ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2018

ვის სურს "ოდითგანვე ღვინის ქვეყანა საქართველო" "ნარკობარონების ქვეყნად" გადაიქცეს?!

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნება" უფრო სწრაფად კარგავს რეიტინგს, ვიდრე მოსალოდნელი იყო"

წყალი და გაზი გაძვირების ზღვარზე - კომპანიები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უცდიან

* * *

ვის სურს "ოდითგანვე ღვინის ქვეყანა საქართველო" "ნარკობარონების ქვეყნად" გადაიქცეს?!

"თუ ხელისუფლება საქართველოში მარიხუანას კულტივირებას დაუშვებს, ეკლესია მას დაუპირისპირდება. ეს მუქარის შემცველი განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ საპატრიარქოს ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენციის მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის გამო ეკლესიის უკმაყოფილება უნდა ყოფილიყო, თუმცა ძირითადი განხილვისა და პროტესტის საგანი სასულიერო პირებისათვის მთავრობის ახალი კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარებისათვის ახალი მკაცრი რეგულაციების შემოღება უნდა მოხდეს, თუმცა, ამავე დროს, ნებადართული იქნება საქართველოში მარიხუანას წარმოება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. სწორედ მოყვანა-ექსპორტის თემა გახდა ეკლესიის მხრიდან ახალი დიდი აღშფოთებისა და მუქარანარევი განცხადებების მიზეზი. შს სამინისტრომ ეს ახალი კანონპროექტი მთავრობას გუშინ წარუდგინა და სულ მალე პარლამენტში განსახილველადაც შევა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "დიდი პრობლემა დგება - "საქართველო გადაიქცეს ნარკობარონების ქვეყნად" / გაფრთხილება ეკლესიისაგან ხელისუფლებას მარიხუანას წარმოება-ექსპორტის გამო.

"სასულიერო პირები კი აღშფოთებას არ მალავენ და თუკი ამ შეკრებამდე თვლიდნენ, რომ მარიხუანას მოწევის ლეგალიზაცია იყო მთავარი გამოწვევა, ახლა სასულიერო პირებისთვის კიდევ ერთი ახალი და დიდი გამოწვევა გაჩნდა და ახლა მთავრობას მარიხუანას კულტივირება-ექსპორტზე გატანის სურვილის გამო უპირისპირდებიან და ჰპირდებიან, რომ "ეკლესია მათ ძალას აჩვენებს". ყველაზე ხისტი და ხმაურიანი განცხადებით კონფერენციაზე სწორედ პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი გამოირჩეოდა. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესია გარკვეული პროცესების დროს დუმდა, მაგრამ არ დასუსტებულა და ერის ღალატს არავის აპატიებს. "ეკლესია დიდი ხანი დუმდა. ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები რომ მიმდინარეობდა, დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის არ ვემუქრები, ნახავენ აუცილებლად. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეგ ყველამ იცოდეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, გარკვეულმა პირებმა უკვე ფულის დათვლა დაიწყეს - "ეს საქართველოს იმავეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე! საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?" მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, ალბათ, მოთელვასავით არის, მაგრამ "არის რაღაცა, რასაც არ დათმობენ" და კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"კონფერენციის შემდეგ მეუფე იაკობმა საკუთარი განცხადება განმარტა, თქვა, რომ ეს მუქარა არ ყოფილა, თუმცა ისევ იმავე აზრზეა, რომ კულტივაცია დაუშვებელია და ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება. როდესაც ქვეყნის 20% წართმეული აქვს უცხო ქვეყანას და იქ დიდი ბაზები აქვს, იტყვის, რომ შენი ქვეყნიდან შეედინება იქ ნარკოტიკი და შემოიჭრება, გარეთ შეშფოთდებიან და წაგებული ხალხი დავრჩებით. მუქარა არ იყო, მე ის ვთქვი, რასაც გავაკეთებთ. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს და მთავრობა ხალხის გარეშე მსგავს საკითხებს არ უნდა წყვეტდეს, უფლება არ აქვს", - აღნიშნა მეუფე იაკობმა. საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას შს სამინისტროს წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" დეპუტატების მცირე ჯგუფიც ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსვლისას შს სამინისტროს წარმომადგენელი მღვდელმთავრებს არწმუნებდა, რომ მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტზე გატანა საფრთხის შემცველი არ არის და ამ ყველაფრის მკაცრი რეგულირება მოხდება, სასულიერო პირები მხოლოდ იმ აზრზე იყვნენ, რომ კანაფის მოყვანა-ექსპორტი მიუღებელია. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აცხადებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, ეს ბიუჯეტზე ფიქრია და არა - ქვეყნის უსაფრთხოებაზე", - განაგრძობს გამოცემა.

"სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაციაც, რაც, სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია. ეს არის ეკლესიის პოზიცია და შემდგომ ჩვენი პოზიცია დაწვრილებით გამოქვეყნდება", - განაცხადა მეუფე შიომ. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ხელისუფლებას მოუწოდა, მარიხუანას კულტივაციის განზრახვაზე ხელი აიღოს, რადგან ეს "არ შეგვშვენის ქართველებს" და "ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ, "ბარიგებად". მისივე თქმით, ეკლესია ერთიან აზრს მალე დააფიქსირებს და შემდეგ საზოგადოებისათვის მათი პოზიციის გასაცნობად ყველა ეპარქიაში მრევლთან შეხვედრებს მოაწყობენ. "გვინდა, მსგავსი შეხვედრა ყველა ეპარქიაში ჩატარდეს, რომ საზოგადოება მოვიწვიოთ და დავანახვოთ საშიშროება, რა გველოდება. 3-4 წლით იქით მაინც უნდა გავიხედოთ და არა დღევანდელი გადასახედიდან შევხედოთ ამ საკითხს", - განაცხადა მეუფე ანტონმა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიამ ამ კონფერენციით მხოლოდ დაიწყო "ასეთი სახის შეკრებები" და მარიხუანას წინააღმდეგ შეუპოვარ ბრძოლას აქტიურად გააგრძელებენ. შეკრებები იქნება სხვადასხვა უწყებაში: უმაღლეს სასწავლებლებში, რეგიონებში, ეპარქიებში", - დასძენს გამოცემა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. საღი აზრი გაიმარჯვებს... ეკლესიას რა ძალა აქვს?! ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ საზღვარს ვუდებთ ეკლესიას და იმის იქით აღარ არის. ის კანონმდებლებიც ეკლესიის წევრები არიან, მრევლნი არიან, მათთანაც საუბარი და საღი აზრისკენ მოწოდებაა საჭირო. მათთან ვისაუბრებთ ამაზე და ვიტყვით, რომ ეკლესია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი კულტურული პრობლემა დგება ქართული რეალობის წინაშე, როდესაც საქართველო, ოდითგანვე ღვინის ქვეყანა, გადაიქცეს მცირე და დიდი ნარკობარონების ქვეყნად, როდესაც ლიცენზიები გაიცემა დიდ თუ მცირე საწარმოებზე კულტივაციისთვის. ეს გაუგონარი რამაა და ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მოჰყვება ამას უახლოეს მომავალში", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. განცხადებების გარდა კონფერენციაზე დამსწრე სასულიერო პირებმა ხელისუფლების მისამართით ოფიციალური მიმართვაც შეიმუშავეს, სადაც საუბარია, რომ ხელისუფლებამ მოიფიქროს ბერკეტი, რითაც შეჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე და ასევე სრულიად მიუღებელია და არ უნდა მოხდეს მარიხუანას ყოველგვარი კულტივაციის დაშვება", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნება" უფრო სწრაფად კარგავს რეიტინგს, ვიდრე მოსალოდნელი იყო"

"საქართველოში არ უნდა მოხდეს მარიხუანას წარმოება და პლანტაციების გაშენება - ჩვენ არ ვართ მდგრადი ქვეყანა და არც საზოგადოება არის ჩამოყალიბებული. ჩვენნაირი სოცილურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ეს კატასტროფული იქნება. საუბარი იმაზე, რომ მარიხუანას მთლიანად გაიტანენ საზღვარგარეთ, ეს არის ოცნებებისა და ფანტაზიის სფეროდან. თუკი ამის წარმოება იქნება, ძირითადი მომხმარებელი საქართველოში იქნება, რაც უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან ამის გამკონტროლებელი ხელისუფლება ნამდვილად არ არის", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ოცნება" უფრო სწრაფად კარგავს რეიტინგს, ვიდრე მოსალოდნელი იყო / ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ვინც საქართველოში მარიხუანას წარმოებაზე საუბრობს, მას პირადი ინტერესი ამოძრავებს.

"მოულოდნელი არ ყოფილა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი - მათ განაცხადეს, რომ აპირებდნენ მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დაეჭირათ და ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი იგულისხმებოდა. თავად, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ კენჭი უნდა ეყარა, მიანიშნებდა მოლაპარაკებების არსებობაზე. თუმცა, იყო მომენტი, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა შანსი, რომ მხარდაჭერაზე უარი ეთქვა და მართლაც, ნეიტრალური ყოფილიყო. საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, როდესაც ის მთლიანად არის დამოუკიდებული "ქართული ოცნების" ფინანსურ რესურსებზე, დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. "ოცნებას" თითქოს არ ჰყავს თავისი კანდიდატი, ეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას გულისხმობს - როგორც ჩანს, ისინი ბოლომდე ფიქრობდნენ, ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინათ თუ ჩართულიყვნენ ამ ორთაბრძოლაში. თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ვერ გარისკა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილის რეიტინგი იგივეა, რაც "ქართულ ოცნებას" ექნება. ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, წარმატების რაიმე შანსი ან მეორე ტურში ყოფნის შანსიც კი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ახლა ეს შანსი გაჩნდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ოცნების" მხარდაჭერა, რომ ზურაბიშვილი გახდეს პირველივე ტურში გამარჯვებული, დამოკიდებული იქნება იმაზე მივა თუ არა ამომრჩეველი არჩევნებზე და ჩვენ საზოგადოებას ეყოფა თუ არა უნარი იმისა, რომ ერთხელ მაინც უარი უთხრას, როგორც ძველ, ისე ახალი ხელისუფლების კანდიდატს... თუ ამის შანსი გაჩნდება, მაშინ იმედიც გაჩნდება, რომ ხვალ თუ არა ზეგ მაინც, ჩვენ ნორმალური ქვეყანაში ვიცხოვრებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ წრეზე ვიტრიალებთ, რა წრეზეც აქამდე ვტრიალებდით. მეორე ტურს უკვე არ გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა თავად "ოცნების" მიმართ. ძალიან სწრაფად კარგავს "ქართული ოცნება" რეიტინგს და უფრო სწრაფად, ვიდრე მოლოდინები იყო. კრიზისში, რომელშიც ეს ქვეყანა ნელ-ნელა შედის, შანსი ჯერ კიდევ დარჩათ, მაგრამ კრიზისის გაძლიერების ტემპი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მე ამას ველოდი", - დაასკვნის პოლიტოლოგი.

"რაც შეეხება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ განახლებულ აქციებს, არაფერს ახალს ეს აქციები არ გამოიწვევს. მგონია, რომ მათ არასწორად შეარჩიეს დრო, რადგან ეს თემა ქართული საზოგადოებისთვის უკვე გავლილია. როგორი თავგანწირულიც არ უნდა იყოს მათ ქმედება, არა მგონია მას ადეკვატური რეაქცია მოჰყვეს. ცხოვრებას თავისი გააქვს და საზოგადოებას კი არ ავიწყდება, მუხტი იკარგება. ეს პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაში დაილექება და მუდმივად იქნება "ოცნებისთვის" პრობლემატური. იმდენად აქტუალური არ არის, რომ ამ ყველაფერმა საპროტრესტო ტალღა გამოიწვიოს. ეს საპროტესტო ტალღა იყო ერთხელ უკვე და მეტის მიღწევა ამ პროტესტით შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებას მეტის გაღების უნარი არ აქვს. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და ის პარტიული ჯგუფები, ვინც თავის დროზე მხარში ედგა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, მაშინ ერთიანი იყო და ახლა ისინი დაპირისპირებულები არიან..." - განმარტავს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობის პარალელურად, რომელიმე პარტიის მიერ თუ იქნება პოლიტიზირებული აღნიშნული აქციები?" - პასუხობს:

"როგორც არ უნდა იყოს ეს პოლიტიზირებული, თვითონ ეს საარჩევნო პროცესი არის ურთიერთდაპირისპირება და ვერ იქნება ეს თემა საპრეზიდენტო არჩევნებზე გატარებული, ვერ მოხერხდება საპროტესტო ტალღის აგორება. მოსახლეობაში საპროტესტო რესურსი არ არის იმისთვის, რომ ახალი ტალღა წარმოიქმნას. საპრეზიდენტო არჩევნებია და ისინი ერთად ვერ დადგებიან, რადგან ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან".

წყალი და გაზი გაძვირების ზღვარზე - კომპანიები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უცდიან

"კომუნალური გადასახადები გაძვირების ზღვარზეა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ტარიფები გადაიხედება. სადისტრიბუციო კომპანიებში ხარჯი გაზრდილია და სწორედ ის დროა, როცა გადასახადის გაძვირებაზე განაცხადის გაკეთებას შეეცდებიან. ამჯერად დენის ტარიფს ცვლილება არ შეეხება, რამდენადაც შარშან 3-წლიანი ტარიფი შევიდა ძალაში. რაც შეეხება გაზისა და წყლის კომპანიებს, ძნელი სათქმელია, მათ ლარის გაუფასურებას კიდევ ერთხელ გაუძლონ. ამიტომ წლის ბოლოს შეიძლება, მორიგმა დევალვაციამ კომუნალური გადასახადების გაძვირება გამოიწვიოს. თუკი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,65-ს გადააჭარბებს, კომპანიებს ექნებათ სერიოზული მოთხოვნა, რომ კურსის კომპონენტი ტარიფში გაითვალისწინონ. მით უმეტეს, სამივე კომპანია - "ყაზტრანსგაზი", "ჯივიპი" და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც ზრდის ხარჯს ეროვნულ ვალუტაში. ამდენად, ლარის გაუფასურების პარალელურად, კომუნალური გადასახადების თემა აქტუალურობას არ კარგავს. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში ტარიფების ზრდის შეჩერება მხოლოდ ხელოვნურად არის შესაძლებელი, ნაწილს მიაჩნია, რომ გადასახადის ზრდაზე საუბარი ზედმეტია, ის კი არა, მცირედი კლებაც შესაძლებელია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წყალი და გაზი გაძვირების ზღვარზეა /კომპანიები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უცდიან.

"გლობალური პარტნიორობა "საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ძამუკაშვილი ფიქრობს, რომ ტარიფები გადაიხდება და მასში სათანადოდ აისახება როგორც ლარის კურსი, ასევე კომპანიების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც საკმაოდ მასშტაბურია. "ტარიფში შედის გადასახადი, რომლითაც უნდა მოხდეს სისტემის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, ცვლილება მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში ყველა ნიუანსი სათანადოდ დაანგარიშდება. ფინანსური სტრატეგიის მიხედვით გადასახადის მომატება მოხდება, ეს გარდაუვალია. საგულისხმოა ისიც, რომ თბილისსა და რეგიონებში ტარიფების დადგენა განსხვავებულად ხდება. თბილისის შემთხვევაში ისეა გათვლილი, რომ თითოეული მოქალაქე თითქოს დღიურად 600 ლიტრ წყალს მოიხმარს. სინამდვილეში, ასე იმიტომ მიიჩნევა, რომ წყლის დანაკარგი დიდია და ეს ფაქტორი გაითვალისწინეს. სისტემის გამართულობის შემთხვევაშიც ტარიფი არ დაიკლებს, რაც ყველაზე პრობლემური საკითხია", - ამბობს ძამუკაშვილი. განსხვავებულად ფიქრობს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე. მისი ვარაუდით, კომპანიებს გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ. ეკონომისტი გია ხუხაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ გაზის გადასახადი გაძვირდეს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყანაში სოციალური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეძლოთ, ტარიფი ისედაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. არა მგონია, კურსის ცვალებადობამ ამჯერად გადასახადების გადახედვა გამოიწვიოს. ამ სიტუაციაში რეალურად არ მესახება, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ უდგათ. ტარიფის გაზრდა მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფებით სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესს და გადასახადი გაზარდეს. ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან. ლარის კურსი ყოველთვის ქმნის მოტივაციას კომპანიებში, რომ ტარიფს მოუმატონ. ამის საფუძველი ახლა მათ არ აქვთ, რადგან საბაზისო ტარიფი, რომლის გაძვირებაც სურთ, არარეალურია. სამწუხაროდ, მთავრობას არასდროს დაუყენებია მოთხოვნა, რომ მოხდეს საბაზისო ტარიფის რევიზია. ეს არის მიზეზი, რომ კურსის გაუფასურებისას განაცხადი მუდმივად აკეთონ. ახლა ლარი უფასურდება და მიზეზი არ დაელევათ, რომ ტარიფების გაზრდა მოითხოვონ, ცხადია, ინვესტიციებსაც მოიმიზეზებენ. მიუხედავად ამისა, არსებულ ვითარებაში რეალურად შესაძლებელია, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდეს და სტაბილური გახდეს. ამის საშუალება ნამდვილად არის, მაგრამ სახელმწიფო არ იჩენს ნებას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.

"გაზის მოწოდებაში ძირითადი კომპონენტი ნედლეულია. დევალვაციის გამო კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რადგან ნედლეული გაუძვირდათ. ლარის გაუფასურება ძირითადი მიზეზია, რის გამოც შესაძლოა, გადასახადმა მოიმატოს. ცხადია ისიც, რომ ტარიფის ზრდა განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება რთული. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არსებული გადასახადის გადახდაც რთულია. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა საფეხურებრივი სქემის ამოქმედება, რასაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ვიყენებთ. გაზი ისეთი სეგმენტია, რომ აქ ეკონომიის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ სოციალური მომენტის გათვალისწინება წარმოუდგენელად მეჩვენება. ცხადია, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს და, ადრე თუ გვიან, ტარიფი გადაიხედება, ახლა ამ რეალობის პირისპირ ვართ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა