ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2018

პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"

***

პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ნატო-ში საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე და ცალსახად აღნიშნა, რომ მისი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება. მისი თქმით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ქვეყნისათვის პირდაპირი და უშუალო საფრთხის შემცველია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"სამხედო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინს ახალი არაფრი უთქვამს ინტერვიუში. უბრალოდ, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მსოფლიო მიახვედრა, რომ ამ პოზიციებს ყოველ მიზეზგარეშე დაიცავს. ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა "ალტერნატიულ გზაზე", რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა შეუძლია მათი ალიანსში გაწევრიანების გარეშე, ორმხრივ ფორმატს. ვახტანგ მაისაია აცხადებს რომ რუსეთში ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2015 წელს იყო საუბარი და სამხედრო დოქტრინით მკაცრად გაისაზღვრა, რომ ნატო-ს ინფრასქტუქტურის განლაგება რუსეთის ფედერაციეს მოსაზღვრე ტერიტორიებზე სამხედრო საფრთხედ იქნება მიჩნეული“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, პუტინს არაფერი ორიგინალური არ უთქვამს. ეს ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში მიღებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ აღინიშნა, რომ ნატო-ს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე სივრცეში ჩაითვლება პირდაპირ სამხედრო საფრთხედ. ასე რომ, პუტინმა, ფაქტობრივად, გაიმეორა თავისი ქვეყნის დოქტრინაში ჩადებული საკითხი, რომელიც დაფიქსირებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც“. თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა ის, რაც წარსულში არაერთხელ უთქვამს და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აქვთ გაწერილი."ახალი მას არაფერი უთქვამს. რუსებს ეს უწერიათ ყველა თავიათ ოფიციალურ დოკუმენტში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ყველგან წერია. ეს არის ულტიმატუმი ნატო-სთვის, რომ ქვეყნები არ შეიყვანონ ალიანსში, თორემ რეალურად იმუქრება ომით", - განაგრძობს გამოცემა.

"რეზონანსთან" საუბრისას მაისაიამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ღიად წაუყენა ულტიმატუმი ამერიკას, ნატო-ს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებს, საქართველოს და აღნიშნა, რომ მისი საპასუხო ნაბიჯები შესაძლოა, ნეგატიური იყოს. "რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები პირდაპირი ულტიმატუმია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ულტიმატუმი იყო თვითონ კონტრდოკუმენტში ასეთი პუნქტის ჩადება და დაფიქსირება. "რუსეთმა გვიჩვენა, რომ მას შეუძლია საომარი მოქმედების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. 2008 წლის ომის დროს დაასუსტა საქართველოს სამხედრო პოტენციალი, მთლიანად გაგვინადგურა საზღვაო ფლოტი, ასევე საბრიგადო მართვის ცენტრები, ჩვენს დედაქალაქს ოკუპაციით დაემუქრა. რომ არა სარკოზის ჩარევა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, არავინ იცის, " - თქვა სამხედრო ექსპერტმა. შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ნატო-ს წევრ ქვეყნებს. "გააჩნია, რა რეაგირება მოჰყვება ამას ნატო-ს ლიდერების მხრიდან. თუ შეეშინდებათ, მაშინ კიდევ უფრო გართულდება ჩვენი ნატო-ში შესვლა. სხვათა შორის, დიდი შანსია იმისა, რომ შეეშინდეთ კიდეც. ფაქტია, რომ პუტინი ომით იმუქრება. შესძლოა, უშუალოდ ომი არც უნდოდეს და უბრალოდ იმუქრება, მაგრამ დაშინებას ცდილობს, ფაქტია, - ამბობს შარაშენიძე“, - დასძენს გამოცემა.

"მაისაია ფიქრობს, რომ ნატო-სთვის იმის შესთავაზება, რომ არაწევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში ითანამშრომლოს, არის მცდელობა იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარ გაფართოვდეს და ყველანაირად აღმოფხვრას იმის შანსი რომ საქართველო ან უკრაინა შევიდეს ორგანიზაციის შემადგენლობაში. "როგორც ჩანს, აქ იგულისხმება, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხი არ უნდა იდგეს. ფაქტობრივდა, უკვე ოფიციალურად დაიწყო მოლაპრაკებები მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ახლა რჩება მხოლოდ ბოსნია და ჰერცოგოვინა, რომელსაც, სავარაუდოდ, შემდეგ სამიტზე მიწვევენ და მთლიანად დასრულდება ნატოს გაფართოების თემა. "როგორც ჩანს, რუსეთმა ნატოს წაუყენა ულტიმატუმი, რომ მომავალში აღარ მოხდეს ნატო-ს გაფართოება, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებით. "საქართველოსა და უკრაინის წევრობის საკითხი, როგორც ჩანს, ძალიან მკაცრად არის დაყენებული და გულისხმობს იმას, რომ ეს ორი ქვეყანა არ უნდა შევიდეს ნატო-ს შემადგენლობაში" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"

"სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ათი ოპოზხიციური პარტიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. მან საერთოდ საპრეზიდენტო კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ახალი მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ოფიციალურად წარადგენს”, - წერს გაზეთი "რეზონოანსი“ სტატიაშ სათაურით, "რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"

"პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი სხვა პარტიებისთვის მიუღებელი იქნება. "ქვეყანაში, სადაც 240-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული და თითქოსდა 10 პარტია უმრავლესობას ვერ მოიმკის, სინამდვილეში, ამ პარტიებისგან შემდგარი ერთობა არის რეალური. ამიტომ, მათი სურვილი არ შეიძლება იყოს რამე ციდან ჩამოფრენილი გზავნილი. "ისინი, დიდი ალბათობით, რეალობას არიან ჩაჭიდებული, როდესაც საუბარია ერთ პიროვნებაზე, რომელიც მათ უნდა საკუთარი ხმების მიცემით წარმოადგინონ, მაგრამ ამ 10 პარტიიდან რომელიმე ერთი დანარჩენებისთვის ნამდვილად მიუღებელი იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ის აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი, ვინც არ დაექვემდებარა ერთ კონკრეტულ პირს, მსგავსი პერსონა შესაძლოა, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყოს. "საქართველოს პრეზიდენტი წლების განმავლობაში თითქმის ერთადერთია, ვინც არ დაექვემდებარა ერთ პირის მიერ პრივატიზაციას. ასეთად მე მეორე მხოლოდ უჩა ნანუაშვილი მიმაჩნია". ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოს" წევრ დავით ბაქრაძეს აქვს გამარჯვების რეალური შანსი, რადგან მან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა“, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება "ქართული ოცნების" კანდიდატს, მისი თქმით, "ოცნება" დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, რომელიც "ამ სავარძლისთვის უკვე თვალსაჩინოდ იბრძვის" "დავით ბაქრაძე - ჩემი აზრით, სწორედ მასზეა საუბარი "ევროპული საქრთველოს" სივრცეში. მას, რასაკვირველია, გააჩნია ყველა შესაბამისი გამოცდილება და შემთხვევითი არ არის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. "ჩემთვის უფრო რეალურია, რომ "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს არც ერთი პარტიის წევრს ქალბატონ სალომეს, ვინც თავისი პროფესიული წარსულითა და შესაძლებლობებით შესაძლოა, ახალ კონსტიტუციის პირობებში ამ თანამდებობას ყველაზე კარგად იყოს მორგებული. ყველაზე ნეიტრალური ისევ და ისევ იქნება ქალბატონი სალომე, ვინც ამ სავარძლისთვის იბრძვის უკვე თვალსაჩინოდ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ერთ საეროთ კანდიდატს არ დაასახელებენ, მათ გამარჯვების შანსი არ ექნებათ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელოაბ, ეს გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა კანდიდატი, მეორე ტური არ ჩატარდება, რადგან პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს. "ვაშაძესა თუ სხვას, ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციიდან, ეს არ იქნება ერთადერთი, რომელიც დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ამიტომაც მას გამარჯვების შანსი არ აქვს. მათ გამარჯვების შანსი აქვთ იმ შემთხვევაში, თუ დაასახელებენ ერთ კანდიდატს. "თუ ბევრი კანდიდატი იქნება დასახელებული და არა ერთი, არც მეორე ტური არ იქნება, პირველივე ტურში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. "ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ამოცანა; არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იბრძვის გამარჯვებისთვის. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებში გამოვლინდეს, ვინ არის პირველი და ვინ მეორე. "ოცნება" ვისაც დაასახელებს და მხარს დაუჭერს, ის აუცილებლად მოიგებს. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის ფონზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ფაქტობრივად, განულდა, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, არ ექნება მნიშვნელობა. "მათ შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილს და მშვიდად ჩაატარონ არჩევნები, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. მათი კანდიდატი თუ იქნება პირდაპირი კანდიდატი, ამას შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს არჩევნები გააყალბეს," - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა