ხათუნა ლაგაზიძე - გახარია ხელისუფლების რეალური ლიდერია, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა შეექმნას ფუჭი ილუზია, რომ ახალგაზრდებთან გაიმარჯვა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ფაქტია, რომ 11-13 მაისს განვითარებულ მოვლენებსა და მის შედეგებზე კარგა ხანს მოგვიწევს მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მოვლენათა რეტროსპექტიულ განვითარებაზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია საკმაოდ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვათა ჩამოსათვლელად.

როგორადაც არ უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო რამ მოხდა - შსს-ს მინისტრმა საზოგადოებას, რომელმაც 11 მაისს ღამის კლუბებში ძალის არაპროპორციული გამოყენება გააპროტესტა, ბოდიში მოუხადა. მართალია, ამით საზოგადოების ის ნაწილი დარჩა უკმაყოფილო, რომლებიც თავადაც იყვნენ მზად აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გასწორებოდნენ.

სხვა საკითხია, რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ პროტესტზე რეაქცია და რა სიტუაციაში მოუწია მას ერთი მხრივ ბოდიშის მოხდა და მეორე მხრივ იმათზე ზრუნვა, რომ პროტესტანტები შინ მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ახლა როცა მინისტრ გახარიას მიერ მოხდილ ბოდიშზე აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო თვალშისაცემია, იქნებ მართებულიც იყოს ჩვენი საუბრის ამ თემით დაწყება.

თქვენი აზრით, რის გამო მოიხადა ბოდიში შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ?

სწორედ გიორგი გახარიას ამ ნაბიჯის წყალობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერულ თამაშებში რომ სიცოცხლეებს კრეფენ, ისე აკრიფა მეორე პოლიტიკური სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც", ოღონდ დიდი ალბათობით, შეცვლილი სახელებით და გვარებით

- მის ქმედებას რამდენიმე მოტივი ერთდროულად განსაზღვრავდა: იმიტომ, რომ საქმე ახალგაზრდობასთან ჰქონდა და არა გაცვეთილ პოლიტიკურ სპექტრთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან და მომავალს სხვანაირად არ უნდა ელაპარაკო; იმიტომ, რომ ეს იყო სიტუაციის განმუხტვის და პროტესტის დაშლის ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა; იმიტომ, რომ ამით 1 წუთში რიგითი შს მინისტრიდან პოლიტიკური წონის ფიგურად და ხელისუფლებაში ივანიშვილის შემდეგ პირველ ვიოლინოდ იქცა.

სწორედ გიორგი გახარიას ამ ნაბიჯის წყალობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერულ თამაშებში რომ სიცოცხლეებს კრეფენ, ისე აკრიფა მეორე პოლიტიკური სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც", ოღონდ დიდი ალბათობით, შეცვლილი სახელებით და გვარებით.

გახარიას „ბოდიშით“ გამოწვეული საყოველთაო აღფრთოვანება ადასტურებს რამდენად ენატრება ხალხს საკუთარ ხელისუფლებასთან კონტაქტი და ადამიანური დამოკიდებულება

ჩვენ ბევრს ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს ისეთი, რომ მისი და მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოებაში შემცირებული მხარდაჭერა და მოლოდინი გაზრდილიყო. გახარიამ, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილს, სულ მცირე დროის მოგების და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვის საშუალება მისცა. გახარიას „ბოდიშით“ გამოწვეული საყოველთაო აღფრთოვანება ადასტურებს რამდენად ენატრება ხალხს საკუთარ ხელისუფლებასთან კონტაქტი და ადამიანური დამოკიდებულება.

- როგორ შეაფასებდით იმ ახლგაზრდების მოქმედებას, ვინც 12-13 მაისს რუსთაველის გამზირზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით სულაც არ მისულა, არამედ შსს-ს კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვდა, ასევე იმ ახალგაზრდების მოქმედებას, რომლებიც ხელისუფლების მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტეტებდნენ?

თქვენი აზრით, ორივე ამ ჯგუფს ერთად, ან ცალ-ცალკე, შესწევთ ძალა და აქვთ იმის რესურსი, რომ ხელისუფლებისაგან მოითხოვონ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციაზე უხვად გასცა?

- მთავარია ახალგაზრდებმა ფარხმალი არ დაყარონ, არ გაიყიდონ და ისეთივე აპათიაში არ ჩავარდნენ, როგორშიც არიან უფროსი თაობები, თორემ კიდევ ერთ დაკარგულ თაობას მივიღებთ.

დღეს ახალგაზრდებშია განახლების და ბრძოლის ჟინი, რომელიც ისეთი მოთხოვნებისკენ უნდა მიმართონ, როგორიცაა განათლების რადიკალური რეფორმა, სოციალური და ეკონომიკური ფუნდამენტური ცვლილებები. ნუ ვიფიქრებთ, რომ მომავალი თაობის მოთხოვნები მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციით შემოიფარგლებოდეს. არ გაგვეპაროს მთავარი, რომ სწორედაც ძალადობას აპროტესტებდნენ - ისინი არ იგუებენ მორალურ, ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ ბორკილებს.

დღეს ახალგაზრდებშია განახლების და ბრძოლის ჟინი, რომელიც ისეთი მოთხოვნებისკენ უნდა მიმართონ, როგორიცაა განათლების რადიკალური რეფორმა, სოციალური და ეკონომიკური ფუნდამენტური ცვლილებები. ნუ ვიფიქრებთ, რომ მომავალი თაობის მოთხოვნები მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციით შემოიფარგლებოდეს. არ გაგვეპაროს მთავარი, რომ სწორედაც ძალადობას აპროტესტებდნენ - ისინი არ იგუებენ მორალურ, ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ ბორკილებს

საბოლოო ჯამში პრობლემა ისევ ხელისუფლებასთან მიდის: არ გვაქვს ახალგაზრდული პოლიტიკა, არ იქმნება ახალი ფასეულობები და მოძრაობები. თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიის მერე, როცა ხელისულებამ პირველად იხილა ახალგაზრდობის ძალა, იმის ნაცვლად ეს მუხტი სახელმწიფოს და ამ თაობისვე სასიკეთოდ მიემართა, სირაქლემას პოზა არჩია და ახალგაზრდები კლუბების და ნარკოტიკების ამარა დატოვა.

სად არის ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობები, გარდა სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისა - არსად. სად არის წარმატებაზე ორიენტირებული განათლების რეფორმა - არსად.

ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებს: რაც უფრო გაფართოვდება მათი მოთხოვნები და რაც უფრო გაიზრდება მათი მონაწილეობა თუ საპროტესტო მუხტი, მით მეტ შედეგებს მიიღებენ ხელისუფლებისგან ყველა მიმართულებით.

არავინ იფიქროს, რომ ახალგაზრდები ამ აქციის შედეგად დამარცხდნენ - 1978 წლის შემდეგ, როცა შევარდნაძე ქართული ენის დაცვის მოთხოვნით შეკრებილ ახალგაზრდობასთან გამოვიდა, არავის ახსოვს საზოგადოებასთან აქციაზე შესახვედრად გამოსული და მით უმეტეს, ბოდიშმოხდილი ხელისუფალი. ეს თქვენ დაიმსახურეთ და თქვენი გამარჯვებაა, იგრძენით საკუთარი ძალა და შეცვალეთ ქვეყანა. თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ.

მთავარია, ახალგაზრდებმა ფარხმალი არ დაყარონ, არ გაიყიდონ და ისეთივე აპათიაში არ ჩავარდნენ, როგორშიც არიან უფროსი თაობები, თორემ კიდევ ერთ დაკარგულ თაობას მივიღებთ

- აშკარაა, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლის თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებისაგან განსხვავებით უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას.

საქმეში ჩახედული ხალხის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი კლუბების შექმნას, რათა გაეკონტროლებინა კლუბებში როგორც ნარკოტიკების შემომტანები, ისე გამსაღებლები და მომხმარებლები.

ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ სფეროს ჯეროვნად ვერც აკონტროლებს და ახლა ამ პირობებში უნდა შეძლოს როგორც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ისე მასზე კანონის ფარგლებში კონტროლის აღდგენა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი და გახარიას შსს შეძლებს ამ საკმაოდ რთული ამოცანის შესრულებას?

- ნუ დავიყვანთ ყველაფერს ნარკოპოლიტიკამდე - პირველი რიგის ამოცანა ნარკოკარტელთან ბრძოლაა. რატომ არავინ საუბრობს ვინ მფარველობს ნარკორეალიზატორების უზარმაზარ ქსელს ქვეყანაში?

თუ ვინმეს სჯერა, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული 22-23 წლის გოგო-ბიჭებს შემოაქვთ ნარკოტიკი ქვეყანაში?! ისინი ხომ მხოლოდ კრიმინალური ჯაჭვის ბოლო რგოლია - გამსაღებელები.

ნუ დავიყვანთ ყველაფერს ნარკოპოლიტიკამდე - პირველი რიგის ამოცანა ნარკოკარტელთან ბრძოლაა. რატომ არავინ საუბრობს, ვინ მფარველობს ნარკორეალიზატორების უზარმაზარ ქსელს ქვეყანაში?

რატომ არ აკავებენ თავებს?! თუნდაც ამდენი გამსაღებლის დაკითხვის შემდეგ ასეთი ძნელია მათ მფარველებზე გასვლა?! კლუბებში რომ სპეცოპერაციას ატარებდა, ხელისუფლებას არაფერი სმენია მოარული ხმების თაობაზე, რომ ლამის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მათ შორის, მეტროებშიც, თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი?!

ეს არის დღეს ხელისუფლების ნომერ პირველი გამოწვევა: შეწყდეს დივერსია საქართველოს მომავალი თაობების წინააღმდეგ. ახალგაზრდებში მასობრივი ნარკოდამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არა ჩინეთის წინააღმდეგ მე-19-20 საუკენეებში წარმოებული დამანგრეველი პოლიტიკა, როცა ლამის მთელი ჩინეთის მოსახლეობა მიზანმიმართულად შესვეს ნარკოტიკზე ერის განადგურების და გადაგვარების მიზნით.

ანალოგიური სურათი გვაქვს დღევანდელ საქართველოში. ამასთან გამკლავებაა დღეს ხელისუფლების და სხვათა შორის, საზოგადოებისაც მთავარი ამოცანა, თავის არასამთავრობო სექტორიან, მედიიან, სამოქალაქო აქტივისტებიანად - და არა მხოლოდ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ზრუნვა.

დღეს ხელისუფლების ნომერ პირველი გამოწვევაა: შეწყდეს დივერსია საქართველოს მომავალი თაობების წინააღმდეგ

თვითგანადგურების რეჟიმია ჩართული საზოგადოებაში - რა, ვინმე ისეთივე შემართებით ითხოვს ნარკოკარტელთან გამკლავებას, როგორც დეკრიმინალიზაციას ითხოვენ?! რასაც ვითხოვთ, იმას ვიღებთ: კი ბატონო, მიიღებს ხელისუფლება დეკრიმინალიზაციის კანონს და კვლავ დაიძინებს ნეტარი ერი.

- ის რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალგაზრდების პროტესტი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათაც არ სურთ რომ შსს-ს ყოველთვის კანონის ფარგლებში მოქმედებდეს.

კლუბებში ჩატარებული ოპერაციებით ხელისუფლებამ თავად შექმნა ისეთი ფონი, რომ იგი არა ნარკოტიკების გამსაღებლებს, არამედ ნარკომომხმარებლებს ებრძოდა და უარს ამბობდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. მეტიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნარკოტიკების 8 გამსაღებელი სპეცოპერაციის დროს სულაც არ ყოფილან აყვანილი.

ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო გაუგებარი გახადა 11 მაისის ღამეს კლუბებში შსს-სა და სპეცრაზმის მოქმედება. გაუგებარი თუნდაც იმის გამო, რომ თბილისის მერი და იმავდროულად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახი კალაძე დედაქალაქის ღამის ეკონომიკაზე მანამდე ბევრს საუბრობდა, ღამის ეკონომიკა კი სხვა არაფერია, თუ არა სწორადაც რომ კანონის ფარგლებში ღამის კლუბების საქმიანობა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია, ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების, ანაც ივანიშვილის საკადრო პოლიტიკაში წარმოებული სელექციის გამოძახილი იყოს?

- 11 მაისის წარუმატებელი სპეცოპერაცია ნამდვილად იმის გამოძახილია, რომ ინსტიტუციები მოშლილია და ხელისუფლება ვერ პოულობს გამოწვევებთან გამკლავების ადექვატურ ხერხებს.

მაგრამ, მე უფრო მგონია, რომ ვიღაცამ ჩათვალა, კარგი პიარი იქნებოდა, თუ ნარკოტიკების გამსაღებლების საჩვენებელი დასჯა სწორედ კლუბებიდან დაიწყებოდა, რადგან ბოლო ორი კვირის მანძილზე მასობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების ინტოქსიკაციით ახალგაზრდების დაღუპვა მათი კლუბებში ყოფნის შემდეგ მოხდა. უბრალოდ, შედეგები ვერ გათვალეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ პარალელურად სხვა მოტივებსაც.

სპეცოპერაციის მეორე დღიდან გამართული აქციების უკან ვინ იდგა და ცდილობდა თუ არა სათავისოდ გამოყენებას ან ვინმეს „დაძირვას“, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მე ვიცი ერთი, რომ კონკურენცია პროგრესისთვის აუცილებელია. რა არის იმაში ცუდი, თუ სახელისუფლო ძალას პერსპექტიული რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ეყოლება?

სპეცოპერაციის მეორე დღიდან გამართული აქციების უკან ვინ იდგა და ცდილობდა თუ არა სათავისოდ გამოყენებას ან ვინმეს „დაძირვას“, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მე ვიცი ერთი, რომ კონკურენცია პროგრესისთვის აუცილებელია. რა არის იმაში ცუდი, თუ სახელისუფლო ძალას პერსპექტიული რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ეყოლება?

ნახეთ რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიისას: რამდენი კანდიდატი მონაწილეობს ორივე პარტიიდან „პრაიმერში“ ანუ კანდიდატების შესარჩევ ტურში. პარტიული და სახელისუფლო კრიზისი სწორედ მაშინ იწყება, როცა პარტიას ლიდერები ასარჩევად არ ჰყავს. აბა ის არის კარგი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს პოლიტიკურ მომავალზე ფიქრი ეკრძალებოდეთ?!

რა არის იმაში ცუდი, თუ კალაძე თავისი პოზიციიდან ეცდება იყოს წარმატებული, გახარია - თავისი პოზიციიდან, ვთქვათ, ბახტაძე, ცქიტიშვილი თუ კახიშვილი - თავისი სფეროებიდან, თუ ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას წაადგება. პოლიტიკურ კონკურენციაში ყველა ხერხი გამართლებულია, თუ ის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს არ აზიანებს. ამბიციური რეფორმატორების გუნდი - ეს არის ის, რაც საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება.

თუმცა, შიდა კონკურენციის ჩახშობის შემთხვევაში „ოცნებისთვის“ ეს ამოცანა დაუძლეველი დარჩება. ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ხაზგასმული იყო საქართველოს, როგორც რეგიონის საგანამანთლებლო, ტექნოლოგიური ცენტრის როლი.

პოლიტიკურ კონკურენციაში ყველა ხერხი გამართლებულია, თუ ის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს არ აზიანებს. ამბიციური რეფორმატორების გუნდი - ეს არის ის, რაც საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება

ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი იქცეს მსოფლიო ინოვაციების ბანკად. მსოფლიოს ტექნოლოგიური ბანკი, რადაც შეიძლება საქართველო ვაქციოთ, იქნება არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური აყვავების წინაპირობა, არამედ უაღრესად განათლებული და განვითარებული თაობების გაზრდის საშუალება. ეს შეგვიძლია ვაქციოთ ქვეყნის იმ ფუნქციად, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს განვითარების უნიკალურ გზაზე შეაყენებს.

- თუ გავიხსენებთ იმას, რომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე არც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე, არც ქალაქის მერ კახა კალაძეზე არ ყოფილა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „13 მაისის ღამეს აღლუმი გიორგი გახარიას კიდეც მიჰყავდა და იგი მანვე ჩაიბარა“ - შეიძლება, სწორედ იგი აღმოჩნდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი?

- ერთი რამ ცხადია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას სჭირდება რადიკალური საკადრო განახლება და დიდი ალბათობით ასეც მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების კვალობაზე.

აშკარაა ისიც, რომ ბოლო დღეების შემდეგ გახარია ხელისუფლების რეალური ლიდერია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკვანძო სტრუქტურაა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

აშკარაა ისიც, რომ ბოლო დღეების შემდეგ გახარია ხელისუფლების რეალური ლიდერია

ამიტომ, იქ თუ გახარიას ეფექტური შემცვლელი ვერ მოინახა, მაშინ შეიძლება ივანიშვილმა არჩევანი პრემიერ-მინისტრად სხვაზე შეაჩეროს, იგივე მამუკა ბახტაძეზე, რომლის გაპიარებაც და საზოგადოებისათვის მისაღები იმიჯის შექმნა იმდენად ფორსირებულად მოხდა და თანაც ეს ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ აშკარაა, რაღაცისთვის ამზადებენ. ან მაია ცქიტიშვილზე, რომელიც მართლაც გონიერი, გამოცდილი და რეფორმებზე ორიენტირებული ადამიანია. ასე რომ, ამ შემთხვევაში არჩევანი ივანიშვილს აქვს.

- მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში არ ცხრება საუბარი იმაზე, რომ „ქართულ მარშს“, ასევე საჯარო სივრცეში 13 მაისს გამოჩენილ ნაციონალ-სოციალისტებს, სუს-ი აკონტროლებს და ხელისუფლებამ ისინი პროტესტანტთა შეშაშინებლად ეფექტურად გამოიყენა.

ამგვარი მტკიცების დასტურად სახელდება ის, რომ ხელისუფლებამ, პოლიციამ და სუს-მა რუსთაველის გამზირზე პროტესტანტების აშკარად საცემად მისულ ჯგუფებს, მათთან მიახლოების საშუალება მისცა. სწორედ მათი აქტიურობის ფონზე მიიღეს აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება აქციის დაშლის შესახებ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენაც საფუძვლიანად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

ხელისუფლებამ ეს მოფაშისტო, რადიკალურ-აგრესიული ჯგუფები გამოიყენა იარაღად სავარაუდო დაპირისპირების და შეტაკების ფონის შესაქმენლად, რითიც შექმნა ფსიქოლოგიური საფუძველი და მოტივაცია ძირითადი აქციის დასაშლელად

- რამის კატეგორიულად მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება ასეთი სურათი, რომ ხელისუფლებამ ეს მოფაშისტო, რადიკალურ-აგრესიული ჯგუფები გამოიყენა იარაღად სავარაუდო დაპირისპირების და შეტაკების ფონის შესაქმენლად, რითიც შექმნა ფსიქოლოგიური საფუძველი და მოტივაცია ძირითადი აქციის დასაშლელად.

ამგვარ ტაქტიკურ სვლებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლებები სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ნაციონალისტურ მოძრაობებს - მიგრაციული ტალღების შესაჩერებლად და ა.შ. მაგრამ დგება მომენტი, როცა თავად ეს რადიკალური ჯგუფები გადიან კონტროლიდან და ხელისუფლებას უტევენ.

ახლა მთავარია ხელისუფლებას ეს „ჩვევაში“ არ გადაუვიდეს და ცდუნება არ გაუჩნდეს, რომ ეს ჯგუფები საზოგადოებაზე ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად გამოიყენოს. ამის წინააღმდეგ საჭიროა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით და პოლიტიკური აზრის - ქვეყნის გარეთ.

სწორედ საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინების შედეგად იხდის დღეს სასჯელს „ქართული მარშის“ რამდენიმე წევრი. ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ - ვიცით და ამის გამეორება არ გამოვა! საბედნიეროდ, ამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შერჩა საზოგადოებრივ აზრზე ადექვატური რეაგირების უნარი.

ახლა მთავარია ხელისუფლებას ეს „ჩვევაში“ არ გადაუვიდეს და ცდუნება არ გაუჩნდეს, რომ ეს ჯგუფები საზოგადოებაზე ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად გამოიყენოს

- თქვენი ლოგიკა საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება, მაგრამ ასეც შეიძლება ითქვას - „ქართული მარში“ და ასპარეზზე ახლახან გამოჩენილი ნაციონალ-სოციალისტებიც სულაც დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. მათი ლიდერები კარგა ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე ანტიდასავლური, აშკარად პრორუსული განწყობებით აქტიურობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში მაინც აუტსაიდერებად მიიჩნევიან.

პირველებმა სწორედ მათ გააპროტესტეს უცნობი ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლა, რომლებმაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რუსთაველის გამზირი დაიკავეს. ის გამზირი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში სიმბოლური დატვირვაც კი აქვს.

ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან ფაქტია, რომ ე.წ. ნაციონალისტებმა მათივე პოლიტიკური გეგმებისა და ამბიციების რეალიზაციის გზაზე ოპონეტები დაინახეს. ანუ, ისინი შეეცადნენ მეინსტრიმობა არ დაეთმოთ მათთვის, ვინც ხელისუფლებისაგან კანონის ზედმიწევნით შესრულება მოითხოვა და შეეცადნენ მეისტრიმულად ექციათ თავისივე ნაციონალიტური იდეები?

- ისინი მეინსტრიმულები ვერასდროს გახდებიან, რადგან, ჯერ ერთი, საზოგადოების უმეტესობა მათგან მომავალ საფრთხეს ტანით გრძობს. მეორეც, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მოვახდენთ მათ გაიგივებას თუნდაც ნაციონალისტურ იდეებთან, რათა საზოგადება შეცდომაში არ შევიყვანოთ.

შეხედეთ ამ ადამიანებს: არანაირი იდეა მათ არ აერთიანებთ გარდა დაფინანსებისა და გარე მხარდაჭერისა. ამგვარ ჯგუფებს, როგორც წესი, სადამსჯელო ჯგუფებად იყენებენ ხოლმე. თუმცა თუ მათ ძალა იგრძნეს, შეიძლება პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდეთ, მით უფრო რომ ჩვენნაირ საზოგადოებებში ნაციონალისტური იდეების მიმართ მიმღებლობა მაღალია. უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუნდაც იმიტომ, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ტირაჟირება ყველა ქვეყანაში იზღუდება.

არანაირი იდეა მათ არ აერთიანებთ გარდა დაფინანსებისა და გარე მხარდაჭერისა. ამგვარ ჯგუფებს, როგორც წესი, სადამსჯელო ჯგუფებად იყენებენ ხოლმე... მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუნდაც იმიტომ, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ტირაჟირება ყველა ქვეყანაში იზღუდება

ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამგვარი ჯგუფების შექმნით და წახალისებით სხვა არასახელისუფლო პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოთამაშეებიც არიან, როგორც წესი, დაინტერესებულნი, როგორც დამხმარე იარაღით მათი მიზნების რეალიზაციისთვის, ისევე როგორც - გარე ძალები. ასე რომ, ასი თვალი და ასი ყური გვმართებს.

- ფაქტია, რომ 13 მაისის ღამეს ხელისუფლებამ არჩევანი პროტესტანტი ახალგაზრდებისა და ამავე ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სასარგებლოდ გააკეთა. გასაგებია, რომ იგი იძულებულიც იყო ასე მოქცეულიყო.

გაქვთ იმგვარი განცდა, რომ 13 მაისს მინისტრ გახარიასა და ხელისუფლების ნაბიჯი არა მხოლოდ პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ ხელისუფლების ცივილიზაციური არჩევანი იყო?

- არაჩვეულებრივი კითხვაა, სადაც, მე ვიტყოდი, უფრო თქვენი სურვილი გამოსჭვივის, იმიტომ, რომ არჩევანი ცალსახად პრაგმატული იყო. მოტივებზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ რის სწავლას შეძლებს ხელისუფლება აქედან, ეს ცალკე საკითხია - ხელისუფლებას არ უნდა შეექმნას ფუჭი ილუზია, რომ ახალგაზრდებთან გაიმარჯვა.

დამთავრდა ხელისუფლების ნირვანა - ამ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებთ, ხვალ სხვა მოთხოვნით და სხვა მოწოდებით გამოვა ქუჩაში, საკუთარ შეცდომებზე ჭკუანასწავლი

დამთავრდა ხელისუფლების ნირვანა - ამ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებთ, ხვალ სხვა მოთხოვნით და სხვა მოწოდებით გამოვა ქუჩაში, საკუთარ შეცდომებზე ჭკუანასწავლი. ხელისუფლებამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ დახვეწოს მათი მართვის, მათზე ზეწოლის თუ მოტყუების მეთოდები, არამედ გააანალიზოს - რამ მიიყვანა აქამდე და რა იქნება ხვალ.

ამ სპონტანურ უკმაყოფილებამდე ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ აპათიაში ჩავარდნილი საზოგადოება და მიწასთან გასწორებული ოპოზიცია მისი მშვიდი ცხოვრების პირობა იყო. იოლი ეგონა ქაოსითა და ნაირ-ნაირი, მართული ნაციონალისტური თუ ფსევდოლიბერალური ჯგუფებისა თუ ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ქვეყნის და საზოგადოების მოთოკვა.

ერთი ნაპერწკალი აღმოჩნდა საკმარისი, რომ მართვის სადავეები, დროებით მაინც, ხელიდან გაქცეოდათ. მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ხელისუფლება, ახალგაზრდების გამოუცდელობის თუ არაორგანიზებულობის გამო, პრობლემას იოლად გაუმკლავდა, მაღალია რისკი, რომ ხელისუფლებამ რეალური რეფორმების გატარების ნაცვლად, კვლავ საზოგადოების ტრადიციული მანიპულაციებით მართვის გზა გააგრძელოს.

- საინტერესო თემაა 12-13 მაისის აქციები და მათზე პოლიტიკური სპექტრის რეაქცია.

რას შეიძლება ნიშნავდეს და თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკოსები არ გაიკარეს? მეტიც, მათთან მისულ რომან გოცირიძეს ის უსაყვედურეს, რომ ნარკოპოლიტიკაში მკაცრი კანონმდებლობა სწორედ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო მიღებული...

რადგან, ამ ეტაპზე ხელისუფლება ახალგაზრდების გამოუცდელობის თუ არაორგანიზებულობის გამო პრობლემას იოლად გაუმკლავდა, მაღალია რისკი, რომ ხელისუფლებამ რეალური რეფორმების გატარების ნაცვლად, კვლავ საზოგადოების ტრადიციული მანიპულაციებით მართვის გზა გააგრძელოს

- ესეც თქვენ ყველაზე ზუსტი სოციალოგიური კვლევა: ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები არ ენდობიან არსებულ პოლიტიკურ სპექტრს. ისინი ყველაზე უკეთ გრძნობენ სად არის პერსპექტივა - გარდა იმისა, რომ ხვდებიან, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი რესურსი ამოწურა, მათ არ უნდოდათ, რომ ვინმეს ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნების დამატებად და იარაღად განეხილათ. სხვათა შორის, ამ აქციით ხელისუფლებამ ათით ნული მოუგო ოპოზიციასაც და კიდევ კარგა ხნით გაანულა მათი პოლიტიკური პერსპეტივა.

- 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღეს დაპირისპირებული ჯგუფები ცდილობენ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. უფრო აგრესიულები ე.წ. ნაციონალისტები არიან. მათ უკვე დაანონსეს, რომ 17 მაისს მათ ოპონენტებს რუსთაველზე აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 13 მაისის მსგავს დაპირისპირებას 17 მაისსაც ჰქონდეს ადგილი?

- ვფიქრობ, ხელისუფლება ამ ხიფათს თავიდან აირიდებს, მას ეს შეუძლია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა