ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2018

კრემლის ახალი მზაკვრული გეგმა - რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული

"მმართველ გუნდს ეკლესიის მუქარის ეშინია" - ხელისუფლების უკან დახევა და შეცვლილი რიტორიკა

როგორ შეამოწმებენ მძღოლებს მარიხუანით თრობაზე

* * *

კრემლის ახალი მზაკვრული გეგმა - რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული

"კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს. დუმაში იწყებენ კანონპროექტის განხილვას და ყველა, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა, თუკი სურვილი ექნება, შეძლებს რუსეთის მოქალაქეობა მოიღოს. ამავდროულად, აუცილებელი არ იქნება დოკუმენტაციის შეგროვება იმის დასადასტურებლად, რომ პირმა უარი თქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. ამ იდეაზე მუშაობა კრემლში გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს და ახლა უკვე დუმაში კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დაიწყეს. როგორც რუსული სახელისუფლებო გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, კანონპროექტს ავტორი მმართველი პარტიის "ედინაია რუსეთის" წარმომადგენელი და ევრაზიული ინტეგრაციისა და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინია, დავალება კი თავად ვლადიმირ პუტინმა გასცა, ამდენად კანონს აუცილებლად მიიღებენ. ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ თუკი რუსეთმა ეს კანონი მიიღო, მომავალში "საკუთარი მოქალაქეების დაცვის" სპეკულირებით დიდ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კრემლის ახალი მზაკვრული გეგმა - რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული.

"მით უმეტეს, რომ საქართველოს უკვე აქვს ამ რუსული სპეკულაციის მაგალითი 2008 წლის ომში. რადგან რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგება და შემდეგ "საკუთარი მოქალაქეების" დაცვა გამოიყენა საბაბად საქართველოსთან ომი დაეწყო. როგორც რუსული გამოცემა, "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ კონსტანტინე ზატულინის კანონპროექტი სახელმწიფო დუმის ეროვნულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოიწონა. გაზეთის ცნობით, განმარტებით ბარათში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დავალებით უნდა დაიწყოს კანონის შექმნა და დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭოს ყველას, ვინც რუსულ ენაზე ლაპარაკობს. ხოლო "რუსულად მოლაპარაკებად" ჩაითვალონ ის ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან რუსეთის და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ასევე მათი სისხლით ნათესავები, ასევე დაბადებულები რუსეთში. ასევე ამ ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ ბინადრობის ნებართვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე. როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ პუნქტის არსებობა გახდა ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებისათვის უარის თქმის ძალიან ხშირი მიზეზი", - აღნიშნავს გამოცემა.

"უახლოეს მომავალში კანონპროექტი დუმის სხვა კომიტეტებშიც უნდა განიხილონ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო სათათბიროში კენჭისყრაზე დააყენონ. თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთის პასპორტს, დაბადების მოწმობის წარდგენით, აიღებს ის ადამიანები, ვინც 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკიდან რომელიმეში დაიბადა. აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა 2014 წელს და მაშინ იყო საუბარი, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა იღებდა რუსულ პასპორტებს, რადგანაც საქართველოს მოქალაქე სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან სამუშაოდ და ეს პასპორტები მათ გამარტივებულ მიმოსვლას უწყობდა ხელს, თუმცა 2014 წლის პუტინის განკარგულებით აუცილებელი იყო რუსული პასპორტის სანაცვლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად გაცხადებულიყო და ამის გამო "რუსული პასპორტიზაციის" გეგმამ მაინცდამაინც არ გაამართლა. ახლა კი თუ ეს ბარიერიც მოიხსნება, მსურველები ბევრად მეტი გამოჩნდება. პოლიტილოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, საფრთხე დიდია. შეიძლება ადამიანები დახარბდნენ რუსულ პასპორტს სხვადასხვა პრივილეგიების მიღების სურვილით", - განაგრძობს გამოცემა.

"მაგალითად, რუსულ პასპორტის მიღებისას მომავალში რუსულ პენსიას მიიღებს, რაც ქართულ პენსიაზე მაღალია. თუ არ ვცდები 400 დოლარის ფარგლებშია. ასევე, შეეცდება სხვა პრივილეგებითაც ისარგებლოს, მაგალითად წავიდეს რუსეთში. ვიცით, რომ დღეს რუსეთში შესასვლელად ვიზააა საჭირო და ბევრი ვერ იღებს ვიზას. ამიტომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც შეიძლება დახარბდეს რუსულ პასპორტს და ბევრად უფრო მეტი ადამიანი წავიდეს რუსეთში სამუშაოდ, ვიდრე დღესაა. უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში 100 000-მდე ოჯახი შემოსავალს რუსეთიდან იღებს. რუსეთში მყოფი ნათესავები და ოჯახის წევრები ურიცხავენ თანხებს. პასპორტების მიღებით კი მარტივად წავლენ რუსეთში. ეს იქნება "რუსული რბილი ძალის" გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. პასპორტების საფრთხეა ასევე საზღვრისპირა რეგიონებისთვისაც, სადაც კომპაქტურად დასახლებული არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს, ეს ძირითადად ეხება ჯავახეთს, საიდანაც ძალიან ბევრი სამუშაოდ რუსეთშია წასული და რუსული პასპორტებიც გააჩნიათ. რუსეთი შეეცდება პროვოკაციებს და ახალი კონფლიქტური კერის გაჩენას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

"საგულისხმოა ის, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს ან მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამიტომაც, რუსული პასპორტების გამარტივებული წესით დარიგება ორმაგი მოქალაქეების რაოდენობას გაზრდის. ნიკა ჩიტაძის თქმით, ამ მხრივადაც ძალიან დიდი საფრთხეა, რადგანაც რუსეთის პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე არჩევნებში დიდი ალბათობით უფრო პრორუსულ ძალებს მისცემს ხმას", - დასძენს გამოცემა.

"მმართველ გუნდს ეკლესიის მუქარის ეშინია" - ხელისუფლების უკან დახევა და შეცვლილი რიტორიკა

"ხელისუფლების უკან დახევა, შეცვლილი რიტორიკა, წინასწარ დაწერილი ტექსტი - ასე აფასებენ პოლიტოლოგები სალომე ზურაბიშვილის რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას 2008 წლის ომზე და, ასევე, მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის გადავადებას. პოლიტოლოგების აზრით, მმართველ გუნდში ისეთი ვაკხანალიაა, რომ მათ აქამდე ვერ შეძლეს სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაცია, რომ მიეცათ მითითებები სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებით არ გამოსულიყო. ანალიტიკოსების თქმით, უკვე აშკარაა ზურაბიშვილის ხასიათი და დაუმორჩილებლობა, რადგანაც მან თავის წარმოჩენა დამოუკიდებელ ფიგურად სცადა. რისკიც ნათელია - პრეზიდენტობის შემთხვევაში ის იქნება ფიგურა, რომლის ქცევისა და გადაწყვეტილებების გაკონტროლება მმართველ გუნდს არ შეეძლება და ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მმართველ გუნდს ეკლესიის მუქარის ეშინია" - ხელისუფლების უკან დახევა და შეცვლილი რიტორიკა.

"შეცვლილი რიტორიკა ომზე კარგია, მაგრამ ეს უკვე გასროლილი ნაღმია, რომელიც რუსეთმა საგულდაგულოდ შეინახა. "ოცნებაში" დიდი ვაქხანალიაა, ზურაბიშვილისთვის დამრიგებელი აქამდე ვერავინ მოინახა. პარტიაშიც არაა ერთიანი მსოფლმხედველობა და მსგავსი ფაქტების განმეორებას უნდა ველოდოთ... "ოცნების" ბოლოდროინდელი უგუნური ქმედებები მიზანმიმართული არ არის. თუ სააკაშვილის ხელისუფლება რაღაცას სადისტურად აკეთებდა, ამის კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ახლანდელი ხელისუფლება კი თვითდაზიანებებს იყენებს. ასეთი დაზიანებების ძალიან დიდია - არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ, სიამოვნებას იღებენ თუ რა სჭირთ, ვერ ვხვდები... მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით ეკლესიამ ფაქტობრივად საზოგადოების აზრი გაახმოვანა. საზოგადოების მოთხოვნაზე არ რეაგირებს მმართველი გუნდი და ეკლესიის მუქარის ეშინია - ეს არის ფარისევლება. ეკლესიის შიშით გადადგმული ნაბიჯი და არა მორწმუნეობით განპირობებული. როდესაც ხელისუფლების წარმმართველი ძალა შიშია, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია... ნახევარფაბრიკატი შემოაგდეს - სადღაც ვიღაცამ დაილაპარაკა, მერე დათვალეს და დააბრეხვეს, რომ კანაფის კულტივაციას მილიარდი მოგება მოჰქონდა, ყვეალფერი სწორი ეკონომიკურიო ანალიზის გარეშე გააკეთეს. საზოგადოების რისხვის შემდეგ კი გაიჭედნენ და ვეღარაფერს აკეთებენ - წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ, მერე რას იზამენ", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

"ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში აგრესია და ნეგატიური განწყობა იმდენად აშკარაა, რომ ამის დასადგენად სოციალური კვლევა არ სჭირდებათ. მან ომზე განცხადებების შემდეგ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გამარჯვება კი არა, ლამის ხელისუფლებას დაემუქროს საფრთხე. ფაქტობრივად, არსებობს რისკი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სერიოზული რყევები დაიწყოს. მოსალოდნელი იყო, რომ ის ამ რიტორიკას შეცვლიდა, თუმცა არის კი ეს საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი და "ოცნების" იმიჯი აღადგინოს? ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, ასე ფიქრობს და ამასვე ამბობს. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ხასიათის გაკონტროლება "ოცნებას" უკვე უჭირს და წარმოიდგინეთ რა მოხდება მაშინ, თუ ის პრეზიდენტი გახდება", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორ შეამოწმებენ მძღოლებს მარიხუანით თრობაზე

"მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანი პოტენციური "მსხვერპლი" ხდება, რომ იგი სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზეც გადავა. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები, სტატისტიკური მონაცემებით, მეორე ადგილზე არიან, - ამის შესახებ "რეზონანსი" ნარკოლოგ გელა ლეჟავას ესაუბრა. "ორივე, ალკოჰოლიც და ნარკოტიკიც იწვევს დამოკიდებულებას. ალკოჰოლის დამოკიდებულება, როგორც წესი, ათეული წლების განმავლობაში ვითარდება, მაირხუანას ვარიანტში კი, რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება არ გაგრძელდება მარიხუანას მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ ის ხელს უწყობს უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, როგორ შეამოწმებენ მძღოლებს მარიხუანით თრობაზე

"შარშანდელი კვლევით, მეორე ადგილზეა მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა. სხვა ნარკოტიკულ საშაულებებზე დამოკიდებულებთა პროცენტული მაჩვენებელი 35%-დან 50%-მდეა, - ამ ადამიანებმა მარიხუანათი დაიწყეს," - განაცხადა გელა ლეჟავამ. მარიხუანას თრობის დასადგენად საქართველოში სპეციალური მოწყობილობა შემოაქვთ, რომლითაც ადგილზევე შესაძლებელი იქნება ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა. სპეციალური მოწყობილობა ალკოტესტის მსგავია და ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ, - აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

"რეზონანსი" აღნიშნულ საკითხზე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრსა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს შალვა ოგბაიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ტესტის საქართველოში შემოტანა ეფექტური იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის ინფორმირებაა აუცილებელი, თუ რა შედეგი მოჰყვება მარიხუანას მოხმარებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, არსებითი განსხვავება ალკოჰოლის ზემოქმედებასა თუ მარიხუანას თრობას შორის არ არსებობს, რადგან ვერცერთი კატეგორიის ადამიანი საჭის მართვას ვერ შეძლებს. ქართული ანდაზაა ასეთი, "გინდ მგელს შეუჭამიხარ, გინდ ტურას" - მარუხუანაც და ალკოჰოლიც, ორივე, დამღუპველია და არანაირი განსახვავება არ არსებობს, - ორივე პოტენციური მკვლელია. ღვინით არის მთვრალი თუ ნარკოტიკით არის გაბრუებული, არ აქვს მნიშვნელობა, ვერცერთი შეასრულებს ელემენტარულ ტესტს და თუ ვინმე მოხალისე გამოჩნდება, ვინც ამ ტესტს ჩააბარებს, მე შემიძლია გაჩვენოთ მარტივი ტესტი დახურულ მოედანზე. ადამიანი ფხიზელი როგორ გაატარებს და შემდგომ ნასვამი როგორ ვეღარ გაატარებს," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ", - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარემ დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას აღნიშნული აღჭურვილობა აუცილებლად უნდა გააჩნდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რომელიც საზოგადოებისა და მძღოლების ინფორმირებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს. ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოწყობილობა, აღჭურვა, იქნება შერჩეული ამისთვის; იქნება თუ არა ის თანამედროვე, ცდომილება რამდენი ექნება, ან თუ ექნება საერთოდ და ა.შ. აღსულებისთვის ეს 100%-ით საჭიროა და საპატრულო პოლიცია, სწორედ, ასეთი აღჭურვილობით უნდა არსებობდეს. სანამ ეს აპარატები შემოვა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომლითაც მძღოლებს გააფრთხილებენ, რომ საჭის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში. ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ საინფორმაციო კამპანია აუცილებლად უნდა არსებობდეს. ინფორმაცია მხოლოდ იმაზე არსებობს, რომ ძირითადად ასეთი სიმკაცრე ნასვამ მდგომარეობაზე ვრცელდება, მაგრამ საზოგადოება აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ან ნებისმიერი სახის თრობის ქვეშ საჭის მართვა არის აკრძალული," - აცხადებს ის. მისი თქმით, საინფორმაციო კამპანიის წარმოების პარალელურად აუცილებელია ექიმების განმარტება, თუ რა შედეგის მომტანია მარიხუანა და რამდენად საშიშია იგი საჭის მართვისას. მისი განმარტებით, ასევე, აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, რა მხრივაც ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა", - დასძენს გამოცემა.

"ასეთი სახის აღჭურვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო მალე იქნება დანერგილი ასეთი ტიპის კონტროლი, უკეთესი იქნება. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად რეაქციები შენელებულია, გადაწყვეტილებები საჭის მართვის დროს არაადეკვატურია. სიახლესთან გვაქვს საქმე და კარგი იქნება კამპანიის წამოწყება, რატომ არის საზიანო მარიხუანას თრობის ქვეშ საჭის მართვა და ექიმები განმარტავენ, თუ საჭის მართვის დროს რა ცვლილებებს იწვევს იგი. ფაქტია, რომ ადამიანი არ არის ისეთი, როგორიც არის ის სინამდვილეში. ექიმებმა უნდა გააფრთხილონ მძღოლები. ამიტომაც, მარტო ჯარიმითა და აპარატით ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს ყველაფრის კონტროლს. აუცილებელია ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს ცნობიერების ამაღლების მიზნით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი და აუცილებელია ექიმების ჩართულობა ამ საქმეში და საინფორმაციო კამპანიის წარმოება," - განაცხადა დავით მესხიშვილმა", - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს