მევენახე დაინტერესებულია ყურძენი გაყიდოს ძვირად, მეღვინე პირიქით - ის იყიდოს იაფად, სახელმწიფოს ინტერესია, ორივე მხარე იყოს კმაყოფილი

რატომ მიიღო სახელმწიფომ ყურძენზე სუბსიდიის მოხსნის გადაწყვეტილება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? რამდენი საწარმო ჩაერთვება "რთველი 2018"-ში და შეძლებენ თუ არა ქართველი მევენახეები მზარდი ექსპორტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას? აიკრძალება თუ არა "ხვანჭკარას" დაწურვა რაჭის გარდა სხვა რეგიონებში? ამ და "რთველი 2018"-თან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე „ინტერპრესნიუსი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრო ასლანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ადნრო, საუბარი მინდა დავიწყოთ წლევანდელი სიახლით. წელს პირველად ყველა ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება მოიხსნება. რა არის ამის მიზეზი?

- მოგეხსენებათ, სუბსიდიის შემოღებას ჰქონდა თავისი პრეისტორია და თავისი განსაკუთრებული მიზეზები. კერძოდ, ეს გახლდათ რუსული ემბარგო. მე მახსენდება 2008 წელი, როცა ექსპორტის მონაცემები იყო ძალიან დაბალი, 15 მილიონი ბოთლის ფარგლებში. შესაბამისად, სწორედ ამ წლიდან დაიწყო სუბსიდიის მიწოდება და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ დარგში საჭირო იყო ხელოვნური ჩარევა. შემდეგ გამოვყოფდი 2013 წელს, როცა ექსპორტის რიცხვებმა დაიწყო ზრდა. მაგალითად, 2014 წელს ექსპორტი დაახლოებით 40 მილიონ ბოთლზე იყო ასული. ეს რიცხვები კვლავ გაიზარდა და 2017 წელს, სახელმწიფო ნაწილობრივ უკვე გამოსული იყო სუბსიდიიდან. მაგალითად, "საფერავის" ჯიშის ყურძენზე შარშან სუბსიდია აღარ ყოფილა. თუმცა იმისთვის, რომ ერთიანად მოხსნა მტკივნეული არ ყოფილიყო, სუბსიდირება შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე, ასევე "რქაწითელის" და "კახური მწვანეს" ჯიშებზე იმ პირობით, თუ ისინი საბრენდე სპირტის გამოხდის მიზნით გადამუშავდებოდა. 2017 წელს საექსპორტო მაჩვენებელმა რეკორდულ რიცხვს - 76 მილიონ ბოთლს - მიაღწია. 2018 წლის დაწყებიდან ყოველ თვეში 20-30% - იანი ზრდა ფიქსირდებოდა. ეს ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ 2018 წელსაც შენარჩუნდებოდა ზრდა და შესაძლებელი იყო სუბსიდიის მოხსნა.

- სახელმწიფო ყურძენზე სუბსიდირების შეწყვეტას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელება გადაწყვიტა, რადგან კახელი მევენახეები აცხადებდნენ, რომ სუბსიდირების მოხსნის შედეგად საწარმოები დაბალ ფასად ჩაიბარებდნენ ყურძენს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ამ დარგს დააზარალებდა. არსებობს თუ არა იმის გარანტია, რომ საწარმოები წელს ყურძენს ისეთ ფასად ჩაიბარებენ, რომ ამას მევენახეების პროტესტი არ მოჰყვება?

- რთველს ყოველთვის ახლავს ვნებათაღელვა. აქ არის ორი მხარე - ერთი დაინტერესებულია გაყიდოს რაც შეიძლება ძვირად, მეორე დაინტერესებულია იყიდოს რაც შეიძლება იაფად. სახელმწიფო კი დაინტერესებულია ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. აქ არის კიდევ ერთი პარამეტრი - ხარისხი. ერთი კონკრეტული ფასის დადგენა ცოტა რთულია, თუმცა ქარხნები ცდილობენ, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის ყურძენი შეიძინონ და ამაში ისინი მზად არიან, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ. როგორც უკვე გითხარით, შარშან "საფერავის" ჯიშის ყურძენზე მოიხსნა სუბსიდია, რომლის საშუალო ფასი შარშან 1.75 ლარი იყო და არანაირი პრობლემა არ შექმნილა.

- თუ არის უკვე ცნობილი ღვინის რამდენი საწარმო ჩაიბარებს ყურძენს?

- 24-25 აგვისტოდან, როცა რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის განკარგულების თანახმად, ყველა საწარმო, რომელსაც რთველში მონაწილეობის სურვილი აქვს, უნდა დარეგისტრირდეს რთველის შტაბში. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოს უკვე გვეცოდინება წელს რამდენი საწარმო ჩაიბარებს ყურძენს. შარშან, მაგალითად, 230 საწარმო მონაწილეობდა რთველში. ვფიქრობთ, რომ წელს 200-250 კომპანიის ფარგლებში იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ ტენდენციები ზრდადია. წელს სხვადასხვა გამოფენაზე 50-ზე მეტი ახალი საწარმოც გამოჩნდა.

- თქვენ ქართული ღვინის გაზრდილი ექსპორტი ახსენეთ. როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელ ქვეყნებში გადის ყველაზე მეტი ბოთლი?

- მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, 45.4 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გადაიზიდა უცხოეთში. პირველი ხუთეულის სტრუქტურა ასე გამოიყურება: რუსეთში - 28 მილიონი ბოთლი, უკრაინაში - 5 მილიონი ბოთლი, ჩინეთში - 3.5 მილიონი ბოთლი. ყაზახეთსა და პოლონეთში - 2-2 მილიონი ბოთლი ღვინო გადაიზიდა. პირველ და ბოლო ბაზარს შორის თვალსაჩინო კონტრასტია, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის რუსეთში, ცნობადობა და მოთხოვნა ქართულ ღვინოზე სწორედ მისი რეპუტაციიდან გამომდინარე არის ძალიან მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო პოსტსაბჭოთა სივრცეში არანაირ აქტივობას არ ახორციელებს, 1 ლარსაც კი არ ხარჯავს, აქ ცნობადობა მაინც მაღალია. მეორე მხრივ, ჩვენი სააგენტო მნიშვნელოვან ინვესტიციას ხარჯავს ჩინეთის, ამერიკის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას სჭირდება გარკვეული დრო. ხშირად, თვითონ საქართველოს ცნობადობაც დაბალია ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან კანადაში საშუალო ფენის მომხმარებელს შესაძლოა გაუჭირდეს იმის დასახელებაც კი, თუ სად მდებარეობს საქართველო. ხშირად, ქართული ღვინო ერევათ ჯორჯიის შტატის ღვინოში.

- რაც შეეხება ევროპას, რამდენად მოახერხა ქართულმა ღვინომ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრება?

- დიახ, ევროპის ქვეყნებშიც გადის ქართული ღვინო. შარშან, ჯამურად 7 მილიონი ბოთლი გადაიზიდა ევროპაში. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ზემოთ ვთქვით, არის დადებითი ტენდენციები. მაგალითად, წელს, იაპონიაში ივნისის თვეში 200%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ივლისის თვეშიც 125% -იანი ზრდა დაფიქსირდა და ჯამში 170 ათასი ბოთლი გადაიზიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს გერმანიაში არის სტაბილური ზრდა და უკვე 300 ათასი ბოთლი გადაიზიდა. ასევე, პოლონეთში გვაქვს 30-40%-იანი ზრდა და უკვე 2 მილიონ ბოთლს მიაღწია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიას, ამ ქვეყნებში ექსპორტირებულმა ღვინომ დაახლოებით 50 000 ბოთლი შეადგინა.

აქვე აღვიშნავ იმასაც, რომ შარშან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საფრანგეთის სახელისუფლებო თუ სხვა წრეებმა საქართველოს საშუალება მისცეს გაემართა გამოფენა - „საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო“. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი გამოიწვია და მომავალში ეს ძალიან ეფექტურად იქნება გამოყენებული ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. მითუმეტეს, რომ ამას ზურგს უმაგრებს სამეცნიერო კვლევა. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა პატრიკ მაკგოვერნმა თავისი კვლევებით დაადგინა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში ღვინო იწრამოებოდა. ამავე დროს, გასულ წელს საქართველო გინესის წიგნში შევიდა, როგორც უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.

- როგორია ხარისხის სტანდარტი? შეძლო თუ არა ქართულმა ღვინომ ის მაღალი სტანდარტი დაეკმაყოფილებინა, რაც ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშია და რამდენად კონკურენტუნარიანია ის?

- ჩვენ ვცდილობთ, რომ ამერიკის, კანადის და თუნდაც ჩინეთის ბაზარზე შევაღწიოთ და დავიკავოთ ჩვენი ნიშა. იქ კი ძალიან მძაფრი კონკურენციაა. ამ კონკურენციაში თვითონ საფრანგეთსა და იტალიას უჭირს, ვინაიდან ე.წ. ახალი ღვინის ქვეყნები მაღალხარისხიან და ფასის დაბალ სეგმენტში იბრძვიან და ხშირ შემთხვევაში ამ გამოცდილ და წამყვან ქვეყნებს სჯობნიან კიდეც. საქართველო ცდილობს ამ ორთაბრძოლაში ჩაერიოს და აღიარება მოიპოვოს. ასე რომ, გზის გაკვალვა ძალიან რთულია და ვფიქრობ, დასაფასებელია ის ნაბიჯები, რაც ამ დარგში იდგმება. თუ ყოველწლიური ექსპორტის სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა თუ ქართულ ღვინოს ექნებოდა პრობლემები.

- ისევ რთველს რომ დავუბრუნდეთ. არის ხოლმე წლები, როდესაც მევენახეებს იმაზე მეტი მოსავალი აქვთ, ვიდრე საწარმოებს ჩაბარების შესაძლებლობა. მსგავსი პრობლემის შექმნის შემთხვევაში რა მოხდება?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთან ახლა უკვე საუბარი იქითკენ მიდის, რამდენად მიჰყვებიან მზარდ ექსპორტს ვენახები. ვენახების განაშენიანება დაახლოებით 1000-2000 ჰექტარია და მზარდი ექსპორტის ფონზე ჩვენი საზრუნავი დროთა განმავლობაში ხდება ის, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება სანედლეულო ბაზამ მოგვცეს საშუალება, არ მოვაკლოთ ექსპორტს ღვინის მიწოდება. ანუ პირიქით ტენდენციებია. ასევე, შიდა მოხმარების ბაზარიც მზარდია. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ღვინის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოიხმარება. ასე რომ, ჯერჯერობით მოვლენების უფრო საწინააღმდეგო განვითარებაა მოსალოდნელი. მინდა ოპტიმისტი ვიყო და ვიმედოვნო, რომ ეს ტენდენციები შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში საზრუნავი უფრო საპირისპირო კუთხით გვექნება.

- როგორც ვიცით, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2019 წელს "ხვანჭკარას" დაწურვა მისი ადგილწარმოშობის მიხედვით, ანუ მხოლოდ რაჭაში მოხდება. იგეგმება თუ არა, რომ მომავალში ეს წესი სხვა ჯიშის ყურძენზეც გავრცელდეს?

- ეს არის ძალიან კარგი მიზანი და ამის განხორციელება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა აქაც, სუბსიდირების მოხსნის მსგავსად, ეტაპობრივად ვმოქმედებთ, რათა კომპანიებისთვის ეს მტკივნეული გადაწყვეტილება არ იყოს. როგორც მოგეხსენებათ, კახეთში რთველი ოქტომბრის პირველ რიცხვებში სრულდება და შემდეგ გადავდივართ რაჭაში. სწორედ წლევანდელ გეგმებში შედის სიტუაციის შესწავლა და იმის გარკვევა, თუ რამდენად არის მზაობა, რომ "ტვიშთან" მიმართებაშიც გადაიდგას მსგავსი ნაბიჯები. გვინდა, რომ ყურძნის ადგილწარმოშობის მიხედვით დაწურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან თანამშრომლობით მივიღოთ.

საქართველოში არის 28 ადგილწარმოშობის დასახელება, საიდანაც 19 არის ღვინის, ხოლო დანარჩენი მინერალური წყლების. ზოგადად, ადგილწარმოშობის ცნება არის ერთგვარად მარკეტინგული გადაწყვეტილებაც და ამით ხაზი ესმევა იმ გარკვეული ზონის განსაკუთრებულობას. ეს შემდეგ საფასო სეგმენტშიც აისახება. ადგილწარმოშობის ცნებას თან ახლავს თავისი წესები, რომელიც უნდა იქნეს დაცული, რადგან ამ ცნების სიწმინდე და რეპუტაცია შენარჩუნდეს. მაგალითად, იზღუდება გამოსავლიანობა და აქცენტი კეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. შესაბამისად, დაწურვის ტექნოლოგიური პროცესებიც უნდა მიმდინარეობდეს ყურძნის ადგილწარმოშობის ადგილზე, რათა ყველანაირად ჩანდეს, რომ ზონას აქვს თავისი რეპუტაცია. უნდა ჩანდეს, რომ აქ ჩვენ განსაკუთრებით მკაცრ წესებს ვაღიარებთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენი ღვინის რეპუტაციას ზრდის.

მარიამ დემეტრაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო