მიხეილ ბენიძე - სასაცილოა, როდესაც მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი დიდაქტიკური ტონით მოუწოდებს, ვინ რა უნდა გააკეთოს საარჩევნო პროცესში

ძალიან სასაცილოა, როდესაც მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი დიდაქტიკური ტონით მოუწოდებს დანარჩენ დაინტერესებულ მხარეებს, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს საარჩევნო პროცესში, - ასე პასუხობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს არაკვალიფიციურს უწოდებს.

როგორც მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის მოთხოვნები გაუგებარია.

„გაუგებარია ბექაური რაზე საუბრობდა, რადგან ის ამბობს, რომ მაუწყებლებმა უნდა გადაამოწმოს NDI-ს, IRI-ს სხვა კვლევები, რომელთა მიხედვითაც, მათ გადაწყვიტონ კვალიფიციურია თუ არა სუბიექტი. გაუგებარია, როგორ უნდა გადაამოწმოს სამაუწყებლო კომპანიამ რომელიმე კვლევა, უნდა ჩამოუაროს 3000 რესპონდენტს და თავიდან გამოკითხოს კონკრეტულ კითხვას როგორ უპასუხეს და დაუჭირეს თუ არა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს თუ პოლიტიკურ პარტიას?!

რაც შეეხება სუბიექტების დაკვეთილ კვლევებს, არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის კონკრეტული კრიტერიუმები კანონში, რასაც კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ სამაუწყებლო კომპანია თითოეული კვლევის გადამოწმებას ვერ მოახდენს. გამოდის, რომ მაუწყებელმა საკუთარი სახსრებით უნდა დაუკვეთოს ერთი კვლევა და მეორე კვლევით გადაამოწმოს კვლევის შედეგი, რაც ცოტა კომიკურია.

მეორე საკითხია ის ზოგადი დიდაქტიკური ტონი, რომლითაც ბექაური ჟურნალისტებსაც მოუწოდებს და მიუთითებს, როგორ უნდა გააშუქონ ესა თუ ის საკითხი და ჩვენც, დამკვირვებლებსაც მოგვიწოდებდა რა უნდა შევიტანოთ ჩვენს ანგარიშში და რა არა. ვფიქრობ, ძალიან სასაცილოა როდესაც სახელმწიფო ორგანოს, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი ასეთი დიდაქტიკური ტონით მოუწოდებს დანარჩენ დაინტერესებულ მხარეებს, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს.

მისი გადასაწყვეტი არ არის რა შევა ჩვენს ანგარიშებში და რა არ შევა",- განაცხადა ბენიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის დაჯარიმების საკითხს, რაც ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, ბენიძის განცხადებით, ISFED-ს არაფერი დაურღვევია.

"მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს 2017 წლის დაჯარიმებას ეხებოდა ჩვენი ორგანიზაციის განცხადება. ეს არ არის სწორი. მათსავე საიტზეა გამოქვეყნებული 23 აგვისტოს რელიზი, სადაც იკითხება, რომ კომისიამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"- ის დაჯარიმების ოქმი შეადგინა 2018 წლის 15-16 აგვისტოს წინადაარჩევნო პერიოდში ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო. ჩვენს ანგარიშშიც 2018 წლის დაჯარიმების საქმეზე წერია და არა 2017 წლისაზე. თუ არასწორ რაღაცაზე გვპასუხობს, მაშინ ჩემი მხრიდან აზრი არ აქვს პასუხს. გაეცნოს რა გამოაქვეყნა თავად მარეგულირებელმა კომისიამ და შემდეგ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება და მას არაკვალიფიციურს უწოდებს.

კახა ბექაურის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული შუალედური ანგარიშიდან რიგი საკითხების ამოღება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მიკერძოებული.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, ნუ აყვებიან ტყუილის პროპაგანდას და კარგად გადაამოწმონ ფაქტები, რაც მათ მიერ შუქდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა