ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი - ბიზნესმენ კვირკვიას ქრთამი არ შემოუთავაზებია, თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ ფულს მაძლევს, ბოდიშს მოვიხდი და ციხეში წავალ

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ინფორმაციით, ბიზნესმენს, რომელიც მას და ზუგდიდის ყოფილ მერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, ზუგდიდში გარკვეული ტერიტორიები სურდა, რაზეც მასთან ჰქონდა საუბარი. როგორც გულორდავამ სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც ზურაბ კვირკვია ითხოვდა არაკანონიერი იყო და ბიზნესმენს კანონიერი გზებით მოქმედება ურჩია.

გია გულორდავას თქმით, მას ბიზნესმენ კვირკვიასგან არავითარი თანხა არ მიუღია არც ხელზე და არც გადარიცხვით.

"მას უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით? თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", - აღნიშნა გულორდავამ.

ამასთან, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული ჩანაწერისთვის არ მოუსმენია. გულორდავამ ასევე განმარტა, თუ რატომ დატოვა თანამდებობა.

"ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა. გამოძიებას რომ ხელი არ შეშლოდა, რაღაც არ გეთქვათ მერე თქვენ, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ.", - აღნიშნა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დღეს კი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. გია გულორდავას საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ.