გიორგი მარგველაშვილი - ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე

ამ სამიტზე ჩვენს ქვეყანას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიგვეღო დეკლარაცია, რომელიც ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და სანამ ეს მოხდება, ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან.

„რა არის უმნიშვნელოვანესი ამ დეკლარაციაში? ნატოს წევრი 29 ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად, არის ნათლად განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. და მესამე მომენტი, სანამ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები.

შემიძლია გითხრათ, რომ იგივე სულისკვეთება დადასტურდა ჩვენს ორმხრივ შეხვედრებზეც, სადაც კონკრეტულად ვილაპარაკეთ, რა ფორმით და რა ინტენსივობით გაიზრდება ნატოს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით და როგორ იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ინტენსიური წვრთნებისა და საქართველოში წარმოდგენის ფორმით, უფრო აქტიურად ჩართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც ავსებს საქართველოს თემას, ეს არის შავი ზღვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემა. ეს არის კიდევ ერთხელ წამოწეული, ხაზგასმული და აქაც საქართველო არის მოწვეული, რომ ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მიღწევები, რომელიც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე აქვს, არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. „ასეთი ფონით, ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა იმ ფონზე და იმ საკითხების ჭრილში, რაც ზოგადად დღეს ალიანსისთვის არის თემა, ანუ ტვირთის სამართლიანი გაზიარების საკითხი, ამ ნაწილში საქართველო იყო მხრებში გაშლილი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს. ამ თანხის 20%-ს მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც არის ის სტანდარტები, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არის დადგენილი. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა, როდესაც საკითხი ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ 870 სამხედროთი ჩვენი ყოფნა ავღანეთში არის ის სტანდარტი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლიდერი, ხოლო არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, ავღანეთის უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ატარებენ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა