ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2018

2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო "იბერიის" პრობლემა

როგორ დააფინანსებს "ოცნება" ზურაბიშვილს?

მთავრობა, ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით, "პლანით" ვაჭრობას იწყებს - უბრალო ადამიანებს იმავე საქმისათვის ციხეში ჩასვამენ

* * *

2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო "იბერიის" პრობლემა

"მეოთხე დღეა, ტელეკომპანია "იბერია" საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და ამ დღეების განმავლობაში უკვე 2 სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ბიზნესმენს გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემას უგვარებს და ამისათვის 2 მილიონ დოლარს ითხოვს. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ამ აუდიოჩანაწერს დიდი ხმაური მოჰყვა. გუშინ იურისტებმა, არასამთავრობოების ნაწილმა და თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ მოითხოვა, რომ პროკურატურამ აუდიონაჩაწერში გახმოვანებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიება დაიწყოს, "ქართული ოცნება" კი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 2 მილიონი მამაცაშვილს - როგორ უნდა მოგვარებულიყო "იბერიის" პრობლემა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს, განმარტოს, შედგა თუ არა ეს საუბარი და რა ტიპის "პროექტის" მოგვარებაზეა ლაპარაკი; დაასახელოს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ჩართული იყო პროცესში ან ითხოვდა ტელეკომპანია "იბერიის" დათმობას; ასევე განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს ლევან ყიფიანსაც. არც ერთი მათგანი გუშინ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მხოლოდ აუდიოჩანაწერში მოხსენიებული უჩა მამაცაშვილი გამოეხმაურა ამ აურზაურს და მთავარი პროკურატურისგან, "მისი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან დაკავშირებით" გამოძიების დაწყება მოითხოვა. მამაცაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეგენდები მისი ე.წ. "განსაკუთრებული გავლენების" შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. "ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს", - ნათქვამია მამაცაშვილის განცხადებაში. დაიწყო თუ არა ფაქტზე მოკლვევა ავთენტიკურობისა და დანაშაულის დასადგენად მთავარმა პროკურატურამ, "რეზონანსმა" ამ შეკითხვაზე გუშინ პასუხი ვერ მიიღო. პრესსასახურში გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ, შემდეგ კი სატელეფონო ზარებსა და ესემესებს საერთოდ არ უპასუხეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს ფარული ჩანაწერი მეორეა. პირველ ჩანაწერშიც, რომელიც 9 სექტემბერს გაავრცელა, ისევ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბარია და ყიფიანი ამბობს, რომ "იბერია" "რუსთავი 2"-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა "პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე". არც ამ აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა არ არის დადასტურებული. ფარული ჩანაწერების საქმეზე, ასევე ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფში" განვითარებულ მოვლენებზე გუშინ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ასევე არხის დამფუძნებელი, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრეზიდენტსაც შეხვდნენ და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული პროცესები გააცნეს. მათი თქმით, ხელისუფლება ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ერევა და პროკურატურა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. "იბერიის" თანამშრომლებს მომდევნო შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან აქვთ დაგეგმილი. ცნობისათვის, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანია "ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის, პარალიზებულია. "იბერიას" დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს და ამიტომ არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ეს ქმედება ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. ტელეკომპანიის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას, შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51,7 მლნ ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზი და კომპანია ამ დავალიანებას არ იხდის", - განაგრძობს გამოცემა.

"ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბიზნესჯგუფი შანტაჟშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, მიუღებელი და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადი აირიდოს. დაახლოებით იმავეს იმეორებენ უმრავლესობაშიც. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებენ, "იბერიის" ხელმძღვანელები თავს არიდებენ ფინანსურ ვალდებულებებს და მედიას ბოროტად იყენებენ. უფრო მეტიც, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ისინი 5 წლის წინანდელია, მაშინდელი, როდესაც "იბერია" საერთოდ არ ფუნქციონირებდა. არხის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ჩუგოშვილის განცხადება ტყუილია და აუდიოჩანაწერი არც 5 წლის წინანდელია და არც 3-ის. გარდა ამისა, მისი თქმით, "ომეგა ჯგუფი" ფინანსთა სამინისტროსგან ვალის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, რაც კანონით ნებადართულია და სამინისტრო ამაზე პასუხს არ სცემს. "ომეგა ჯგუფში" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ "იბერია" მის მიმართ კრიტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვევაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ", - დასძენს გამოცემა.

"იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ახალ მთავარ პროკურორს პირველი სერიოზული გამოცდა აქვს, რამდენად სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან საქმე გვაქვს არა მხოლოდ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან, არამედ - მედიასთან. როდესაც ხელისუფლებას აქვს მცდელობა და სურვილი, გააკონტროლოს და ხელში ჩაიგდოს ტელევიზია, ის საბაბს ყოველთვის მოძებნის და "ასეთი სცენარი ჩანს ახლა ჰორიზონტზე", ამიტომ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. "როდესაც შალვა თადუმაძე ინიშნებოდა მთავარ პროკურორად, მაშინ იმაზე იყო აქცენტი, რომ ეს ადამიანი იმდენადაა დაახლოებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, რომ არ შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროკურორი და ახლა მას პირველი სერიოზული გამოცდა აქვს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ აბარებს იმიტომ, რომ უკვე 48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს აუდიოჩანაწერები გავრცელდა და პროკურატურის რეაგირება არ ჩანს. როგორც ეტყობა, ის ელოდება მითითებას. ჯერ აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დადასტურდეს და შემდეგ შეიძლება დანარჩენზე საუბარი. დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ რაც ჩანაწერში მოვისმინე, ეს სრულიად ცხადია ჩემთვის. თუმცა ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ის წინარე გამოცდილება, რომელიც ხელისუფლებებისა და ტელევიზიების მიმართ გვაქვს, - აცხადებს მუხაშავრია., რომლის განმარტებით, "აშკარაა, რომ აქაც იყო მცდელობა, ხელისუფლებას ხელში ჩაეგდო "ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელევიზია და საბაბად ფინანსური დავალიანება მოიყვანეს", - წერს სტატიის ავტორი.

როგორ დააფინანსებს "ოცნება" ზურაბიშვილს?

"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის დაუჭერს, სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, ვინ დააფინანსებს და როგორ მოხდება დამოუკიდებელი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანიის თანხებით უზრუნველყოფა, რადგანაც კანონით პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის დაფინანსება იკრძალება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის დაფინანსება მოხდება როგორც ღიად, ასევე შავი ფულით. მათი აზრით, ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა მასთან ვალდებულებაში და ტენდერებში გამარჯვებული ბიზნესმენები აიძულოს, რომ ზურაბიშვილის შემომწირველები გახდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის" - როგორ დააფინანსებს "ოცნება" ზურაბიშვილს.

"საია-ს იურისტი რატი თინიკაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რაც შესაძლოა მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის დასაფინანსებლად გამოიყენოს, ეს არის მათი მხარდამჭერებისთვის მოწოდება, როგორც კერძო შემომწირველებმა თანხები ისე ჩაურიცხონ. ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის მაქსიმუმ 60 ათასი ლარი, იურდიული პირისთვის კი მაქსიმუმ 120 ათასი ლარი - "რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ ხელისუფლებამ მის ხელთ არსებულ ძალიან ბევრ ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ბიზნესმენებს ზურაბიშვილის დაფინანსება აიძულოს. კანონით ამის გაკონტროლება შეუძლებელია, თუ თავად ამაზე ბიზნესმენმა არ გააკეთა განცხადება. კონკრეტულ ფიზიკურ პირს აქვს უფლება, რომ რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს თანხა შესწიროს. შესაბამისად, ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილსაც სრულიად თავისუფლად შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. ზუსტად უნდა იყოს გაწერილი სახელი, გვარი და თანხა", - აცხადებს იურისტი. ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. ხოლო იმას, ეს ნებაყოფილობით ხდება თუ ძალადობით, უკვე ვეღარ გავიგებთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის. საინტერესო სანახაობა იქნება, როგორ დაიწყებს მმართველი გუნდი მის ვალდებულებაში მყოფი ბიზნესმენების მობილიზებას. საქმე კი იმაშია, რომ "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" დიდი ინტრიგანები არიან. ჩაუსაფრდებიან და თითოეულ კაპიკს დევნას დაუწყებენ. ამიტომ მგონია, რომ ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდებით. "ქართულ ოცნებას" არ აქვს უფლება, ოფიციალურად დააფინანსოს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, ამიტომ, ვფიქრობ, გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. ვინ იქნებიან ეს კერძო პირები, წინასაარჩევნო პროცესის დროს დავინახავთ", - განაცხადა ხუხაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მთავარი გზა შავი ფული იქნება", - დასძენს გამოცემა.

"ბიზნესს ფულს, რა თქმა უნდა, ფარულად მიატანინებენ. ასევე ივანიშვილი თავის ფონდებიდან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. "ოცნება" რასაც ლეგალურად, ოფიციალურად აჩვენებს წინასაარჩევნოდ დახარჯულ თანხებს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით სულ მცირე 10-15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხარჯავენ. ბიზნესმენი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან, შეიძლება ღია ფორმით დაფინანსებას მოერიდონ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მილიარდობით თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტენდერებით იღებენ. მარტო წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სხვადასხვა პროექტებზე მილიარდი ლარი დახარჯა. ბუნებრივია, ასეთი კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტზე არიან შეზრდილები, ყოველთვის გამონახავენ საშუალებას, რათა ფული საარჩევნოდ ჩუმად მიიტანონ", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

მთავრობა, ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით, "პლანით" ვაჭრობას იწყებს - უბრალო ადამიანებს იმავე საქმისათვის ციხეში ჩასვამენ

"ექსპორტზე გატანის მიზნით, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის საქართველოში მარიხუანას წარმოება ნებადართული ხდება. შს სამინისტრომ "ქართული ოცნების" ოფისში დეპუტატებს სამუშაო ვარიანტი ორშაბათის სხდომაზე წარუდგინა. უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია გაიმართა, თუმცა გავრცელებული ცნობით პროექტს მხარს ბიძინა ივანიშვილი უჭერს. შს სამინისტროში განაცხადეს, რომ მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. აღნიშნული პროექტის ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტი არსებობს, რომლის მიხედვითაც მარიხუანას წარმოება ლიცენზირებული საქმიანობა გახდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მთავრობა, ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით, "პლანით" ვაჭრობას იწყებს მაგრამ უბრალო ადამიანებს იმავე საქმისათვის ციხეში ჩასვამენ.

"ასეთი მიშვებისგან, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი ლეგალური უნდა იყის, ამ აზრისგან ძალიან შორს ვარ... ასეთ დროს ადამიანი არ უნდა დაიჭირო, რომ შემდეგ მას ცხოვრება არ გაუფუჭდეს, მაგრამ ალტერნატივა უნდა არსებობდეს. ევროპაში სხვადასხვა რეგულაციაა და ჩვენ გვექნება სერიოზული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით. ასე არ გამოგვივა - ამას სჭირდება რეგულაცია", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი. პროქტის მიხედვით გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ლიცენზიანტი გამოვლინდება. ამასთანავე, განსაზღვრული იქნება მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი და რაოდენობა. საპატრიარქო, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია, ამ ინიციატივაზე რეაგირებას დღეს მოახდენს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი, უნდა გავიარო კონსულტაციები უწმინდესთან და სავარაუდოდ, ამ საკითხზე ხვალ საპატრიარქოს ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენიაზე ვიმსჯელებთ. კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსისტეტში დილის 10 საათზე დაიწყება" - განაცხადა პატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით შეზღუდვა დაწესდება. ამასთან, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება აიკრძალება. აკრძალვა გავრცელდება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე. საკანონმდებლო პაკეტს მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში ვიხილავთ", - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა