აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსებმა „თბილისის მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „თბილისის მემორანდუმის“ ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის (ქვედა და ზედა პალატის), მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების აპარატების უფროსებმა. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღევანდელი დღე დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების აპარატებისთვის ისტორიული დღეა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოების გაძლიერების კუთხით, ეს არის ისტორიულ დღე, როდესაც ხუთი ქვეყნის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკისგან შორს არის და გამოხატავს იმ განწყობას და იმ კეთილ ნებას, რაც ასახულია ამ დოკუმენტის შინაარსში. მემორანდუმი შესაძლებლობას გვაძლევს სხვა ქვეყნების წინაშე განვაცხადოთ, რომ ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წევრი ქვეყნები, გამოვხატავთ მზაობას და დიდ სურვილს ერთობლივი თანამშრომლობით, ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთმანეთის გვერდში დგომით კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაძლიეროთ ის პროცესები, რომელიც ჩვენი პარლამენტების აპარატებში მიმდინარეობს და ერთობლივი ძალისხმევით წარვდგეთ საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

„თბილისის მემორანდუმის“ ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამა.

„ეს იმ თანამშრომლობის დასაწყისია, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური განხილვების საფუძველზე ჩაეყარა ფუნდამენტი და რომლის დეკლარირება ერთობლივი დოკუმენტის საშუალებით განვახორციელეთ.

ჩვენი ეს შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული, იმიტომ, რომ შევძელით ერთმანეთისთვის საინტერესო და შესახები ელემენტების გამოკვეთა და ამავდროულად იმის დანახვა, რომ ჩვენ მხოლოდ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უფრო მარტივად და უფრო ეფექტიანად ძალიან ბევრი საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის მონაწილეობით დაიგეგმა ის აქტივობები, რაც 2019 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება. კერძოდ: 1. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის ზამთრის აკადემიის ორგანიზება კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკურ თემატიკაზე (იანვარი, თბილისი); 2. „თბილისის მემორანდუმის“ ხელმომწერი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა (მარტი, ერევანი); 3. სემინარი თემაზე „პერსონალის გადამზადება და საზოგადოების ინფორმირება“ (მაისი, ბათუმი); 4. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის ზაფხულის აკადემიის ორგანიზება საპარლამენტო კონტროლის თემაზე (ივნისი, თბილისი).

გივი მიქანაძემ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს