რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჟინვალის კოლექტორის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა გამართა

„პარლამენტის და კომიტეტის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო. აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მიდგომა და პოლიტიკა ჩამოყალიბდეს. ცხადია, ეს არ იქნება ერთადერთი სამუშაო შეხვედრა და ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ხედვა, თუ როგორ უნდა ვიაროთ ამ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით. მაქვს იმედი, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საკითხის ხელშეწყობისთვის და გადაჭრისთვის“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ჟინვალის კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისის თვეში კომიტეტმა საზედამხედველო გეგმის ფარგლებში გამართა, განხილული იყო ყველა საკითხი წყალმომარაგების თემასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ერეკლე ტრიპოლსკის მიერ ჟინვალის კოლექტორის შესახებ საკითხი და ამ მიმართულებით არსებული პრობლემა გამოკვეთილად იქნა ხაზგასმული. შესაბამისად, კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა საკითხზე დამატებითი მსჯელობა.

ზაზა გაბუნიას თქმით, მთავარი წყალსაცავი არის GWP-ს მფლობელობაში, თუმცა მისი პასუხისმგებლობა და მფლობელობა არ ვრცელდება კოლექტორზე. წყალსაცავი არ შედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და არ მართავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. პრაქტიკულად არ არსებობს სამართლებრივი თვალსაზრისით პირი და სუბიექტი, რომელიც ამ საკითხზე მიიღებდა ზომებს და საკითხს გადაწყვეტდა.

„ვფიქრობ, პარლამენტის და კომიტეტის ჩართულობა ამ თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო და შემდეგი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს, GWP-ის და სემეკის მონაწილეობით გაიმართება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, საკითხის მიმართ ფორმალიზებული მიდგომები პრობლემის ამოწურვისთვის და გადაჭრისთვის საკმარისი არ არის. უნდა მოხდეს ძალების გაერთიანება და მოიძებნოს გზა, თუ როგორ შეიძლება ეშველოს პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ, ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვისაც. რადგან თბილისის მოსახლეობის ნახევარი ჟინვალის წყალსაცავიდან მარაგდება.

საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ პრობლემის არსი დეტალურად გააცნო დამსწრეთ და ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომელიც წყალარინების კოლექტორის დაუმთავრებელი სამუშაოების გამო ექმნება მოსახლეობას. ერეკლე ტრიპოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია პრობლემა დროულად და ეფექტურად გადაწყდეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არსებული წყალსაცავი არ წარმოადგენს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია მზადაა ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში და ამისთვის ეკატერინე გალდავამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა მოხდეს კოლექტორზე არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისად, განისაზღვროს დაფინანსების საკითხი ბიუჯეტით ან დონორთა მეშვეობით.

გარდა ამისა, აუცილებელია გადაწყდეს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და GWP-მ საკანალიზაციო მომსახურება გაუწიონ იმ დასახლებას, რომელთაც წყალს მიაწოდებენ. მისივე თქმით, არ უნდა იყოს ისე, რომ დასახლებას წყალს ერთი კომპანია აწოდებდეს და მომსახურებას სხვა კომპანია უწევდეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა სიხარულიძემ კომიტეტის წევრებს არაგვის ხეობაში კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი მოგვარების გზები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, GWP-სა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ერთობლივად დასახონ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, მაცაცო ტეფნაძის განცხადებით, მთავარია, სამინისტრომ, როგორც პოლიტიკის განმახორციელებელმა, უფლებამოსილებები სწორად განსაზღვროს.

„სამინისტროში არის ამის რესურსი, რომ ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვიმუშაოთ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად“, - განაცხადა მაცაცო ტეფნაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მომდევნო შეხვედრა უახლოეს კვირაში, შესაბამისი სამინისტროების (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის), სემეკის, GWP-სა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა