გიორგი ვოლსკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მე-3 სამიტში იღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გიორგი ვოლსკიმ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის გასაძლიერებლად ხორციელდება. სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამიტში მონაწილე საპარლამენტო დელეგაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილება რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. საუბარი, აგრეთვე, ენერგეტიკის, სატრანსპორტო პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებს შეეხო.

მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე მარშალთან, მარია კოცთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

დღესვე, გიორგი ვოლსკიმ საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მე-3 სამიტში 8 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და 20-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე შედიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს