ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2018

მერაბიშვილის შეწყალება - პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში რუსეთის "ტრიუმფალურ დაბრუნებას" მხარს არ დაუჭერს

სახნავი მიწის 12-15% უცხოელების ხელში გადავიდა

***

მერაბიშვილის შეწყალება - პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს

“შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს - ეს კითხვა მას შემდეგ აქტუალურია, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "რეზონანსი" პრეზიდენტის პოზიციის გასარკვევად მის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მარგველაშვილის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს პრეზიდენტი არ აკეთებს. შესაბამისად, კვლავ უცნობი რჩება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განიხილება თუ არა ექსპრემიერის შეწყალების საკითხი”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მერაბიშვილის შეწყალება - პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს

"რეზონანსთან" მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ თავად ვანო მერაბიშვილი, როგორც უნდა დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ აპირებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ მარგველაშვილს კონსტიტუცია აძლევს იმის საშუალებას, რომ განცხადების გარეშეც, საკუთარი სურვილით შეიწყალოს იგი. შეწყალების კომისიის წევრებისა და გიორგი მარგველაშვილის პოზიცია უცნობია, ისინი კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, იურისტები "რეზონანსთან" განმარტავენ, რომ მერაბიშვილის შეწყალების პროცედურის დროში მოსწრება კომისიისა და მარგველაშვილის პირადი საკითხია. კონსტიტუცია პრეზიდენტს შეწყალების ვადას და დროს არ უსაზღვრავს და ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მარგველაშვილს ნებისმიერ დროს, მიზეზის დასახელების გარეშე, კომისიის წევრებთან ერთად, შეუძლია, მერაბიშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 15 აგვისტოდან ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში გამოსაკვლევად უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს. ადვოკატი ამბობს, რომ ვიწრო პროფილურ, ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის, კლინიკებში პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარდა, დიაგნოზიც დაისვა და მკურნალობის შესაბამისი კურსიც დაინიშნა, თუმცა მკურნალობა ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადვოკატი ვანო მერაბიშვილის სავარაუდო მოწამვლაზე საუბრობს, თუმცა ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა, მიზანმიმართულად წამლავენ, დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევის ჩატარების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს. ბოლოს ვანო მერაბიშვილის ჰოსპიტალიზება 12 სექტემბერს გახდა საჭირო. ჩივიაშვილის თქმით, დიაგნოზში წერია, რომ მას სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების - ჰორნერის სინდრომის მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება დაუდგინდა, რაც სახის დამბლას იწვევს. მისი აზრით, ჰორნერის სინდრომი არც იმ ვარაუდს გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შედეგად უარესდება“, - განაგრძობს გამოცემა

"სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი ადვოკატის ბრალდებებს უარყოფენ და ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. განცხადებაში წერია, რომ მერაბიშვილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე გადაიყვანეს, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდისა და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია. რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი" - წერია განცხადებაში“, - დასძენს გამოცემა.

"იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" იმ ტექნიკურ დეტალებს ხსნის, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალება შეუძლია. იგი ამბობს, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, არ არის დრო და ვადა დადგენილი, შეწყალების კომისიას რა დროში შეუძლია კონკრეტული ადამიანის საქმის განხილვა და შეწყალება. შესაბამისად მერაბიშვილის შეწყალება მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოესწრება თუ არა, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. "შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. შესაბამისად, მას, კონსტიტუციიდან გამომდინარე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია, ამა თუ იმ პირის შეწყალების პირობები დაადგინოს. პრეზიდენტს, ასევე, საკუთარი კომპეტენციის შეზღუდვაც შეუძლია. "მარგველაშვილს შეუძლია, მერაბიშვილზე გადაწყვეტილება თავადაც მიიღოს, ან კომისიასთან ერთად განიხილოს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. თუმცა ბოლო დროს რასაც ვხედავთ, ის ასეთ გადაწყვეტილებებს ძირითადად კომისიასთან ერთად იღებს. მას კანონით რაიმე კონკრეტული დრო არ აქვს განსაზღვრული, პირის შეწყალების განხილვა რა ვადაში უნდა მოხდეს. ეს უკვე პრეზიდენტსა და კომისიის წევრებზეა დამოკიდებული", - ამბობს ალაფიშვილი "რეზონანსთან", - აცხადებს გამოცემა.

"ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მერაბიშვილის შეწყალება არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანური აქტი იქნება, რადგანაც, ყოფილი პრემიერი არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც გათავისუფლების შემთხვევაში რაიმე პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია. მისი აზრით, ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ნამდვილად ავტორიტეტული ფიგურა იყო, თუმცა როგორც კი პრემიერი გახდა, პაროდიულ ფიგურად იქცა. ამიტომ ხუხაშვილს მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა შეიწყალა, მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში არ დაბრუნდება. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ განაჩენით გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. პატიმრობის კოდექსის თანახმად, უკვე არსებობს ფორმალური საფუძველი, რომ განხილული იქნეს მისი პირობითად ვადამდე გათავისუფლება, რადგან პატიმრობის ვადის 2/3 უკვე მოხდილი აქვს. მერაბიშვილის შესაძლო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ინფორმაცია 2017 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი შეიძლება გაზაფხულზე გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტომ ეს შესაძლებლობა მაშინ უარყო“, - წერს სტატიის ავტორი.

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში რუსეთის "ტრიუმფალურ დაბრუნებას" მხარს არ დაუჭერს

„რუსეთი ევროსაბჭოში, სადაც 4 წელზე მეტია, მის დელეგაციას ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული, ერთგვარად ტრიუმფით დაბრუნებას გეგმავს - სანქციებისა და ყოველგვარი წინაპირობების შესრულების გარეშე. საუბარია რუსეთის მოთხოვნით უკვე ინიცირებულ რეზოლუციის პროექტზე, რომლის თანახმად, სანქციების დაწესების წესი უნდა შეიცვალოს - თუკი მოქმედი წესით სანქციების შემოსაღებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო, ახალი წესით სანქციის დაწესება რთულდება და ამისთვის ხმათა 2/3 უნდა მოგროვდეს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების შენარჩუნებას, ან ახლის დაწესებას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში რუსეთის "ტრიუმფალურ დაბრუნებას" მხარს არ დაუჭერს / ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის საამებლად სანქციების დაწესების წესის შეცვლას ცდილობს

"რუსეთი მხოლოდ ასეთი პირობითაა თანახმა, ევროპის საბჭოს ბიუჯეტში გადასახადი გადაიხადოს, რაც არცთუ მცირე თანხაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ევროპის საბჭოს დატოვებითაც იმუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ეჭვგარეშე იცის მიზეზები და მოტივი, რატომ ხდება სანქციის დაწესების წესის გადახედვა, ასამბლეაზე აგრძელებენ პოზის მიღებას, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია და 4-გვერდიან დოკუმენტში ვერ მოძებნით ვერც ერთ წინადადებას, სადაც ნახსენებია ან რუსეთი, ან ევროპის საბჭოს საბიუჯეტო კრიზისი. ეს პროექტი პარიზში გასულ ხუთშაბათს ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა, მიუხედავად უკრაინული დელეგაციის დიდი წინააღმდეგობისა. უკრაინელებმა მის ჩასაგდებად საკმარისი ხმების მოგროვება ვერ შეძლეს. რუსეთი კი მაინც უკმაყოფილოა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი მომხრე დეპუტატების გასაკვირადაც და სწორედ ამ პროექტის მიღების შემდეგ მოსკოვიდან კიდევ ერთხელ გაისმა განცხადება, რომ მოსკოვი ევროპის საბჭოს დატოვების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კანონპროექტის განხილვა 9 ოქტომბერს სესიაზე უნდა მოხდეს. თუკი რუსეთის სურვილი დაკმაყოფილდება და სანქციების დაწესებისთვის ხმების 2/3 დამტკიცდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუძლებელი გახდება. მოსკოვი მხარდამჭერ 1/3 ხმებს მარტივად მოაგროვებს იმ ქვეყნების დელეგაციების დახმარებით, რომლებზეც გავლენა აქვს, რათა მისი საწინააღმდეგო წინადადებები დაბლოკოს. ასეთ ქვეყნებად ითვლებიან, მაგალითად, სომხეთი და სერბეთი. ეს შედეგი კი, ექსპერტების თქმით, ევროპის საბჭოს პოლიტიკოსების მხრიდან საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და რუსეთის ტრიუმფით დაბრუნება იქნება. საგულისხმოა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქცია შემოიღო და 2014 წლის გაზაფხულზე ასამბლეაზე რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა. 2016 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა დელეგაციის გაგზავნა სტრასბურგში, რადგან მას ხმა არ გააჩნდა. 2016 წლის ოქტომბერში ასამბლეამ რუსეთზე დაკისრებული სანქციის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ასამბლეის წინა გადაწყვეტილებებს შეასრულებდა. წლებია, რუსეთის მხრიდან პერიოდულად ისმის მუქარა, რომ ევროსაბჭოს დატოვებს, ასევე, წლებია, რუსეთს ორგანიზაციაში ქვეყნებისთვის დაწესებული შენატანი არ შეაქვს. ორგანიზაციას კი ფინანსური კრიზისი აქვს და ახლა რუსული ფული ძალიან სჭირდება“, - დასძენს გამოცემა.

"პოლიტილოგების შეფასებით, რუსეთის ახალი მუქარა, რომ დატოვებს ევროსაბჭოს, ჩვეულებრივი, მოსკოვისთვის დამახასიათებელი შანტაჟია, რათა კიდევ უფრო მეტი ხმა მოიპოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსების "პატიების" შესახებ გადაწყვეტილებაში. "ბევრი ქვეყანაა ამგვარი შანტაჟის მიმართ მგრძნობიარე. ამიტომ მიდის დიპლომატიური შანტაჟი. არც რუსეთს აძლევს ხელს გასვლა და არც ევროპის ქვეყნებს - რუსეთი გააგდონ, ამით შესუსტდება ევროპის საბჭოს გავლენა რუსეთზე," - აცხადებს "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, ძალიან ცუდი ფაქტი იქნება, თუ რუსეთი თავისას გაიტანს და სანქციების დაწესების წესი შეიცვლება, რადგან ამის შემდეგ რუსეთს არ გაუჭირდება, 1/3 ხმები მოაგროვოს და ჩააგდოს ნებისმიერი მისი საწინააღმდეგო წინადადება, რომ არ დაისაჯოს თავისი ქმედებებისთვის“, - აცხადებს გამოცემა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, შიდა დინებები ყოველთვის არის და რუსეთი ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში თუ ფორუმზე ყოველთვის ცდილობს ხმების სათავისოდ მანიპულაციას, ეს ხრიკები კი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სიახლე არ არის და დარწმუნებულია, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს თავისუფალი სამყაროს ნება, რომ პუტინის რეჟიმზე სანქციების დაწესება გაგრძელდეს. "ქართული ოცნების" წევრი ნინო გოგუაძე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის წევრიცაა, აცხადებს, რომ მათ ამ რეზოლუციის პროექტისათვის, რა თქმა უნდა, მხარი არ დაუჭერიათ. მას იმედი აქვს, რომ 9 ოქტომბერს სესიაზე ამ საკითხს დიდი განხილვა მოჰყვება და ცვლილება არ დამტკიცდება. "რა კონტექსტშიც დაიბადა ეს საკითხი, გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, რუსეთისთვის ყოფილიყო გამარტივებული პროცედურა იმისთვის, რომ უფრო გაადვილებოდა ევროსაბჭოში დაბრუნება. ამიტომ ჩვენი დელეგაციის პოზიციაა, რომ შესწორება არ უნდა შევიდეს საპროცედურო წესებში, რომელიც სულ მცირედით მაინც გააადვილებდა იმ პროცესს, რომ რუსეთი დაბრუნებულიყო ევროსაბჭოში იმ პირობების შესრულების გარეშე, რომელი პირობებიც მას დაუწესა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. "არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროსაბჭო ისეთ წესებს დაუჭერს მხარს, პროცედურების ისეთ გამარტივებას, რომელიც უპირობოდ დააბრუნებს რუსეთს ევროსაბჭოში. ყველაფერი დამოკიდებულია ევროსაბჭოზე, საპარლამენტო ასამბლეაზე და ნამდვილად იქნება ეს დიდი განხილვის თემა ოქტომბრის სესიაზე. "რაც შეეხება საპროცედურო კომიტეტზე გატანას, ეს კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტია, მაგრამ ის მაინც პროცედურულ ჭრილში უყურებს საკითხს, ასამბლეა კი ამას უფრო დიდ კონტექსტში შეაფასებს და შეაფასებს არა მხოლოდ როგორც პროცედურას, არამედ მიიღებს, რასაც რეალურად ჰქვია - ეს არის მცდელობა, რომ პროცედურული საშუალებებით გადაწყვიტო, რაღაც რეაგირება მოახდინო დიდ პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთის უპირობო დაბრუნებას დაუჭერენ მხარს", - ამბობს გოგუაძე“, - წერს სტატიის ავტორი.

სახნავი მიწის 12-15% უცხოელების ხელში გადავიდა

„საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად კი, კანონის გვერდის ავლით უცოხოელების მიერ დასაკუთრებული მიწის ოდენობა ბევრად მეტია. სახნავი მიწის 12-15% ქართველების მფლობელობაში აღარაა. დარგის სპეციალისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" იმ გზებზე საუბრობენ, რითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები მიწებს ისაკუთრებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სახნავი მიწის 12-15% უცხოელების ხელში გადავიდა / პარლამენტმა მიწის კანონის მიღება ისევ გადაავადა

"ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოლებზე მიყიდვის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისგან თავს იკავებს და დროს აჭიანურებს. ინიციატივას საკანონმდებლო ძალა სექტემბრის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამასობაში გავიდა მორატორიუმის ვადაც, რომელიც, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მიწის გასხვისებას კრძალავდა სხვა პირებზე. ამ შუალედით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მიწის შესყიდვას კვლავ ახერხებენ.

პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ იგი მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. უცხოელი ვერ შეიძენს 5 ჰა-ზე ნაკლები და 100-ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს. იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ აქვს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად, სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას, ჯამში, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კანონის გვერდის ავლით მიწის უცხოელების ხელში მოხვედრის საფრთხე კვლავ რჩება, იქნება ეს ფიქტიური ქორწინება თუ სხვა, მაგრამ რეგულაციის მიღება ფონს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. უცნობია, რატომ იკავებს "ოცნების" უმრავლესობა თავს და რა დგას კანონპროექტის დამტკიცების არაერთხელ გადავადების უკან. ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" იმ გზებზე საუბრობს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამურნეო მიწის დასაპატრონებლად პოულობენ, სანამ ხელისუფლება კანონის მიღებას აჭიანურებს. პროექტის განხილვა სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და საბოლოოდ მიეღოთ კანონის სახით, თუმცა როცა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პარლამენტარს ვესაუბრე, მითხრეს, რომ განხილვა გადაიდო, მიზეზი კი კვლავ უცნობია. ამასობაში უცხოელები პოულობენ გზებს, თუ როგორ უნდა შეიძინონ მიწა საქართველოში. მაგალითად, სამეურნეო დანიშნულების მიწა სხვადასხვა გზით გადაჰყავთ არასასოფლო-სამეურნეო მიწად და შემდეგ ყიდულობენ. ასევე, ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია ქართველ ქალთან ფიქტიური ქორწინება და მიწის ასე შესყიდვა", - აღნიშნა მესხიშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე ინფორმაციით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ახალი პროექტიც ტოვებს შავ ხვრელებს, შემოვლით გზებს, რითაც მიწის შესყიდვა უცხოელებს მაინც შეეძლებათ, მისი მიღება გადაუდებლად საჩქაროა. კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, მიღებულია 1996 წელს. ამ კანონიდან მუხლების უმეტესობა ამოღებული ან გაუქმებულია, ფაქტობრივად, მას არავითარი ძალა არ აქვს. მაპატიეთ, მაგრამ თავზე გადაგვახიეს და გააუპატიურეს კანონი, რომელსაც ყველაფერი ეფუძნება და ყველაფერი ებმის. ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანი და, საბოლოო ჯამში, საკმაოდ კარგია. რატომ არ იღებენ და რას ელოდებიან, არ მესმის. ერთ კვირაში შექმნეს სააგენტო და მოამზადეს კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი. მოსახლეობის წინააღმდეგობა რომ არა, დაამტკიცებდნენ კიდეც და საქართველოს მიწაზე კანონი, შეიძლება ითქვას, არც გახსენებიათ. ამასობაში კი სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გასხვისებული. რატომღაც მთლიანი მიწიდან ანგარიშობენ და ამიტომ გამოსდით 1-2%. ვიმეორებ, რეალურად, სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უცხო ქვენყნის მოქალაქეების ხელშია", - აცხადებს მესხიშვილი. სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტი ჯუმბერ ფანჩულიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" მიწის უცხოელების მიერ შესყიდვის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც ახლახან მოიფიქრეს და წარმატებით მუშაობს“, - დასძენს გამოცემა.

"სამწუხაროა, რომ პარლამენტში აღარავითარი მოძრაობა აღარ შეინიშნება სასოფლო-სამეურნეო მიწის დაცვის კუთხით. უფრო სამწუხაროა, რომ ამის ნაცვლად ძირითადი ყურადღება მარიხუანას კულტივაციას ეთმობა და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვანი საკითხი არც განიხილება. ასეთი ინერტულობით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და, სხვა აპრობირებულ გზებთან ერთად, მოიფიქრეს ახალი გზა: მათთვის სანდო პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მათ ბიზნესშია დასაქმებული, ურიგდებიან და მის სახელზე აფორმებენ მიწას, რომლის რეალური მფლობელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ასეთი არაერთი შემთხვევა ვიცი თბილისის შემოგარენში, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონში", - ამბობს ჯუმბერ ფანჩულიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს