ზაზა ფირალიშვილი -  ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ემჩნევა გაკოტრების ნიშნები

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ვინაიდან ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს ქვეყნის წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნა განსაზღვრავს, საუბარი ამ თემით გვინდოდა დაგვეწყო, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა იმდენად მრავალფეროვანია, თან აქტუალურიც და თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს, მათ გვერდს ვერანაირად ვერ აუვლით.

პარლამენტში ხმაური მოჰყვა „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისაგან საკმაოდ კრიტიკული რეკომენდაციის წარდგენას. კომისიის რეკომენდაცია მიღებულია, მაგრამ ხელისუფლება მის შესრულებას არ აპირებს. ამავე თემაზე „ოცნების“ მიერ მიღებული რეკომენდაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა ააცილოს პროკურატურას დაგვიანებით და თან არაკომპეტენტურად გამოძიებულ საქმეზე. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ საქმეზე ერთი მხრივ კომისიის დასკვნამ, მეორე მხრივ მასზე მმართველი გუნდის რეაქციამ და ამავე საქმეზე ხელისუფლების სამომავლო გეგმებმა?

- ჩემს თავზე არ ავიღებ იმის განსჯას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და, მით უმეტეს, დამნაშავეს და უდანაშაულოს განსაზღვრას. აქცენტს სხვა რამეზე გადავიტანდი. მომხდარმა ტრაგედიამ პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლა. ეს, სულ მცირე, სიმართლის დადგენას უშლის ხელს.

ერთია საზოგადოებრივი აზრი, რომლის მართვასაც ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები ცდილობენ და მეორე - ფაქტობრივი გარემოებები. საყოველთაო აჟიოტაჟის პირობებში ეს ორი რამ დიდი ალბათობით ერთმანეთს აღარ ემთხვევა

უფრო მეტიც, ზოგადად თუ ვიტყვი, საზოგადოებრივი აზრის დაწოლამ შეიძლება გადაარჩინოს დამნაშავე და დასაჯოს უდანაშაულო. ამას ემატება ხელისუფლების არადამაჯერებელი არგუმენტები და პროკურატურის დაცვის დაუფარავი მცდელობა. ამიტომაც შორს ვარ იმისგან, რომ სიმართლე ან ხელისუფლების განცხადებებში ვეძიო ან სამიტინგო რიტორიკაში და, ვფიქრობ, ბევრი ადამიანია ასე განწყობილი.

სამწუხაროა, მაგრამ ამ ვითარებაში რაღაც კონსესუსი მიღწეულიც რომ იქნას, ეს უმალ პოლიტიკური კონსესუსი იქნება და არა სამართლებრივი.

სამწუხაროდ, ჩვენში ძალზე ხშირად ხდება, რომ პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება სამართლის, ეკონომიკის, განათლების და საბოლოოდ, სახელმწიფოებრივი ინტერესები.

- შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია აუდიოსკანდალების დემონსტრირების ფონზე მიმდინარეობს. ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა, შემდეგ ამავე თემაზე ბიზნესმენ ოქუაშვილის განცხადებებმა დიდი აჟიოტაჟი კი გამოიწვია, მაგრამ მასზე ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქცია სამკაოდ არადამაჯერებელი იყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით საზოგადოებამ აუდიოჩანაწერებიდან შეიტყო ანდა იმას, თუ რა რეაქცია აქვთ მომხდარზე ერთი მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხოლო მეორე მხრივ სამართალდამცავებს?

- აქ მხოლოდ მოკლედ შემიძლია ვთქვა - თუნდაც ხელისუფლება მართალი იყოს „ომეგა ჯგუფთან“, მან დაუშვა, რომ ეს კონფლიქტი დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღქმულიყო და ეს შეცდომაზე მეტია.

თუნდაც ხელისუფლება მართალი იყოს „ომეგა ჯგუფთან“, მან დაუშვა, რომ ეს კონფლიქტი დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღქმულიყო და ეს შეცდომაზე მეტია

როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის, ტელეკომპანიაზე განხორციელებული ზეწოლა მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.

- ჯერ იყო, ხელისუფლებამ გაგვაოცა მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტზე გატანის იდეებით და ამ თემაზე მათ მიერვე შემუშავებული კანონპროექტებით, შემდეგ კი, როცა ეკლესიისგან მუქარები მოისმინა, თავისივე გეგმებზე თქვა უარი. უფრო სწორად, ითქვა, რომ ამ თემაზე მოგვიანებით გაიმართება განხილვები. პარლამენტიდან კი კანონი პრაქტიკულად გაწვეულია.

საქართველოში მარიხუანის წარმოების პერსპექტივებზე ბევრი აზრი გამოითქვა. გაუგებარი დარჩა ამ მიმართულებით ხელისუფლების მოძრაობები რას ემსახურებოდა. ასევე ის, არჩევნების წინ ვის მოუვიდა აზრად უკმაყოფილება გამოეწვია ჯერ მძღოლებში, ხოლო შემდეგ ქუთაისელებში იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქუთაისი აღარ იქნება საპარლამენტო ქალაქი.

მესმის, რომ საკითხი ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თქვენ როგორ შეფასებდით, მარიხუანასა და მძღოლებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ჯერ გადაწყვეტილების მიღებას, შემდეგ მათზე უარის თქმას და არჩევნების წინ ქუთაისელებში, როგორც მინიმუმ, საპროტესტო განწყობების გაჩენას?

- ეჭვი არ მეპარება, კანაფის მოყვანა შემოსავლიანი საქმეა. მაგრამ ვინ თქვა, რომ ქვეყნის განვითარება და მისი მომავალი მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიებით განისაზღვრება?

ასეთი ცალმხრივი და „ბრტყელი“ ეკონომიზმი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის პირობებშიც კი არ გვხვდება. გვარწმუნებენ, რომ კანაფის მოყვანა და გასაღება უმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარებაო. ეგებ, მიგვითითონ ჩვენი ცხოვრების ის სფერო, რომელშიც უმკაცრესი და ეფექტური კონტროლია დაწესებული. გაჩნდება კორუფციის ისეთი ასპარეზი, რომელთან შედარებითაც წვრილმან ბაცაცობად გამოჩნდება ყველაფერი ის, რაც აქამდე გვინახავს.

ეჭვი მაქვს, რომ ნარკოლიბერალიზაციაზე გამართული დისკუსიები, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია (რასაც მეც ვუჭერ მხარს), წინ წამოწეული იდეოლოგია, რომ თურმე ანაშის მოხმარება ახალგაზრდული სუბკულტურის განუყრელი ნაწილია და, საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადი იმის შესახებ, რომ ნარკოტიკების მოხმარება თურმე ადამიანის თავისუფალი თვითგანვითარების სფეროა, ამ „სასწაულთმოქმედი" ეკონომიკური პროექტის შემოტანისათვის მზადების ეტაპები იყო და რომ საქმეში მსხვილი ნარკორეალიზატორების ინტერესებია ჩართული.

ეჭვი მაქვს, რომ ნარკოლიბერალიზაციაზე გამართული დისკუსიები, საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადი, რომ თურმე, ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის თავისუფალი თვითგანვითარების სფეროა, ამ „სასწაულთმოქმედი“ ეკონომიკური პროექტის შემოტანისათვის მზადების ეტაპები იყო და რომ საქმეში მსხვილი ნარკორეალიზატორების ინტერესებია ჩართული

ამავე დროს გვქონდა ერთგვარი პრელუდია თამბაქოს მოხმარების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ახლა ამას მალე ალკოჰოლის მოხმარების წესების გამკაცრებაც დაემატება. აქაც ეჭვი მიჩნდება, რომ ეს გამკაცრებები მავანთ კანაფის მოყვანის ლეგალიზების გადასაფარად უნდოდათ.

სასულიერო პირებს არა მხოლოდ უფლება აქვთ, თავისი პოზიცია გააჟღერონ, არამედ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულიც არიან ეს გააკეთონ. ცხადია, ეკლესია არ უნდა იქცეს პოლიტიკურ მხარედ.

ამას არც ერთი ქრისტიანული ეკლესიისათვის არ მოუტანია სიკეთე. მაგრამ ნარკოტიკების თემა არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. სასულიერო პირი ვალდებულიცაა თავისი მრევლი ნარკოტიკებისაგან დაიხსნას და მათ გავრცელებას წინ აღუდგეს. ამიტომაც ნუ გაგვაკვირვებს სასულიერო პირების აქტიურობა.

ამასთან, ყოველ ასეთ აქტიურობას მის ავტორიტეტს ამოფარებული პოლიტიკოსების წინა პლანზე გამოსვლა მოჰყვება ხოლმე. ამ უკანასკნელთა შორის, კარგად ვიცით, ხშირად არიან მოსკოვთან დაკავშირებული ევრაზიული იდეოლოგიის მატარებელი პირებიც.

ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მათ ახალ გააქტიურებას უნდა ველოდეთ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც უკვე წლებია, ერის მამის მანტიას ირგებენ.

როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ბევრი დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ ნდობის ხარისხი ისეთივეა, როგორც 2012 წელს

როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ბევრი დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ ნდობის ხარისხი ისეთივეა, როგორც 2012 წელს და ამიტომაც მისცეს თავს უფლება არჩევნების წინ კანაფის მოშენების თემას შეხებოდნენ, მძღოლების ინტერესები შეელახათ, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი გაეაქტიურებინათ და საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის მიუღებელი შეხედულებების მქონე პრეზიდენტობის კანდიდატისათვის დაეჭირათ მხარი.

- მესმის, რომ მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბრისას, ჩვენ გარკვეულ წილად შევეხეთ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას. მაგრამ ამჯერად კითხვას ასე დავსვამდი - როგორ შეაფასებდით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, სავარაუდოდ, რა თავისებურებებით ხასიათდება 28 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები?

- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ლამის ტიპიურია ჩვენი უახლესი ისტორიისათვის. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ემჩნევა გაკოტრების ნიშნები.

კანაფის მოშენების თემის წამოჭრა კონცეპტუალური გაღატაკების ნიშანიცაა. დღევანდელი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს კარგად ვიცნობ. ვიცი მათი შესაძლებლობები, მათ შორის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანებიც არიან, მაგრამ სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა, მათგან მხოლოდ საშუალო ნიჭიერებასა და აქტიურობის მინიმუმს მოითხოვს. ყველა სხვა შემთხვევაში ის შეიძლება სისტემიდან გაირიყოს, მისი ჩაძირვისა და განადგურების მექანიზმები ამუშავდეს.

ორიოდე თვის წინ ვიტყოდი, რომ ის ამომრჩევლის პასიურობის ნიშნით ჩაივლიდა. ქალბატონი სალომეს განცხადებებმა სიტუაცია შეცვალა, თუმცა ძნელია თქმა, თუ ვინ შეძლებს ამ ცვლილებით ისარგებლოს

კაბინეტურ ინტრიგებს უხვად დაფინანსებული პროპაგანდისტების აქტიურობა ემატება და ადამიანი ნადგურდება. ჩვენს თვალწინ ისინი, ვინც ენთუზიაზმით და საქმის ცოდნით იწყებენ საქმეს, მალე საკუთარი თავის უფერულ აჩრდილებად იქცევიან, თავადაც ამ სისტემის შემქმნელები და მონაწილეები ხდებიან.

თავს უფლებას მივცემ, ისტორიის მიმართ პასუხისმგებლობა გავიხსენო. როდესაც „ახლა ასეა საჭიროს“ პრინციპი ბატონდება, ისტორიის მიმართ პასუხისმგებლობა გვავიწყდება. შეიძლება თავიც დავიმშვიდოთ, რომ „ყველამ ყველაფერი იცის“. არადა, ისტორია მოკლებულია სენტიმენტებს.

რაც შეეხება არჩევნებს, ორიოდე თვის წინ ვიტყოდი, რომ ის ამომრჩევლის პასიურობის ნიშნით ჩაივლიდა. ქალბატონი სალომეს განცხადებებმა სიტუაცია შეცვალა, თუმცა ძნელია თქმა, თუ ვინ შეძლებს ამ ცვლილებით ისარგებლოს.

დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის რეიტინგებში ზრდის ტენდენცია არ იგრძნობა. ამგვარი ზრდის მეტი შანსი აქვს დავით უსუფაშვილს, მაგრამ მისი რესურსები შეზღუდულია - ერთ დროს მცირე, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მასზე შეთანხმდებოდნენ, როგორც იმგვარ კანდიდატზე, რომელიც ნდობის რაღაც მინიმუმს მაინც იმსახურებს როგორც ერთ, ისე მეორე მხრიდან.

ვფიქრობ, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს თუ რამდენად საჭიროა ამგვარი ნდობა ქვეყნის პირველი პირისათვის. ამის გარეშე ის ვერ შეძლებს კრიზისული სიტუაციები განმუხტოს.

ქართული პოლიტიკა დღესაც მეტყველებს არა ბალანსისა და კონსესუსის, არამედ სრული და საბოლოო გამარჯვების ენაზე. ხოლო ამას რა მოაქვს, ყველამ უკვე კარგად ვიცით

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა დღესაც მეტყველებს არა ბალანსისა და კონსესუსის, არამედ სრული და საბოლოო გამარჯვების ენაზე. ხოლო ამას რა მოაქვს, ყველამ უკვე კარგად ვიცით.

ჩვენში ხშირად ლაპარაკობენ, რომ ახალი მმართველობითი მოდელის თანახმად, პრეზიდენტი უფუნქციოა და რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვის ავირჩევთ. ეს არ არის მართალი. უზენაესი არბიტრის ფუნქცია ჩვენისთანა არასტაბილურ პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამას დაუმატეთ ისიც, თუ საერთაშორისო თვალსაზრისით რა წონა აქვს ქვეყნის პირველი პირის განცხადებებს.

- მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩენებში მხარი პრეზიდენტობის “დამოუკიდებელ კანდიდატ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, საკმაო დრო გავიდა, მაგრამ იგი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ როგორც მმართველ გუნდს, ისე თავად ქალბატონ ზურაბიშვილს დამაჯერებლად გაებათილებინათ ის ბრალდებები, რაც მის მიმართ და მისი მხარდამჭერი გუნდის მიმართ ისმის.

- ასეთი აჟიოტაჟის ფონზე ბრალდებების გაბათილება უკვე გაჭირდება.

ვფიქრობ, ქალბატონმა სალომემ უკვე გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც თავის მართლება თუ კონტრარგუმენტების მოძებნა მის საწინააღმდეგოდვე მოქმედებს

სამწუხაროა, მაგრამ, ვფიქრობ, ქალბატონმა სალომემ უკვე გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც თავის მართლება თუ კონტრარგუმენტების მოძებნა მის საწინააღმდეგოდვე მოქმედებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ „ოცნების“ ლიდერმა საპრეზიდენტო არჩენებში მხარი ზურაბიშვილს დაუჭირა?

- გაგახსენებთ ქალბატონი სალომეს მკვეთრ გამონათქვამებს პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბატონმა ბიძინამ ჯერ კიდევ 2012 წელს დასდო სააკაშვილს ბრალი ომის დაწყებაში. მაშინ მან სწრაფად დაიხია უკან და საჯაროდ აღარ გაუმეორებია ეს. როგორც ჩანს, კულუარებში კვლავ გრძელდებოდა ამ ვერსიაზე მუშაობა და ახლა ის ხელახლა გაჟღერდა.

მაინც მქონდა იმედი, რომ „დამოუკიდებელი კანდიდატის“ თემაზე ასეთ სრულიად გამჭვირვალე თამაშთან არ გვექნებოდა საქმე. არ დაგვიმსახურებია ეს

თითქმის ბოლო მომენტამდე მცირე, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ „დამოუკიდებელი კანდიდატის“ თემაზე ასეთ სრულიად გამჭვირვალე თამაშთან არ გვექნებოდა საქმე. არ დაგვიმსახურებია ეს.

- “რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის თემას საკმაოდ ვრცელი სტატუსი მიუძღვნა. მისი აზრით, ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილზე ფსონის დადებით მესიჯი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ზურაბიშვილის ადრე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით წარმოუდგენელიც კი იქნებოდა კრემლში არ ახარებდეთ საქართველოში ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების დიდი ალბათობა. თქვენი დაკვირვებით, ზურაბიშვილზე ფსონის დადებით სავარაუდოდ, რა მესიჯი გაუგზავნა ივანიშვილმა პუტინს?

- ეს განცხადებები საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. უცხოელი დამკვირვებელიც რომ ვიყო და წარმოდგენა არ მქონდეს, რა მოხდა 2008 წელს, ამ განცხადებებს, სულ მცირე, შეცდომად ჩავთვლიდი. შეიძლება ისიც მეფიქრა, რომ მომავალი პრეზიდენტი ოკუპანტის მიმართ სერიოზულ დათმობებზე წასვლას გეგმავს. ჩვენ ხომ საქმე არ გვაქვს ადამიანთან, ვისაც არა აქვს საერთაშორისო გამოცდილება და ვერ იაზრებს, თუ რა შედეგები მოჰყვება მის განცხადებებს.

ფაქტია, რომ პოლიტიკა, მით უმეტეს, ფარული ომის პირობებში, არ არის ჭეშმარიტების ძიების ადგილი. ასეთი უადგილო „დოსტოევშჩინა“ მეორე მხარეს თავისი დანაშაულის დაფარვაში უწყობს ხელს

რა თქმა უნდა, კრემლში გაუხარდებათ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, ვინც ასე ირიბად მაინც მისცემს ლოგიკურ გამართლებას ჩვენს ტერიტორიაზე მათი ჯარების შემოსვლას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. შეგახსენებთ კონტექსტსაც: ჰააგის ტრიბუნალში 2008 წლის ომის საქმემ გაიარა წინასწარი გამოძიების ეტაპი და უკვე არსებითი გამოძიება მიმდინარეობს. ასეთმა განცხადებებმა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს გამოძიების მიმდინარეობაზე.

აქ საქმე უკვე აღარ ეხება სააკაშვილთან და "ნაციონალებთან" ბრძოლას. საქმე ქვეყნის ისტორიულ ინტერესებს ეხება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკა, მით უმეტეს, ფარული ომის პირობებში, არ არის ჭეშმარიტების ძიების ადგილი. ასეთი უადგილო „დოსტოევშჩინა“ მეორე მხარეს თავისი დანაშაულის დაფარვაში უწყობს ხელს.

თუ მაინცადამაინც სიმართლის დადგენა გვსურს, ეს უნდა იყოს ორმხრივი საქმე და არა ცალმხრივი, მით უმეტეს, დამარცხებულის მხრიდან. ასეთი რამ უმალ მის მიერ არსებული მდგომარეობის მიღებას ჰგავს. სახელისუფლო გუნდიდან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ საჯაროდ ნათქვამს ცუდი ელფერი დაჰკრავს. ამიტომაა მოსახლეობა ასე მგრძნობიარე ქალბატონ ზურაბიშვილის გამონათქვამზე.

- ბატონმა ლადო პაპავამ 28 ოქტომბრის სავარაუდო შედეგებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს „ოცნება“ „პოლიტიკურ ჯურღმულში“ ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი“.

დამკვირვებელთა ნაწილი კი სერიოზულად ამტკიცებს, რომ ივანიშვილი და „ოცნების“ ნაწილი „ევროპელი დემოკრატების“ კანდიდატის დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე იზრუნებს. მეტიც, ზოგი იმაზეც საუბრობს, რომ ივანიშვილი „ევროპელი დემოკრატებისთვის“ ძალაუფლების გადაცემისთვის ემზადება. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ გარეგნულად ამის ნიშნები აშკარად არ ჩანს.

თუ მაინც არჩევნების შედეგებს დავუბრუნდებით ჩემი შემდეგი კითხვა ბატონი ლადოს მოსაზრებიდან იქნება - თქვენი დაკვირვებით, რამდენად მოინდომებს „ოცნება“ პოლიტიკურ ჯურღმულში ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი“?

- „ოცნებას“ ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც მეორე ტურში გაიყვანოს ზურაბიშვილი. ადმინისტრაციულ რესურსსაც რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, ჩვენში ძალზე ბევრია ისეთი ამომრჩეველი, ვინც ხმის მიცემის შემდეგაც კი არ იცის, ვის მისცა ხმა ან რა თანამდებობის პირს ირჩევდა. მთავარი შემდეგ დაიწყება.

დღევანდელი გადასახადიდან ისე ჩანს, რომ მომავალი პრეზიდენტი იოლად შეიძლება იქცეს საპროტესტო განწყობების კატალიზატორად, „ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად.

დღევანდელი გადასახადიდან ისე ჩანს, რომ მომავალი პრეზიდენტი იოლად შეიძლება იქცეს საპროტესტო განწყობების კატალიზატორად, „ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად

მრავლისმეტყველია, რომ მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი არა მხოლოდ „ნაცმოძრაობისა“ თუ „ევროპული საქართველოს“ მომხრეები, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც ერთ დროს ზომიერების ნაცვლად „შუაშისტები“ უწოდეს და ა.შ. მოკლედ, ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, ერთმანეთთან თითქმის არაფერი აკავშირებთ.

შესაძლოა, თქვენი ვარაუდი სწორია, მაგრამ მაშინ „ოცნებას“ მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისგება მოუწევს. მოგეხსენებათ, პოლიტიკურმა მოვლენებმა ინერცია იცის. აქ, უბრალოდ, კითხვას დავსვამ: საპროტესტო განწყობებით, დღევანდელი ოპოზიციის სისუსტითა და ქალბატონი სალომეს არჩევით ხომ არ მზადდება ნიადაგი რომელიმე ახალი ლიდერისათვის, რომელიც არჩევნების შემდეგ უკმაყოფილების ტალღას გამოიყენებს და ჩვენს საზოგადოებას ევრაზიულ პარადიგმას შესთავაზებს? თუ ასეა, საეჭვოა, მან რაიმე სერიოზულ შედეგებს მიაღწიოს.

- მთელ მსოფლიოში და ჩვენგან არცთუ ისე შორს კარგა ხანია ფეთქებადსაშიში ვითარება ნარჩუნდება. ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემაა შიდა პოლიტიკაში სტაბილურობისა და განვითარების ზრდის ტემპის შენარჩუნება.

ძალიან კი მინდა წარმოვიდგინო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი ქვეყანაში მშვიდი იქნება, მაგრამ როგორადაც არ ვცდილობ, არ გამომდის. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში აუცილებელი გახდება 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

- რა თქმა უნდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოვლენათა რევოლუციურ განვითარებას ათასგზის სჯობს, მაგრამ მაინც არ არის საუკეთესო გამოსავალი.

„ოცნებამ“ პოლიტიკური შეცდომების ისეთი ოდენობა დაუშვა, ნდობის მაღალი ხარისხის ოპოზიცია რომ არსებობდეს, ეს საკითხი არა მხოლოდ წამოიჭრებოდა, არამედ შედეგებსაც იქონიებდა.

„ოცნებამ“ პოლიტიკური შეცდომების ისეთი ოდენობა დაუშვა, ნდობის მაღალი ხარისხის ოპოზიცია რომ არსებობდეს, 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი არა მხოლოდ წამოიჭრებოდა, არამედ შედეგებსაც იქონიებდა

გავიხსენოთ, ოპოზიციური ფლანგის სისუსტემ როგორ შეიყვანა მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკური თვითმკვლელობის“ ფაზაში. ყოვლისშემძლეობის ილუზია დამღუპველია ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. ის სწორედ ამ დროს იწყებს ყველაზე უხეში შეცდომების დაშვებას.

შეცდომებმა გამახსენა: მცირე დაფიქრება იყო საკმარისი იმის გასააზრებლად, რომ პანკისის მოსახლეობასთან წინასწარი მუშაობის, საერთო ენის გამოძებნისა და განწყობების შეფასების გარეშე „პანკისობის“ გამართვას არასასურველი შედეგის მოტანა შეეძლო. განა, ძნელი გასააზრებელია, დღესასწაულის ჩაშლა პანკისში რა განწყობების ჯგუფებს აძლიერებს? წინანდელთა პოლიტიკური ტექნოლოგიების ასეთი ერთი-ერთზე დაუფიქრებელი გადმოტანა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ სიტუაციას, ვეჭვობ, რომ ის მშვიდი იყოს. „ოცნებამ“ ზედმეტად ბევრი ნაღმი ჩადო საიმისოდ, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედი გვქონდეს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს