ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2018

ვახტანგ ძაბირაძე - "სალომე ზურაბიშვილმა თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა"

რუსეთი მსოფლიო პატრიარქს და მის მხარდამჭერებს ემუქრება

მეთიუ ბრაიზა - "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ"

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - "სალომე ზურაბიშვილმა თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა"

"რაღა დაგიმალოთ და, "ქართულ ოცნებას" ფრიად უცნაური ლოგიკა აქვს. კანდიდატი რომ არ დაასახელეს, დემოკრატიულობას სულაც არ ნიშნავს. შეიძლება ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ბოლოს თქვან, ჩვენ კანდიდატი არ გვყოლია და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოსო. ეს უფრო პიარისა და დისკუსიის თემაა, ვიდრე დემოკრატიის. თუ დამოუკიდებელი კანდიდატის ფინანსური რესურსი, ორგანიზაციული მხარე და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობა "ქართული ოცნების" იქნება, ამასთანავე, პარტიის ლიდერები აქტიურად ჩაერთვებიან ზურაბიშვილის კამპანიაში, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატზე შეიძლება ლაპარაკი?! ეს იქნება მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სალომე ზურაბიშვილმა თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა" / "ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო მმართველობა ლამის საპრეზიდენტოდ ვაქციეთ. რაზეა საერთოდ ლაპარაკი!" / "თუ ხორავას ქუჩის საქმეში, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე არ დადგინდა, მას იგივე ეფექტი ექნება ამ ხელისუფლებისთვის, რაც ჰქონდა გირგვლიანის საქმეს "ნაციონალური მოძრაობისთვის".

"ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. ვინაიდან პირველობის უფლება არც ერთ ჯგუფს არ ეძლევა, წინასაარჩევნოდ გაჩნდა პრობლემა - თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო. რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, ამიტომაც გადააბრალეს დემოკრატიის განვითარების კეთილშობილურ სურვილს - ეს არის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მთელი ანატომია. არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აწყობს "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის კანდიდატურა. საქმე ის არის, რომ ის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო სავარძელს არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას და მისი ლიდერი გახდეს. ეს არ გააკეთა არც გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის ძალიან ეშინოდა. მოკლედ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა და ხიფათი ზურაბიშვილისგან არ დაემუქრებათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მართვადი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი. ის საკმაოდ "რთული" პოლიტიკოსია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ზურაბიშვილი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რისიც `ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია, ისეთი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, ანუ ოპოზიციური ძალების ლიდერი. მას ჰქონდა ამის შანსი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა და შეეძლო ოპოზიციის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ შეძლო, მერე კი საერთოდ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ქვეყნიდან. მან თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა... ჩემი აზრით, დღეს ზურაბიშვილი უფრო დიდ და რთულ პოლიტიკურ თამაშს ვერ შეძლებს და არც მოისურვებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, პერსონალურ სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა ყოვლად არასწორი მგონია... ყოვლად მიუღებელია, რომ თურმე ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვის უნდა დაენიშნოს დაცვა და ვის - არა. ეს ხომ სრული აბსურდია! თურმე ხარჯების დაზოგვაა ამ ნაბიჯის მოტივაცია. გვითხრან ერთი, რამდენი იხარჯება ამაზე? კანონმა უნდა განსაზღვროს, დაენიშნებათ თუ არა დაცვა ყოფილ პირველ პირებს და მორჩა. ეს ვიღაცის ხასიათსა და ხუშტურზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ მაინცდამაინც დიდი ხარჯი ადგება სახელმწიფოს ამით, მაშინ შეიძლება განისაზღვროს, მაგალითად, 10-წლიანი ვადა და პოსტის დატოვებიდან ამ ხნის განმავლობაში დაენიშნოთ დაცვა. ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში მათ ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია უკვე მოძველებული იქნება", - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და აშკარად გამოჩნდა პროკურატურის შეცდომებიც და მიკერძოების ფაქტებიც, რისი აღიარებაც მმართველ ძალას არ სურს... ახლა ჯერი პარლამენტზეა - რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლების შეფასებები და მოქმედება?", - პასუხობს:

"როგორც ვიცი, საქმე აღძრულია გამოძიების მიმდინარეობის გამოც. საქმის მსვლელობაში დარღვევები რომ იყო, ცხადია. ამ თემას ორი მხარე აქვს: ერთი - თუ რა იურიდიული გაგრძელება ექნება ამ კომისიის მუშაობას, აისახება თუ არა რეალურად საქმის მსვლელობაზე და მეორე - რა პოლიტიკური გავლენა ექნება და როგორ იმოქმედებს "ქართული ოცნების" რეიტინგზე. ერთს ვიტყვი, ეს რომ არ იყოს "ნაციონალური მოძრაობისგან" წამოსული პირების მიერ შედგენილი დოკუმენტი, მაშინ მას "ქართული ოცნებისთვის" ბომბის ეფექტი ექნებოდა, მაგრამ ამ ადამიანების პოლიტიკური წარსული აზარალებს მთელ ამ პროცესს. თუმცა, თუ ადრე ვინმე აშავებდა, ეს ვერ იქნება საშველი "ქართული ოცნებისთვის" და პოლიტიკურ ზიანს წარმოდგენილი დასკვნის გაზიარება კი არ მოუტანს, არამედ გაუზიარებლობა".

"საქმე ის არის, რომ ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთი დასკვნით არ შემოიფარგლება. თუ არ დადგინდა სიმართლე, ამ საქმეს იგივე ეფექტი ექნება ამ ხელისუფლებისთვის, რაც ჰქონდა გირგვლიანის საქმეს "ნაციონალური მოძრაობისთვის". ეს მუდმივად იმუშავებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ნელი მოქმედების ნაღმის ეფექტი ექნება... 30 წელია საქართველოში ყველა ხელისუფალი ყოველ მეორე წელს ახალ რეფორმას აანონსებს, მაგრამ მისი შედეგი ჩვენმა მოსახლეობამ ვერ ნახა - ისევ მეფობს უსამართლობის განცდა, გვაქვს დაქცეული ეკონომიკა, ქვეყნიდან ისევ გარბიან მოქალაქეები და ა.შ. არავინ ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში შვეიცარიად უნდა გადაქცეულიყო საქართველო, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნახევარი დონისთვის მაინც ხომ უნდა მიგვეღწია? მაგრამ ვერ შევძელით! და რატომ? იმიტომ, რომ არ შევცვალეთ სისტემა. პროკურატურის ან სხვა რომელიმე უწყების ცალკე აღებული რეფორმა რაოდენ კარგიც უნდა იყოს, შედეგიანი ვერ იქნება და საქმეს ვერ უშველის, იმიტომ, რომ მართვის სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი. ინსტიტუციებია ჩამოსაყალიბებელი, მაგრამ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთიანად", - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.

"ვცვლით კონსტიტუციას, მაგრამ ვცვლით ისე, რომ მისი არსი არ იცვლება. დომინანტად მუდმივად მმართველი ძალა რჩება, საბოლოოდ კი იმაზე უარეს შედეგს ვიღებთ, ვიდრე გვქონდა. არანაირი იმედი არა მაქვს, რომ რაიმე შეიცვლება პროკურატურაში. რა იდეალური სისტემაც უნდა ჩამოაყალიბონ ამ სტრუქტურაში, მას სხვა ძალოვანი უწყება თუ პირველი პირი დაბლოკავს... იგივე ითქმის სასამართლო სისტემაზეც. ახლა დებატებია, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ვინც უნდა იყოს, ერთი ადამიანი ამ მახინჯ სისტემასთან ვერაფერს გააწყობს. საბოლოოდ აშკარაა, რომ მმართველ ძალას ქვეყანაში სამართალი არც ერთი ხელისუფლების დროს არ სჭირდებოდა და ახლაც ასეა. ასეთ პირობებში როგორ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი?! ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო მმართველობა ლამის საპრეზიდენტოდ გადავაქციეთ. რაზეა საერთოდ ლაპარაკი!", - დაასკვნის ექსპერტი.

"სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმს სკანდალებიც ახლდა - გაუგებარია, აქ რატომ იმართება ამგვარი შეკრებები. შეიძლება სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართოს მედიაფორუმი, სადაც რუსებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ არა საქართველოში. ამგვარი ფორუმის ერთადერთი მიზანი ხომ ისევ და ისევ კრემლის პროპაგანდის გაძლიერებაა. ჩამოდიან აქ კრემლის რუპორები და აქედან აკეთებენ განცხადებებს, რომელიც რუსეთში შუქდება ისე, ნახეთ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ისევ დომინანტიაო. მე არა ვარ რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი, რუსეთთან მოლაპარაკების მანდატი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას და არა ოპოზიციას ან არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს. გაუგებარია ამგვარი ფორუმების აზრი და ლოგიკა, გარდა იმისა, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისთვის საკვების მიწოდება", - დასძენს ძაბირაძე.

რუსეთი მსოფლიო პატრიარქს და მის მხარდამჭერებს ემუქრება

"მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი დაპირისპირებაა. რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს ემუქრება. ამის მიზეზი კი ამ უკანასკნელის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნა გახდა. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვის საპატრიარქო მის "კანონიკურ ტერიტორიაზე უხეშ შეჭრად" აფასებს. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას და იმუქრება კიდეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო პატრიარქი ამ იდეას მხარს დაუჭერს, უმოქმედოდ არ დარჩება და დიდ პრობლემებს შეუქმნის ყველას. ამავდროულად, რუსეთის ეკლესია სასწრაფოდ ამზადებს საპასუხო ქმედებების პაკეტს. აცხადებს, რომ არ მოერიდება ღია კონფლიქტზე წასვლას მართლმადიდებლური სამყაროს იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მიემხრობიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი დაპირისპირება მართლმადიდებლურ სამყაროში: რუსეთი მსოფლიო პატრიარქს და მის მხარდამჭერებს ემუქრება.

"მოსკოვის საპატრიარქო იმუქრება, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, სადაც გავლენა აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ეკლესია უკვე ღია ომითა და ათასწლეულის განმავლობაში შექმნილი იერარქიის განადგურებით იმუქრება. ასევე ცნობილია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში კიევში თავის ეგზარქოსებად დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის შემდგომი სხდომა 10-12 ოქტომბერსაა ჩანიშნული, სადაც მან ტომოსი (ბრძანება) უნდა დაამტკიცოს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ აღიარება მოხდეს. როგორ შეიძლება, რომ რუსეთმა ამ პროცესს ხელი შეუშალოს და რა ბერკეტები აქვს ამისთვის მას - თეოლოგები აცხადებენ, რომ რუსეთის ეკლესიას ამის არანაირი იურდიული უფლება არა აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან გარკვეული პროვოკაციების საშუალებით ეს პროცესი შეაფერხოს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოა და რუსეთის ეკლესიამ რაც არ უნდა გააკეთოს, მას მსოფლიო პატრიარქი აღარ შეცვლის. ამის ნათელი მაგალითი კი 31 აგვისტოს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა გახდა, სადაც ბართლომეოსმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განმარტებით, რუსეთის ეკლესია იდეოლოგიური მანქანაა, რომელიც კრემლის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობ ინსტრუმენტად არის გადაქცეული. რადგანაც რუსეთი ამ პოლიტიკურ გავლენას და ბერკეტებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე რეგიონში კარგავს, მათთვის ეს პროცესები საგანგაშოა და კრემლის ქცევები ყველანაირ კანონებს შეიძლება გასცდეს - "რუსეთის ეკლესია ვერანაირ სამართლებრივ ბერკეტს ვერ მონახავს, რათა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება შეფერხდეს. მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება, მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება კი ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ არის აუცილებლად გასაზიარებელი, მათ შორის რუსეთის ეკლესიისთვისაც. შესაბამისად, არავითარი თვითნებობა რუსეთს არ გამოუვა, როდესაც მსოფლიო პატრირქი თავის ლეგატებს უკრაინაში გზავნის. მით უფრო, როცა პრეზიდენტი, პარლამენტი და ეკლესიური სუბიექტები თანხმდებიან, რომ მათ აქვთ სახელმწიფო, რომელსაც უფლება აქვს დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს. შესაბამისად, სუვერენი მსოფლიოს საპატრიარქოა", - ამბობს თეოლოგი, რომლის თქმით, "ნორმალური, კანონზომიერი პროცესი მიდის", - განაგრძობს გამოცემა.

"ამაში საერთო მართლმადიდებლური ეკლესიების ერთობისთვის საფრთხის შემცვლელი არაფერია. 40-მილიონიან უკრაინის მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ ერთი საპატრიარქო ჰქონდეს. პროცესი პოლიტიზირებული და პოლარიზებულია, რადგანაც ხელოვნურად ცდილობენ, რომ ტემპერატურა აწიონ, მათ შორის საქართველოშიც", - აცხადებს დაასკვნის გიორგი ტიგინაშვილი. მისივე თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს მხარს დაუჭერს, მაშინ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიკური ქაოსი დაიწყება და ამ ეკლესიებს რუსეთი ავტოკეფალიას მიანიჭებს, რადგან ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს პრეტოგატივაა. თეოლოგი ლადო ნარსია თვლის, რომ არ არის გამორიცხული, მოსკოვის საპატრიარქო კონფლიქტის ესკალაციაზე წავიდეს", - დასძენს გამოცემა.

"კაგებეს აგენტის თავში რა შეიძლება მოიხარშოს, კაცმა არ იცის. რუსეთის ეკლესია ხომ დიდი ხანია ქრისტესი აღარ არის. ეს არის ეკლესია, რომელიც სტალინმა შექმნა. მან კაგებეს აგენტებს ანაფორა გადააცვა და ეკლესიაშია შეუშვა. ამიტომ ჩვენ მოლოდინი, რომ კაგებეს მსახურები და ე.წ. მღვდლები გარკვეულ ესკალაციაზე წავლენ, რა თქმა უნდა, რეალურია. შეუძლებელია, ქრისტეს მსახურები მსგავსი რიტორიკით საუბრობდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც საქართველოს ეკლესიაში არის ნაკლები სიტუაცია. ჩვენთანაც ძალიან ბევრი სასულიერო პირია, რომელიც სპესამსახურების თანამშრომელი იყო და რუსეთის დასაყრდენიც საქართველოს საპატრიარქოში სწორედაც რომ ეს მღვდლები არიან", - აცხადებს ნარსია "რეზონანსთან". მისივე თქმით, რუსეთი დაუჭერს თუ არა მსოფლიო პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, ეს დროში მაინც დაიძლევა და უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. თეოლოგი ამბობს, რომ 12 ოქტომბერს უკარინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭება", - წერს სტატიის ავტორი.

მეთიუ ბრაიზა - "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ"

"პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არც ერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა... ", - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით მეთიუ ბრაიზა: "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ" / "პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა" / "სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..." .

"2008 წლის მაისში ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ხალხმა აირჩია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილის და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი ასეთი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემამ. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეთიუ ბრაიზა.

"რუსეთმა 2008 წლამდე გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "არ ფიქრობთ, რომ ყველა ის გაფრთხილება, რომლებიც თქვენ, დასავლეთმა, სააკაშვილს მიეცით, ნიშნავდა ასევე რუსეთისთვის მწვანე შუქის მიცემას, რათა ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა, რადგან კრემლს ყველა მიზეზი ჰქონდა ეფიქრა, რომ საბოლოოდ სწორედ სააკაშვილი იქცეოდა განტევების ვაცად?" - პასუხობს:

"ნამდვილად გეთანხმებით - ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მე მაშინ გამოვთქვი ამაზე აზრი, მაგრამ აზრის გარდა, მე ბრძანებებიც მქონდა... ვფიქრობ, მართალი ხართ და შეიძლება ხაზი გავავლოთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მწარე მარცხიდან, საქართველოს გვერდში მდგარიყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, და საბოლოოდ ეს ხაზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანს. ყველა სიგნალი, რომლებიც გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ".

"მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა მისტრალები მოსკოვისთვის. ეს იყო ის იარაღი, რომელზეც 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ თქვა, მისტრალის გადამზიდები რომ გვქონოდა, საქართველოში ბევრად ეფექტური ვიქნებოდითო. ეს ხდება 2014 წელს, როცა საქართველოსთან ომიდან სულ რაღაც 6 წელია გასული, რუსეთი კი უკრაინაშია შეჭრილი! დასავლეთმა, როგორც იქნა, დაისწავლა გაკვეთილი მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა და დღეს გვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ზოგ ახალ წევრ ქვეყანას სანქციების მოხსნა სურს, მგონი, პრეზიდენტი ტრამპიც კი არ იტყოდა უარს ამაზე. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დავუფასოთ, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიწოდება გადაწყვიტა. მსგავსი ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციამ ვერ გადადგა საქართველოსთვის - საქართველოს რომ 2008 წელს "ჯაველინები" და მსგავსი თავდაცვითი შეიარაღება ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერასოდეს გაბედავდა უკრაინაში შეჭრასაც" - განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.

"ამერიკამაც და ევროპამაც დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი სტრატეგიული მომავალი; ნატოს სამიტებზე გამუდმებით ვადასტურებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს ბედ-იღბალი მეტწილად თქვენივე ქვეყნის ხელშია, ბევრად მეტად, ვიდრე ადრე - საქართველოში ამომრჩეველმა, ხალხმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დასავლურ ხედვას გაიზიარებს. საქართველოს დღეს ახალი რეალობა აქვს - გაქვთ ასოცირებული შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ. - ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, როგორ გამოიყენებს ამას. თუმცა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მხრივ დღეს უფრო ახლოს ხართ ვიდრე ათი წლის წინ, მაგრამ წევრობის მხრივ, არა - გარდამტეხი მომენტი ბუქარესტის სამიტზე იყო და ეს იყო პრეზიდენტ პუტინისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი - ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მას დროზე უნდა ემოქმედა, რადგან უკრაინა და საქართველო შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ ნატოს წევრებად მოევლინებოდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ყოველწლიურად ხელახლა ადასტურებს ამ დაპირებას, ვფიქრობ, გული აღარ მიუწევთ ამისკენ. ჭკვიანური იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რეალურად როგორ დაუახლოვდეთ ნატოს და ევროკავშირს, ე.წ. დე ფაქტო ინტეგრაციას რაც შეიძლება ღრმად - ეს აჯობებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ არენაზე გამართულ პოლიტიკურ ბატალიებსა და გაწევრება-არგაწევრების პერსპექტივებზე თავის ტეხას", - დაასკვნის მეთია ბრაიზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა