აზიის განვითარების ბანკმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა

აზიის განვითარების ბანკმა (აგბ) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა რეგიონულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკისა და ბიზნესის ცენტრად აქცევს.

„აზიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს ფინანსების მობილიზებას და საკონსულტაციო მომსახურებას პროექტით გათვალისწინებული რეგიონული განვითარების შესაძლებლობების გასაღრმავებლად. ჩვენ ვთავაზობთ დაფინანსებას როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, შესაძლებლობა გვაქვს მოვიზიდოთ ფართომასშტაბიანი დაფინანსება, უზრუნველვყოთ ტრანზაქციის მოსამზადებელი დახმარება, ხელი შევუწყოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობასა და ასევე, რეგიონულ პარტნიორობასა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების მობილიზებას“, - აღნიშნა ლიპახმა.

როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ყველაზე დიდი და განვითარებული პორტი შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც საშუალება ექნება მიიღოს 10,000-კონტეინერიანი გემები. საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით პორტი ასევე ადვილად მისადგომი გახდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. პორტის მიმდებარე ტერიტორია განვითარდება სპეციალურ ეკონომიკურ ზონად, რომელიც ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრად იქცევა.

კონსორციუმის განმარტებით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი აგბ-ს, ანაკლიის პორტსა და სეზ-ის განვითარების კონსორციუმს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და სს ანაკლია სითის საშუალებას მისცემს განავითაროს თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების განვითარების, ფინანსებისა და ვაჭრობის მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და სს ანაკლია სითის გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებებად განისაზღვრა პორტისა და სეზ-ის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარება; კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა, სტრატეგია და რეგულაციები, ურბანული დაგეგმარება, კერძო სექტორის განვითარება, ტექნიკური და პროფესიული განათლება და სასწავლო პროგრამები პორტსა და ქალაქში ძირითადი სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოში აგბ-ს განვითარების საკვანძო პრიორიტეტებად განსაზღვრულია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, რეგიონული კავშირების გაძლიერება და სამოქალაქო სერვისების გაუმჯობესება.

„აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა საქართველოსთან ბოლო სამი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, იეშიმ ელჰან-კაიალარმა და აღნიშნა, რომ პროექტს აქვს პოტენციალი გარდაქმნას არსებული გეო-ეკონომიკური გარემო და მრავალმხრივ განავითაროს ქვეყნის შესაძლებლობები.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის მთავარი სატრანსპორტო საზღვაო კარიბჭე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ამ კონტექსტში, საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, რომელიც რეგიონში ამ მიმართულებით წამყვანი დონორი ორგანიზაციაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლია სითის გენერალური დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, სასიხარულოა აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობა.

„ანაკლიის პროექტები რეგიონში შექმნის ათასობით ახალ სამუშო ადგილს და ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ რეგიონის მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო და გადასამზადებელ აქტივობებს. ამასთან, ჩვენი თანამშრომლობა ADB-ის გუნდთან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქ ანაკლიის, როგორც მომავლის პროექტის, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სისტემების განვითარებაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას 2007 წლიდან უწევს და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური რაოდენობა 2.42 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აგბ-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 67 ქვეყანას, მათ შორის 48 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2017 წელს აგბ-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 32.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 11.9 მილიარდი თანადაფინანსების სახით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო