საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ განიხილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 2018 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა. მთავრობათა შორის ნოტების გაცვლა წარმოადგენს აღნიშნული პროექტისთვის საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის გასაფორმებელი სასესხო შეთანხმების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 16 დეკემბერს ნოტების გაცვლის საფუძველზე გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც JICA-მ საქართველოს გამოუყო შეღავათიანი სესხი დაახლოებით 198 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოხმარდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას. 2016 წილის 7 მარტს ნოტების გაცვლის შემდგომ საქართველოსა და JICA-ს შორის კვლავ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება დამატებით 39 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც ასევე გათვალისწინებულია ამავე პროექტის ფარგლებში დამატებითი სამუშაოებისთვის.

ამჟამად წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება წარმოადგენს იმ სასესხო შეთანხმების საფუძველს, რომლის მიხედვითაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოსთვის გამოყოფს 38,7 მლრდ. იაპონურ იენს (დაახლოებით 343 მლნ. დოლარი) „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ მეორე ფაზის განსახორციელებლად. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა2)“, 2018 წლის 4 სექტემბერს საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს JICA-ს მიერ საქართველოსთვის 38,7 მლრდ. იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ. დოლარი) გამოყოფას 40 წლის ვადით. აღნიშნული ფინანასური რესურსი მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14,7კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ის 2021 წელს დასრულდება.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი“ ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილესი კომპონენტია და მისი მიზანია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების აშენებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული შეთანხმება და მიაჩნია, რომ იაპონიის მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც ითვალისწინებს არამარტო ფინანსურ, არამედ იაპონური ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამის მშენებლობას მეტად მნიშვნელოვანია საგზაო ქსელის განვითარების, სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდისა და საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირებას.

„სექტემბრის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება ინფრასტრუქტურული პროექტებით. იაპონიის ჩართულობას მსგავს პროექტებში ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და პარლამენტის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა „ევროკავშირსა (როგორც დონორსა) და საქართველოს (როგორც ბენეფიციარს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის 45 მილიონ ევრომდე)“ და „ევროკავშირსა (როგორც სესხის გამცემსა) და საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის სასესხო შეთანხმება (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის)“.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული დახმარება მოიცავს 45 მლნ. ევროს ოდენობით ფინანსურ მხარდაჭერას, საიდანაც 35 მლნ ევრო გამოყოფილი იქნება სესხის სახით, ხოლო 10 მლნ. ევრო-გრანტის სახით. სასესხო შეთანხმების მიხედვით სესხის თანხა გაიყოფა 2 ტრანშად. პირველი ტრანშის დროს გამოყოფილი იქნება 15 მლნ. ევრო, ხოლო მეორე ტრანშით გათვალისწინებული 20 მლნ. ევროს გამოყოფა მოხდება ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემდგომ. აღნიშნული წინაპირობები გათვალისწინებულია მემორანდუმის დანართ 1-ში და მოიცავს 11 ღონისძიებას შემდეგი მიმართულებებით: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა და ბიზნესგარემო. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი წარმოადგენს საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერს სესხს და იგი სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. სესხის ფინანსური პირობების დადგენა მოხდება სესხის თითოეული ტრანშისთვის ცალ-ცალკე, ხოლო მისი დაფარვის ვადა იქნება 15 წელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამა რიგით მესამეა. პირველი განხორციელდა 2009-2010 წლებში, ხოლო მეორე 2014-2017 წლებში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიაჩნია, რომ აღნიშნული ფინანსური დახმარებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის რატიფიცირებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენცია.

„დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს ქ. პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მინისტერიალის საბჭოს კვირეულის ფარგლებში.

აღნიშნული მრავალმხრივი კონვენცია შემუშავებული იქნა 2013 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია დანერგოს BEPS-ის ღონისძიებების კომპლექტით გათვალისწინებული მექანიზმები.

კონვენცია წარმოადგენს BEPS-ის ფარგლებში შემუშავებულ „საუკეთესო პრაქტიკას“ და ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა - საგადასახადო ხელშეკრულებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა, აგრეთვე, დავების გადაჭრის ეფექტიანობის გაუმჯობესების მინიმალური სტანდარტების დანერგვა და სხვ. 2016 წელს საქართველო გახდა BEPS-ის პროექტის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი ინკლუზიური პლატფორმის (BEPS Inclusive Framework) ასოცირებული წევრი სახელმწიფო და აიღო BEPS-ის ოთხი მინიმალური სტანდარტის დანერგვისა და მათი მონიტორინგის უზრუნველყოფის ვალდებულება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველო პირველ ეტაპზე მზად არის მოახდინოს კონვენციით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტის იმპლემენტაცია, ხოლო დანარჩენ დებულებებთან მიმართებით გააკეთოს სათანადო დათქმები, რომლებიც წარმოდგენილია კონვენციასთან ერთად „დათქმებისა და შეტყობინებების“ დოკუმენტის სახით.

წარმოდგენილი კონვენციის რატიფიცირების შედეგად, ცვლილებები შევა საქართველოს მიერ გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში 34 ქვეყანასთან, მათ შორისაა; საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, პორტუგალია, ჩინეთი და სხვ.

ცვლილებების შედეგად შემოღებული იქნება მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს საგადასახადო ხელშეკრულებების ბოროტად გამოყენების და არაუფლებამოსილი პირების მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის წინააღმდეგ, რაც ხელს შეუშლის საგადასახადო ხელშეკრულებების გამოყენებას აგრესიულ საგადასახადო დაგეგმარებაში და შემოსავლების გადატანას დაბალი გადასახადების მქონე „ოფშორულ“ ქვეყნებში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონვენციის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტში.

დღევანდელ სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ წარმოადგინა. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა მოქმედი კანონის მე-14, მე-15, მე-16 და-მე-17 მუხლებში.

კანონის მე-14 მუხლი ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი. აღნიშნულ მუხლში ცვლილება ტერმინოლოგიური ხასიათისაა: ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით „რატიფიცირება“.

კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.

კანონის მე-16 მუხლში გათვალისწინებულია ტერმინოლოგიური ცვლილება: ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით „რატიფიცირება“.

კანონის მე-17 მუხლი, რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, განიცდის ცვლილებას კონსტიტუციის 47-ე მუხლის რედაქციიდან გამომდინარე. ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და იღებს დადგენილებას ამის თაობაზე, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (მასთან შეერთებას), რომლებიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით. აღნიშნული ცვლილებით მუხლი მოდის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მოთხოვნებთან. მე-17 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში განსახორციელებელი ცვლილებები ტერმინოლოგიური ხასიათისაა - კანონებში ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება კონსტიტუციაში გათვალისწინებული ტერმინით „რატიფიცირება“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა