დავით უსუფაშვილი - შემოაქვთ ყოვლად აბსურდული იდეა, რომ საქართველოს ეკონომიკას თურმე მარიხუანა გადაარჩენს

მარიხუანას კულტივირება და მისი მოყვანა, არ ვიცი, სიმინდის, ლობიოს, თუ ყურძნის ნაცვლადაა, მაგრამ ეს არის მორიგი, ძალიან სერიოზული და დიდი შეცდომა.ამ გზით საქართველოს ეკონომიკა ვერ და არ აყვავდება, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ინიციატივას , საქართველოში მარიხუანას კულტივაციას ექსპორტირების მიზნით.

დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილება ამ ინიციატივის გამო მოხდა. მისი თქმით, ინიციატივა, რომელიც მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტირებას ეხება, აბსურდული იდეაა და ის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს ვერ შეუწყობს.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველ საღამოს იკრიბებიან და ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმის მოფიქრებაში, ხვალ კიდევ რა გააფუჭონ, რა მოიფიქრონ, რომლითაც მორიგ შოკს მოგვრიან საქართველოს მოსახლეობას. მარიხუანას კულტივირება და მისი მოყვანა, არ ვიცი, ეს სიმინდის, ლობიოს, თუ ყურძნის ნაცვლადაა, მაგრამ ეს არის მორიგი, ძალიან სერიოზული და დიდი შეცდომა. ამ გზით საქართველოს ეკონომიკა ვერ და არ აყვავდება. ამ გზით ნარკომანიასთან ბრძოლა არ იქნება უფრო ეფექტური და რასაც ვუყურებ, იმ მონაპოვარსაც დავკარგავთ, რაც მიღწეულია იმით, რომ ნარკომანი დამანაშავედ აღარ ჩაითვალოს. ჩვენ ამაზე უნდა გვქონოდა კონცენტრირება, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ იჯდეს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას. ამასთან, გამკლავების ნაცვლად, ახლა შემოაქვთ ყოვლად აბსურდული იდეა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეკონომიკას, თურმე მარიხუანა გადაარჩენს. როგორც ჩანს, ეს იყო ახალი მთავრობის ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, ამის გამო მოხდა სამთავრობო ცვლილება იმიტომ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ნოვაცია რაც ჩვენ გავიგეთ, არის ის, რომ საქართველოს გადაარჩენს მარიხუანას პლანტაციები. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ საკითხში, ძალიან კარგად იცის, რა ხდება, თუნდაც იმ ფარმაცევტულ-კოსმეტოლოგიურ ბაზარზე, თუ რომელი ქვეყნები არიან ჩართულნი მარიხუანას წარმოებაში ფარმაცევტული, თუ კოსმეტიკის წარმოების მიზნით. საქართველო ახლა ამბობს, რომ რატომღაც ჩვენთან წარმოებული პროდუქცია იქნება ყველაზე უფრო ძვირფასი და ამით აყვავდება ქვეყანა მაშინ, როდესაც ამით საზოგადოებაში ღვივდება ის არასწორი წარმოდგენები, რომ თითქოს ნარკომანიას სახელმწიფო აღარ ებრძვის, რომ ნარკომანია ჩვეულებრივი ამბავია და მერე რა მოხდა?! “ - განაცხადა უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მაშინ როდესაც ამ ინიციატივით გამოდის შსს, ეს არის იმ ცხრაწლიანი სისტემის გაგრძელება, რომლის „დემონტაჟ არ მოხდა“.