ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს

ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს. საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში, სადაც პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდეგი შემადგენლობისაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია Microsoft და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

პროექტის IX მინელიუმის სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ, Windfor 's-მა. სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც Spacefarms განახორციელებს.

ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიშა ბატიაშვილმა განუცხადა, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისათვის. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტით შესაძლებელი ხდება ვაზის, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, თანამედროვეობასთან დაკავშირება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს HP-ის ლაბორატორია, რომელიც მარსის ათვისების პროექტს გულისხმობს. ჩვენი სპეციალისტები დაახლოებით ერთი წელია, კოსმოსის ათვისების კუთხით სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ. ამის შემდეგ გაჩნდა ამბიცია, თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ჩართული ამ პროექტში. როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვაზი. ვაზი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და სიამაყეა, ხვალინდელი დღეც და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ისტორია დაგვეკავშირებინა მომავალთან, ტექნოლოგიებთან და სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ის, რომელიც გულისხმობს ვაზის განვითარებას, კოსმოსის ათვისების პროექტში. სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ორი ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული ვაზის მიმართულებით დაიწყოს კვლევები და მალე დაიმკვიდროს საქართველომ ასეთ პროექტებში ადგილი", - განაცხადა მიშა ბატიაშვილმა.