გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე ვიზიტით რუმინეთს ეწვივნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ნიკოლა ესკუსს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობათა განვითარების საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ სამასწლოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას.

„გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც დინამიურად ვითარდება, კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი გახდება მომავალში. ძირითადი ყურადღება დაეთმო, 2019 წლის პირველ ნახევარში, რუმინეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის წინ წამოწევას და ამ მიმართულებით, აქტიური პოლიტიკის გატარებას. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბუქარესტში საქართველოს საელჩოში გამართულ გამოფენა დაათვალოერეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რუმინეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირთა უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს ვიორელ ენეს რუმინეთში საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მისი ორგანიზებით, გაიმართა საპროტესტო აქციები ბუქარესტში რუსეთის საელჩოს და კონსტანცაში რუსეთის გენერალურ საკონსულოს შენობებთან.

მას შემდეგ, ყოველი წლის აგვისტოში, ვიორელ ენე ორგანიზებას უწევს მსგავს აქციებს და ამ ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გიორგი აბაშიშვილმა ხუთ რუმინელ სამოქალაქო აქტივისტს: იონ ვარლამს, მიხაილ ელიან ულსამერს, ჯეორჯე რონჩეას, ვიქტორ რონჩეას, ნიკოლაე ჩერუცას საქართველოსათვის გაწეული ღვაწლისთვის, პირადად გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას DiGi24, სადაც დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.

ვიზიტის ბოლოს, ქართულმა დელეგაციამ დაათავლიერა რუმინეთის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოწყობილი გამოფენა სახელწოდებით: „ასი წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოების და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებ შექმნილი ფოტოგამოფენა.