გია ბუღაძე - ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“

ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“, - ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე“ ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, განმარტა, რომ არ გულისხმობს სისხლს და ძალადობას, არამედ როგორც მხატვარი, სიმბოლურად აზროვნებს.

მისი თქმით, ეს იქნება სიმბოლო იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს მაკრატლებით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. „ასეთი უბედურება ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ამ მთავრობამ შექმნა უსამართლობის საოცარი განცდა. ჩვენ იდეა წაგვართვეს. რამდენი ბავშვი მოკლეს, მაგრამ პასუხი არ არის. მაინც და მაინც ელიტა უნდა იყოს ზაზა სარალიძე, რომ ყურადრება მიაქციონ?!“, - აღნიშნა გია ბუღაძემ. გია ბუღაძის გამოსვლას აქციის მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თაკო ჩარკვიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ცუდი ხელისუფლების ცვლილებას არ სჭირდება ველური რევოლუცია და ამისთვის ცივილური არჩევნების ფორმაა მისაღები.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი სიტყვით არ გამოდიან.

იხილეთ ვიდეო: ისინი დაიმსახურებენ "მაკრატლების რევოლუციას" - გია ბუღაძის ემოციური გამოსვლა ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე