კახა კახიშვილი - არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტი სიკეთე აკეთო, ვიდრე თანამდებობის გარეშე

ადრეც მითქვამს, რომ ნებისმიერი რეგალია ამ ცხოვრებაში არის დროებითი მოვლენა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა კახა კახიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა ძალიან მალე დადგეს დრო, როცა თანამდებობიდან წავა. „არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტი სიკეთე აკეთო, ვიდრე თანამდებობის გარეშე, რადგან თანამდებობას მოჰყვება რაღაც ბერკეტები. აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ გამიშვეს ან დამაქვეითეს, ან დამაწინაურეს. ახლა კიდევ უფრო მეტი არეალით მომეცა საშუალება გავაკეთოთ ის საქმე პრემიერთან და მთავრობის გუნდთან ერთად“, - აღნიშნა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კახა კახიშვილი იყო მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი.

„მან ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ- ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს ფუნდამენტური, წარმატებული რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ რეფორმების კოორდინაციის საქმეში. ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დაანონსებული“, - აღნიშნა პრემიერმა.