სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
თვალავაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ბრალი წაუყენეს ასევე ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებსაც. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
"ჯერ საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ალბათ, დღეს ავიღებთ და თუ მოესწრო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ამ საქმეზე წინასწარ გამოძიებაში ორჯერაა დაკითხული მოწმის სტატუსით და სრულად ეთანხმება იმ ჩვენებას, რაც გამოძიებისთვის აქვს მიცემული", - განაცხადა ლალი აფციაურმა.
შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.