“არემჯი“ - კომპანიის მხარდაჭერით ბოლნისელი მეღვინეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ

მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი“ 13-21 სექტემბერს „არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისელი მეღვინეებისათვის საგანმანათლებლო სემინარებს გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგების ორგანიზების ინიციატივა თავად მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ მცირე საოჯახო ტიპის მარნებს ეკუთვნით. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგიები და აღნიშნულ სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები სწორედ ის თემებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და მათ სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეღვინეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, „არემჯის“, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარს უჭერს ბოლნისის მერიაც. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სემინარებს 20-მდე ბოლნისელი მეღვინე და მევენახე უსასყიდლოდ დაესწრება. სასწავლო კურსს ღვინის პროფესიონალი ტრენერები: ირმა ჭანტურია, თინათინ ჯაჯანიძე და მიხეილ მესხი გაუძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში RMG-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „არემჯიმ“ როგორც ქვეყანაში და რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისური ღვინის პოპულარიზაცია და მის როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა დაისახა მიზნად.

2018 წლის ივნისში „არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისელმა მეღვინეებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში. ბოლნისურმა ქვევრის ღვინოებმა კონკურსში 16 ჯილდო მოიგეს.