ქართული პრესის მიმოხილვა 15.09.2018

ვახტანგ ძაბირაძე - "სიტუაცია ისეა აჭრილი, რომ ყველაფერია მოსალოდნელი"

რა შემთხვევაში მოაქცევს აშშ რუსეთს სრულ ფინანსურ ბლოკადაში

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - "სიტუაცია ისეა აჭრილი, რომ ყველაფერია მოსალოდნელი"

"არც ერთი ნორმალური ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არჩევნების წინ პარალელურ რეჟიმში მარიხუანის პლანტაციების გაშენების საკითხს განიხილავდეს. საერთოდ, ჩვენი ხალხის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ ნაბიჯებს და არჩევნებს არ ვუკავშირებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, განწყობები მკვეთრად უარყოფითია. დღეს არ არსებობს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდეს და ამ საკითხზე არ დაიწყოს საუბარი, მაგრამ რატომღაც ეს ცალკეა და არჩევნები - ცალკე. თითქოს ამ მოვლენას შორის ადამიანები კავშირს ვერ ხედავენ. ხალხს ურჩევნია ამაზე ხმამაღლა ისაუბროს ქუჩაში, სახლში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, არაფერი გააკეთოს. ამიტომაც არანაირად არ აღწევს ეს ვითარება კრიტიკულ ზღვარს. ეს გადაივლის სახლში გაბრაზების ფარგლებში - რასაკვირველია, რაღაც გავლენას იქონიებს, მაგრამ არც იმდენსა და ისეთს, რომ ხელისუფლებამ ამას ვერ გაუძლოს", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით,  ვახტანგ ძაბირაძე: "ამ არჩევნების ბედი ბოლო ორ კვირაში გადაწყდება" / "სიტუაცია ისეა აჭრილი, რომ ყველაფერია მოსალოდნელი".

"მიუხედავად იმისა, ოპოზიციას იმის პრობლემა არ უდგას, რომ ხალხამდე მიიტანოს და გააგებინოს, რა პრობლემების მოტანა შეუძლია ყოველივეს, ოპოზიცია ამის დამუშავებას ვერ შეძლებს. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იმდენად აქტუალურია, რომ ამაში ოპოზიციას ენერგიის დახარჯვა არ მოუწევს. მაგრამ შემდგომ ეტაპს როგორ მოაბამს თავს, ეს მისი პრობლემაა.... არ მესმის, რა განსხვავებაა მარიხუანასა და სამედიცინო მარიხუანას შორის! სხვადასხვა ჯიშია, სხვადასხვანაირად მოქმედებს თუ რა ხდება, ვერ გავიგე! როგორც ჩანს ეს მთლიანად პიარისა და შეფუთვის თემაა. ამიტომ მე მიჭირს თქმა, ოპოზიცია შეძლებს თუ არა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხელისუფლების ამ არაპოპოლარულ ნაბიჯს მათი რეაქცია უნდა მოჰყვეს და ეს პირველ რიგში არჩევნების შედეგებზე უნდა აისახოს.. თუ ამას შეძლებს ოპოზიცია, მაშინ, რასაკვირველია, ხელისუფლებს უკვე კარგად დაფიქრდება. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, მაინც ეჭვი მეპარება, დღეს ოპოზიციამ ეს შეძლოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ამის მიზეზი მხოლოდ ალტერნატივის არ არსებობაში არ არის. მე რასაც ვუყურებ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოება აფექტის საზოგადოებაა. ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ, ხელისუფლების მიმართ მიმტევებელი ვიყოთ. შემდეგ უკვე, როდესაც ზღვარს გადავა ეს ხელისუფლება, ვიწყებთ მის შეცვლას არა არჩევნების გზით,ეტაპობრივად, არამედ პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდივართ. ეს პრობლემა ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად აქვს. ეს რომ არა, რა უდგას წინ იმას, რომ არჩევნებზე შენი პოზიცია დააფიქსირო და უთხრა ხელისუფლებას, რომ ის რასაც აკეთებს არ მოგწონს და მზად ხარ ხელისუფლება შეცვალო. დღეს ამომრჩევლის სამოქალაქო შეგნება მაღალი რომ იყოს - თუ გნებავს საშუალო დონის მაინც, - ეს ამომრჩეველი სახლში კი არ უნდა იჯდეს და გაბრაზდეს, არამედ აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და თავის არჩევანი გააკეთოს" - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"ყველა არჩევნების მთავარი პრობლემა ის არის, თუ ვინ შეძლებს ამომრჩევლის ურნებთან მიყვანას. ამ კონკრეტულ არჩევნებზე ამას დაემატება, თუ ვინ შეძლებს ნეიტრალური ამომრჩევლის მიყვანას. თუმცა, ჩვენთან ხომ არაორდინალური ვითარებაა იმ მხრივაც, რომ არჩევნების ბედი ბოლო ორი კვირის განმავლობაში წყდება, - მიიჩნევს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "არაორდინალური რამ ამ არჩევნებზეც არის მოსალოდნელი? -  მაგალითად, 2012 წელს ციხის კადრებმა ბევრი რამ გადაწყვიტა..." - პასუხობს:

"სიმართლე გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ, ისეა სიტუაცია აჭრილი - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ვითარებას, რაც დღეს ხდება. თუნდაც ამ წინასაარჩევნოდ ისე მიდის ყველაფერი, რომ არაფერი არ არის გამორიცხული და ყველაფერია მოსალოდნელი".

რა შემთხვევაში მოაქცევს აშშ რუსეთს სრულ ფინანსურ ბლოკადაში

"აშშ-ის კონგრესი ახალ ანტირუსულ სანქციებზე მუშაობს. ადრინდელზე უფრო მკაცრი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება. ამერიკელი კანონმდებლები დიდი ხანია აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის მიმართ ლოიალურობისა და თეთრი სახლის მიერ გამოცხადებული სანქციების არაეფექტურობის გამო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რა შემთხვევაში მოაქცევს აშშ რუსეთს სრულ ფინანსურ ბლოკადაში / მალე, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ვეღარ დააფინანსოს.

"ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ აქამდე გამოცხადებული სანქციები დამაზარალებელი, მაგრამ არა დამანგრეველი აღმოჩნდა. მოსკოვმა დიდი ზიანი ყირიმის კრიზისის დაწყების დროს მიიღო - მაშინ რუსეთისთვის სტრატეგიული პროდუქტი, ნავთობი, გაიაფდა... ბოლო დროს ნავთობი გაძვირდა - ამან რუსეთს არა მარტო ამოსუნთქვის, არამედ მოგების მიღების საშუალებაც მისცა. ნავთობზე ფასების ახლანდელი ზრდა უკავშირდება თეთრი სახლის ინიციატივით ნავთობის ექსპორტიორი ირანის წინააღმდეგ შემოღებულ შეზღუდვებს. კონგრესმენები აპირებენ მიიღონ კანონპროექტები, რომლების ეხება ახალი გამოშვების რუსული ობლიგაციების შესყიდვის აკრძალვასა და რუსულ ბანკებში არსებული ანგარიშებისათვის პრობლემების შექმნა. რუსეთის მოქცევა სრულ ფინანსურ ბლოკადაში  - ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად - არ იგეგმება, თუმცა კონგრესი არც სრულ ფინანსურ ბლოკადაზე იტყვის უარს, თუ კრემლი მოახდენს ამერიკაში არჩევნების დესტაბილიზაციას ან ჩაატარებს სამხედრო ოპერაციებს. რუსეთის სამხედრო ოპერაციების მსხვერპლ სახელმწიფოებში, პირველ რიგში, საქართველო და უკრაინა იგულისხმება, ახალმა სანქციებმა საქართველო და უკრაინა ახალი აგრესიისგან უნდა დაიცვას", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოსალოდნელი სანქციები დიდ დარტყმას მიაყენებს რუსულ ბანკებს. რუსული ბანკები, თავის მხრივ, მუშაობენ დედოლარიზაციასა და სხვა დამცავ ზომებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი იმუქრება, რომ რუსეთს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს სკრიპალების მოწამვლის გამო. ამის საბაბი გახდა ის, რომ რუსეთმა უარი თქვა მისი ქიმიური იარაღის საცავების შესამოწმებლად უცხოელი მეთვალყურეების დაშვებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ მუქარამ მყისიერად გამოიწვია რუსული რუბლის კურსის ვარდნა. სკრიპალების გამო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დამტკიცებას მოითხოვს დიდი ბრიტანეთი. მას არ ეთანხმებიან გერმანია და საფრანგეთი...", - განაგრძობს გამოცემა.

"ევროკავშირმა გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს შემოღებული სანქციები. ევროპელ ექსპერტებს, რომლებიც ტრამპის მონაწილეობით დადგენილ ანტირუსულ სანქციებს უშედეგოდ და არაეფექტიანად მიიჩნევენ, ამერიკის კონგრესის იმედი აქვთ. მათი აზრით, კრემლისთვის დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ბანკების მოწყვეტა დოლარებით ვაჭრობის სისტემიდან. ვაშინგტონის სანქციები ემუქრება სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელ ავიაკონცერნ "სუხოის" - მანამდე ამერიკელი სპეციალისტები შეისწავლიან, მონაწილეობდნენ თუ არა რუსეთის სახლმწიფო კონცერნის გამანადგურებლები სირიაში განხორციელებულ ქიმიურ იერიშებში. ეფექტური სანქციები რუსეთს ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებს მოუმრავლებს. მალე, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ვეღარც დააფინანსოს", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა