ტრამპი-პუტინის შეხვედრისგან არც ერთ პრინციპულ საკითხზე პასუხები არავის მიუღია, აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებში რაც გაურკვევლობა იყო, ყველაფერი ისევ ისე დარჩა

ტრამპსა და პუტინს შორის ჰელსინკში გამართული შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგს, პროფესორ ვადიმ სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ვადიმ, ტრამპსა და პუტინს შორის ჰელსინკში გამართული შეხვედრა დასრულდა. მის შედეგებზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. ერთნი ამტკიცებენ, რომ ტრამპი პუტინთან შედარებით გამაოგნებლად არადამაჯერებლად და დაბნეულად გამოიყურებოდა, მეორეთა მტკიცებით, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები პრაქტიკულად არც არაფერს ნიშნავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ სრულფასოვან შეხვედრასა და მათ შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს?

- ჩემი დაკვირვებით, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შედეგები გაურკვეველია, მხარეებს ამ შეხვედრაზე არანაირ შეთანხმებებზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება.

როგორც ჩანს, ორივე ლიდერი ჰელსინკის შეხვედრას პიარისთვის გამოიყენებს. ამ შეხვედრის პიარი ტრამპს ოპონენტების მოსაგერიებლად დასჭირდება, ხოლო პუტინი, საშინაოს გარდა, საგარეო პოლიტიკაშიც გამოიყენებს. პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად ტრამპთან შეხვედრის ფაქტი და არა ის, ისინი რამეზე შეთანხმდებოდნენ თუ არა.

ჰელსინკის შეხვედრის პიარი ტრამპს ოპონენტების მოსაგერიებლად დასჭირდება, ხოლო პუტინი საშინაოს გარდა საგარეო პოლიტიკაშიც გამოიყენებს. პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად ტრამპთან შეხვედრის ფაქტი და არა ის, ისინი რამეზე შეთანხმდებოდნენ თუ არა

ის, რომ ამ შეხვედრაზე ლიდერები ვერანაირ შეთანხმებას ვერ შეძლებდნენ და ეს შეუძლებელიც იყო, პრაქტიკულად ყველამ იცოდა. ამიტომ, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ტრამპს ჰელსინკის შეხვედრა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდებოდა, ხოლო პუტინს იმის სამტკიცებლად, რომ უკრაინასა და სირიაში რუსეთის მოქმედებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს ხვდება.

- საერთაშორისო მედია სკრუპულოზურად განიხილავს ტრამპის მიერ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ორაზროვან, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელ დამკვირვებელთა უმეტესობა ტრამპის მიერ ჰელსინკში გაკეთებული განცხადებების გამო გაკვირვებას არ მალავს, აქცენტი იმაზე კეთდება, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა ტრამპმა, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- როგორი განსხვავებული შეფასებებიც არ უნდა კეთდებოდეს ტრამპი-პუტინის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე, ცხადია, რომ აშშ-ს პოლიტიკის იმ საკითხებში, რაზეც ვაშინგტონსა და მოსკოვს დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ, ამ შეხვედარას კორექტივები არ შეუტანია და ცხადია, რომ ეს მიდგომები არც უახლოეს წლებში შეიცვლება.

ერთნი ფიქრობენ, რომ შესაძლოა აშშ-მ რიგ საკითხებში შეარბილოს რუსეთის მიმართ პოზიციები, მაგრამ მეორე ნაწილი თვლის, რომ პოზიციები პირიქით კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

სხვათა შორის, ესეც არაპროგნოზირებადია. არაპროგნოზირებადია იმის გამო, რომ თავად აშშ-ს პრეზიდენტია არაპროგნოზირებადი. როგორი არაპროგნოზირებადიც არ უნდა იყოს ტრამპი, აშშ-ს რუსეთის მიმართ პოლიტიკა განსაზღრული აქვს და იგი საკმაოდ ხისტი და მკაფიოა. პრეზიდენტების შეხვედრა კარგია, მაგრამ მისი რადიკალური ცვლილება პრეზიდენტების შეხვედრაზე ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

როგორი არაპროგნოზირებადიც არ უნდა იყოს ტრამპი, აშშ-ს რუსეთის მიმართ პოლიტიკა განსაზღრული აქვს, იგი საკმაოდ ხისტი და მკაფიოა და პრეზიდენტების შეხვედრაზე მისი რადიკალური ცვლილება ვერანაირად ვერ მოხდებოდა

ასეა მიუხედავად იმისა, რომ დროის უმოკლეს პერიოდში ტრამპს ახასიათებს აბსოლუტურად განსხვავებული არა მხოლოდ განცხადებების გაკეთება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც. ხშირად ისეც ხდება, რომ ტრამპის განცხადებებს არანაირი რეალური კავშირი არ აქვს აშშ-ს საგარეო პოლიტიკასთან

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ დროში, რა დროშიც გაიმართა მოლაპარაკებები, შეუძლებელი იყო იმ 6 თემის განხილვა, რომელზეც ტრამპსა და პუტინს უნდა ემსჯელათ და რამე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაზეც ტრამპისა და პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის შესახებ ითქვა?

- მე რაც უკრაინაზე მოვისმინე, ტრამპისგან პოზიცია ასეთი იყო - აშშ-ს პოზიცია არც ერთ საკითხში არ შეცვლილა, მათ შორის არც იმაში, რაც ყირიმს ეხება.

- თქვენ ასე ფიქრობთ მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა ნაწილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ტრამპს სიტყვა უკრაინა ერთხელაც არ უხსენებია?

- უკრაინა ახსენა პუტინმა და მის გამონათქვამებს უკრაინაზე თუ დავუკვირდებით, გასაგები იყო, რომ უკრაინაზე ამერიკული პოზიცია არ შეცვლილა.

უკრაინის საკითხში აშშ-ს პოზიცია არც ერთ პუნქტში არ შეცვლილა, მათ შორის არც იმაში, რაც ყირიმს ეხება

პუტინი კვლავ თავისებურად აფასებს იგივე მინსკის შეთანხმებებს დონბასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, აშშ ყირიმს უკრაინის ტერიტორიის ნაწილად განიხილავს, რომელიც რუსეთს დღეისათვის ოკუპირებული აქვს.

- პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ აშშ ზეგავლენას მოახდენს კიევზე და უკრაინა შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს. რამდენად შეიძლება ჰქონდეს იმედი მოსკოვს, რომ აშშ შეეცდება კიევმა შეასრულოს უკრაინისთვის წამგებიანი მინსკის შეთანხმებები?

- არა, ამგვარი მოლოდინი არც შეიძლება იყოს, ვინაიდან პუტინის მხრიდან ეს უფრო რიტუალური ფრაზა გახლდათ - პრაქტიკული თვალსაზრისით ამერიკელები როგორც არც აქამდე ახდენდნენ არანაირ გავლენას კიევზე პუტინისათვის სასარგებლო მიმართულებით, არც მომავალში არ შეეცდებიან ამის გაკეთებას.

- უკრაინაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ახლა მსოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანაა და იგი რუსეთს ნავთობისა და გაზის მიწოდების საკითხში კონკურენციას გაუწევს რუსეთს არა მხოლოდ ევროპაში...

- ამერიკას სურს ნავთობისა და ფიქლის გაზის ევროპაში ექსპორტირება. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ თეორიულად არსებობს. უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ აშშ-მ ფიქლის გაზის ექსპორტი აზიის ქვეყნებში დაიწყოს, ვინაიდან ეს ეკონომიკურად უფრო მომგებიანი იქნება. ამერიკული გაზის ევროპაში ექსპორტი ნაკლებად სავარაუდოა.

ამერიკული გაზის ევროპაში ექსპორტი ნაკლებად სავარაუდოა. ამისთვის შეიძლება ევროპამ ახლო აღმოსავლეთი გამოიყენოს

ევროპას უფრო ახლო ქვეყნებიდან შეუძლია გაზის მიღება. მე მხედველობაში არ მაქვს რუსეთი, ვინაიდან ამისთვის შეიძლება ევროპამ ახლო აღმოსავლეთი გამოიყენოს. ევროპას ახლო აღმოსავლეთიდან გაზის მიღება უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე მისი ამერიკიდან მიღება. იმას, რაც ამ საკითხზე ტრამპმა თქვა, რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- სირიაზეც გაკეთდა განცხადებები. თქვენი აზრით როგორი იყო მხარეების პოზიციები სირიის საკითხში?

- სირიის საკითხში გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში აშშ-სა და რუსეთის ინტერესები სირიაში ერთმანეთს ემთხვევა და ისინი სირიის საკითხებში გარკვეულ ჰუმანიტარულ პროგრამებში ითანამშრომლებენ.

შესაძლოა, ეს უკანასკნელი უფრო რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, ვინაიდან სირიასთან მიმართებაში აშშ-ს მხრიდან ჰუმანიტარულ აქტივობებსა და ამ სფეროში აშშ-რუსეთის თანამშრომლობას აქამდე ადგილი პრაქტიკულად არც ჰქონია.

ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში აშშ-სა და რუსეთის ინტერესები სირიაში ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არ ემთხვევა სირიიდან ირანის გასვლის საკითხში

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, სირიასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარეები განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ ის, გავა თუ არა ირანი სირიიდან?

- დიახ, აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია ცალსახა იყო - ირანი სირიიდან უნდა გავიდეს. პუტინს ამ თემაზე არაფერი უქვამს, მაგრამ აქ ვითარება ასეთია - თუ სირიიდან ირანი გავა, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური სცენიდან წასვლა ბაშარ ასადსაც მოუწევს, რაც რუსეთის ინტერესებში სულაც არაა.

- დარწმუნებული ვარ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ ტრამპის მიერ გაკეთებული კომენტარები იმ საკითხზე, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება.

მხედველობაში მაქვს მისი შემდეგი გამონათქვამი - მე ჩვენს დაზვერვას ვენდობი, მაგრამ ამ თემაზე პუტინმა შესანიშნავი წინადადება შემომთავაზა - ამერიკულმა გამოძიებამ - მათ, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ითანამშრომლონ რუს ხაკერებთან. თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის ამ განცხადებას?

- ამ თემაზე ტრამპის სიტყვები არც არაფერს ნიშნავს. ტრამპმაც კარგად იცის, რომ ამ საქმეში რუსეთის მონაწილეობას პუტინი არ აღიარებდა. პუტინს რომ ეღიარებინა აშშ-ს არჩევნებში რუსეთის თუნდაც ოდნავ ჩარევა, ეს უხერხულ მდომარეობაში ჩააყენებდა თავად ტრამპს.

პუტინს რომ ეღიარებინა აშშ-ს არჩევნებში რუსეთის თუნდაც ოდნავ ჩარევა, ეს უხერხულ მდომარეობაში ჩააყენებდა თავად ტრამპს

რაც შეეხება ამერიკელი გამომძიებლების რუსეთში ჩამოსვლას, ეს ისეთივე ფარსი იქნებოდა, როგორც ის, რომ ლიტვინენკოს საქმის გამოძიებაში რუსი გამომძიებლები ჩართულიყვნენ.

- შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტრამპის უცნაურმა ქცევამ, ბევრის შეფასებით, მრავალი თვალსაზისით გაუგებარმა განცხადებებმა, პუტინზე ბუში-უმცროსის განცხადებები გამახსენა, როდესაც მან თქვა - პუტინს თვალებში ჩავხედე და მისი სული დავინახეო. თქვენ ამგვარი შთაბეჭდილება არ დაგრჩენიათ?

- ტრამპს ამგვარი რამ ნამდვილად არ უთქვამს. ტრამპის ამოცანა იყო ჰელსინკის შეხვედრა გამოეყენებინა იმ მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ იგი თითქოს მოსკოვის აგენტია. ტრამპი საკმაოდ გამოცდილი ბიზნესმენია, რომ რეალობა სწორად აღიქვას.

- მიუხედავად ამისა, ტრამპმა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაფუჭება ობამას დააბრალა. გასაგებია, რომ მან მორიგი კენჭი ობამას ეზოში ჩააგდო, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორი არაკონსტრუქციული ქმედებები უძღოდა ამას წინ რუსეთის მხრიდან. იგივე უკრაინასა და სირიაში.

პირიქით, მან იქვე დასძინა, რომ მხარეები ყველაფერს გააკეთებენ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსასწორებლად. უამრავ საკითხში უთანხმოებების ფონზე რას უნდა ნიშნავდეს ტრამპის ეს განცხადება?

- ეს მორიგი ფრაზებია, რომელიც ამგვარი შეხვედრების შემდეგ კეთდება. როგორც წესი, ამგვარი ფრაზების უკან რეალურად არც არაფერი დგას.

ტრამპის ამოცანა იყო ჰელსინკის შეხვედრა გამოეყენებინა იმ მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ იგი თითქოს მოსკოვის აგენტია

როგორც ჩანს, მას არ უნდოდა პუტინის წყენინება. რაც შეეხება კენჭების სროლას ობამას ეზოში - ტრამპმა თქვა, რომ ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ უხერხემლო იყო, რითაც შესაძლებელი გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

გითხრათ სიმართლე, ჰელსინკის შეხვედრაზე ტრამპის ამ ტიპის განცხადებებს მე დიდ მნიშვნელობას არც კი მივანიჭებდი, ვინაიდან მისი ამოცანა იყო რუსეთთან მიმართებაში მისდამი დამოკიდებულების საკითხებში გაჩენილი კითხვების გამო ოპონენტები გაეჩუმებინა.

- როგორც ჩანს, ტრამპს ეს მაინცდამაინც არ გამოუვიდა, ვინაიდან აშშ-ში გარდა იმისა, რომ მას არ პატიობენ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დადანაშაულებას, მეტიც - „რესპუბლიკელებისაგან“ სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები, რომ ამ ტიპის განცხადებებით ტრამპმა სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა...

- დიახ, მეც წავიკითხე ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე მაკკეინის შეფასება. იგი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ვერ შეძლო პუტინთან დაპირისპირება და პუტინთან შედარებით უსუსურად გამოიყურებოდა. მაგრამ, ჩემი აზრით, ამგვარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ძნელი სათქმელია თუ რა ტაქტიკა აირჩია სამოქმედოდ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ურთიერთობებში... ვიდრე ეს არ გვეცოდინება, ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რა უნდა რეალურად პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტ პუტინისაგან

რაც ჩვენ ჰელსინკში გამართულ შეხვედრის შესახებ ვნახეთ, ძნელი სათქმელია თუ რა ტაქტიკა აირჩია სამოქმედოდ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ურთიერთობებში. ჯერ არც ის ჩანს, თუ როგორ ესახება მას იგივე სირიის კონფლიქტის მოგვარება. ვიდრე ეს არ გვეცოდინება, ძნელია იმაზე მსჯელობა თუ რა უნდა რეალურად პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტ პუტინისაგან.

- იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრა საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელდა დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე ტრამპსა და პუტინს გარკვეულ საკითხებში საიდუმლო გარიგება შედგა...

- არა, ამგვარი რამ გამორიცხულია. ჯერ ერთი ერთი-ერთზე შეხვედრაზე ტრამპი და პუტინი მარტო არ იყვნენ. ტრამპმა რუსული არ იცის, პუტინმა ინგლისური, ასე რომ მათ შორის გამართულ ე.წ. ერთი-ერთზე შეხვედრას როგორც მინიმუმ თარჯიმნები მაინც ესწრებოდნენ.

ლიდერებს რომ თარჯიმნების გარშე შეძლებოდათ ურთიერთობა, ეს სულ სხვა საქმეა და ამგვარი რამის გამორიცხვა მართლაც რთული იქნებოდა.

- ფაქტია, რომ მსოფლიოში ტრამპი-პუტინის შეხვედრის მიმართ ინტერესი დიდი იყო. თქვენი აზრით, ამ შეხვედრისაგან რა კითხვებზე მიიღო პასუხები მსოფლიომ, ევროპამ, იგივე კიევმა მაგალითად?

- ვფიქრობ, რომ ტრამპი-პუტინის ჰელსინკის შეხვედრისაგან არც ევროპას, არც უკრაინას და არც დანარჩენ მსოფლიოს არც ერთ გლობალურ საკითხზე არანაირი პასუხი არ მიუღია. გასაგებია, რომ უკრაინის საკითხში ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა, სირიის საკითხში მხარეებს შორის პოზიციების ცოტა რამეში თუ ემთხვევა და თუ რამეში ემთხვევა, ისინი აშკარად მეორეხარისხოვანი საკითხებია.“

ტრამპსა და პუტინს რომ თარჯიმნების გარეშე შეძლებოდათ ურთიერთობა, მათ შორის საიდუმლო გარიგების გამორიცხვა მართლაც რთული იქნებოდა

ჩრდილოეთ ნაკადთან“ დაკავშირებით ასევე აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარება რჩება. კერძოდ, რა პოლიტიკა ექნება აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადთან“ მიმართებაში. ანუ, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას იმ კომპანიების მიმართ, ვინც ამ ნაკადით აპირებს სარგებლობას და ასე შემდეგ. ის, რაც პრესკონფერენციაზე ჩვენ მოვისმინეთ, ამ კითხვებზე პასუხს არ იძლევა.

ფაქტია, რომ ტრამპი-პუტინის ჰელსინკის შეხვედრისაგან არც ერთ პრინციპულ საკითხზე პასუხები არავის მიუღია. აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებში რა გაურკვევლობაც იყო, ყველაფერი ისევ ისე დარჩა.

- მიუხედავად ამისა, კრემლთან დაახლოებული ექსპერტების შეფასებით ჰელსინკის შეხვედრა რუსეთისთვის წარმატებული იყო...

- ჰელსინკში რაც არ უნდა მომხდარიყო, კრემლის ექსპერტები ყველა შემთხვევაში იტყოდნენ, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა წარმატებული იყო. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ ასეთი სამსახური აქვთ. მათი შეფასებები შეხვედრების კონკრეტულ შედეგებზე არაა დამოკიდებული.

- და ბოლოს, მინდა გკითხოთ იმაზე, რაზეც თბილისში ხშირად საუბრობენ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე არ უსაუბრიათ. ოპოზიცია ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს და ამას ოფიციალური თბილისის არასაკმარისი საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. რას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოზე არ უმსჯელიათ?

- ის, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოზე არ უმსჯელიათ არც არაფერს ნიშნავს. როგორც ჩანს, ორივე მხარემ ჩათვალა რომ საქართველოს საკითხი საკმაოდ მცირეა იმ პრობლემებიდან, რაზეც უნდა ემსჯელათ.

ტრამპს და პუტინს არც ავღანეთისა და არც ცენტრალური აზიის საკითხები არ განუხილავთ, მათ ძალიან ბევრ საკითხზე არ ჰქონიათ საუბარი, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რამეს უნდა ნიშნავდეს

თუ ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს, ასევე შეიძლება ითქვას, რომ ტრამპსა და პუტინს არც მთიანი ყარაბაღის კონფქლიქტი არ განუხილავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეხვედრაზე შეუძლებელი იყო მათ მსოფლიოში არსებული ყველა საკითხი განეხილათ.

არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს არც ავღანეთისა და არც ცენტრალური აზრიის საკითხები არ განუხილავთ. ასე რომ, მათ ძალიან ბევრ საკითხზე არ ჰქონიათ საუბარი, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რამეს უნდა ნიშნავდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს