სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტი ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, - განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.

„უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი“ აერთიანებს სირიის ოპოზიციურ ძალებს. კომიტეტი ჩართულია გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ამ საკითხე კომენტარი გააკეთა საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში. როგორც გიორგი ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სირიის ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფონზე.

„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავდროულად არის გაეროს ეგიდით მთავარი მომლაპარაკებელი. ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება. საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არაღიარების პოლიტიკის გამყარებასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაში. სირიის ოპოზიციის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არის ჩვენი აქტიური და ეფექტიანი მუშაობის შედეგი“, - განუცხადა ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“.