სამწუხაროა, რომ პროკურატურა უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად პოლიტიკური დარტყმის ობიექტია, - აღნიშნული განცხადება საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გააკეთა.
საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში თადუმაძე აღნიშნავს, რომ კანონი იძლევა სრულ შესაძლებლობას, პროკურორმა იცოდეს, რაზეა პასუხისმგებელი და არ აიღოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ეკუთვნის. მისივე განცხადებით, წაგებული საქმე არ არის პროკურატურის პასუხისმგებლობა.
„პოლიტიკური დარტყმის ობიექტი არის იმიტომ, რომ ერთის მხრივ რაღაც სტანდარტების გაყოფა არ ხდება და პროკურორის მინუსად ითვლება, თუ საქმე წააგო, ან პროკურორის მინუსად ითვლება, თუ საქმე შეწყვიტა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პროკურორი იწყებს დევნას, წყვეტს საქმეს, ან არ წყვეტს, ან დგება გამამართლებელი განაჩენი, ან არ დგება გამამართლებელი განაჩენი. ამიტომ არის, რომ მართლმსაჯულებაში ამდენი კომპონენტი მონაწილეობს, რომ ერთი ადამიანის ჭკუაზე არ იყოს მოწყობილი. ვფიქრობ, კანონი იძლევა სრულ შესაძლებლობას, რომ პროკურორმა და პროკურატურამ იცოდეს, რაზეა პასუხისმგებელი და არ აიღოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, რაც არის ვთქვათ წაგებული საქმე. მიმაჩნია, რომ წაგებული საქმე არ არის პროკურატურის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.