კახა კოჟორიძე იუსტიციის მინისტრს პროკურატურის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატურის შერჩევას, რომელიც კახა კოჟორიძის შეფასებით, ყოველგვარი გამჭვირვალობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე მიმდინარეობდა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის შეფასებით, იმ მოვლენების შემდეგ, რამაც ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრს და საპროკურორო საბჭოს უნდა ეზრუნათ, რომ შერჩევა ჩატარებულიყო ისეთი პროცესების დაცვით, რომელიც პროკურატურას საზოგადოებაში ნდობას მოუტანდა. თუმცა, მისივე თქმით, პროცესი, სამწუხაროდ, პირიქით წარიმართა, რაც პროკურატურისადმი ნდობის გაზრდას არ უზრუნველყოფს.

„იმ მოვლენების შემდეგ, რამაც მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე გამოიწვია, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა მომხდარიყო ისეთი პროცესებით, რომელიც პროკურატურას ნდობას მოუტანდა. სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. მეტიც, თეა წულუკიანმა დაარღვია საქართველოს შესახებ კანონი, რომელიც იუსტიციის მინისტრს ავალდებულებს ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან ერთად აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი რამ ახლა არ მომხდარა. მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს, ჩვენ დავინახეთ, რომ საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მოესმინა კონკრეტული კითხვები კანდიდატებთან მიმართებით, ასევე მათი პასუხები. მთლიანობაში პროცესი იყო ცუდი“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ ვერ ან არ უზრუნველყო იუსტიციის მინისტრმა ან საპროკურორო საბჭომ პროცესების სწორად წარმართვთა, რაც პროკურატურისადმი ნდობის მაჩვენებელს გაზრდიდა, კოჟორიძე აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი თეა წულუკიანმა უნდა გასცეს.

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია, რომელსაც საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან, სხდომას 13 წევრი ესწრებოდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი. საქართველოს მთავარი პროკურორის დასამტკიცებლად პარლამენტში შემავალ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით ირჩევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა