რომან გოცირიძე - როდესაც პრეზიდენტი ბრიუსელიდან საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა

არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან კვირიკაშვილის გაქრობის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კითხვები არსებობს. რომან გოცირიძის შეფასებით, კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ– მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან.

„როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ბრიუსელიდან ხმამაღლა საუბრობს, რომ კვირიკაშვილი ასე უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან და ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზე, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა. არც ის არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან. ეს მე არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, ადმიანი, რომელსაც მესიად ხატავდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს მისი დაუძინებელი მტერი გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც პრეზიდენტმა ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, არავის დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი, მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ. „გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.