ეტყობა, იმხელა ზეწოლა აქვთ „საცხაიდან“, რომ კანონპროექტს ვერ გაიწვევენ, - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა, ემზარ კვიციანმა კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი უნდა შეჩერდეს.
"როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რა ხიფათი შეიძლება მოგვიტანოს მარიხუანამ. რომ შეაჩერეს, რატომ შეაჩერეს? მე ვფიქრობ, რომ ვიღაცის ზეწოლის გამო ვერ გააქვთ ეს კანონპროექტი. სავარაუდოდ, ეს არის გარე ძალები. ეტყობა აქვთ იმხელა ზეწოლა „საცხაიდან“, რომ კანონპროექტს ვერ გაიწვევენ. საუბარია კანაფის ექსპორტზე და ეს გასაგებია, მაგრამ არსებობს წყლის ბიზნესის მაფია მსოფლიოში. ამ ბიზნესში ვერ ჩავდგით ფეხი, რომ მსოფლიოს მოვაფინოთ ჩვენი წყალი და მარიხუანით და ნარკოტიკით მიგვიღებენ? ამის უკან დევს ძალიან დიდი მზაკვრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ წაადგება, ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.