ნოდარ სარჯველაძე - ძნელი სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მითუმეტეს წლის ბოლომდე

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსის მიერ ჩადენილმა მკვლელობამ ქვეყანა შეძრა და სამართლინადაც. ეს ის შემთხვევაა, როცა მნიშვნელობა არა აქვს ძალადობის მსხვერპლი საქართველოს მკვიდრია თუ უცხოელი ტურისტი.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე ბიჭმა შეყვარებული მოკლა, მანამდე ქალმა ქმარი და შვილი.

სამწუხაროდ, კრიმინოგენური ვითარების დამძიმების მიუხედავად, ბევრ მიზეზთა გამო ყველაფერს მხოლოდ პოლიციას ვერ დავაბრალებთ. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ჩვენში მომატებულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები?

- ფაქტია, რომ დანაშაულმა იმატა, განსაკუთრებით ისეთმა დანაშაულმა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება. ეს კი ნამდვილად საგანგაშო გახლავთ.

ძალიან ძნელია სისასტიკით ჩადენილ დანაშაულების რამე ერთ მიზეზე მითითება. ჩვენთან კრიმინოლოგია, რომელიც სწავლობს დანაშაულების მიზეზებს, მოცემულ მომენტში არც არსებობს. მე არ ვიცი იკითხება თუ არა ჩვენთან სადმე კრიმინოლოგიის კურსი, შესაძლოა იკითხება კიდეც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ გვაქვს კრიმინოლოგიური კვლევის ცენტრები. არადა ამგვარ ცენტრებში უნდა ხდებოდეს დანაშაულის დინამიკისა და მიზეზების შესწავლა. სერიოზული დასკვნების გასაკეთებლად მარტო შსს-ს სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები საკმარისი ნამდვილად არაა. აქ ინფორმაცია კი იყრის თავს, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაციებს სხვა ტიპის შესწავლა და დამუშავება სჭირდება.

სააკაშვილის მიერ დანაშაულისადმი გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა შეცვლილია დანაშაულის მიმართ ტოლერანტული, სრული მიშვებულობის დამოკიდებულებით. პოლიტიკურ პარადიგმებში მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში გამოიწვია შინაგანი ქაოსი და შინაგანი არამდგრადობა, რაც შემდგომ თავის გამოხატვას პოულობს დანაშაულებრივ ქცევაში

დიდმა ფრანგმა სოციოლოგმა ემილ დიურკემმა შექმნა სოციალური ანომიის ცნება. სოციალურ ანომიაში იგულისხმება სოციალური გადახრები, სხვადასხვა პათოლოგიები და არანორმალური პროცესები, რომელიც გამოიხატება უპირველეს ყოვლისა დანაშაულის ფენომენის ზრდაში. დიურკემმა სოციალური ანომია დაუკავშირა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებსა და განვითარებას. დანაშაული ის საზღაურია, რომელსაც საზოგადოება თავისი განვითარებისათვის იხდის. სოციალური ანომია პროცესია, რომელიც თან ახლავს სხვადასხვა ტიპის განვითარებასა და ცვლილებებს, მათ შორის დემოკრატიზაციის პროცესებსაც. შესაძლოა, თქვენ ამგვარი მსჯელობა აბსტრაქტული მოგეჩვენოთ, მაგრამ მიმდინარე პროცესებს ამ კუთხითაც თუ შევხედავთ, ალბათ სწორი ვიქნებით.

გამჭვირვალეობა ხომ კარგი რამაა, პრესა რომ თავისუფალია ხომ ძალიან კარგია, მედია თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ყოველ წუთას ხდება ძალადობის ტირაჟირება, ყოველდღე ჩადენილი დანაშაულის დეტალების განხილვა, ეს აპირობებს იმას, რომ დანაშაულის მიმართ მოსახლეობის შეგუების ზღვარი საკმაოდ დაბლა იწევს. ანუ, საზოგადოება ადვილად ეგუება ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ასეთ ვითარებაში საზოგადოება ეჩვევა დანაშაულს და მისთვის დანაშაული, როგორც სოციალური ფენომენი, ჩვეულებრივი რამ ხდება.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ მედია ამ თვალსაზრისით შეიზღუდოს, მაგრამ ნამდვილად გვმართებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას იწვევს დანაშაულის შესახებ მედიასაშუალებებით მსჯელობა და ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. როცა ასე ხდება, ადამიანები ადვილად ეგუებიან დანაშაულსაც და თავის სიღარიბესაც, რადგან სოციალური სიღარიბის ტირაჟირებაც საკმაოდ დიდი დოზით ხდება. ფაქტია, რომ დანაშაულის მიმართ შეგუებას ჩვენს საზოგადოებაში ხელშესახები კონტურები აქვს შეძენილი.

რაზეც ვსაუბრობ, 19 წლის ბიჭის ჩადენილ მკვლელობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები საკმაოდ რთული თემაა. ხანდახან მიზეზი ირიბადაა დაკავშირებული მიზეზთან. ფაქტია, რომ ადამიანები ტოლერანტულები ხდებიან დანაშაულის მიმართ.

სააკაშვილის მიერ დანაშაულისადმი გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა შეცვლილია დანაშაულის მიმართ ტოლერანტული, სრული მიშვებულობის დამოკიდებულებით. როცა ხელისუფლება ამგვარ გზას დაადგა, ჰუმანისტური ხედვებით ხელმძღვანელობდა. მაგრამ, ძირითად პოლიტიკურ პარადიგმებში ასეთი მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში გამოიწვია შინაგანი ქაოსი და თუ შეიძლება ასე ითქვას, შინაგანი არამდგრადობა, რაც შემდგომ თავის გამოხატვას პოულობს დანაშაულებრივ ქცევაში.

- ვინაიდან ხადას ხეობაში დაღუპულები აშშ-ს მოქალაქეები არიან, უცხოელი ტურისტების მიმართ დამოკიდებულების თემა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება.

ამ თემის აქტუალიზაცია უკავშირდება ბათუმში მომხდარ არაერთ შემთხვევას, როცა საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ღია ცის ქვეშ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისას დაუპირისპირდნენ.

საქართველოს მოქალაქეების მტკიცებით, აჭარაში წელს ჩასული რუსი ტურისტები ქალაქში სეირნობისას არ ერიდებიან მათი ქვეყნის დროშის ტარებას. თუ მათ ვინმე შენიშვნას მისცემს - ოკუპანტი ქვეყნის დროშას ცხვირწინ ნუ გვიფრიალებთო, მათ საქართველოს სხვა მოქალაქეები ესარჩლებიან.

გასაგებია, რომ რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში ქართულ საზოგადობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგისთვის რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი და დამანგრეველ-ოკუპანტია, ზოგისთვის ერთმორწმუნე და მხსნელი.

თქვენთვის რუსი ტურისტების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მისაღები და ოპტიმალური ქცევა სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა?

- ამ თემას მე დავაკავშირებდი დამოუკიდებლობის თემასთან. საქართველო კი გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული უფრო მეტად მას შემდეგ გახდა, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა.

საქართველო კი გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული უფრო მეტად მას შემდეგ გახდა, რაც დამოუკიდებელი გახდა... ეს ეხება იმათაც, ვინც ხელაღებით ლანძღავენ რუსეთს და იმათაც, ვინც მიესალმება რუსი ტურისტების ბათუმის ქუჩებში დროშებით სიარულსა და გამოჩენას

რას ვგულისხმობ - რიგითი ქართველი ყოველდღიურად ცხოვრობს რუსეთის ქცევების შემყურე და რუსეთის ქცევების შიშით. შიდა ქართლში პერმანენტული მცოცავი ანექსია ამის კარგი მაგალითია. ადამიანები სულ იმის შიშსა და მოლოდინში არიან, რომ ასე კიდევ მოხდება. ანუ, საზოგადოება დამოკიდებულია რუსეთის ქცევაზე. ისეა, თითქოს ერს საკუთარი ცხოვრება არ აქვს. და ეს მაშინ, როცა დამოუკიდებლობა კი შეიძინა, მაგრამ მაინც ასეა.

ასეთ ვითარებაში ბევრი ადამიანი რუსეთუმე ხდება. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ამაზე როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთის მოყვარულები ისე კი არ საუბრობდნენ, არამედ სიამაყით. ანუ, ისინი რუსეთს გულშემატკივრობდნენ.

მეორე ნაწილის დამოკიდებულება ასეთი იყო - ოღონდ ახლა რუსეთი გავარდეს და მეტი არც არაფერი გვინდა. ორივე შემთხვევა იმას ნიშნავს, რომ ორივე რუსეთთან დამოკიდებულებაზეა დაკიდებული. მას ვერ სცილდებიან და მასზე არიან მიბმული. ეს ეხება იმათაც, ვინ ხელაღებით ლანძღავენ რუსეთს და იმათაც, ვინც მიესალმება რუსეთის გამარჯვებას. მათ შორის რუსების ბათუმის ქუჩებში დროშებით სიარულსა და გამოჩენას.

- როგორ შეაფასებდით უკანასკნელ თვეებში შიდა პოლიტიკაში მომხდარ პროცესებს? მაისის ქუჩის აქციებს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას, ახალ პრემიერად მამუკა ბახტაძის გახდომას და მმართველი გუნდის მიერ სტრუქტურული ცვლილებებისათვის პროექტის მომზადებას, რომელსაც მალე პარლამენტი მხარს დაუჭერს.

- უკანასკნელ თვეებში შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს ძალიან ბევრი წახნაგები აქვს. შვილმკვდარი მამების ქუჩაში გამოსვლამ, დაგროვილმა სოციალურმა პრობლემებმა ერთად იჩინა თავი.

როგორც ჩანს, ძალიან ბევრი პრობლემები დაგროვდა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა როგორც საზოგადოების მხრიდან რეაქცია, ასე ამ რეაქციაზე ხელისუფლების რეაქცია.

ქვეყანას, რომელშიც ნეპოტიზმი ჩვეულებრივი ამბავია, საკადრო პოლიტიკა დამოკიდებულია სანათესაო და კლანურ თემებზე, იმგვარი ამბიციური პროექტების განხორციელება როგორიცაა მცირე და ეფექტური მთავრობის კონცეფცია, აშკარად გაუჭირდება

ხელისუფლების რეაქცია ასეთი იყო - ჯერ მთავარი პროკურორი გადადგა, შემდეგ პრემიერი, ახლა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც. ახლა ვართ სიტუაციაში, რომელიც ჩემთვის პირადად გაურკვეველია.

ძალიან ვეჭვობ ხელისუფლება წარმატებით შეძლებს მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას. ქვეყანას, რომელშიც ნეპოტიზმი ჩვეულებრივი ამბავია, საკადრო პოლიტიკა დამოკიდებულია სანათესაო და კლანურ თემებზე, იმგვარი ამბიციური პროექტების განხორციელება, როგორიცაა მცირე და ეფექტური მთავრობის კონცეფცია, აშკარად გაუჭირდება.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ვითარდება და უმეტეს შემთხვევაში გამართულად მუშაობას ვერ ახერხებენ.

პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით - „თუ „ქართული ოცნება“ წლის ბოლომდე სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება“. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. ბატონი ვახტანგი ამბობს - „თუ ვერ შემოატრიალა“, მე ვამბობ - „ქართული ოცნება“ ვითარებას ვერ შემოატრიალებს.

რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა პარტოკრატიულ სისტემაზეა ორიენტირებული. პარტოკრატიული სისტემა ვერ ითმენს პოლიტიკურ სარბიელზე სხვა ძალების არა მარტო არსებობას, არამედ ასპარეზზე შემოსვლას. რა რესურსები აქვს „ქართულ ოცნებას“ ვიცით, ამის გათვალისწინებით ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მით უმეტეს წლის ბოლომდე.

ვფიქრობ, შემოდგომაზე შიდა პოლიტიკაში პროცესები გააქტიურდება, უკმაყოფილების ახალი ტალღის გამოჩენა პრაქტიკულად გარდაუვალია

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მმართველ გუნდს იგივე ხედვები აქვს, რაც გუშინ, ასპარეზზე იგივე ხალხია რაც ადრე, ამიტომ ხვალ დიდი ალბათობით, იგივე იქნება, რაც გუშინ იყო.

რაც შეეხება ცუდი პროცესების დაწყების შესაძლებლობას. როცა სიცხეები გადაივლის, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდება, რამაც ცხადია ცოტა შეამსუბუქა ხელისუფლების ვითარება, შემოდგომაზე უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდება.

ვფიქრობ, შემოდგომაზე შიდა პოლიტიკაში პროცესების გააქტიურდება, უკმაყოფილების ახალი ტალღის გამოჩენა პრაქტიკულად გარდაუვალია. იმის გამო, რომ ქვეყანაში არც ისე მარტივი სიტუაციაა, ჩემი აზრით, მთელი სახელისუფლებო გუნდი ძალიან რთული ამოცანების წინაშე აღმოჩნდება.

- მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობისას ყველაზე აქტიურად იუსტიციის მინისტრის მიერ თანამდებობის შენარჩუნება-არშენარჩუნების თემა განიხილება. თქვენ როგორ შეაფასებდით წულუკიანის მთავრობის ახალ შემადგენლობაში დარჩენას?

- როცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამა თუ იმ პერსონის მიმართ ასეთი დოზით გამოთქვამს უკმაყოფილებას, თუ თავს სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევ, ამ განწყობებს ანგარიში უნდა გაუწიო. ამგვარი განწყობა უმცირესობას რომც ჰქონდეს, თანამდებობისათვის ასე ჩაჭიდება არ მესმის. ვინც არ უნდა იყოს შენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უფრო გიღირს სტატუს-კვოს შენარჩუნება, ვიდრე გაქვს რეალური საქმეების გაკეთების სურვილი.

ახლა, როცა წულუკიანი პოლიტიკურ უთავმოყვარეობას ავლენს, მის მიმართ დამოკიდებულება აშკარად შემეცვალა

ქალბატონ წულუკიანს მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა, როცა წულუკიანი პოლიტიკურ უთავმოყვარეობას ავლენს, მის მიმართ დამოკიდებულება აშკარად შემეცვალა.

- ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიის სხდომებმა დაგვანახა, რომ თუ რამის პრობლემაა პროკურატურაში, ეს მისი შეზღუდული დამოუკიდებლობაა, რის გამო იგი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.

მმართველი გუნდი მთავარ პროკურორად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, შალვა თადუმაძეს მოიაზრებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ხელისუფლება მთავარი პროკურორის პოსტს დამოუკიდებელი ფიგურისთვის ვერ იმეტებს. თქვენი აზრით, რატომ?

- პარტოკრატიული მმართველობა ვახსენე. პარტოკრატიული მმართველობა ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველა საკვანძო თანამდებობაზე ამ პარტიის წარმომადგენლები ან ამავე პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები ინიშნებოდნენ. ასეთი რამ კომუნისტური გადმონაშთი კია, მაგრამ ამის ნიშნები სააკაშვილის დროსაც საკმაოდ იყო.

ვინაიდან მთავარი პროკურორის თანამდებობა საკმაოდ საკვანძო პოზიციაა, პარტოკრატიულ მმართველობაში ის უნდა იყოს მმართველ პარტიასთან აფელირებული. ხალხის ერთგულების ნიშნითა და პრინციპით შერჩევა ეწინააღმდეგება სერიოზული გარდაქმნებისა და სოციალური ცვლილებების პროცესს.

პარადოქსი იმაშია ივანიშვილიც ხვდება, რომ არსებული ვითარება მისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, მაგრამ რატომ ვერ თავისუფლდება იგი ამ ტვირთისგან, არ მესმის

ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო ბოლო წლებში ჩვენ მივეჩვიეთ საკვანძო თანამდებობებზე შეკვეთილი ფიგურების ყოფნას. ამიტომაც იყო რომ ზოგი მინისტრის, ზოგი კი პრემიერ-მინისტრის როლს თამაშობდა, სინამდვილეში კი არც ერთი მათგანი არც მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა.

პარადოქსი იმაშია, ივანიშვილიც ხვდება, რომ არსებული ვითარება მისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, მაგრამ რატომ ვერ თავისუფლდება იგი ამ ტვირთისგან, არ მესმის.

- ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს უჭირს უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა. ვხედავთ, რომ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებად გაყოფილი ოპოზიცია ვერანაირად ვერ მოახერხებს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით ხელისუფლებასთან დაპირისპირებას.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა სცენარით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის ანგარიშგასაწევი კონკურენტი?

ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ალბათ არჩევნებს მოიგებს კიდეც, მაგრამ რას მოუტანს ეს ქვეყანას საკითხავია და ახლა პასუხი ნამდვილად არ მაქვს

- არგუმენტები არა მაქვს და არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით, ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა განპირობებულია იმით, რომ მას აქვს კონკრეტული მიზანი. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მისი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა.

როგორც ჩანს, მისთვის ძალიან მაღალი რანგის ლეგიტიმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ და რისთვის უნდა მას პრეზიდენტად იყოს არჩეული, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ალბათ არჩევნებს მოიგებს კიდეც, მაგრამ რას მოუტანს ეს ქვეყანას, საკითხავია და ახლა პასუხი ნამდვილად არ მაქვს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა