ზურაბ ბატიაშვილი - მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩამოაგდოს საკუთარი თვითმფრინავი და ამაში სხვა დაადანაშაულოს

უკანასკნელ დღეებში სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, კარგა ხანია მივეჩვიეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება პერმანენტულად იძაბება და იგი საერთაშორისო დღის წესრიგისა და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რომლის მომავალზე ძირითადი მოთამაშეები ვერა და ვერ თანხმდებიან.

რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ ისტორიას, იმას, თუ რა გაგრძელება მოჰყვა მას, ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მაგრამ, კარგი იქნებოდა რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუ მოკლედ მოუთხრობდით ჩვენს მკითხველებს საერთოდ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, რეგიონში დღეისათვის ჩამოყალიბებულ ძალთა ბალანსზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ამ ფეთქებასაშიშ რეგიონში...

- როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში უკეთესობისკენ არ შეცვლილა და სამწუხაროდ, არც უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ალბათ, უფრო პირიქით მოხდება. ეს არის დემოგრაფიული, კონფესიული, სოციალ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრობლემებით დახუნძლული რეგიონი, სადაც მივიღეთ სიტუაცია „ყველა ყველას წინააღმდეგ“.

ახლო აღმოსავლეთში ორი მთავარი ბანაკია, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთ ბანაკს შეიძლება ვუწოდოთ „პროამერიკული“, რომელსაც ვაშინგტონი მფარველობს და რომლის ლიდერიც ადგილზე საუდის არაბეთია. ამ ბანაკში ასევე შედიან ისრაელი და ძირითადად სუნიტური არაბული ქვეყნები. ხოლო მეორე ბანაკი „პრორუსულია“ და მისი ლიდერი ირანია. ამ ბანაკში ძირითადად ვხედავთ შიიტურ ქვეყნებსა და პროირანულ დაჯგუფებებს

ამ მომენტისთვის ახლო აღმოსავლეთში ორი მთავარი ბანაკია, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთ ბანაკს შეიძლება ვუწოდოთ „პროამერიკული“, რომელსაც ვაშინგტონი მფარველობს და რომლის ლიდერიც ადგილზე საუდის არაბეთია. ამ ბანაკში ასევე შედიან ისრაელი და ძირითადად სუნიტური არაბული ქვეყნები. ხოლო მეორე ბანაკი „პრორუსულია“ და მისი ლიდერი ირანია. ამ ბანაკში ძირითადად ვხედავთ შიიტურ ქვეყნებსა და პროირანულ დაჯგუფებებს.

ომი სირიასა და იემენში, დაძაბულობა ერაყსა და ლიბანში, ასევე კატარის კრიზისი დიდწილად ამ ორ ბანაკს შორის ქიშპობის შედეგია, სადაც ეს ბანაკები ფრონტის სხვადასხვა მხარეს მებრძოლ ძალებს უჭერენ მხარს როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

დღეს ბრძოლა ამ ორ ბანაკს შორის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. თუ სირიაში გარკვეული უპირატესობა „პრორუსებმა“ მოიპოვეს, ერაყის სამხრეთ ნაწილში შემცირდა მათი გავლენა და გაძლიერდა მეორე ბანაკის პოზიციები. ზოგადად ამ ორ ბანაკს დაახლოებით თანაბარი ძალები აქვს რეგიონში, რის გამოც ნარჩუნდება ძალთა გარკვეული ბალანსი.

ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე და ინტერესზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ეს ფაქტორებია როგორც ნავთობის ფასების დონე მსოფლიო ბაზარზე, ისე აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები და მასთან დაკავშირებული სირთულეები რეგიონში, ირანისა და საუდის არაბეთის ქიშპობა სხვადასხვა ქვეყნებში, ისრაელის ეროვნული ინტერესები, რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობები და ა.შ.

ორივე დაპირისპირებული ბანაკის ლიდერ ქვეყნებს, - ირანსა და საუდის არაბეთს, - კარგად ესმით სრულმასშტაბიანი დაპირისპირების მთელი საშიშროება, რომელიც დამღუპველი იქნება არაერთი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ „ვა-ბანკზე“ წასვლისგან. მაგრამ ერთ დღეს ეს სიტუაცია შეიძლება უცებ აფეთქდეს.

ორივე დაპირისპირებული ბანაკის ლიდერ ქვეყნებს, - ირანსა და საუდის არაბეთს, - კარგად ესმით სრულმასშტაბიანი დაპირისპირების მთელი საშიშროება, რომელიც დამღუპველი იქნება არაერთი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ „ვა-ბანკზე“ წასვლისგან. მაგრამ ერთ დღეს ეს სიტუაცია შეიძლება უცებ აფეთქდეს

ამ შემთხვევაში საფრთხე იქმნება საქართველოსთვისაც. საერთოდ რომ არაფერში ჩავერიოთ ჩვენ, პრობლემები თავად მოვა ჩვენთან. ამ რეგიონში დღეს ცხოვრობს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი. დიდი კონფლიქტის შემთხვევში ამ მოსახლეობის 5%-იც რომ იქცეს ლტოლვილად, ციფრებში ეს 50 მილიონი ადამიანია. რუკას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ მათთან გეოგრაფიულად საქართველო უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროპა. დამიჯერეთ, თუ მილიონობით ადამიანი დაიძრა, მათ ვერავითარი სასაზღვრო პოლიცია ვერ შეაჩერებს.

აღარაფერს ვამბობ ისეთ საფრთხეებზე, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და რადიკალიზაცია. ჩატაევისა და მისი რაზმის საქართველოში შემოსვლის შემთხვევამ ნათლად გვიჩვენა, რომ საფრთხეები არც ისე შორსაა ჩვენგან. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. აქედან გამომდინარე, არ გაგვაჩნია ბერკეტები რითაც შესაძლებელი იქნებოდა გავლენა მოგვეხდინა იქ მიმდინარე მოვლენებზე. რაც აუცილებლად უნდა ვაკეთოთ არის ის, რომ ყოველთვის ყურადღებით ვადევნოთ თვალი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სწორად შევაფასოთ იქ არსებული თუ მოსალოდნელი პროცესები.

ახლო აღმოსავლეთში დღეს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. დიდი კონფლიქტის შემთხვევაში ამ მოსახლეობის 5%-იც რომ იქცეს ლტოლვილად, მათ ვერავითარი სასაზღვრო პოლიცია ვერ შეაჩერებს

ასეთ ფონზე გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ასევე უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო. ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინირებელი ორგანო, სადაც კოორდინაციის გარდა უნდა კეთდებოდეს სიტუაციური ანალიზი, მუშავდებოდეს რეკომენდაციები და იქმნებოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური დოკუმენტები. ასე მაგალითად, წელს ვადა გასდის „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტს“, რომელიც ახდენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი რეალიზების შესაძლო სცენარების, ალბათობებისა და შედეგების ანალიზს.

ახლა საუბარია იმაზე, რომ ხელახლა შეიქმნება ასეთი მაკოორდინირებელი ორგანო, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ გაუთავებელი ექსპერიმენტები და დაშლა-აწყობები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ამ სფეროს.

- რამდენიმე წელია სირიაში გააქტიურებით რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ ძირითად მოთამაშეებს დაანახა, რომ იგი ახლო აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევი ძალაა. სწორედ კრემლის ძალისხმევის შედეგად შეინარჩუნა სირიაში ბაშარ ასადმა არა მარტო ძალაუფლება, არამედ აღადგინა კონტროლი იმ ტერიტორიებზეც კი, რომლებსაც ადრე ვერ აკონტროლებდა.

თუ მანამდე დამკვირვებელთა უმრავლესობა საუბრობდა იმაზე, რომ სირია ნაწილებად დაიშლებოდა, რაღაც ეტაპზე იგი გავლენის სფეროებადაც კი იყო გაყოფილი. თუ თურქეთის მიერ ქურთებით დასახლებულ რეგიონზე კონტროლს არ მივიღებთ მხედველობაში, ახლა ვითარება აშკარად შეცვლილია.

თქვენ როგორ შეაფასებდით სირიაში სადღეისოდ ჩამოყალიბებულ ვითარებას?

- სირიის 7-წლიანი სამოქალაქო ომის ბოლოს მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ 2018 წლის შემოდგომისთვის ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა (რუსეთის ფედერაცია, ირანი და მისი მომხრე ლიბანური „ჰეზბოლაჰი“) შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე აღედგინათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი.

დღეისთვის წინააღმდეგობის მთავარ ფორპოსტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინცია, სადაც თავი მოიყარეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილმა ძალებმა.

ამჟამად იდლიბის პროვინციაში დაახლოებით 3-4 მლნ, მათ შორის სირიის შიდა პროვინციებიდან ადგილნაცვალი 1 მილიონზე მეტი პირი ცხოვრობს. აქ თავმოყრილია ასადის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დიდი ცოცხალი ძალა - 70-80 000 მებრძოლი, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორგანიზაციაში.

დღეისთვის სირიაში ასადის წინააღმდეგობის მთავარ ფორპოსტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინცია, სადაც თავი მოიყარეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილმა ძალებმა... აქ თავმოყრილია ასადის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დიდი ცოცხალი ძალა - 70-80 000 მებრძოლი, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორგანიზაციაში

სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ამ პროვინციაში ოპოზიციის ზომიერი ფრთის გარდა წარმოდგენილია ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ძალა - „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“, რომელიც ყველაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფებაა რეგიონში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდლიბის პროვინციაში განლაგებულია „ასტანის პროცესში“ მონაწილე 3 ქვეყნის - თურქეთის, რუსეთისა და ირანის - სადამკვირვებლო პუნქტები, რომლებსაც სამივე მხარე საკუთარ ინტერესებში იყენებს.

მართალია, ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს სირიაში დამატებითი ტერიტორიების დაკავებით, მაგრამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები არ აღმოფხვრილა: ქვეყანას მართავს დიქტატორ ასადის რეჟიმი, რომელიც უმცირესობის (ალავიტების) წარმომადგენელია და ატერორებს სუნიტ უმრავლესობას.

ასადის რეჟიმი დღესაც ჩადის გაუგონარ სისასტიკეებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, შუღლი კიდევ უფრო მომატებულია ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, ეკონომიკური მოდელი კვლავ გაუმართავია, არსად გამქრალა უცხო ქვეყნების ინტერესებიც, რომლებიც მუდმივად ერევიან სირიის საქმეებში. ამიტომ კონფლიქტი სირიაში ადვილად ვერ მოგვარდება.

- ფაქტია, რომ სირიის საკითხში ძირითადი მოთამაშეები ვერ თანხმდებიან. სირიის თემაზე თურქეთ-რუსეთი-ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ცალკე შედგა პუტინ-ერდოღანის მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, რაზე შეთანხმდნენ სირიის საკითხში მოსკოვი და ანკარა და რა პოზიცია აქვს სირიაში თურქულ-რუსულ-ირანულ ქმედებებზე ვაშინგტონს?

- სოჭში პუტინ-ერდოღანის დამატებითი შეხვედრის ჩატარება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ მხარეები თურქეთ-რუსეთი-ირანის სამიტზე ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

ა.წ. 17 სექტემბერს სოჭში გამართულ შეხვედრაზე კი რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში შეიქმნება დეესკალაციის ზონა ფრონტის ხაზიდან 15-20 კმ-ის დიაპაზონში, საიდანაც 10 ოქტომბრისთვის გაყვანილი იქნება მძიმე ტექნიკა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი აღარ განახორციელებს საჰაერო თავდასხმებს იდლიბზე და შენარჩუნდება სტატუს-ქვო. ამასთან, თურქეთისა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განახორციელონ დემილიტარიზებული ზონების ერთობლივი პატრულირება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სირიაში შეებრძოლებიან ტერორიზმის ყველა გამოვლინებას.

ვაშინგტონი ოფიციალურად მიესალმება ასეთ შეთანხმებას. თუმცა, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ვიხილეთ ისრაელის მიერ განხორციელებული სერიოზული საჰაერო შეტევა ჩრდილოეთ სირიაზე.

რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ - სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში შეიქმნება დეესკალაციის ზონა ფრონტის ხაზიდან 15-20 კმ-ის დიაპაზონში, საიდანაც 10 ოქტომბრისთვის გაყვანილი იქნება მძიმე ტექნიკა... ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს სოჭის შეთანხმება, რადგან ამ საქმეში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს

ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებენ რუსეთი და თურქეთი ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას. კონფლიქტის მიმდინარეობის 7 წლის მანძილზე არაერთ მსგავს ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, თუმცა, არც ერთი მათგანი არ შესრულებულა იმიტომ, რომ მხარეებს, როგორც წესი, განსხვავებული ინტერესების გამო ხელშეკრულების მუხლები განსხვავებულად ესმით.

ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებული ე.წ. სირიის ქურთისტანის დროებითი მთავრობის "სახალხო თავდაცვის რაზმები" თურქეთისთვის ტერორისტული ორგანიზაციაა, ხოლო რუსეთისთვის - არა. „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“, რომელშიც მრავალი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლია გაერთიანებული, ტერორისტული ორგანიზაციაა რუსეთისთვის, მაგრამ თურქეთს ბოლო დრომდე იგი არ შეყავდა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში.

ასეთი შეუთანხმებელი სტრატეგიული თუ ტაქტიკური სახის განსხვავებები კიდევ ბევრია მხარეებს შორის. ამავე დროს, ჩვენ საკუთარ მაგალითზეც კარგად ვიცით, რამდენად ერთგული შეიძლება იყოს რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არაა სხვა შიდა თუ გარე ძალების ინტერესები. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს სოჭის შეთანხმება, რადგან ამ საქმეში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

- რუსული ილ-20-ის აფეთქებასა და ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნას, რომლის ბორტზე 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, დიდი ხმაური კი მოჰყვა, მაგრამ საკმაოდ სწრაფადვე ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული თვითმფრინავი სირიულმა ძალებმა ჩამოაგდეს, რუსეთმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადმა მომხდარის გამო რუსეთს ბოდიში მოუხადა და დაღუპულების გამო სამძიმარიც გამოთქვა.

ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მოსკოვში ისრაელის სამხედრო დელეგაცია ჩავიდა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ამიკამ ნორკინის მეთაურობით, რომელმაც მოსკოვში ჩაიტანა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ისრაელს ბრალი არ მიუძღვის.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სირიის შეირაღებულ ძალებში მრავლად არიან რუსი სამხედროები, სირიის საჰაერო სივრცესაც რუსი სპეციალისტები აკონტროლებენ. რა გამოდის, სირიაში რუსული ილ-20 თავად რუსებმა ჩამოაგდეს?

- რა თქმა უნდა, ისრაელს ილ-20 არ ჩამოუგდია. ისრაელმა, გამოდიოდა რა საკუთარი ინტერესიდან, ამერიკული წარმოების F-16-ების გამოყენებით შეტევა განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში არსებულ ირანულ სამხედრო საწყობსა და ასადის არმიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე.

დაბომბვა განხორციელდა ღამით, უცაბედად, იმგვარად, რომ ადგილზე სირიელები კარგა ხანს ვერ ხვდებოდნენ, ვინ ბომბავდა მათ და მათი მოკავშირეების ნაწილებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სირიის საჰაერო სივრცეში შემოვლითი გზით, ხმელთაშუა ზღვიდან შემოიპარა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 4 ერთეული F-16, რომლებიც წარმატებით განხორციელებული ოპერაციის შემდეგ იმავე გზით უკან დაბრუნდნენ.

თუ ისრაელისთვის ირანის საპასუხო ნაბიჯი სერიოზული იქნება, მაშინ კონფლიქტში აუცილებლად ჩაერთვება აშშ, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული ისრაელის დაცვის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტს შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს მთელი რეგიონისთვის

როდესაც ხმელეთზე მდებარე რუსული წარმოების S-200 ანტისაჰაერო სისტემებიდან ამ თვითმფრინავების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, ის მოხვდა არა ისრაელის თვითმფრინავს, არამედ იქვე ახლოს მყოფ რუსეთის კუთვნილ ილ-20-ს, რომელიც იმ მომენტისთვის სადაზვერვო სახის ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული.

არავისთვის დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების შეიარაღება რუსულია. ამ იარაღის გამშვებ პუნქტებშიც ძირითადად რუსი სამხედროები სხედან. ცხადია, რომ შეცდომა სწორედ ერთ-ერთ ასეთ პუნქტში მოხდა.

თქვენ აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ - გამოვიდა, რომ ის თვითმფრინავი თავად რუსებმა ჩამოაგდეს. მაგრამ მთავარი პარადოქსი ამის შემდეგ მოხდა, როდესაც ყველაფერში ისრაელი დაადანაშაულეს... როგორც ერთი ცნობილი შეგონება გვეუბნება, „რუსეთს გონებით ვერ ჩაწვდები“. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩამოაგდოს საკუთარი თვითმფრინავი და ამაში სხვა დაადანაშაულოს. სწორედ ამიტომ ჩაცხრა ეს აურზაური სწრაფადვე.

- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა - „ისრაელის სტრატეგიული ინტერესების ნებისმიერი ხელყოფისგან დაცვაა საჭირო. თუ თავს მოგვახვევენ ომს, მთელი სიმძლავრით ვუპასუხებთ, პირველ რიგში ირანს.“ იმის ფონზე, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესებულია, ისრაელს კი აშშ ტრადიციულად უჭერს მხარს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებით კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდეს?

- ასეთი საფრთხე ადრეც არსებობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სირიის სამოქალაქო ომში ირანის სამხედრო ნაწილები ჩაერთო, მისმა ალბათობამ ერთი-ორჯერ მოიმატა. საქმე იმაშია, რომ ირანი ცდილობს სამხედრო ბაზები შექმნას სირიაში და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ისრაელს, რათა ახლო მანძილიდან უფრო მეტი ზიანის მიყენება შეძლოს მისთვის. თეირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მთავარი მიზანი ისრაელის („სიონისტური რეჟიმის“, როგორც თავად უწოდებს ამ ქვეყანას) განადგურებაა.

რა თქმა უნდა, ისრაელმა ირანის ეს განწყობა კარგად იცის და ყველა შესაძლო გზით, მათ შორის პრევენციული დარტყმებითაც, ცდილობს არ დაუშვას, რომ ირანელებმა ფეხი მოიკიდონ სირიაში. მას არაერთი საჰაერო რეიდი აქვს განხორციელებული ირანელთა წინააღმდეგ.

მკვეთრად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ინჯირლიქის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების საკითხი, ისევე როგორც თურქეთის ნატოში წევრობის თემა, რაც დადებითი მოვლენაა და იძლევა იმის იმედს, რომ სიტუაციის შემობრუნების შანსები ჯერ კიდევ არსებობს

თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ადრე ისრაელი სირიის ძირითადად სამხრეთ ნაწილებს ბომბავდა, ახლა კი ჩრდილოეთსაც გადაწვდა. ამით აჩვენა, რამდენად პრინციპულია მისთვის პრევენციული დარტყმების პოლიტიკა. ისრაელში ხშირად ამბობენ, რომ მათი ქვეყნის ზომების გამო არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაელოდონ მტრის თავდასხმას. ასეთ მიდგომაში ისრაელ-არაბების ომების ისტორიული გამოცდილებაც თავის როლს თამაშობს.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რითი უპასუხებს ირანი ისრაელს. ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რაღაც სახის პასუხი იქნება. თუ ისრაელისთვის ირანის საპასუხო ნაბიჯი სერიოზული იქნება, მაშინ კონფლიქტში აუცილებლად ჩაერთვება აშშ, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული ისრაელის დაცვის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტს შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს მთელი რეგიონისთვის.

- თვალშისაცემია მოსკოვსა და ანკარას შორის დაახლოება. ერდოღანმა განაცხადა - "მოგვცემს თუ არ მოგვცემს ამერიკა "ფ-35" თვითმფრინავებს, ჩვენ მაინც მივიღებთ რუსეთიდან "ს-400" რაკეტებს, რადგან გვჭირდება და საერთოდ, თურქეთი რასაც აკეთებს, ეს ხალხის არჩევანია.“

ფაქტია, რომ თურქეთ-რუსეთის დაახლოება ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების პერმანენტული დაძაბვის ფონზე ხდება. „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ბევრს არ აქვს გააზრებული რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ისეთ დიდ სახელმწიფოებში რყევებმა, როგორც რუსეთი და თურქეთია“. თქვენი დაკვირვებით, ამ ქვეყნებში რყევების ალბათობა საქართველოსთვის რა საფრთხეებს შეიცავს?

- თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში არაერთი პრობლემა არსებობს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აგვისტოში ვაშინგტონმა გარკვეული სანქციებიც კი დაუწესა ანკარას.

მართალია, აღნიშნულ სანქციებს ამ ეტაპზე ძირითადად მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაუფასურებულიყო თურქული ლირა. ამან თავის მხრივ ფასების მატება და სხვა მრავალი სახის პრობლემა გამოიწვია თურქეთის ეკონომიკაში.

ამასთან, გამორიცხული არაა, რომ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, ამერიკელებმა შემოიღონ ახლა უკვე სერიოზული სანქციები, რასაც კიდევ უფრო უარყოფითი შედეგები მოჰყვება თურქეთისთვის.

საინტერესოა, რომ მკვეთრად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ინჯირლიქის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების საკითხი, ისევე როგორც თურქეთის ნატოში წევრობის თემა, რაც დადებითი მოვლენაა და იძლევა იმის იმედს, რომ სიტუაციის შემობრუნების შანსები ჯერ კიდევ არსებობს.

ამ მომენტისთვის მთელ მსოფლიოში აშშ-ს 75 საელჩო ელჩის გარეშე აგრძელებს ფუნქციონირებას. თუ აქედან ელჩობის 50 კანდიდატი სენატის თანხმობას ელოდება, 25 ქვეყანაში საერთოდ არაა ახალი ელჩების კანდიდატურები დასახელებული

რაც შეეხება ამ ფონზე საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

• ანკარის ვაშინგტონთან დისტანცირების პარალელურად იზრდება თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის;

• ნატოს ორი წევრი ქვეყნის (აშშ და თურქეთი) დაპირისპირება არ შედის საქართველოს ინტერესებში. მით უმეტეს, ორივე მათგანი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა. შესაბამისად, ეს დაპირისპირება შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე;

• აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა მომავალში პრობლემები შეექმნას როგორც ნატოს აქტიურობებს შავ ზღვაზე, ისე საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისედაც გართულებულ და დროში გაწელილ პროცესს;

• ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი სახის ეკონომიკური და სამხედრო სახის სანქციების შემოღება თურქეთის წინააღმდეგ. რამდენადაც თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და უამრავი ეკონომიკური სახის კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან, ეს გართულება უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. მით უმეტეს, ეს უარყოფითად ასახვის ტენდენცია უკვე გვაქვს. ლირის გაუფასურების გამო დაზარალდნენ თურქეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებსაც საგრძნობლად შეუმცირდათ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, მათ ნაკლები თანხის გამოგზავნა შეძლეს საქართველოში. შედეგად, ქართული ლარი აგვისტოს თვეში დაახლოებით 4%-ით გაუფასურდა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში.

ეკონომიკის მიმართულებით მსგავსი რამ შეიძლება ითქვას რუსეთზეც. ერთის მხრივ, ცნობილ მიზეზთა (საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მცოცავი ანექსია, აგრესიული რიტორიკა და მუქარები კრემლის მხრიდან და ა.შ.) გამო, ჩვენს გრძელვადიან ინტერესშია, რომ რუსეთს ეკონომიკურად არ ულხინდეს. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს აზარალებს ქართულ ეკონომიკასაც. ჩვენი უამრავი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. ისინი თანხებს უგზავნიან საკუთარ ოჯახებს საქართველოში. უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ქართული პროდუქცია შედის რუსულ ბაზარზე და ა.შ. ამიტომ რუსეთის ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემები აუცილებლად აისახება საქართველოზეც.

- მეშვიდე თვეა ვაშინგტონს საქართველოში არ ჰყავს აშშ-ს ელჩი. იმედია, პრემიერ ბახტაძის ვაშინგტონში საკმაოდ წარმატებული ვიზიტის შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდება. მაგრამ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს აშშ-ს ელჩის აქამდე დაუნიშნაობა?

- საერთაშორისო ურთიერთობებში მიჩნეულია, რომ როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაში ელჩის დანიშვნას დროში წელავს და აჭიანურებს, ეს რაღაც პრობლემის მომასწავებელია.

ამ შემთხვევაში შეფერხების მიზეზი ორმხრივი ურთიერთობები არაა. აშშ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენ ქვეყნებს შორის პრობლემები არ არსებობს. ვფიქრობ, სირთულეები გამოიწვია თავად აშშ-ში არსებულმა სიტუაციამ. ამ მომენტისთვის მთელ მსოფლიოში აშშ-ს 75 საელჩო ელჩის გარეშე აგრძელებს ფუნქციონირებას. თუ აქედან ელჩობის 50 კანდიდატი სენატის თანხმობას ელოდება, 25 ქვეყანაში საერთოდ არაა ახალი ელჩების კანდიდატურები დასახელებული.

იმედია, აშშ-ში მალე მოაგვარებენ ამ სირთულეებს და მათი საელჩოები მთელი ძალებით შეუდგებიან მუშაობას. ეს მეტად მნიშვნელოვანია აშშ-ს მოკავშირეებისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო