.

- სომხეთში განვითარებულ პროცესებზე რუსული პრესა გაღიზიანული რეაგირებდა. ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა შეფასება - სომხური გამბიტი. თუ სომხური გამბიტი შედგა, ვისთვის იყო იგი გამბიტი და რატომ?

- მე ასე ვიტყოდი - ფაშინიანმა სარგსიანის გუნდს შამათი გაუკეთა. თუ რატომ აღმოჩდნენ ისინი შამათის მდგომარეობაში, ამაზე მათ თავად უნდა თქვან. მე კი შემიძლია გითხრათ -, „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობა თავხედური იყო, ისინი ბოლოს იმდენად გათავხედნენ, რომ სულ არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას ფიქრობდა მათზე ხალხი.

ხალხი ქუჩაში იმის გამო გამოვიდა, რომ სომხეთი დიქტატურისკენ მიექანებოდა. გათავხედებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის პროტესტი გამბიტით დაიწყო და ხელისუფლებისთვის შამათით დასრულდა

ხალხი ქუჩაში მხოლოდ იმის გამო კი არ გამოსულა, რომ მათ საკმაოდ დაბალი ხელფასები აქვთ და სომხეთში მძიმე სოციალური ფონია, არამედ იმის გამო, რომ სომხეთი დიქტატურისკენ მიექანებოდა. გათავხედებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის პროტესტი გამბიტით დაიწყო და ხელისუფლებისთვის შამათით დასრულდა.

- საკმაოდ საინტერესო იყო პარლამენტში ფაშინიანის გამოსვლა. მის მიერ გაჟღერებული მესიჯებით მან თანაბრად დააკმაყოფილა მისი მხარდამჭერი ხალხი, მოსკოვი, ევროპა, იგივე ვაშინგტონი.

მანამდე კი იგი აცხადებდა - „სომხეთში დაწყებულ სახალხო მოძრაობას არა აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი და ეს 100%-იანი სიმართლეა“. ანუ, შეიძლება მოსკოვი მშვიდად იყოს თუ როგორაა საქმე?

- ჩემი აზრით, მოსკოვთან მიმართებაში იგი სწორად იქცეოდა, როცა რუსეთს პოზიტიურ მესიჯებს უგზავნიდა. მხედველობაში მაქვს გზავნილები იმაზე, რომ იგი არ აპირებს გადახედოს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, არ აპირებს ოდბკ-დან და ევრაზიული კავშირიდან გამოსვლას. მიზანი იყო სომხეთს მოეშორებინა კრიმინალურ-კორუფციური რეჟიმი. იგი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, 10 წელზე მეტია აქტიურ პოლიტიკაშია. მანამდე წამყვანი გაზეთის რედაქტორი იყო. მე არ მახსენდება, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მას იმისაგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონოდა, რომელსაც ახლა აჟღერებს.

ჩემი დაკვირვებით, საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორულობა ფაშინიანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუდხედი იქნება. ამიტომ იყო, რომ პარლამენტში გამოსვლისას მან საქართველო და ირანი ახსენა, ანუ ქვეყნები, ვისთანაც მიმოსვლის პრობლემა სომხეთს არ აქვს. ახსენა ვაშინგტონიც და ევროპაც. რაც შეეხება რუსეთს, მას უნდოდა, რომ რუსეთს გაეგო - რაც სომხეთში ხდება, სომხეთის საშინაო პრობლემებია, არ ჩარეულიყო და სწორადაც იქცეოდა.

არა მგონია, რომ პუტინმა და ფაშინიანმა პირველივე შეხვედრაზე მკაცრად და კონკრეტულად განიხილონ რომელიმე თემა. არც ის მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ფაშინიანიც დააყენებს კატეგორიულად რომელიმე საკითხს. დარწმუნებული ვარ, ისინი რეგიონალურ პრობლემებს, მათ შორის ყარაბაღის თემას, შეეხებიან. ვფიქრობ, ამ თემებზე მათ შორის მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლას ექნება ადგილი და მეტი არც არაფერი

- ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის რანგში სოჭში დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტ პუტინს შეხვდება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სადღეისო დღის წესრიგი?

- ის, რომ ფაშინაინი პირველად პუტინს შეხვდება, სწორიცაა და გასაგებიც. ასე მხოლოდ იმიტომ კი არ უნა იყოს, რომ რუსეთის გავლენა სომხეთზე დიდია და სომხეთის უსაფრთხოება რუსეთზეა დამოკიდებული. სომხეთში გართულებული პროცესების ვითარებაში ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, მოსკოვი საკმაოდ თავშეკავებულად მოიქცა.

- შესაძლოა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, პუტინმა სარგსიანს გაპრემიერება მიულოცა...

- დიახ, მართლაც მიულოცა, მაგრამ როცა ხალხმა მხარი ფაშინიანს ღიად და გაბედულად დაუჭირა, პუტინმა და მისი გუნდის წარმომადგენლებმა ოფიაციალურად არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი სომხეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერევიან. სხვათა შორის, ამან შემდგომ მოვლენათა მშვიდობიან განვითარებაზე დადებითი როლი ითამაშა. ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პოლიტიკოსს უნდოდა ამ პროცესებში რუსეთის ჩათრევა. არჩევის შემდეგ კი პუტინმა ფაშიანიანს მიულოცა.

ვერ გეტყვით, სომხეთში კრიზისის დღეებში რატომ იყო მოსკოვი მშვიდად. შესაძლოა, აქ არსებული ვითარება კარგად შეისწავლეს, შესაძლოა, არ უნდოდათ უკრაინაში დაშვებული შეცდომის გამეორება.

- და თუ მაინც რუსეთ-სომხეთის აქტუალურ დღის წესრიგს დავუბრუნდებით, როგორი შეიძლება იყოს იგი?

- ერთმნიშვნელოვნად მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია ვთქვა შემდეგი - პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს გაიცნობენ და ერთმანეთზე მეტი ეცოდინებათ.

პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა - ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიციაში მკვეთრი ცვლილებები არ იქნება

ფაშინიანი კორუფციულ საქმეებში შემჩნეული არაა, სხვა ტიპის ადამიანია, „გაზპრომის“ არც ერთ სქემაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, თანამედროვე აზროვნება აქვს.

არა მგონია, რომ პუტინმა და ფაშინიანმა პირველივე შეხვედრაზე მკაცრად და კონკრეტულად განიხილონ რომელიმე თემა. არც ის მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ფაშინიანიც დააყენებს კატეგორიულად რომელიმე საკითხს. დარწმუნებული ვარ, ისინი რეგიონალურ პრობლემებს, მათ შორის ყარაბაღის თემასაც შეეხებიან. ვფიქრობ, ამ თემებზე მათ შორის მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლას ექნება ადგილი და მეტი არც არაფერი.

- თუ ფაშიანიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეული, რამდენად შეიძლება იყოს იმის მოლოდინი, რომ მისი და სომხეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია ყარაბაღის საკითხში უფრო კონსტრუქციული იქნება?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ფაშინიანის მმართველობის პერიოდში ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიცია ბევრად კონსტრუქციული იქნება. კოჩარიან-სარგსიანის მმართველობის პერიოდში ამ საკითხში ერევნის დამოკიდებულებაში მკაცრი პოზიცია დომინირებდა. მეტიც, ეს პოზიცია პრიმიტიულად მკაცრიც კი იყო. ვფიქრობ, პოზიცია შერბილებული არა, მაგრამ კონსტრუქციული ნამდვილად იქნება.

პარლამენტში გამოსვლისას ფაშინინმა თქვა - ყარაბაღის თემაზე ოფიციალური ერევნის პოზიციაში მკვეთრი ცვლილებები არ იქნება. შემიძლია დავამატო, რომ ერევანი ბევრად კონსტრუქციული იქნება, რაც ოპონენტი მხარის მეტად მოსმენისთვის მზადყოფნას და ამავე თემაზე საკუთარი წინადადებების გაჟღერებას ნიშნავს.

სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირებისათვის მხოლოდ ფაშინიანის პოლიტიკური ნება არ იქნება საკმარისი. მას ამისთვის კვალიფიციური და წესიერი კადრები დასჭირდება. კოჩარიან-სარგსიანის 20 წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანას ამგვარი კადრების დეფიციტი რომ ექნება, ფაქტია

- რჩება შთაბეჭდილება, რომ სომხეთის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, სომხურმა საზოგადოებამ გამოავლინა სერიოზული ცვლილებებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების სურვილი. ახლა კი ფაშინიანის ამოცანა სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება-ტრანსფორმირებისათვის ზრუნვა და ფიქრია. თქვენი დაკვირვებით, ამ საქმეში მას რა შანსები აქვს?

- არის ასეთი ცნება - „მცოცავი კონტრევოლუცია“, რომელიც ძალიან სახიფათოა. ფაშინიანს ძალიან დიდი შანსები აქვს, რომ მართლაც განახორციელოს ქვეყანაში რეფორმები, მაგრამ ამ საქმეში დიდ წინააღმდეგობას კონტრევოლუციის მსურველები, ანუ წინა ხელისუფლების ხალხი გაუწევს.

მას შემდეგ რაც 23 აპრილს სარგსიანი გადადგა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ისინი, ვინც სარგსიანს ბოლომდე თავგამოდებით ებრძოდნენ, ახლა სხვა სიტყვებით მეტყველებენ, ეს კი ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ამ კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც არ ესმით თუ რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ვერასდროს ჩადგებიან ახალი ხელისუფლების სამსახურში. თუ ჩადგებიან, მხოლოდ ავნებენ მას. უფრო სწორად იმ საქმეს, რასაც სომხეთის სახელმწიფოს სტრუქტურების ტრანსფორმაცია-რეფორმირება ჰქვია.

სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირებისათვის მხოლოდ ფაშინიანის პოლიტიკური ნება არ იქნება საკმარისი. მას ამისთვის კვალიფიციური და წესიერი კადრები დასჭირდება. კოჩარიან-სარგსიანის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ რომ ქვეყანას ამგვარი კადრების დეფიციტი აქვს, ფაქტია. ამ ეტაპზე მთავარია „მცოცავი კონტრევოლუციის“ მსურველებს თავისი გეგმების რეალიზაციისათვის არანაირი საშუალება და გზა არ დარჩეთ.

- ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლა ფაშინიანი შეცდომად მიიჩნევს 1992 წელს აფხაზეთში ბატალიონ „ბაგრამიანის“ შექმნას, რომელიც სეპარატისტების მხარეზე აქტიურად იბრძოდა. ვერ გეტყვით, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. რამდენადაც ვიცი, უკანსაკნელ პერიოდში ამ თემაზე მას მსგავსი არაფერი უთქვამს. თუ თქვენ რამე იცით ამ საკითხზე, იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება?

არც კი მახსენდება, რომ ფაშინიანს აფხაზეთში „ბაგრამიანის“ სახელობის ბატალიონზე ოდესმე რამე ჰქონდეს ნათქვამი... შესაძლოა, ძალიან ადრინდელი გამონათქვამი იყოს, მაგრამ როგორც წარსულში ნათქვამი, მაინც არ მახსენდება

- არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს. არც კი მახსენდება, რომ ფაშინიანს აფხაზეთში „ბაგრამიანის“ სახელობის ბატალიონზე ოდესმე რამე ჰქონდეს ნათქვამი. არადა, მისი ჟურნალისტური საქმიანობიდან მოყოლებული, პოლიტიკური აქტიურობით დამთავრებული, თვალს საკმაოდ ყურადღებით ვადევნებდი. შესაძლოა, ძალიან ადრინდელი გამონათქვამი იყოს, მაგრამ როგორც წარსულში ნათქვამი, მაინც არ მახსენდება.

მოგეხსენებათ, ახლა ცრუ ინფორმაციების გავრცელება ძნელი არაა. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სწორედ ამგვარი უნდა იყოს. ვიმეორებ, ამგვარი რამ, მას არც ახლა და არც წარსულში ნათქვამი არ აქვს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა