ანრი ოხანაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კვლავ მოუწევთ კომისიაზე მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები ისევ გაჩნდა

ჩემი პოზიციაა, რომ ჯერ კომისიას დაედო კონკრეტული შეფასება და შემდეგ სახალხო დამცველის მხრიდან ყოფილიყო რეაგირება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეფასებები აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალური ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული კომისიის ფარგლებში კვლავ დადგეს საჭიროება ხელახლა დაიკითხონ უკვე დაკითხული პირები.

"ზოგადად სახალხო დამცველის კომპეტენციებში მე ვერ შევალ. მისი გადაწყვეტილებაა, რა შეფასებას გააკეთებს კონკრეტულ საქმეზე.

ჩვენი პრინციპი და პირადად ჩემი მიდგომა სისხლის სამართლის ამ საქმესთან არის ის, რომ მაქსიმალური ანალიზის შემდგომ უნდა გაკეთდეს შეფასებები.

მე ვისურვებდი, რომ ჯერ ჩვენ დაგვედო კონკრეტული შეფასება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უფრო დეტალური წვდომა საქმის მასალებთან, კონკრეტულ მოწმეებთან და უშუალოდ ვიკვლევთ ყველა სახის ინფორმაციას, მათ შორის ექსპერტებსაც ვუსმენთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა გავაკეთოთ კონკრეტული შეფასება ვიდრე ამ ეტაპზე სახალხო დამცველს.

შესაძლოა, ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიოთ პროკურატურის და შსს- ს წარმომადგენლები კომისიაზე. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კიდევ მოუწევთ მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები კიდევ გაჩნდა.

ეს ხდება იმისთვის, რათა გავარკვიოთ, თუკი რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რა გავლენა შეეძლო ამას მოეხდინა საქმის გამოძიებაზე და თუ შეეძლო მოეხდინა, რაიმე სამსახურებრივ გადაცდომასთან ხომ არ გვაქვს ადგილი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო