ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2018

გია ხუხაშვილი - "ოცნება" ძალიან ახლოსაა წითელ ხაზთან, რის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება"

რომან გოცირიძე - "მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა"

* * *

გია ხუხაშვილი - "ოცნება" ძალიან ახლოსაა წითელ ხაზთან, რის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება"

"არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მწყობრი კამპანიის ნაწილი იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თვითდაზიანება. ამას შეიძლება პოლიტიკური მაზოხიზმი ვუწოდოთ და მეტი არაფერი. ეს არის ქაოსი, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლებიდან, რის უფლებასაც აძლევს თავის თავს არა იმიტომ, რომ საკუთარ ძალებშია დარწმუნებული, არამედ დარწმუნებულია ოპონენტის სისუსტეში. ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს ასე იცელქოს და იცუღლუტოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ასე უსასრულოდ გაგრძელდება. ნორმალური, კონკურენტული არჩევნების პირობებში ეს ყველაფერი სუიციდის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ არსებული ალტერნატივიდან გამომდინარე, იმხელა უპირატესობა აქვთ, რომ ცუღლუტობის რეზერვი ძალიან დიდია", - აცხადებს პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: "დღეს ხელისუფლება მაზოხიზმს ეწევა".

"ბიძინა ივანიშვილმა ერთი პრობლემა გადაწყვიტა - პარტიის შიგნით დაწყებული დაპირისპირება. მის დაბრუნებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გარკვეულწილად შიდა დისციპლინის აღდგენა მან შეძლო. მე ვფიქრობდი, რომ მეორე ეტაპზე უფრო შორს წავიდოდა და პარტიული წესრიგის შემდეგ სახელმწიფო წესრიგის დამკვიდრებას დაიწყებდა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს - რატომ, ვერ გეტყვით. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო გაუგებარი ხდება ეს ყველაფერი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს, რა თქმა უნდა "ქართულ ოცნებას" ვნებს. ერთი ის არის, რომ პარტია რესურსებსა და მოწინააღმდეგის სისუსტეზეც დგას. ამიტომ გარკვეული პერიოდი "ქართულ ოცნებას" საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება - არა კომპრომეტირებული და არა დისკრედიტებული,  "ქართული ოცნების" საქმე ძალიან ცუდად წავა. სანამ მთავარი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ასეთი ამოუწურავიც არ არის, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ვერ გეტყვით, რეალური ალტერნატივა როდის გამოჩნდება, მაგრამ სრულიად კანონზომიერია, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდებაც ხდება. ასე რომ, გამოჩნდება პოლიტიკური ცენტრი, ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჩაანაცვლებს. "ოცნების" მოქმედების ვადა ალტერნატივაზეა დამოკიდებული. პარადოქსულია, მაგრამ მის ინტერესებშიც არის, რომ შეიქმნას... თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება, რადგან "ქართული ოცნება" ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"წესით, მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ წყალგამყოფი შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, საზოგადოებაზე და მეორე მხრივ, თავად პოლიტიკოსებზე. ძლიერი ალტერნატივის შექმნაც დამოკიდებულია საზოგადოებაზეც და პოლიტიკურ სპექტრზეც. ის, რომ ალტერნატივა შესაძლებელია "ოცნების" შიგნით შეიქმნას, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. რადგან გუნდის შიგნით ლიდერები საერთოდ არ არიან. გუნდის შიგნით ყველა ბიძინა ივანიშვილის რესურსით პარაზიტირებს. არავის, არც ერთ პოლიტიკოსს  პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს", - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - "არ ფიქრობთ, რომ კალაძეს ამ მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს ამბიციები?" - პასუხობს:

"კი, ნამდვილად შეიძლება ამბიციები ჰქონდეს. ეს ამბიციები კალაძეს დღესაც აქვს, მაგრამ მე პრაქტიკულ შესაძლებლობაზე ვსაუბრობ..."

"მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში და ამას უკვე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ აკეთებს - საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ ლამის ჯიხურის ჩადგმის ბიზნესიც ივანიშვილმა გადაწყვიტოს - ასეთი გაგებაა, რომ ყველაფერი ივანიშვილის დონეზე "ლაგდება". მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რეალობას შეესაბამება, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში რეალობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღქმას. სამწუხაროდ, დღეს აღქმა ასეთია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი პრობლემა. მეტიც, "ოცნების" პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვექტორი ივანიშვილისკენ გადაწიოს. ბოლო ფარულ ჩანაწერებშიც ხომ ეს გვესმის?! ეს არის ივანიშვილის პირადი პრობლემა, რაც მას, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ პრობლემად ექცევა. ეს თაღლითები როდესაც გადაწყვეტენ, რომ მას ბოლომდე შეახოცონ  ხელი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე - ამ ხალხს საწერ კალამს ვერ გააგდებინებ ხელიდან - ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებენ... ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი - მაგრამ ამ პრობლემის მხოლოდ გაცნობიერება არ არის საკმარისი. მოქმედებებია საჭირო. თუ ის არ იმოქმედებს, მაშინ ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

რომან გოცირიძე - "მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა"

"უმრავლესობას არავინ არაფერს ეკითხება - მისთვის ეს იყო შოკი, როდესაც გაიგეს, რას აპირებდა ივანიშვილი - როდესაც მან დაიბარა ისინი, ყველამ ყველაფერი მაშინ გაიგო, იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც მარიხუანას კულტივირებას ამართლებდნენ და რაღაც ციფრები მოჰყავდათ, რომ ეს თითქოს ეკონომიკისთვის სასარგებლოა, თურმე ააყვავებს ქვეყანას და ა.შ. წულუკიანმა საერთოდ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომ რა ჯობს თუ პლანტაციებს გავაშენებთო, ეს ჩვენი ღარიბი მოსახლეობა ცოტა ფულს იშოვისო", აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომან გოცირიძე: "მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა" / "ეს არის ახალი ბიზნესი, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს".

"ძალიან კარგად არის ცნობილი, ეს ყველაფერი რისთვის კეთდებოდა - კრიპტოვალუტები - ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები დღეს კრიზისშია - ბიტკოინი, რომელიც ღირდა 20 000 დოლარი ახლა 6 000 დოლარამდეა ჩამოსული, სამჯერ არის გაიაფებული. მსოფლიოში დაიწყო ახალი ტენდენცია, რომ მაღალი ფასი აქვს იმ კრიპტოვალუტას, რომელიც მიბმულია მარიხუანასთან - ამ სახის ვალუტას კანაფკოინები ჰქვია. ის ძალიან პოპულარულია, ვინაიდან კრიპტივალუტების რეალური უზრუნველყოფა არ არსებობს, მის უკან არ დგას არანაირი საქონელი, მისი ერთადერთი სიმდიდრე არის მისი თვისებები, რომ მოახდინოს ტრანზაქცია სწრაფად და ანონიმურად. ხოლო კანაფთან მიბმული კრიპტოვალუტები დღეს ძალიან პოპულარული ხდება და მათი კურსი იზრდება - ეს არის ახალი ბიზნესი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

"ზუსტად, გლდანში გახსნილი ბიტკოინების ქარხანა ივანიშვილმა გამოიყენა თავის სასარგებლოდ - მუქთად მიიღო ყველაფერი - მიწა, ტერიტორია, ელექტროენერგია და ასე შემდეგ. იგი მოიხმარს იმაზე მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე კახეთი - ეს ძალიან დიდი სირცხვილია... ეს არის დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ამ ზონის ოპერატორები ამ ტერიტორიას უკვე აქირავებენ ამავე ზონაში სხვა სახის კრიპტოვალუტების მწარმოებლებზე. ფაქტობრივად ისინი გასცემენ ამას იჯარით და ათეულ მილიონობით დოლარის უზარმაზარ შემოსავალს ღებულობენ, ქვეყანას კი არაფერი, საქართველოს ბიუჯეტში შედის ნული! ქვეყანა აქციეს კრიპტოზონად", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "მარიხუანა როგორ უნდა მიებას კრიპტოვალუტას?" - პასუხობს:

"ზუსტად ასეთი ეკონომიკური ზონის გაკეთება უნდათ საქართველოში. ამისთვის გამოიყოფოდა უზარმაზარი პლანტაციები და რომ ამბობენ, 150 ლიცენზია უნდა გაიცესო, აქ იქნებოდა ამ პლანტაციების ერთადერთი ოპერატორი და შემდეგ პლანტაციაები დანაწევრდებოდა პატარ-პატარა ფართობებად და გამოუყოფდნენ ლიცენზიას. ხოლო ამ ზონაში წარმოებული მარიხუანის შემსყიდველი და გამსაღებელი იქნებოდა ერთი კომპანია და შემდეგ კი ეს მიბმული იქნებოდა ამ კრიპტოვალუტასთან. ძალიან დიდი სისულელეა, თითქოს დიდი მოთხოვნაა მარიხუანას ზეთზე, როგორც პარფიუმერულ ნივთიერებაზე (გაცილებით ძვირია, მაგალითად, ვარდის ზეთი) ან სამედიცინო თემის წინ წამოწევა... სინამდვილეში მარიხუანის ბიზნესს მაშინ აქვს ფასი და გასაქანი, თუკი მარიხუანა გამოყენებული იქნება როგორც ნარკოტიკი - სწორედ ეს არის ძირითადი საშუალება ამ საქონელზე მოთხოვნისა..."

"მოსახლეობა მიხვდა რაშიც არის საქმე და ამას მოჰყვა უკიდურესად მწვავე რეაქცია. საქმე გვაქვს დანაშაულებრივ სქემასთან, რაც ქვეყანაში ახალ რისკებს გააჩენს - საქართველოში რომ მარიხუანას პლანტაციები გაშენებულიყო, ეს აუცილებლად უკონტროლო გახდებოდა შავი ბაზრისთვის... რაც შეეხება კანონპროქტის გაწვევას, იმდენად დიდია ფინანსური ინტერესები და იმდენად მონურად მორჩილი მთავრობა და პარლამენტი ჰყავს ივანიშვილს, რომ ის კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს და ამ იდეას არ შეეშვება. იდეა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ, როგორც ჩანს, უკვე გამართულია პროგრამა და ის მიბმული აქვთ ამ კრიპტოვალუტების ბაზართან. იდეა დამუშავებულია და შემდეგ ის თავს მოახვიეს საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას. ამ ეტაპზე საზოგადოებამ მოიპოვა პირველი გამარჯვება. აქ არ არის მხოლოდ ეკლესიის ფაქტორი, ეს მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. ამ ხელისუფლებას საარჩევნო შიშებმა დაახევინა უკან, თორემ მას არც ხალხის ეშინია და არც ღმერთის...", - დასძენს რომან გოცირიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა