დიმიტრი გაბუნია - წარვადგენთ მასალებს, სადაც ჩანს, როგორ დაიგეგმა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ კამპანია

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ "ქალთა მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩაგდება უნდოდა და ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

"არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩასაგდებად ყოფილიყო ის ყველაფერი, რაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მოხდა. საკმაოდ მაღალი დაფინანსება ჰქონდა მას, 3 მილიონს მიაღწია ორგანიზაციის ბიუჯეტმა და ჩვენ წარვადგენთ მასალებს, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი. მათ შორის "ქალთა მოძრაობიდან" რამდენიმე მოპასუხე აქტიურობდა. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ადვოკატმა დღეს სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა მასალები, რომელიც, მისი თქმით, დევდარიანის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენების უკუგებაა.

"წარვადგინე მასალები, რომელიც აბათილებს მოწმის ბრალდებებს. მაგალითისთვის გეტყვით, ქალბატონი წერს, რომ მას ფსიქოლოგიური ტრამვა მიადგა, თუმცა მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და ჩვენ წარვადგინეთ დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ არანაირი ფსიქლოგიური ზეწოლა არ ფიქსირდება. გარდა ამისა, ჩვენ წარვადგინეთ დღეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ჩვენს სიმართლეს. საქმის მასალების ნაწილს კვირის ბოლოს გავასაჯაროებთ. არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენას, არ არსებობს. სახალხო დამცველზე ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს წნეხი, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ის სწორ დასკვნას დადებს. მოვუწოდებთ ომბუდსმენს, რაც შეიძლება სწრაფად დადოს დასკვნა, რომ ნათელი მოეფინოს ამ საქმეს", - განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის განცხადებით, ზვიად დევდარიანს მოუწყვეს "ფეისბუქ“ სასამართლო. ადვოკატი ყველა მხარეს მოუწოდებს, ცილისმწამებლური კამპანია შეწყვიტონ.

დიმიტრი გაბუნია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ საქმეში და დაიცვას მისი, როგორც უფლებადამცველის უფლებები.