ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი გაეცნო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურთან საქართველოს ეროვნული მუზუემის არქეოლოგების ჯგუფი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიების მორიგ ეტაპს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხალკოლითის პერიოდის (დაახლოებით 6 ათასი წლის წინანდელი პერიოდი) უძველესი დასახლების მრავალფენიან ნამოსახლარს, რომლის კულტურული დანაშრევების სიმაღლეც 14 მეტრს აღემატება, არქეოლოგიური ექსპედიცია 1985 წლიდან იკვლევს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო 2018 წლის საველე კამპანიამაც, რომელსაც არქეოლოგი დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობს.

დღეს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.

„ძვ.წ. II საუკუნის ბოლოდროინდელი სასახლის 2 ოთახისა (N25 და N26 ოთახები) და კიბის უჯრედის გაწმენდის შედეგად გამოვლინდა ალიზის თაღოვანი საკურთხეველი გვერდზე მდგარი პურის საცხობი ღუმელით. ერთ-ერთ ოთახში გამოვლენილია აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ალიზის პოდიუმიც, ჩალესილი ხელსაფქვავით, ხორბლით სავსე დერგითა და პოდიუმზე მდგარი წითლად მოხატული ხელადით.

სამეფო რეზიდენციის ოთახებში, რომლებიც სავსე იყო ზედა სართულების დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნანგრევით, მრავლად აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა სისქის გრეხილი თოკები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული წყვილჩლიქიანი ცხოველის წინა ფეხი, რასაც მეცნიერები ავეჯის ნაწილად მოიაზრებენ.

არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის საველე სამუშაოებს სექტემბრის თვეშივე დაასრულებს. 2 სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის შედეგად კი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

დედოფლის გორა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოღლაურთან, დედოფლის მინდვრის სამხრეთ ბოლოში, მდინარე ფცის მარცხენა ნაპირზე, მის მტკვართან შესართავის მახლობლად. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს დედოფლის გორაზე აშენდა სასახლე, რომელიც დროდადრო - როდესაც მეფე დედოფლის გორის სასახლის მახლობლად მდებარე სამლოცველოს მიაკითხავდა, სამეფო რეზიდენციად იქცეოდა. სასახლე მოიცავდა დედოფლის გორის 4000 კვ.მ. ფართობის მთლიან თხემს. ჩვ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედში სასახლე და ტაძარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მიწისძვრას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დედოფლის გორის სასახლის ზედა სართულების დამწვარმა ნანგრევებმა საფუძვლიანად დაფლა პირველი სართულის ოთახები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად წლების განმავლობაში მოპოვებული მასალა საოცრად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და მოიცავს ყოფაცხოვრების ყველა სფეროს. საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული, ლითონის და მინის ჭურჭელი, სამკაული, საბეჭდავები, მონეტები, ავეჯი და ქსოვლები ერთობლიობაში თხუთმეტიათასამდე ექსპონანტს მოიცავს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზუემის დედოფლის მინდვრის ფონდში ინახება,” - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა