ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2018

ავტოკეფალია აფხაზებმაც მოითხოვეს. თბილისში მიიჩნევენ, მსოფლიო პატრიარქი მათ განაცხადს არც კი განიხილავს

"ოცნებამ", შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაიფიქროს" - ძაბირაძე

დიდი დაპირისპირება ჩრდილოკავკასიაში "პროქართული" ბალყარელების მონაწილეობით

* * *

ავტოკეფალია აფხაზებმაც მოითხოვეს. თბილისში მიიჩნევენ, მსოფლიო პატრიარქი მათ განაცხადს არც კი განიხილავს

"ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესია მოქმედებას იწყებს და მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარებას ითხოვს. რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სასულიერი პირების განცხადებები. ისინი ითხოვენ, მსოფლიო საპატრიარქომ, უკრაინასთან ერთად, მათი ეკლესიის ავტოკეფალიაც აღიაროს. საქართველოს საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ კანონი ქართული ეკლესიის მხარესაა - აფხაზურ მხარეს არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვოს, ამიტომ მსგავსი მოთხოვნები მსოფლიო პატრიარქის მიერ უპასუხოდ დარჩება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ავტოკეფალია აფხაზებმაც მოითხოვეს. თბილისში მიიჩნევენ, მსოფლიო პატრიარქი მათ განაცხადს არც კი განიხილავს.

"უკრაინის პატრიარქი კი თავის მხრივ საქართველოს ეკლესიისგან მხარდაჭერის მოლოდინშია და სასულიერო პირებს მოუწოდებს თავისი პოზიცია ღიად გამოხატონ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა ისაუბრა თუ როგორ ატარებს უკრაინაში რუსეთის ინტერესებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია. კიევის პატრიარქი აცხადებს, რომ ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან რუსეთის თავდასხმისგან საქართველოც და უკრაინაც დაზარალდნენ - "მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება", - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია და ამ საკითხთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია. საქართველოს საპატრიარქო რუსეთის, კონსტანტინოპოლის და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"რეზონანსთან" თეოლოგები აცხადებენ, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე ცოტა დრო და ურთულესი პერიოდია გასავლელი. შესაბამისად, საქართველოსთვისაც ეს პროცესი მარტივი არ იქნება. ისინი აფხაზეთის ეკლესიასთან დაკავშირებით მსგავს სპეკულაციებს ელოდნენ. თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიაზე ჯერჯერობით მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი უნდა შეიკავოს. მისი აზრით, რუსეთი მალე იზოლაციაში მოიქცევს თავს და მისი ეკლესია მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის ეროვნულ ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე მსოფლიო ეკლესიების მიერ აღიარებულ და დადგენილ კანონებს. თეოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ მათ მხარდამჭერი სხვა ეკლესიებიც გამოუჩნდნენ, თუმცა ეს მხოლოდ დროებით იქნება და მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას მაინც შეძლებს", - განაგრძობს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, ყურადსაღებია აფხაზეთის არქიმანდრიტის განცხადება, თუმცა იურიდიულად რუსეთს არა აქვს ძალა, რომ აფხაზეთის ავტოკეფალია გამოაცხადოს. რაც შეეხება მსოფლიო პატრიარქს, ამას საუბარიც არ უნდა, რომ ის მსგავს მიმართვას არც კი განიხილავს. რუსეთი ახლა თავის მხრივ ყველას შეშინებას ცდილობს, თუმცა ეს როგორ და რამდენად გამოუვა, უკვე სხვა საკითხია. მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენმა საპატრიარქომ შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რაც არის და ზედმეტი ინიციატივებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენი ეკლესია ჯერჯერობით თავის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე არ აფიქსირებს. რა თქმა უნდა, რუსეთს სხვა ეკლესიებშიც გამოუჩნდებიან მომხრეები. სირიაში ვიცით რა სიტუაციაცაა და იქიდან ფაქტია, თანხმობას მიიღებს. ასევე მას მხარდაჭერა ბულგარეთიდან და სხვა სლავური ქვეყნების ეკლესიებისგანაც ექნება. საბერძნეთი, რა თქმა უნდა, რომ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. უფრო მგონია, რომ ამ ქმედებით რუსეთის ეკლესია თავს იზოლაციაში მოიქცევს და ბოლოს მაინც თავად დაზარალდება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ტიგინაშვილი.

"სიტუაცია ასე დაიძაბა, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას აღარ სცნობს და მას სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ოცნებამ", შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაიფიქროს" - ძაბირაძე

"სალომე ზურაბიშვილის ისედაც შედარებით დაბალი რეიტინგი, რაზედაც ანალიტიკოსები საუბრობენ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაეცეს; ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს არა მარტო "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატისა და სასულიერო პირების დაპირისპირება, არამედ ზურაბიშვილის განცხადებებიც; მმართველმა გუნდმა საკუთარ იმიჯზეც უნდა იფიქროს და არ არის გამორიცხული, "ოცნებამ" ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი თქვას, - აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევს, რამაც "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნებამ", შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაიფიქროს" - ძაბირაძე.

"ზურაბიშვილის განცხადებები არა მარტო სასულიერო პირებში იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას, არამედ საზოგადოებაშიც, რაც მის რეიტინგზე ძალიან მოქმედებს. იგი, ფაქტობრივად, მძიმე და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა ზურაბიშვილის განცხადებების მიმართ, რაც არჩევნების შედეგებზე აისახება. საქმე ისე მიდის, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ პრობლემა ისაა, ზურაბიშვილი გავა თუ ვერა მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, შესაძლოა, იგი მეორე ტურში ვერ გავიდეს, თუ მანამდე "ქართულმა ოცნებამ" არ გადაიფიქრა მისი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი არა მარტო ზურაბიშვილის რეიტინგზე, არამედ "ოცნების" რეიტინგზეც მოქმედებს და მის მიმართ დამოკიდებულებას მკვეთრად ცვლის. "მმართველ პარტიას თავის თავზეც საფიქრალი აქვს, როდესაც ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამიტომაც მეორე ტურში გადასვლის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს ზურაბიშვილს, თუკი მან ასე გააგრძელა, ყოველ მეორე სიტყვაზე პირველად ნათქვამს რადიკალურად რომ ცვლის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"საერთოდაც, ასეთი კამპანია რომელიმე კანდიდატს ოდესმე წარემართა, არ მახსოვს. თუკი ზურაბიშვილი მეორე ტურში მაინც გავიდა, მისი გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება მოწინააღმდეგე. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან გამარჯვების შანსი შეიძლება ისევ ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში კი ვერ გაიმარჯვებს", - მიიჩნევს ძაბირაძე. ცნობისათვის, ზურაბიშვილმა მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სასულიერო პირები ზედმეტად ერევიან საქმეში" და თუკი პრეზიდენტად მისი არჩევა მოხდება, სასულიერო პირების ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევაზე მწვავე რეაქცია ექნება. "არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. როგორც პრეზიდენტს, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს, მე ამაზე მექნება ძალიან დიდი პროტესტი. ვინაიდან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმებისა, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით", - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, "ეკლესიის მაღალი დონის ფიგურები პირდაპირი ბრალდებებით ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ არც ერთი მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", - დასძენს გამოცემა.

დიდი დაპირისპირება ჩრდილოკავკასიაში "პროქართული" ბალყარელების მონაწილეობით

"ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ერთ მთიან სოფელში, ეთნიკურ ნიადაგზე დიდი დაპირისპირება დაიწყო ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის და ის უკვე მთელი ავტონომიური რესპუბლიკის საკვანძო ქალაქებს მოედო. მობილიზებულია რუსეთის შინაგანი ჯარი, ე.წ. როსგვარდია, რომელსაც ალყაში ჰყავს მოქცეული ის სოფელი, საიდანაც კონფლიქტი დაიწყო. არის შეტაკებები, სროლა, საუბარია ათეულობით დაკავებულზე, პოლიცია სადარბაზოებში, ეზოებში, ყველგან იჭერს მათ, ვინც ამ დაპირისპირებაში აქტიურობდა. სიტუაცია დაიძაბა ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ყაბარდოელი ცხენოსნების ჯგუფი ბალყარელებმა საკუთარ სოფელზე არ გაატარეს. ყაბარდოელები, იგივე ჩერქეზები, ადიღების ეთნოსთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო ბალყარელები თურქული წარმომავლობის ხალხია. ორივე ეთნიკურ ჯგუფში უკვე ღიად ისმის მოწოდებები იარაღის აღებაზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი დაპირისპირება ჩრდილოკავკასიაში "პროქართული" ბალყარელების მონაწილეობით.

"ეთნიკური კონფლიქტი ბალყარულ მაღალმთიან სოფელ კენდელენში დაიწყო. 17 სექტემბერს ამ სოფელში უნდა გაევლო ყაბარდოელ ცხენოსანთა ჯგუფს, რომელიც კანჟალის მთის მწვერვალზე ავიდა კანჟალის ბრძოლის 310-ე წლისთავის საპატივცემულოდ. ამ ბრძოლაში ყაბარდოელებმა ყირიმის სახანოსა და ოსმალების ჯარი დაამარცხეს, რის შემდეგაც ხარკის გადახდა შეწყვიტეს და ოსმალების ბატონობა, ფაქტობრივად, დასრულდა. ბალყარელები, რომლებიც თურქული წარმომავლობის ხალხია, ამ დღესასწაულს არ აღიარებენ, ოსმალების დამარცხებას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამ დღის ზეიმით აღნიშვნას. ყაბარდოელმა ცხენოსნებმა ბალყარელებთან შეტაკების თავიდან ასაცილებლად მთის მწვერვალზე ასვლისას გვერდი აუარეს სოფელს, თუმცა უკანა გზაზე, 18 სექტემბერს, სოფელ კენდელენის გავლით მაინც წამოვიდნენ ყაბარდოელი ახალგაზრდების დაჟინებული მოთხოვნით, რომლებიც კენდელენში იყვნენ. ამას მოჰყვა სწორედ მასობრივი ჩხუბი და დიდი კონფლიქტი, რომელიც სოფელ კენდელენიდან ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის საკვანძო ქალაქებში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"19 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში, მთავრობის სახლის წინ მოედანზე გაიმართა მიტინგი, სადაც ახალგაზრდები ადიღეური დროშებით გამოვიდნენ. მიტინგზე მათსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა აქციის ყველაზე აქტიური მონაწილეები დააკავეს, მათ შორის აქციაზეც და სადარბაზოებშიც კი. გარდა ამისა, ქალაქ ბაქსანის ტრასაზე სამართალდამცველებმა დააკავეს ათეულობით ადამიანი, რომლებიც სოფელ კენდელენში კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მხარდასაჭერად მიდიოდნენ. პოლიციამ ალყა შემოარტყა სოფელს და გზები გადაკეტა. რესპუბლიკაში გაიგზავნა როსგვარდიის შენაერთები ჩრდილოეთ ოსეთისა და სტავროპოლის ტერიტორიიდან. არის სროლა და მოწოდებები იარაღის აღებაზე. პოლიციელები აკავებენ ყველას, ვინც აქტიურობს. სოფელ ზუიკოვოში შეტაკება მოხდა რუს მესაზღვრეებსა და ყაბარდოელებს შორის. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სროლაა ასახული, რომელშიც სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. სოფელ კენდელენის უხუცესები შეტაკებაში ჩართვას არ აპირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ თავის დაცვა გახდება საჭირო, პასუხს გასცემენ. ყაბარდო-ბალყარეთის მუფტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აჰყვნენ", - განაგრძობს გამოცემა.

"საგულისხმოა, რომ ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის დაპირისპირება ძალიან ხშირია. წელს, გაზაფხულზე კი, ბალყარელებმა დიდი აქცია გამართეს, სადაც ყაბარდოდან გასვლა და ცალკე ავტონომიურ რესპუბლიკად ჩამოყალიბება მოითხოვეს 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე. მოთხოვნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, ბალყარელების თქმით, მათ მიწის ფლობის უფლება წაართვეს ჩინოვნიკებმა და ყველა ნოყიერი მიწა ყაბარდოელებს აქვთ. "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ავტონომიური რესპუბლიკები შეიქმნა, შეგნებულად აირია ეთნოსები, თუნდაც როგორიცაა ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაევო-ჩერქეზეთი. ყაბარდო-ბალყარეთში ყაბარდოელები, ანუ ჩერქეზები არიან უმრავლესობაში, ხოლო ყარაჩაევო-ჩერქეზეთში ბალყარელების მონათესავე თურქულენოვანი ყარაჩაელები არიან უმრავლესობაში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ეთნოსებს შორის მუდმივად არის სხვადასხვა ტიპის დაძაბულობა", - დასძენს გამოცემა.

"დაპირისპირება ძირითადად იმის გამოა, რომ მიწას და თანამდებობებს ვერ იყოფენ, მაგრამ რამდენიმე ცალკეული შემთხვევის გარდა საზღვრებს არ გადასულა. საინტერესოა ყაბარდო-ბალყარული შიდა კონფიგურაცია. ყაბარდოელებს ეკუთვნით ამ რესპუბლიკის მთელი ნოყიერი მიწები, მთელი ბარი ყაბარდოელების ხელშია. ბალყარელები ცხოვრობენ ხუთ მთიან ხეობაში და მწირი მიწების პირობებში. როცა ბალყარელები ლაპარაკობენ, რომ მათ მიწები არ აქვთ, უკვე გვიანაა ამაზე ლაპარაკი, ყაბარდოელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბალყარელები მთებს შერჩენოდნენ... ბალყარელები ქართველებს ენათესავებიან. სვანეთის უშგულიდან 9 კილომეტრია პირდაპირ ხეობით ბალყარეთამდე, ბევრი სვანი საუკუნეების წინ გადავიდა იქ და ბალყარელებს შეერია. ბალყარულ გვარებშიც გვხვდება ქურდოვი, ანუ ქურდიანები, სვანოვი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რამაა საინტერესო, ბალყარელები პრინციპულად, ყაბარდოელების ჯიბრზე ჩვენთან 1990-იან წლებში ომში არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 8 ბალყარელია ჩვენთან ომში დაღუპული, ეს ცალკეული შემთხვევა იყო, მათმა სახალხო ფრონტმა გამოაცხადა პროტესტი, თქვა, რომ ამ ომში არ ჩაერთვება და ახალგაზრდებს აფხაზეთში წასვლა აუკრძალა", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ აფხაზების მხარეს უამრავი ჩერქეზი და ყაბარდოელი იბრძოდა კონფედერაციის რიგებში და ბევრი დაღუპულიცაა, ამ დროს კი ნალჩიკში 2 000 ქართული ოჯახი იყო და ბალყარელები იცავდნენ იქ ქართველების სახლებს, რომ ყაბარდოელებს ისინი არ შეევიწროვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყაბარდოელები იბრძოდნენ აფხაზების მხარეს, ამ დაპირისპირებაში ბალყარელებსა და ყაბარდოელებს შორის აფხაზები არ ჩაერევიან. აფხაზებმა ჩერქეზების წინაშე თავი უკვე მოიჭრეს, როცა მათი გენოციდი არ აღიარეს - საქართველომ აღიარა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არ აღიარა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციულად აფხაზები მხარს არ დაუჭერენ. თანაც ახლა ჩრდილოკავასიის საქმეებში ჩარევა მოსკოვის განაწყენებას ნიშნავს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევიან. მოსკოვი კი არ მიუშვებს საქმეს იქამდე, რომ მასობრივად სისხლი დაიღვაროს. შეიძლება ცალკეული შემთხვევები მოხდეს. რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ყაბარდოელებისა და ბალყარელების გამიჯვნას არა პოლიტიკურად, არამედ უსაფრთხოების ფორმატს შექმნის, ჩადგება შუაში, შემდეგ დაიწყებს დამნაშავეების დასჯას, საკადრო ცვლილებებს, დაჰპირდება ხალხს, რომ მიწების გადანაწილება მოხდება, რაც ტყუილია. მოკლედ, ამ თემას გაჭიმავს, ვიდრე ვნებათაღელვა არ ჩაცხრება", - დაასკვნის არეშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო