ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2018

სირიაში პუტინისა და ერდოღანის ჯარებმა შეიძლება ერთმანეთს ესროლონ

კორუფციის ჭაობი ზუგდიდის მერიაში - "ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე"

15 სექტემბრიდან თბილისში საცობები შემცირდება - კალაძე

* * *

სირიაში პუტინისა და ერდოღანის ჯარებმა შეიძლება ერთმანეთს ესროლონ

"სირიაში, იდლიბის პროვინციის საზღვარზე სამთავრობო ძალები, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერით, დიდ შეტევას ამზადებენ. ამის საპასუხოდ თურქეთმა, რომელიც ამ პროვინციაში უკვე ფლობს რამდენიმე ბლოკ-პოსტს, დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა და ასადის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება გაზარდა. მეტიც, ბრიტანული "როიტერსი" წერს, რომ თურქეთმა შეიძლება იარაღიც გამოიყენოს ასადის ჯარის წინააღმდეგ. ამ უკანანასკნელის მხარდამხარ კი რუსული სამხედროებიც იბრძვიან. თურქეთის ძალოვან სტრუქტურებში არსებული წყაროების თანახმად, ცოტა ხნის წინ იდლიბის საზღვარზე გადაგზავნილ ჯარებს დაემატა სპეცრაზმი, ჯავშანმანქანები და კიდევ ბევრი ტექნოლოგიური მოწყობილობა. ამის პარალელურად, თურქეთის ჯარმა იდლიბის პროვინციის შიგნით 12 ბლოკპოსტი გაამყარა. სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ იდლიბთან თურქეთ-სირიის სახელმწიფო საზღვარი ათობით სამხედრო მანქანამ და ასობით სპეცრაზმელმა გადაკვეთა. მეამბოხეებს იმედი აქვთ, რომ იდლიბის პროვინცია არ გაიზიარებს სხვა ამბოხებული რეგიონების ბედს და ასადის რეჟიმის ხელში არ აღმოჩნდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სირიაში პუტინისა და ერდოღანის ჯარებმა შეიძლება ერთმანეთს ესროლონ / სამთავრობო ჯარები იდლიბზე დიდ შტურმს იწყებენ, თურქეთმა პროვინციაში მათ წინააღმდეგ სპეცრაზმი შეიყვანა.

"როიტერსის" წყაროს ინფორმაციით, თურქეთს იდლიბში ჰყავს თავისი სამხედრო შენაერთი და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე პროვინციას თავს დაესხმება, თურქეთი ამას აგრესიის ჟესტად აღიქვამს და პასუხის გარეშე არ დატოვებს, მათ შორის სამხედრო კუთხითაც. იდლიბი ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც სირიის "ზომიერი ოპოზიცია" მეტ-ნაკლებად სრულად აკონტროლებს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ლომის წილი, რამდენიმე წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ახლა ასადის ხელშია. ამაში მას დიდი დახმარება გაუწიეს რუსეთმა, ირანმა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა შიიტურმა შენაერთებმა. სწორედ ამიტომ, ასადის რეჟიმმა ეს პროვინცია მიზანში ამოიღო და დიდ შტურმს ამზადებს. გასეულ წლებში თითქმის ყველა მსგავსი ოპერაცია ასადისტების გამარჯვებით დასრულდა. გამომდინარე აქედან, თუ გარედან არ იქნება სერიოზული წნეხი, ასადის, რუსეთისა და ირანის კოალიცია, სავარაუდოდ, ამ ბრძოლაშიც წარმატებას მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, რუსეთს, თუქრეთსა და ირანს შორის გაიმართა სამიტი, სადაც ქვეყნების პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჰასან რუჰანიმ სწორედ იდლიბის გარშემო იმსჯელეს და ვერ მორიგდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ერდოღანი დაჟინებით მოითხოვდა იდლიბში სამხედრო ოპერაციების დასრულებას, მაგრამ, საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ დეკლარაციაში არ შეიტანეს პუნქტი, რომელიც დაზავებას ითვალისწინებდა. მოგვიანებით ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის ქცევა სირიას ძვირად დაუჯდება და საბოლოოდ საშინელ, უმძიმეს ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზრდება. გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის იენს ლარკეს განცხადებით, სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობა აპირებს ამ რეგიონზე საკუთარი კონტროლის აღგენას და დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას. თურქეთი შიშობს, რომ იდლიბზე შეტევა მილიონობით ახალ დევნილს გააჩენს, რომლებიც თურქეთის საზღვარს მიაწყდებიან", - დასძენს გამოცემა.

კორუფციის ჭაობი ზუგდიდის მერიაში - "ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე"

"ხელისუფლება იძულებული იყო, გადაეყენებინა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩანაწერი იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ ეს ორი ადამიანი და ყოფილი გუბერნატორო ლევან შონიაც პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ჩანაწერი მე თავიდან ბოლომდე მაქვს, 1:57 წუთია. ჩემთან მოვიდა "შაბათის კურიერი" და მათ ჩანაწერის ამონარიდები გადავეცი, შემდეგ ჟურნალისტი დაადგა ვიცე-მერს და ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ ასე გახმოვანდა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ჩანაწერის გამო ხელისუფლებამ დაასწრო მოვლენებს და გადააყენეს მერი და ვიცე-მერი. ჩანაწერში საუბარია სამეგრელოს ექსგუბერნატორ ლევან შონიაზეც, ქრთამის აღებაზე, წილების გადანაწილებაზე. ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან მოლაპარაკებაზე, წინასწარ საქმის ჩასაწყობად რამდენი უნდა გადაიხადოს და შემდეგ წილებში როგორ უნდა ჩაუსხდნენ მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ეს ბიზნესმენი შემდეგ გადააგდეს და ამ ჩანაწერში სწორედ ამ უკმაყოფილების და კორუფციული სქემის მთელი კასკადია. სწორედ ამიტომ გაუშვეს ისინი თანამდებობებიდან", - - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი კახა მიქაია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე" / რა კორუფციული გარიგებებია ზუგდიდის მერიაში.

"ზუგდიდის მაღალჩინოსნები კვირკვიასგან წინასწარ ფულს ითხოვდნენ რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და ობიექტების - რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გულიას სახელობის პარკი და ა.შ. გადაცემის სანაცვლოდ... საერთოდ, სამეგრელოში არსებულ კორუფციაზე მე, დიდი ხანია, ვსაუბრობ. ჩემ მიერ მოპოვებული ეს ჩანაწერი კი ამის უტყუარი ფაქტია, დოკუმენტი აუდიოჩანაწერის სახით და მასში ფიგურირებენ გოგიაც, ყოფილი გუბერნატორი შონიაც და ვიცე-მერი გულორდავაც. აქ არის 2-3 საქმე, თორემ კორუფციულ საქმეებს სამეგრელოში რა გამოლევს?! მინდა, გითხრათ, რომ შონიას გუბერნატორობის დროს ზუგდიდი, მერთან, ვიცე-მერთან და გუბერნატორთან ერთად, ჩაიძირა კორუფციის ჭაობში... შონიას ერთ-ერთი საეჭვო გარიგება სწორედ ამ ჩანაწერში ჩანს, როდესაც ბიზნესმენი მას 10 000 დოლარს აძლევს, რომ საქმე გაუკეთოს, ტენდერი მოაგებინოს. საერთოდ, შონიას გარეშე სამეგრელოში არც ერთი კორუფციული გარიგება არ იდებოდა. მინდა, ასევე, გაგახსენოთ თავად შონიას მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება, აფხაზეთიდან გადმოსული ტვირთი, რუსული აქციზიანი, რატომ არის კონტრაბანდა, აფხაზეთი საქართველო არ არისო? ეს ფრაზა მისი აღიარებითი ჩვენება იყო. ასეთი ადამიანი ნორმალურ ქვეყანაში გუბერნატორად კი არ უნდა დაეტოვებინათ, მის წინააღმდეგ სს საქმე უნდა აღძრულიყო - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ კონტრაბანდას ლობირებდა და აკონტროლებდა შონია.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.

"...შიდა დაპირისპირება არსებობს, მაგალითად, ზუგდიდში ახლად დანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას კადრია, წინააღმდეგობაშია ყოფილი გუბერნატორის ჯგუფთან, რომლის რიგებში იყვნენ გოგია, გულორდავა და საბოტაჟის ნიშნებიც იყო. შონიას ე.წ. გუნდიდან მერიაში კიდევ არიან დარჩენილები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა. გუბერნატორსა და შონიას გუნდს შორის დაპირისპირება აშკარაა", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "რომ არა ეს შიდა დაპირისპირება, კორუფციაზე საუბარი იქნებოდა?" - პასუხობს:

"ჩემს მიერ წარდგენილმა ჩანაწერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ზუგდიდში ბევრი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს სამეგრელოში გამეფებულ კორუფციაზე. ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე, რომ ეს ვერ დაიმალებოდა. მარტო ამ ჩანაწერით, რაც გასაჯაროვდა, შონია, გოგია და გულორდავა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დანარჩენები ვნახოთ შემდეგ".

15 სექტემბრიდან თბილისში საცობები შემცირდება - კალაძე

"დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც, მეორე და მესამე ეტაპები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, რის გამოც მან მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 15 სექტემბრიდან თბილისში საცობები შემცირდება - კალაძე.

"მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო. 15 სექტემბერს ძირითადი სამუშაოები - საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდება და მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე, საბოლოო ფენით მოასფალტება მოხდება. ეს ან ღამის საათებში განხორციელდება, ან შეიძლება ერთი დღე მოვითხოვოთ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული ქუჩა მთლიანად გადაიკეტოს. მესამე ეტაპზე კი, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება - ტროტუარები, ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, კოსტავა-შარტავა-პეკინის დამაკავშირებელი ველობილიკიც გაკეთდება", - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, "ვრცელდება ბევრი სიცრუე, თითქოს მერიას არ აქვს კომპეტენცია, პროფესიონალი კადრები არ ჰყავს. ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გაძევებული იყვნენ და შემდეგ, მათ ან სასწავლებლად უშვებდნენ, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნიდნენ, დღეს ოპონენტები მესამე სექტორად იყენებენ და იძლევიან შენიშვნებს, რომ სამუშაოები არასწორ დროს დაიწყო". მერის განმარტებით, მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამონახეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით, 30 მილიონი ლარი გამოყოფილიყო. "ზუსტად ეს თანხა ხმარდება იმ სამუშაოებს, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს", - თქვა მან. როგორც მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 14 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს შარტავა-კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 10 000 000 ლარია გამოყოფილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება მეორე პროექტს, 15 მარტიდან მიმდინარეობს და 2018 წლის 22 სექტემბერს უნდა დასრულდეს ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა, რომლის პროექტის ღირებულება 2 350 000 ლარია. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 20 ოქტომბერს დასრულდება კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, რომლის ღირებულება 968 952,40 ლარია. გარდა ამისა, მიმდინარეობს მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობა, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს უნდა დასრულდეს და 4 284 998,98 ლარი დაჯდება. გარდა ამისა, 2018 წლის 22 დეკემბერს უნდა დასრულდეს კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომელიც 30 აპრილს დაიწყო და ბიუჯეტიდან 1 581 600 ლარით ფინანსდება. მერიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წლის 29 მარტს დაიწყო და მისი დასრულების ვადა 2019 წლის 23 მარტია. მიმდინარე წელს სამუშაოებზე 4,028,935.75 ლარი დაიხარჯება. პროექტის საერთო ღირებულება კი 8 057 871,5 ლარია", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება კანალიზაციისა და კოლექტორების სისტემების შეკეთებას, სოფელ დიღომში, წყალარინების გარე ქსელის მოწყობის 1-ელი ეტაპის სამუშაოების მრავალწლიანი (გარდამავალი) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3 754 105 ლარია; აქედან 2018 წელს 750,821 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების ვადა კი, 2019 წლის 20 ოქტომბერია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია მიმდინარე წელს 80 164 300 ლარს დახარჯავს. 24 ივლისს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 3 233 233 ლარია. ასევე, 16 ივლისს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 878 452 ლარი დაჯდება. რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ის 18 აგვისტოს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდება, პროექტისთვის კი 10 357 753,00 ლარია გამოყოფილი. ამასთან, კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია მერიამ 5 აპრილს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი 8 205 916,09 ლარი დაჯდება", - დასძენს გამოცემა.

"მერიის ინფორმაციით, დიდგორი-თელოვანის გზის მოწყობის სამუშაოები 4 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 3 038 656,97 ლარია. გარდა ამისა, 11 აგვისტოდან მიმდინარეობს რობაქიძის გამზირის კაპიტალური შეკეთება, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 1 717 626,00 ლარია გამოყოფილი. ამასთან, 6 აგვისტოსაა დაწყებული და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება უზნაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 1 987 280,99 ლარია; აღნიშნული პროექტების გარდა, მერიის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც. მათივე ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2018 წელს სულ 130 მილიონის დახარჯვაა განსაზღვრული", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო